ექიმის რჩევები
კითხვა: დამისვეს დიაგნოზი – წამწამების დემოდეკოზი. რა თანამედროვე მეთოდები არსებობს ამ დაავადების სამკურნალოდ?
პასუხი: დემოდეკოზი არის კანის დაავადება, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა – დემოდექსი. დაავადება გადამდებია, მკურნალობა ხანგრძლივია და შედეგი დამოკიდებულია პირადი ჰიგიენისა (რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად) და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებაზე. საწყის სტადიაში მკურნალობა 4-6 კვირა გრძელდება, დაგვიანების შემთხვევაში კი – 6 თვიდან 1 წლამდე. სახე ხშირად უნდა იბანოთ ანტისეპტიკური საპნით (ამ გზით ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებს მოიშორებთ); თვალში ჩაიწვეთოთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები; კარგად დაიმუშაოთ ქუთუთოები და წამწამები. მკურნალობის პერიოდში იკრძალება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება; ტკბილეულის, ალკოჰოლის, ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება; მზეზე დიდხანს ყოფნა; გარუჯვა; მხედველობის გაძლიერებული დატვირთვა. მკურნალობის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ვურჩევთ, დაიცვან ელემენტარული ჰიგიენა და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც დაავადების დროს იყენებდნენ. მკურნალობის ეფექტურობის ასამაღლებლად, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, იყენებენ ფიზიოთერაპიას (ქუთუთოების მასაჟი, ოზონოთერაპია, მაგნიტოთერაპია); ასევე, ინიშნება პრეპარატები იმუნური სისტემისა და ცვლის პროცესების კორექციისთვის.
კითხვა: ენის ძირში გამომივიდა წითელი, პატარა ღილაკებივით გამონაყარი. არ მტკივა, მაგრამ, მის გარშემო ენა დაღარულია და იოდინოლის გამოვლების მერე, თითქოს კანი ძვრება ამ გამონაყარიდან. ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება იყოს?
პასუხი: პირის ღრუში გამონაყარი ჩნდება მრავალი მიზეზის გამო, მაგალითად: სტაფილოკოკური ან სოკოვანი ინფექცია, სტომატიტი, ალერგიული გამონაყარი და ასე შემდეგ. გირჩვეთ, მიმართოთ ოჯახის ექიმს, დერმატოლოგს ან სტომატოლოგს.
კითხვა: მამაკაცს გაკეთებული აქვს ალკოჰოლის საწინააღმდეგო ნემსი (ამპულა). მაინტერესებს, ცოლის ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, ცუდად ხომ არ აისახება ბავშვზე?
პასუხი: არა, ამპულა ორსულობის დადგომაზე უარყოფითად არ აისახება.
კითხვა: ბავშვს რამდენიმე დღის წინ გავუკეთე მეხუთე აცრა, არის 1 წლის და 8 თვის. მინდა, ასევე, გავუკეთო გრიპის საწინააღმდეგო აცრა. შეიძლება თუ არა ვაქცინაციის შემდეგ 1 კვირაში შემდეგი ანუ გრიპის აცრის გაკეთება?
პასუხი: დაელოდეთ 2 კვირა და აცრა მერე გაუკეთეთ.
კითხვა: პედიატრმა 2 წლის და 1 თვის ბავშვს დაუნიშნა სანოვიტი და ფოლიუმის მჟავა (5მგ). ანოტაციაში ვნახე, რომ სანოვიტიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას და კიდევ ცალკე მიცემა ზედმეტი ხომ არ მოუვა?
პასუხი: სანოვიტი შეიცავს ფოლიუმის მჟავას 0.1 მილიგრამს, თქვენმა ექიმმა კი დაგინიშნათ 5 მილიგრამი.
კითხვა: დაახლოებით ერთი თვის წინ დავლიე ჰორმონული პრეპარატი. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ღრძილებზე ჩავიტარო ლაზეროთერაპია, ღრძილების ანთების სამკურნალოდ?
პასუხი: შეგიძლიათ, პროცედურა მშვიდად ჩაიტაროთ.