რას ლაპარაკობდნენ ჩუმად თბილისში ამირან შალიკაშვილისა და მარსელ მარსოს ურთიერთობაზე
„ხანდახან, როცა ცხოვრება თავის გასაჭირს თავზე დაგატეხს, გავიწყდება შემოქმედება, საზოგადოება და საკუთარი თავიც; ცდილობ თავი გადაირჩინო, ყველაფერს ეძალები და ისიც გეძალება; აღარ გინდა არაფერი – არც დედა, არც მამა, არც ცოლი, არც შვილები. ყველაფერი მუქ ფერებში გეჩვენება...
სარეპეტიციო დარბაზი არა მაქვს. ეს ის დროა, როცა რკინიგზელების სახლიდან გამომაგდეს და დავხეტიალობ თბილისის სკოლების სპორტის დარბაზებში. სახლიც არა მაქვს და, რაც მაქვს, იქაც არ მინდა, რომ ვიცხოვრო – ჩხუბი, უსიამოვნება, ოჯახური პრობლემები, ფული, ბავშვების გამოკვება... ამხანაგებთანაც არ მინდა შეხვედრა. მარჯანიშვილის თეატრიდან გავრბივარ, ისევ ვბრუნდები. ფიქრობ, ვითომ რაღაც გააკეთე, მაგრამ – არაფერი!.. სულ ქარის წისქვილებს ვებრძვი... ფილარმონიამ დაიწყო ჩემზე ზრუნვა. დიდხანს იგეგმებოდა ჩემი გასტროლები საბჭოთა კავშირის ფარგლებში, უფრო სწორად, რუსეთში და, აი, ჩვენ მივადექით ხუთთვიან გასტროლებს. ეს იყო წამების, ბედნიერების, სიკვდილ-სიცოცხლის გასტროლები. მე უკვე წამოსული ვიყავი მარჯანიშვილის თეატრიდან, ვარ სრულიად მოწყვეტილი ჩემს თეატრალურ სამყაროს – ვგულისხმობ დრამატულ თეატრს და, მივდივარ შეცნობილ და შეუცნობელ სამყაროში. არ ვფიქრობ რა მელის, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე... მარჯანიშვილის დატოვების შემდეგ მთელი არსებით გადავეშვი პანტომიმაში...”
„ცრემლიანი შემოდგომა” – ასე უწოდა თავის დროზე ამირან შალიკაშვილმა თავის დღიურებს. მასში ამ საოცარი ადამიანის ცხოვრების ისეთი მომენტებია აღწერილი და იმდენად ნაღდია, არამცთუ თვალს ვერ მოწყვეტ, სურვილი გიჩნდება კიდევ ერთხელ წაიკითხო. ჩვენ ამ დღიურებიდან ერთ ისტორიას შემოგთავაზებთ:
„იყვნენ ადამიანები, რომელთა ინტერესებში შედიოდა, რომ მე მიმეტოვებინა თეატრი და წავსულიყავი. ნურას უკაცრავად, პრინციპი ერთი იყო: სანამ არ დავამტკიცებდი, რომ მე ამ ჟანრის არტისტობაც შემიძლია, ფეხს არ გავადგამდი. პანტომიმის სპექტაკლი რამდენჯერმე ვითამაშეთ და სტუდია დაიშალა. გურამ ბირკაძე ჩემი ნოველებით ფილარმონიის ბრიგადას შეუერთდა, მე გასტროლებზე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში წავედი მუსკომედიის თეატრთან ერთად. ზუსტად არ მახსოვს თანმიმდევრობა ქალაქებისა – რომელ ქალაქში რა შემემთხვა; რაც თვალწინ მიდგას, მას ავღწერ კიდეც: ზესტაფონში მე და ჩემი მეგობარი ნოდარ პიპინაშვილი ერთად ჩაგვასახლეს რომელიღაც ოჯახში, რადგან, სასტუმროში ადგილი არ იყო. ვცხოვრობდით მე და ნოდარი ჩვენი გაუბედურებული 2 მანეთითა და 60 კაპიკით დღეში. ხსნა და ბედნიერება იყო, თუ ვინმე დაგვპატიჟებდა, ანდა, ხელფასს თუ ავიღებდით. ერთ დღეს, ავიღეთ დღიური თანხა. საღამოს სპექტაკლი გვქონდა ზესტაფონის თეატრში. ნოდარმა ტანსაცმელი გამოიცვალა. შარვალი საკიდზე დაკიდა. ვითამაშეთ სპექტაკლი. ოთახში რამდენიმე