როგორ გაება გამოცდილი რეციდივისტი ინვალიდი დის საკერავი მანქანების მოპარვის ფაქტზე და რას არ აღიარებდა ის
35 წლის ივანე ჭ-ძე, რომელიც წარსულში ყაჩაღობისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი ინვალიდი დის გაძარცვის და სხეულის დაზიანებისთვის დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა, გამოძიებამ მის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ივანე ჭ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმეში მთავარი დაზარალებული, დაკავებულის და, მარინა ჭ-ძე აღმოჩნდა, რომელიც ძმამ ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი სასტიკად სცემა.
ოპერატიული სამსახურისთვის სამკერვალო საწარმოს გაძარცვის შესახებ მისი მეპატრონის, მარინა ჭ-ძის მიერ გახდა ცნობილი. დაზარალებულმა ქალმა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდი იყო და სამკერვალო საწარმო მშობლების დახმარებით გახსნა, რომ თავისი საქმე ჰქონოდა, დილით აღმოაჩინა, რომ საწარმო გაქურდული იყო. საწარმოდან მოეპარათ სამი საკერავი მანქანა და 200 ლარი, რომელიც ქალს ღამით სეიფში დაეტოვებინა. იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულმა სასწრაფოდ პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა, საქმეში უმცროსი ძმა ჩაერია. მან სთხოვა, რომ ძარცვის ფაქტი არ გაეხმაურებინა და თავად მიაგნებდა დამნაშავეს. ინვალიდი ქალი ორი დღე მალავდა ძარცვას, თუმცა ორდღიანი მოლოდინის შემდეგ, მან ძმას, ივანე ჭ-ძეს განუცხადა, რომ პოლიციაში აპირებდა წასვლას. ამის შემდეგ მას ძმისგან სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა. როცა ივანე ჭ-ძემ შეიტყო, რომ დაზარალებულმა მისგან მალულად, საქმის კურსში გამოძიება ჩააყენა, ინვალიდი და თანამშრომელი ქალის თვალწინ ისე სასტიკად სცემა, რომ ქალს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.
საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული პოლიციაში საქმის განცხადებას იმიტომ მოერიდა, რომ მის ძმას კრიმინალური რეპუტაცია ჰქონდა და არ უნდოდა, ახალი ფაქტის გამო, მისთვის პრობლემები შეექმნა. რას წარმოვიდგენდი, რომ სამ საკერავ მანქანას მომპარავდა და ულუკმაპუროდ დამტოვებდაო, – განაცხადა მან მოგვიანებით სამართალდამცველებთან, რომელთაც ივანე ჭ-ძის მიერ ორი წლის წინ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული გახსნეს. საქმე ეხებოდა მეზობლის დაჭრის ფაქტს, რაც მარინა ჭ-ძის თვალწინ მოხდა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულს პოლიციაში არ განუცხადებია, ეს ამბავი ივანე ჭ-ძეს ისე შერჩა, რომ პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. მარინა ჭ-ძის ჩვენების მიხედვით, ძმაზე ეჭვი მას შემდეგ მიიტანა, რაც ძმამ ის სასტიკად სცემა. ამონაწერი დაზარალებულის მარინა ჭ-ძის ჩვენებიდან: „დილით მე და ჩემი თანამშრომელი სამკერვალოში ერთად მივედით. ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ქმარს გაშორდა, 7 წლის შვილთან ერთად ღამეებს სამკერვალოში ათევს. თუმცა, ის სამი ღამე მშობლების სახლში იყო წასული. მახსოვს, ივანემ აიტეხა, ღამეები ამ ცივ სამკერვალოში რატომ უნდა გყავდეს შვილიო. მანაც დაუჯერა ჩემს ძმას და თავის მშობლებთან გადავიდა. ძალიან კი გამიკვირდა, რატომ ჩაერია ივანე ნინოს პირად ამბებში, ადრე მის მიმართ ასეთი ინტერესი და ზრუნვა არ გამოუჩენია. საკუთარ ძმაზე, მისი წარსულის მიუხედავდა, ეჭვი საერთოდ არ მიმიტანია. დილით სამკერვალო გაძარცვული რომ დამხვდა, უპირველესად, მას დავურეკე. როგორც მივხვდი, გამოცდილი კრიმინალის ნახელავი იყო. გაეტეხათ კარის გისოსი, ოღონდ ისე, რომ იქვე, გვერდით სახლში მცხოვრებ ჩემს მეზობლებს არაფერი გაუგიათ. როცა ივანეს დავურეკე, მითხრა, რომ ღამით მეგობართან იქეიფა და იქ დარჩა. მალე მოვალო, დამპირდა, მაგრამ ორი საათის მერე მოვიდა. მთხოვა, პოლიციაში არ განაცხადო, მე თვითონ მოვძებნი ქურდსო. დაახლოებით, ექვსი ათასი ლარის ზარალი იყო. ეს სამკერვალო კი ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ცალი ფეხი არ მაქვს და ჯოხით გადავაადგილდები, თუმცა მაინც ვმუშაობდი, რომ მოხუცი მამაც მერჩინა და ციხიდან ორი წლის გათავისუფლებული ძმაც.”
