როგორ გაიცნო კინოსტუდიის ფინანსური დირექტორის ცოლმა სესილია თაყაიშვილი
საზანოს თავზე ჩემი და სესილიას გავლას ვიღებთ, აპარატი გაფუჭდა, სესილიას სავარძელი მოართვეს, დააბრძანეს, მე – ნაბადი და წამოვწექი სესილიას გვერდით, ჩეროში, გზის პირას. ამ დროს ჩვენ გვერდით შავი „ვოლგა“ გაჩერდა და კინოსტუდიის ფინანსების დირექტორი სახეჩიძე გადმოვიდა – იქაური ყოფილა. ატყდა – როგორ ხარ, ჰაი და ჰუი... სესილია, როგორ უყვარხართ ჩემს მეუღლეს და როგორ უნდა თქვენი გაცნობა.
– დაუძახე!
გადმოვიდა ქალბატონი – საოცრად სათნო, ზრდილი, აი, ისეთი მწყაზარი, ქართველი ქალები რომ არიან. სახეზე გაწითლდა, სესილია რომ დაინახა, ლამის ხელზე აკოცა სესილიას, ისეთი მოკრძალებით, სითბოთი და კდემამოსილებით შეხვდა! ამ დროს სახეჩიძე ეკითხება სესილიას:
– ქალბატონო სესილია, გადაღების საქმე როგორ მიდის?
– აპარატს დაენძრა, – თქვა სესილიამ. სახეჩიძის მეუღლე გაშრა, შეცბა. სესილიამ შეამჩნია და უკან არ დაიხია: – თქვენა ხართ ამის ცოლი?
– ჩემი ცოლია, ქალბატონო სესილია.
სესილია გამშრალ და ფერდაკარგულ ქალს მიუტრიალდა:
– მერე, არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბოზები რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?!
ქალი წავიდა, მანქანაში ჩაჯდა.
– ქალბატონო სესილია, ხვალ ან ზეგ ამოგივლით და ჩვენს ოჯახში ვივახშმოთ.
ათმა ხვალემ და ზეგმა გაიარა და სახეჩიძე აღარ გამოჩენილა.
ზურაბ ქაფიანიძის მოგონებებიდან