მსახიობი ერთად ვიხდიდით. ჩაიცვა შარვალი, ჩაიყო ხელი და – ფული აღარ არის. გაოცებულმა შემომხედა – ამირან, დღიური ფული ამომაცალესო. ცუდ ხასიათზე დავდექი... მეორე დღეს ნოდარი დირექტორმა გამოიძახა. დაბრუნდა ნირწამხდარი და, რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მიპასუხა: რადგან შენ ახალი მოსული ხარ, ეჭვი შენზე აქვს. მე კი ვიცი, ვინც აიღო, მაგრამ, ხომ ვერ ვიტყვი, შანიძე გააგდებს თეატრიდანო. მივედი დირექტორთან და განცხადება დავუწერე. ნოდარმა ყველაფერი იღონა, რომ განცხადება დამეხია და თეატრიდან არ წავსულიყავი. ვინ გააკეთა ეს, მაინც არ თქვა. თუ ქურდობა მინდოდა (მე გავიზარდე სვანეთის უბანში, ნახალოვკაში), ავლაბარში ვცხოვრობ, იქ იყვნენ ქურდები, თუ იყვნენ; მოსაპარიც უფრო მეტი იყო და, რაღა ათ მანეთზე შევირცხვენდი თავს... ტკივილი ტკივილად რჩებოდა. პირში წყალი მქონდა ჩაგუბებული და ვერავის ვერაფერს ვეუბნებოდი. სწორედ ამ დროს ჩემს ცხოვრებაში მოხდა საოცრება: ხმა დაირხა, რომ თბილისში ჩამოდის ფრანგი მიმის დიდოსტატი, მარსელ მარსო. მეგობრებმა დამირეკეს, ჩამოხვალ თუ არაო. მე ვუპასუხე, ბილეთი ამიღეთ, აუცილებლად ჩამოვალ-მეთქი. ყველა უსიამოვნება დამავიწყდა, ვფიქრობდი, როგორ გავთავისუფლებულიყავი თეატრიდან რამდენიმე დღით. ამ საქმეში ნოდარი დამეხმარა და თბილისში ჩამოვედი... მე, თამაზ ანთაძე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი ვსხედვართ და ველოდებით მარსელის საღამოს დაწყებას. მარსელ მარსო შემოვიდა ბაღში და, იქვე, საზაფხულო კაფეში დაჯდა თავისი თარჯიმნით, ორჯერ მოატანინა ნაყინი და მიირთვა. თამაზი მეუბნება: „ამირან, მარსელი აგერ დგას და გიყურებს.” მოვტრიალდი და, მართლაც, საოცრება – მიყურებს, ეღიმება, მერე ხელი დამიქნია დამშვიდობების ნიშნად და წავიდა. გავბედე და გავეკიდე, ახლოს რომ მივედი, გაჩერდა, კარგად შემათვალიერა, თარჯიმანს გადაულაპარაკა, თარჯიმანმა მითარგმნა: „რომ დამთავრდება საღამო, ჩემთან მოვიდეს”. ის შევიდა საზაფხულო თეატრის მსახიობთა შესასვლელში, მე კი დავრჩი გაოცებული – რა მოხდა, რამ გააჩერა ეს გენიალური პიროვნება ჩემ წინაშე; რამ მონუსხა, რამ აიძულა, გაეღიმა? მე ხომ ქალი არ ვიყავი, რომ მოვწონებოდი? ვინ ვიყავი მე? – არაფერი, ვინ იყო ის? ყველაფერი!.. ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ მომავალში რაღაც მოხდებოდა ჩვენ შორის. მე მივიწევ წინ, „კაგებე” კი არ მიშვებს. გავყვირი – მან დამიბარა, უნდა ვნახო-მეთქი. ვიღაცამ თქვა: გაათრიეთ ეს ვიღაცა გიჟი, შარს აგვკიდებს... ბიჭო, გამოდი აქეთ, ვინ არის ეს უბედური, რას გადაგვეკიდა! – და, უცებ, მესმის მშვიდი ხმა: ბოშო, რას ეჭიდავებით ამ ბიჭს, ეს ჩვენი მსახიობია, გაუშვით. მოდი, ამირან, ჩემთან წამოდი, – ეს იყო ფილარმონიის დირექტორი გუგული ყიფიანი, რომელიც, ალბათ, პირველი და უკანასკნელი იმპრესარიო გახლდათ საქართველოში, რომელმაც მთელი თეატრალური ელიტა შეკრიბა და წარმატების გზაზე დააყენა.