სამართალდამცველებმა სამკერვალოდან დაკარგულ საკერავ მანქანებს ივანე ჭ-ძის ნაცნობის, მურმან დ-შვილის ბინაში მიაგნეს. მამაკაცი, სამრეწველო ტექნიკით, მათ შორის, ძველი ნივთებით ვაჭრობდა. ოპერატიული სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ ივანე ჭ-ძე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორჯერ ეწვია მურმან დ-შვილს, თუმცა მის სტუმრობას თავად მასპინძელი სასტიკად უარყოფდა. მოგვიანებით, ის იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ივანე ჭ-ძის მიერ მასთან ჩაბარებული საკერავი მანქანები სარდაფში გადამალა. თუმცა, მამაკაცი ამტკიცებდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, საკერავი მანქანები მოპარული თუ იყო. დაკავებული ივანე ჭ-ძის ბინიდან კი ამოღებული იქნა არარეგისტრირებული „მაკაროვის” ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დაკავებულის განცხადებით, მისთვის უცნობი პირისგან შეიძინა.
დაკავებული ივანე ჭ-ძე ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა. მისი ჩვენების მიხედვით, იმ ღამეს, როცა მისი დის კუთვნილი სამკერვალო გატეხეს, ის მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. გამოძიებამ დაკითხა ივანე ჭ-ძის მიერ დასახელებული პირებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახალგზარდა მამაკაცს ისინი მთელი ღამე არ მიუტოვებია. ერთადერთი მოწმე, ვინც იმ ღამეს ქუჩაში გამოსული ივანე ჭ-ძე ნახა, იყო მისი ყოფილი მეუღლე. მან დაადასტურა, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ წავიდა მისი ბიძაშვილის ბინიდან ღამით ივანე და სამი საათის შემდეგ უკან დაბრუნდა. გაშორებული მეუღლის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება დაკავებულმა ქალის შურისძიებით ახსნა. რაც შეეხება ინვალიდი დის სასტიკად ცემის ფაქტს, ეს ინციდენტი ემოციურ ხასიათს დააბრალა. ძალიან ემოციური ვარ. როცა გავიგე, რომ მარინამ ეს ამბავი პოლიციას ჩუმად შეატყობინა, ავღელდი და ასე იმიტომ გავიმეტეო, – განაცხადა მან გამოძიებასთან.
გამოძიების მსვლელობის დროს სამართლადამცველებმა ივანე ჭ-ძე მის მიერ ჩადენილ კიდევ ორ დანაშაულში ამხილეს. მეზობლისთვის სხეულის დაზიანების ფაქტის გარდა, ივანე ჭ-ძე თანასოფლელისთვის ავტომანქანის წართმევასა და დამტვრევაშიც იყო ეჭვმიტანილი. დაზარალებული ტაქსის მძღოლი სამი თვე უშედეგოდ ელოდა დაზიანებული ავტომანქანის გაკეთებას, მაგრამ ივანეს მუქარის შიშით, ხმას არ იღებდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ივანე ჭ-ძე მას არასრულწლოვანი შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
ბრალდებული ივანე ჭ-ძე თავს დამნაშავედ არც ერთ ეპიზოდში არ ცნობდა, რაც კი მის მიმართ ჰქონდა მოპოვებული გამოძიებას. გამოცდილ კრიმინალს სასამართლო პროცესზე დაუპირისპირდნენ დაზარალებულებიც. რაც შეეხება მის მიერ დის გაძარცვისა და ცემის ფაქტს, ივანე ჭ-ძე აცხადებდა, რომ და მას შემდეგ გადაემტერა, რაც დედა გარდაეცვალათ. ამიტომ, სამკერვალოს გაძარცვაც მის მიერ იყო დადგმულიო. მოპოვებული მტკიცებულებებისა და ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე, სასამართლომ ივანე ჭ-ძე დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და ორჯერ ყაჩაღობისთვის გასამართლებულს, კიდევ არაერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი გაუხსნეს. ყოველივედან გამომდინარე კი, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.