მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, საოჯახო საჭიროებისთვის ვაგროვებ ფულს, ხომ არ მეთვლება ეს ვერცხლისმოყვარეობაში?
პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. შეასრულეთ თქვენი კეთილი საოჯახო საქმე და ნუღარ შეაგროვებთ ფულს, უფალს მიანდეთ თქვენი იმედები – ასე გვასწავლიან წმინდა მამები.
კითხვა: უკაცრავად და, თუ ვახშმობისას ზომაზე მეტი მომივიდა საკვები, რით გამოვასწორო ჩემი საქციელი?
პასუხი: თუ საკვებით დამძიმდებით, დასაძინებლად კი არ დაწვეთ, რაიმე საჭირო საქმეს მიჰყავით ხელი, თუნდაც ფიზიკურად იშრომეთ, რათა არ შეიბილწოთ უწმინდური ოცნებებით.
კითხვა: როგორ მოვიქცე, თუკი მოყვასი ჩემს რჩევას არ ითვალისწინებს და არასწორ გადაწყვეტილებას იღებს?
პასუხი: ამის გამო არ აღელდეთ და არ გაბრაზდეთ, არც კონფლიქტი მოგივიდეთ მოყვასთან. გაიხსენეთ, ჩვენც ხომ ვეურჩებით უფალს, არ ვაკეთებთ ყოველთვის იმას, რასაც უფალი გვეუბნება, მაგრამ ის ამის გამო არ გვსჯის და არც ზურგს გვაქცევს.
კითხვა: უკიდურეს მდგომარეობაში ვარ, რადგან მიუხედავად ჩემი მცდელობებისა, ჩემი შვილი უღირსი ადამიანია. ალბათ, ჩემი ბრალიც არის, ასე რომ მოხდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენ უნდა ილოცოთ შვილისთვის. სთხოვოთ უფალს, რომ გაუნათოს მას გონება და სწორ გზაზე დააყენოს. კონფლიქტით, ჯიბრით, აყალმაყალით ვერაფერს გახდებით. წაიკითხეთ დედის ლოცვა (მისი წაკითხვა მამასაც შეუძლია, რადგან ის მშობლის ლოცვაა), მას უდიდესი ძალა აქვს და უფალი შეისმენს თქვენს გასაჭირს.