ვინ არის შოთო სიხარულიძე, რომელსაც „იუთუბის მამა“ შეარქვეს და რატომ აქვს მის ატვირთულ ათასობით ვიდეოს ყველაზე მეტი ნახვა
მას ყველა ინტერნეტმომხმარებელი იცნობს, რადგან, მის მიერ „იუთუბიზე“ ატვირთული ვიდეოები, სერიალები, შოუები, კონცერტები, სიმღერები, ვიდეორგოლები ყველაზე რეიტინგულია. „@ტვირთა შოთო სიხარულიძემ“ – ასეთი წარწერით არაერთი ვიდეო შეგხვდებათ, რომლებიც „იუთუბიდან“ ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში ინაცვლებს. ბევრ ახალ ნიუსსაც ინტერნეტსივრცეში პირველი სწორედ ის განათავსებს – ოპერატიულობა მისი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ამიტომ მას ინტერნეტსივრცეში ძალიან კარგად იცნობენ, თუმცა, ბევრმა არ იცის, შოთო სიხარულიძე რეალური პიროვნებაა თუ გამოგონილი. სინამდვილეში კი შოთო ბათუმელია – ძალიან ხალისიანი და ენერგიული ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ქართველი ემიგრანტებისთვის, მათი სიყვარულისთვის აკეთებს და მათ საქართველოში არყოფნით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება. ამიტომაც შეარქვეს მას ემიგრანტებმა „მისტერ პოზიტივი ოქროს გულით“.
შოთო სიხარულიძე: რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ თბილისელი ვარ, თან – ვაკელი, არადა, ბათუმელი ვარ და ახლაც ბათუმში ვცხოვრობ. ვარ გადარეული გურული შოთო სიხარულიძე, რომელსაც ძალიან უყვარს ბათუმი და გურია. მთელი ბავშვობა გურიაში მაქვს გატარებული. როგორც კი დაგვითხოვდნენ, გურიაში მივდიოდი, კერძოდ, ჩოხატაურში და, იქ ჩასული, მაშინვე გურულად ვუბერავდი. უფრო მოგვიანებით, როდესაც საქართველოში ძალიან პოპულარული იყო „ბალი ჩატი“, მეც მისი აქტიური მომხმარებელი ვიყავი და იქაც მთელი საზოგადოება „გადარეულით“ მიცნობდა. საკმაოდ პოპულარული ვიყავი ჩატში და, ჩემი ხმამაღალი განცხადებების, ხუმრობის გამო მბლოკავდნენ კიდეც. შემდეგ იყო ჟურნალი „ბარი“. ამ ჟურნალში იმდენად პოპულარული გახდა თვითონ შოთო სიხარულიძე, რომ „ესემეს ბარელი სიხო“ შეარქვეს. თინეიჯერები უძღვნიდნენ ლექსებს, სერიოზული კონკურსი ჰქონდათ გამოცხადებული: შოთო მე მიყვარს, შოთო ჩემი შეყვარებულია, შოთო „ბარის სექსსიმბოლოა, მაჩო“. სხვადასხვა თემაზე ვწერდი, ვშლიდი, აქტიურად განვიხილავდი, მათ შორის – „ჯეობარს“. მქონდა ჩემი ლექსების კრებული, ესემესებით ვგაზვნიდი და ჟურნალ „ბარში“ ჩემი ესემესების ბუმი იყო. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ერთ ნაწილს შოთო მოსწონდა, მეორეს – არა. ყველა მე მცემდა პასუხს. საბოლოოდ, ჟურნალის რედაქტორმა და ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, შოთო სიხარულიძე მიეწვიათ სპეციალურ სტუმრად და ჟურნალის მთავარ გვერდზე, ჩემს ფოტოსთან, დაწერეს: „შოთო სიხარულიძის ფანების საყურადღებოდ! 