ჭეშმარიტი სარწმუნოება
„თუგინდ მოწყალებას კაცთმოთნეობით გასცემდე, მასზე უარი არასოდეს თქვა“
კვირელი ეპისკოპოსი, ნეტარი თეოდორიტე მოგვითხრობს: ამბა იაკობს სისუსტის გამო ფეხები წაერთვა და ვეღარ დადიოდა. მოწაფეებმა ურჩიეს, წყალში განებანა. წყლით სავსე ჭურჭელი იქვე იდგა, მსახური კი ცდილობდა, მოფარებულ ადგილას გადაედგა, რათა ნეტარ მამასთან მოსანახულებლად მობრძანებული სტუმრები წყლიან აბაზანას არ გადაჰყროდნენ. ამბა იაკობმა იგრძნო მსახურის სურვილი და ჰკითხა: „რატომ გინდა ჭურჭლის დამალვა?“ მოსამსახურემ უპასუხა: „მრცხვენია, რომ შეამჩნიონ“. „დამშვიდდი, შვილო, – მიმართა ბერმა, – ხალხის წინაშე ნუ დამალავ იმას, რაც ასე ნათლად ჩანს უფლის წინაშე“. წმიდა მამას მხოლოდ ღმერთისათვის მიეძღვნა თავი და ადამიანთა აზრები და შეხედულებები ნაკლებად ადარდებდა. „რა სარგებელია, თუ ადამიანებს უფრო მეტად ღვთისმოსავად მოვაჩვენებ თავს, ვიდრე ღმერთს? საზღაურს ხომ მრავალმოწყლე და გულუხვი უფლისგან უნდა მოველოდეთ“. განსაცვიფრებელია წარმოთქმული სიტყვების სიბრძნე, რამეთუ გვიჩვენებს, თუ როგორ ამაღლდა ამბა იაკობი ყოველგვარ ადამიანურ დიდებაზე.
კიდევ ერთი შემთხვევა მაგონდება: გვიანი საღამო იყო, ვახშმობის დრო. წმიდანს კუთვნილი თიხის ქოთანი მიართვეს, დამბალი ოსპით სავსე. ეს შეჭამანდი მის ერთადერთ საკვებს წარმოადგენდა და ისიც შორიდან მომავალ მგზავრს უწილადა, რომელსაც სამხედრო ნაწილში წერილი მიჰქონდა.
ძმამ ამბა პიმენს შესჩივლა: „როდესაც მოწყალებას გავცემ და მშიერ ძმას ცოტაოდენ პურს მივაწვდი, დემონები ჩემ მიერ გაღებულ სიკეთეს შეურაცხყოფენ და შთამაგონებენ, თითქოს კაცთმოთნეობა მამოქმედებდეს“. ბერმა დაარიგა: „თუ გინდ მოწყალებას კაცთმოთნეობით გასცემდე, მასზე უარი არასოდეს თქვა, – და იგავი უამბო: ერთ ადგილას ორი მიწათმოქმედი ცხოვრობდა. ერთმა დათესა და, თუმცა უვარგისი, მაგრამ, ცოტაოდენი ხორბალი მაინც მოიმკა, ხოლო მეორეს დაეზარა და ვერაფერი მიიღო. შიმშილობისას რომელი მათგანი დაპურდება?“ ძმამ უპასუხა: „ის, ვინც უვარგისი, მაგრამ ცოტაოდენი ხორბალი მაინც მოიმკა“. ბერმა თქვა: „ჩვენც ამგვარად მოვიქცეთ – ცოტაოდენი დავთესოთ და, თუგინდ უვარგისი ხორბალი მოვიმკოთ, შიმშილისგან მაინც არ ამოვწყდებით“.
ამპარტავან ადამიანს ამაოების დემონი კეთილ განზრახვათაგან განაშორებს
იერუსალიმში მცხოვრები ერთი ქალწული, რომელიც ექვსი წელი ძაძებს ატარებდა, სენაკში განმარტოებული, ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარს ამბობდა და თავშეკავებულ ცხოვრებას ეწეოდა. ღვთის წყალობას მოკლებული, გადაჭარბებული სიამაყის გამო, რომელიც ყოველგვარი ბოროტების დასაბამია, სიძვაში ჩავარდა, რადგან, მოსაგრე ცხოვრებას ქალწული სულიერი მოთხოვნილებისა და ღვთისადმი სიყვარულის გამო კი არ შეუდგა, არამედ, ხალხის დასანახავად და დიდების მოსახვეჭად, რომელსაც ადამიანის გახრწნილი ნება ეძიებს. ამაოების დემონმა ის კეთილ განზრახვათაგან განაშორა და მასში სხვათა განკითხვის სურვილი დაბადა. როდესაც სიამაყის დემონის მიერ გაბრუებული, მის მსახურებაში იმყოფებოდა, უმანკოების მცველი წმიდა ანგელოზი მას განუდგა.