ჩემი შესვლა კულისებში. მარსელი სცენაზე დადიოდა და ეძებდა ლურსმანს, რომელსაც ფეხი წამოჰკრა წარმოდგენის დროს. შემოტრიალდა და ფრანგული საუბრით გამოემართა ჩემკენ, ხელი მომკიდა, წამიყვანა საგრიმიოროში, გახსნა შამპანური და დამისხა. ყველა გაოცებული იყო – რა ხდებოდა, ვერ მიხვდნენ. მე ჭიქა მიჭირავს ხელში, მარსელი უჭიქოდ, უბოთლოდ მაჩვენებს იმავე მოძრაობას. მე ვდგამ ჭიქას და ვიმეორებ. აღფრთოვანებული მარსელი გარბის სცენაზე, მე მივყვები, უფროს სწორად, მივყავარ; ის მაჩვენებს, მე ვიმეორებ. მერე მეც რაღაც გავურიე ჩემებური და, როცა მტრედები „ავაფრინე” ხელებით, იკივლა, შეხტა და წამომიყვანა ისევ საგრიმიოროში... ჩვენ რაღაც ღვთაებრივ ენაზე ვლაპარაკობთ. არ იყო საჭირო არც ფრანგული, არც ქართული, არც თათრული... ერთად წამოვედით სასტუმროში. დავცილდით, რათა მეორე დღეს აუცილებლად შევხვედროდით. ქალაქში ხმა გავარდა – ვიღაც ლაწირაკი ქართველი მოეწონა მარსელ მარსოსო. ჩვენ კი ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსეირნობდით, ვსაუბრობდით ჩვენს ენაზე, მაგრამ ამ ფაქტს არავინ იღებდა, რადგან ვერავის წარმოედგინა, რომ მან აღმოაჩინა ქართული პანტომიმის ფენომენი, ხოლო ეს აღმოჩენა ძვირად დაუჯდა ჩემს ცხოვრებას, ჩემს შემოქმედებას... მარსელ მარსოს დავშორდი. მან წაიღო ჩემი კოორდინატები და თავისი დამიტოვა. დავრჩი სევდიანი. ეს მეორედ ვთქვი უარი საზღვარგარეთ წასვლაზე. პირველად, შეგახსენებთ, იტალიაში ლილიანა სედლიცკაიამ რომ შემომთავაზა, მარსელი ვისაც ხვდებოდა ხელმძღვანელობიდან, ყველას ეუბნებოდა – ეს ბიჭი უნდა წავიყვანოო. 1967 წელს გამომიგზავნა მოწვევა მოსკოვში. რუსებმა თავიანთი კანდიდატურა გაუგზავნეს, მარსელმა კი უკან გამოუგზავნა. როცა მარსელი პარიზში წავიდა, საახალწლო მილოცვა გამომიგზავნა... ყველა ჩანგალზე ვიყავი წამოგებული. როგორ ირევა ყველა მოგონება, მაგრამ, როგორც ვიცი, რომანებშიც არ არის ხშირად დაცული ლოგიკა და ეს არც ისე ცუდია. მოულოდნელად, რომელიმე რომანის გმირს გაახსენდება გამოტოვებული შემთხვევა... რატომ გაჩერდა მარსელ მარსო ჩემ წინაშე? თურმე, ჩემმა ხელებმა გააჩერა. მე რომ ვსაუბრობდი, ხელები უფრო მეტს ამბობდნენ. „მე ამ ხელებმა