23 აპრილს შოთო ჩვენთან ჩამოდის, კლუბში თქვენთან შესახვედრად.” რა თქმა უნდა, ჩამოვედი თბილისში. სულ ორი შეხვედრა მქონდა და ისე თბილად შემხვდნენ... ადამიანები მადლობას მიხდიდნენ და ძალიან მიხაროდა. 2006 წლის მიწურული ძალიან მძიმე იყო ჩემთვის – ბაბუა გარდამეცვალა, რომლის მოსახელეც ვარ. ამ ამბის შემდეგ აღარ დამიმესიჯებია დაახლოებით 20 დღე. ამ პერიოდში რედაქტორი ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა, მე ვუთხარი ჩემი ამბავი. მომდევნო ნომერში მომისამძიმრეს და ამას მოჰყვა აჟიოტაჟი: ზოგმა ჩათვალა, რომ ეს ტყუილი იყო; ზოგმა თქვა, თითქოს მე წასვლა მინდოდა ჟურნალიდან და ეს მოვიგონე მიზეზად, მოკლედ, დიდი ამბები ატყდა. ამ ყველაფრის გამო, აღარ დამიმესიჯებია და, საბოლოოდ, ჟურნალი სკანდალურად დავტოვე. რედაქტორმაც მთხოვა, დაბრუნდიო, მაგრამ, აღარ დავბრუნებულვარ. შემდეგ ჟურნალში ჰქონდათ ასეთი რუბრიკა „ბარის ფსიქოლოგი“ და გოგონები წერდნენ, ინანიებდნენ თავიანთ საქციელს; რომ ძალიან უყვარდათ შოთო, მასთან პირადად უნდოდათ შეხვედრა და ამიტომაც წერდნენ ჩემზე ცუდს, რომ მერე მათ კლუბში შევხვედროდი. ერთ გოგონას ისე ვუყვარდი, მამამისმაც კი დამირეკა: ჩემი შვილი უცხოეთში მიდის და შენი ნახვა უნდაო. ახლა მეცინება ამაზე, რა დღეში ვიყავი და როგორი ბუმი იყო ჩემზე. ერთი გოგო „სარას” სახელით მემესიჯებოდა და გაავრცელეს ჭორი, თითქოს მე და სარა საყვარლები ვიყავით.
– ბოლო დროს შენზე ძალიან ბევრ გადაცემაში ხუმრობენ, ისევე, როგორც სოციალურ ქსელებში, რადგან, „იუთუბიზე“ ლამის ყველა კონცერტის, შოუსა და სერიალების ვიდეოები მუდმივად შენი ატვირთულია, წარწერით: „@ტვირთა შოთო სიხარულიძემ“.
– იცი, ჩემზე რას საუბრობენ ინტერნეტში? რომ შოთო სიხარულიძე არის პროგრამისტი, პიარ-მენეჯერი, „იუთუბის“ მამა, მუსიკის კრიტიკოსი, მსახიობი, მომღერალი. ზოგი კი მიიჩნევს, რომ მე არარსებული ადამიანი ან რობოტი ვარ. სინამდვილეში, დამთავრებული მაქვს ტურიზმის ბიზნესაკადემია, შემდეგ ჩავაბარე კომპიუტინგზე. რობოტი რომ არ ვარ და ვარსებობ – ეს ცხადია. პროგრამისტი ვარ, უფრო სწორად, „ყველაფერშჩიკი“ – 112. მახსოვს, წლების წინ მომღერალმა ანი სირაძემ დამირეკა – მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებო. ნინო ჩხეიძემაც დამირეკა ერთი თვის წინ მადლობის სათქმელად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დახმარებით ძალიან ბევრი მომღერალი გახდა პოპულარული. ჩემი აღმოჩენა იყო ჯგუფი „ბანიც“ და ბევრი სხვაც. ხშირად, რადიოზე ადრე, მე მაქვს ხოლმე მომღერლების სიმღერები, რადგან, თავად მაწვდიან და მეც ვუპიარებ. მაგრამ, განსაკუთრებული სიყვარული მაინც ემიგრანტებისგან