რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ-3“, 1993 წლის, გადაცემათა ავტომატური კოლოფით აღჭურვილი. ძრავის მოცულობაა 2.0. როდესაც ავტომობილში წყლის ტემპერატურა 70 გრადუსზე ადის, ავტომობილის პარკინგის ან ნეიტრალურში ჩაგდების დროს ტაქომეტრზე ბრუნი 15-20-მდე იზრდება, ანუ, თითქოს გაზს აძლევ. ისეთ შეგრძნებას ტოვებს; ჩვეულებრივ რეჟიმში, ანუ, D-ში ჩაგდებისას, ტაქომეტრზე ძრავის ბრუნი 10-ზე ზემოთ არ ადის. პარკინგის დროს კი გაზრდილი ბრუნი თავისით მიდის ნელ-ნელა ქვევით. ავტომობილს ორ ადგილას ჩავუტარე დიაგნოსტიკა. ერთგან მითხრეს, რომ ეს თერმოსტატია, ხოლო მეორე ადგილას – დრუსელის პოტენციომეტრი. იქნებ, ამიხსნათ, რა პრობლემა აქვს მანქანას და სად მივიდე?
პასუხი: ამ მიზეზებიდან თერმოსტატი ნაკლებად იქნება, მაგრამ, შესაძლოა, იყოს პოტენციომეტრი ან თავისუფალი სვლის მაკონტროლებელი ინდიკატორი. შესაძლოა, ასევე, კომპიუტერიდანაც იყოს რამე დარღვევა, ანუ, პროგრამაში რაღაც აირია. ხელოსნები, როგორც წესი, ვერ რისკავენ რომელიმე ერთ კონკრეტულ მიზეზზე ხელის დადებას, რადგან, თუ ის არ გამოდგება, გამოდის, რომ შეეშალათ. ამის დიაგნოსტიკისთვის საქართველოში არსებობს „ფოლკსვაგენის“ ცენტრი, სადაც კომპიუტერული დიაგნოსტიკა ხდება, მაგრამ, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ასევე, შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისში ცნობილ რომელიმე ელექტრიკოსს, რომელიც „გოლფებში“ კარგად ერკვევა. სავარაუდო ნაწილებს თქვენ მიბრუნების უფლებით შეიძენთ ბაზრობაზე, რომელიც საჭირო იქნება, იმას დაიტოვებთ, დანარჩენ ნაწილებს კი უკან დაუბრუნებთ. ხელოსანს უნდა მივცეთ გამორიცხვის მეთოდით მოქმედების საშუალება.
კითხვა: ვარ შუახნის მანდილოსანი. მართვის მოწმობა ძალიან დიდი ხნის წინ ავიღე, თუმცა, წლებია, საჭესთან არ ვმჯდარვარ. ახლახან კი, ავტომობილი „მერსედესი CLK“ შევიძინე, მაგრამ, ამ დონეზე ტარება არ მაკმაყოფილებს და მართვის ოსტატობის დახვეწის სურვილი მაქვს. არ მინდა, ჩემი ავტომობილის მოძრაობის დანახვისას თქვან, საჭესთან ნამდვილად ქალი ზისო. რას მირჩევთ?
პასუხი: თქვენი მოთხოვნა და სურვილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ძალიან ბუნებრივია. ევროპაში სისტემატურად ცდილობენ მართვის ოსტატობის ამაღლებას. თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის კონტრავარიული მართვის სკოლას, სადაც დაგეხმარებიან და პრაქტიკაში შეგასწავლიან ავტომობილის უკეთ ფლობასა და ავარიული სიტუაციების ოსტატურად თავის არიდებას.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3“, 1996 წლის. როდესაც მოდების („ცეპლენიის“) პედალს ფეხს ვაჭერ, ის ჭრიალს იწყებს და ეს ხდება ნებისმიერ სიჩქარეში გადატანისას. ავტომობილის დაძვრის დროსაც პრობლემა საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო, ანუ, წინასწარ არაფერი შემიმჩნევია. რისი ბრალი იქნება ეს და რა დამიჯდება მისი შეცვლა?
პასუხი: თქვენ დაზიანებული გექნებათ, ეგრეთ წოდებული „ვიჟიმნოი პაჩებნიკი“, ანუ მიმწოლი საკისარი. მისი შეცვლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, გადაცემის კოლოფი უნდა დაიშალოს და თავიდან აიწყოს.