მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის თამარისეული ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ეს ხატი სახელგანთქმულ ქართველ მეფეს – თამარს ეკუთვნოდა. თამარ მეფე ჩრდილო კავკასიის მთიელებს შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად დაუცხრომლად იღვწოდა. ოსეთის წარმართი მოსახლეობის მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ თამარმა მთიელებს საჩუქრად მისი კუთვნილი ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1786 წლამდე ეს ხატი მთებში იმყოფებოდა და მრავალი სასწაულებით განდიდდა. ეკლესია, რომელშიც ხატი იყო დაბრძანებული, ორჯერ დაიწვა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ცეცხლი არ შეხებია.
1768 წელს იმპერატრიცა ეკატერინა მეორის ბრძანებით, მთიანი ოსეთის მცხოვრებლები მდინარე თერგის დაბლობ მხარეში ჩამოასახლეს. ოსებმა ახალ საცხოვრებელ ადგილას თამარისეული ივერიის ღვთისმშობლის ხატი თან წაიღეს. მოზდოკის ეპისკოპოსი ხატს წინ ლიტანიობით მიეგება და მის წინაშე ლოცვა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ეპისკოპოსს სასწაულმოქმედი ხატის თან წაღება სურდა, რათა იგი ტაძარში დაებრძანებინა, მაგრამ, ურემში (რომელზეც ხატი იყო დაბრძანებული), შებმული ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ. უჩვეულო მოვლენის სანახავად აუარებელი ხალხი შეიყარა. გახარებულმა მოსახლეობამ, რომელიც ღვთის ამგვარი მოწყალების ღირსი და მხილველი შეიქნა, სასწაულის ადგილას უმოკლეს დროში სამრეკლო ააგო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი შიგ დააბრძანა. რამდენიმე ხნის შემდეგ, 1796 წელს, ივერიის ღვთისმშობლის ხატი სასწაულის ადგილას ახლად აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც მის მოსალოცად და თაყვანსაცემად ჩრდილო კავკასიის მრავალეროვანი ქრისტიანი მოსახლეობა უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ხატის მიერ კვლავ მრავალი სასწაული აღსრულდა. ხალხში არსებული გადმოცემის მიხედვით, 1840 წელს, როდესაც იმამმა შამილმა ქალაქ მოზდოკს ალყა შემოარტყა, მას და მის მხედრებს სპეტაკსამოსიანი ქალი გამოეცხადათ და ქალაქზე თავდასხმა აუკრძალა...
მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის თაყვანსაცემად მრავალრიცხოვანი მორწმუნენი დღესაც მიეშურებიან, რომლებიც დარწმუნებულნი არიან თამარისეული ხატის ძალასა და ყოვლისშემძლეობაში და, მართლაც, ნუგეშისა და ზეციური დედოფლის შეწევნის გარეშე არასდროს არავინ რჩება.