შემაჩერა, – აღნიშნა მერე მან საუბარში, – ასეთი გამომსახველი მოსაუბრე ხელები არსად შემხვედრია. ეს რომ ჩემთან წამოვიდეს, ხელებზე დავუდგამ მთელ საღამოს”. ამის შემდეგ, მგონი, ყველაფერი ნათელია, რატომ მიწვევდა თავისთან. მე კი ეს აზრი ჩამრჩა და რამდენიმე წლის შემდეგ დავდგი სპექტაკლი – „ხელები”.
...თბილისში ჩემს სახელზე მოვიდა მარსელ მარსოს წერილი, როგორც უკვე აღვნიშნე, საახალწლო მილოცვა. წინა საახალწლო დღეებში მივედი სახლში – არავინ არის. კარში გაჩრილია გრძელი კონვერტი... ხელში ავიღე და ვიტრიალე – ვერაფერი გავიგე. პირველ გვერდზე უცხოურად აწერია, მეორე გვერდზე კი ხელნაწერია ქართულად: „მოვედი, მოვიტანე ბოლოკი, კიტრი, პომიდორი, მწვანილი, სტაფილო, ჭარხალი. არ დამხვდით სახლში, მეზობელს ჩავაბარე და გამოართვით.” ისევ გადმოვაბრუნე, ვერაფერი გავიგე. ვფიქრობ – რა მოხდა? გავხსენი კონვერტი, ამოვიღე წერილი – წერილზე მარსელის ემბლემაა და ფრანგულად წერია. რაღა ამ კონვერტს დააწერეს ეს სისულელე? თურმე, ჩემი დეიდაშვილი ჩამოსულა დიღმიდან და ჩამოუტანია ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე... ამ წერილის გამო დიდი აჟიოტაჟი გაიმართა, დაიბეჭდა პრესაში, მაგრამ კონვერტს ვერავის ვაჩვენებდი, მრცხვენოდა. ჩათვალეს, რომ მე ვიგონებდი; რომ ასეთი წერილი არ არსებობს. მივიტანე წერილი თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმში, ჩავაბარე და გაიტანეს კომისიაზე. მოხდა სასწაული: შეგნებულად არ ვასახელებ, ვინც თქვა შემდეგი სიტყვები: „შეხედეთ მის დამოკიდებულებას; ასეთი წერილი მოვიდა, ზედ კი რა დაუწერია – კიტრი, პომიდორი და რა ვიცი რა. ეს არის ხელოვანი?” ყველა გაოცებული უყურებდა ამ წერილს. მაინც მიიღეს, მე კი ოცდახუთი მანეთი გადამიხადეს. იქვე ერთმა ჩაილაპარაკა – ეს რა ხელოვანია, ასეთ წერილს რომ ყიდისო. წერილი ჩაბარდა მუზეუმს და დღესაც იქ არის. ესე იგი, ამ წერილით მუზეუმში გაიხსნა ქართული პანტომიმის „პაპკა”, თავისი ციფრი დაესვა და დაიწყო ისტორია – ქართული პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ. მიუხედავად ლანძღვისა, საქმე მაინც გაკეთდა, ერთი ანეკდოტისა არ იყოს: „მომაფურთხე, ვერ მოვიწმინდავ თუ?!.”