მოდის. ბავშვობიდან პატრიოტი ვიყავი, ემიგრანტების ამბებიც რომ მესმოდა, ძალიან განვიცდიდი. ამიტომ, ერთ დღეს ვიფიქრე: მოდი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რითაც მათ ცხოვრებას ცოტათი გავუხალისებ-მეთქი. თავიდან ყველაფერს ვაკეთებდი „იუთუბიზე“, იმდენად მოთხოვნადი გახდა ჩემი ვიდეოები, უკვე სოციალურ ქსლებში მწერდა ხალხი მადლობას. ემიგრანტების მხრიდან იყო შემოთავაზება – იქნებ, ანგარიში გამეხსნა და მადლიერების გამოსახატავად ფული ჩაერიცხათ. მე ემიგრანტებისგან ერთი ევროც არ ამიღია და არც არასდროს ავიღებ. ბევრი ამბობს, რომ თითქოს მე ემიგრანტებისგან თანხას ვიღებ და ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი: მე არ ვიყიდები და ემიგრანტებს არასდროს გამოვართმევ ფულს. ერთმა ემიგრანტმა ისიც დაწერა: ღმერთმა არ დააჭირვოს შოთოს ჩვენი თავი, მაგრამ, თუ დავჭირდებით, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიქნებით მის გვერდითო. 2011 წლის 29 დეკებერს სრული შოკი მივიღე, როდესაც ჩემი ვიდეოები წამიშალეს, ძალიან ცუდად გავხდი. უამრავი ემიგრანტი მწერდა, რა ხდებაო. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ვერ ვცემდი პასუხს. ემიგრანტები ფეხზე დადგნენ და მეც ისეთი გულის ამაჩუყებელი წერილი დავწერე მათთვის, ქვაც კი ატირდებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ, არ მქონდა უფლება, ეს საქმე არ გამეგრძელებინა; რომ მე ამ ხალხს ვჭირდებოდი. ჩემი გაქრობის მიზეზი კი ის იყო, რომ დაახლოებით 17 ათასი ვიდეორგოლი „რუსთავი 2-მა“ წამიშალა. მაშინ ერთი, ან, მაქსიმუმ – სამი საიტი მქონდა; ახლა ბევრი მაქვს და, ვინმემ რომ წამიშალოს, სხვაგან მაქვს დაზღვეული. ამის შემდეგ დავიწყე ჩემი სახელისა და გვარის დაწერაც. რვა წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ვზრუნავ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოდან შორს ცხოვრობენ. სხვათა შორის, სერიალების მოყვარულთა მთელი არმია მყავს, რომლებიც არც დაბადების დღეზე ყოფნას მაცდიან, არც ცუდად გახდომას; ავადმყოფობის უფლებაც არ მაქვს – მაშინვე უნდა ავტვირთო, რადგან, უამრავი ადამიანი ელოდება. ერთი დღე რომ არ შემოვიდე საიტზე, ათასობით ადამიანი მწერს. ბოლო დროს ჟურნალისტებიც მიხდიან მადლობას. რაღაც მოვლენასთან დაკავშირებით ატვირთული არ მაქვს ვიდეო, რომ სხვადასხვა ვიდეოპორტალები აზიარებენ, ჩემი მასალებით არსებობენ.
ბოლოს, მინდა, თქვენი ჟურნალის დახმარებით, ჩემს საყვარელ ემიგრანტებს მოვეფერო: ახალი წელი, შობა მივულოცო; იმედი, სიყვარული, სიხარული, ბედნიერება და მალე ფეხზე დამდგარ საქართველოში დაბრუნება ვუსურვო. შოთო სიხარულიძე მანამდე იქნება, სანამ ემიგრანტებს ამის სურვილი ექნებათ!