ფლორის სამყაროში
კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება პატარძალას?
პასუხი: პატარძალას ანუ იმპატიენსს კაშკაშა სინათლე არ უნდა მოაკლოთ, ოღონდ, შუადღის მზეს მოარიდეთ. მას უყვარს სიგრილე, მაგრამ, ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მას დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში დადგამთ.
კითხვა: რა ზომის იზრდება ჟასმინი?
პასუხი: ჟასმინი სიმაღლეში 2-3 მეტრიც იზრდება, თუმცა, შეგიძლიათ, გასხლათ ან ღეროები კარკასს შემოახვიოთ. სასურველია, მცენარე გასხლათ დაყვავილების შემდეგ. თუ ძალიან დიდი გაიზარდა, საჭიროების შემთხვევაში, გადაჭრასაც იტანს. შეგიძლიათ, ის საკიდი კალათიდანაც გადმოუშვათ და ნაკლებად დაიკავებს დიდ ტერიტორიას.
კითხვა: მონსტერას ფოთლებმა მოიწყინა, როგორ გამოვაჯანმრთელო?
პასუხი: მონსტერას დიდ, ჯანსაღ ფოთლებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, ზაფხულში თაკარა მზე არ მოსწონს. სასურველია, თუ ფოთლებს რეგულარულად გაუწმენდთ სველი ნაჭრით. თბილ ამინდში ტენიანობის გასაზრდელად ხშირად დანამეთ. გაზაფხულზე უშიშრად გადაჭერით, რათა ძალიან არ გაიზარდოს. მალე გვერდითი ყლორტებიც ამოუვა.
კითხვა: როგორ უნდა მოვუარო ქრიზანთემას, რომ არ დაავადდეს?
პასუხი: ქრიზანთემა ქოთანში დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ, მიწის განოყიერება არ სჭირდება. მოაშორეთ გამხმარი ყვავილები – ასე მცენარე არ დაავადდება და მეტ კოკორს გაშლის. კოკრების გასაშლელად კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, არა მწველი მზე.
კითხვა: შეიძლება ალოეს ხშირი რწყვა?
პასუხი: ზაფხულში ალოეს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ზედმეტი წყალი არ მოგივიდეთ – შეიძლება, ამით მცენარე დაზიანდეს. მჭიდროდ ჩარიგებულ ფოთლებს წყალი არ მოახვედროთ. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი. ალოეს ზამთარში უფრო იშვიათად სჭირდება წყალი, თუმცა, მიწის გამოშრობაც არ არის სასურველი. ამ დროს არც დამატებითი კვებაა საჭირო.
კითხვა: მაინტერესებს, ბრუგმანსიაზე თუ მოქმედებს ტემპერატურა და მზე?
პასუხი: თუ მიწა ტენიანი იქნება, ზაფხულის მცხუნვარე მზე ამ მცენარეს ვერაფერს ავნებს. მას სინათლე უყვარს და, გირჩევთ, ნათელ სასტუმრო ოთახში მოათავსოთ. მთელი წლის განმავლობაში მისთვის იდეალურია 16-25 გრადუსი, თუმცა, ზამთარში 4 გრადუსსაც აიტანს.
კითხვა: ბინაში კამპანულა მაქვს, რომელსაც სოკოვანი დაავადება შეეყარა. იქნებ, მირჩიოთ, როგორ დავეხმარო?
პასუხი: ზამთარში აუცილებლად მშრალ ადგილას უნდა დადგათ, რომელიც კარგად ნიავდება. ზამთრის „ძილის“ წინ მცენარე აუცილებლად უნდა გაწმინდოთ. ასევე, საჭიროა დამჭკნარი ყვავილების მოშორება – ამით მცენარეს ყვავილობასაც გაუხანგრძლივებთ. ეცადეთ, წყალი მცენარის ფოთლებს არ მოხვედეს, რომ არ დაულპეს.