როგორ ხდის ნანუკა გოგიჩაიშვილი ამოჩემებულ ადამიანებს წარმატებულებს და როგორ ახერხებს სიტუაციებისა და ოჯახების გადარჩენას ნინი გოგიჩაიშვილი
ორივე ძალიან მხიარული, ხალისიანი, ენერგიულია და საქმის გარდა, საკმაოდ ბევრი საინტერესო და სერიოზული გატაცება აქვთ. რაც მთავარია, ორივე დის, ნანუკასა და ნინი გოგიჩაიშვილების დანახვა, არავის ტოვებს გულგრილს, ისევე, როგორც მათი საუბრის მოსმენა.
ნინი გოგიჩაიშვილი: მიმაჩნია, რომ ჩემთვის 2014 წელი ძალიან წარმატებული იყო. მუშაობა დავიწყე, თუმცა გამოცდების მხრივ, საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა. მაგრამ, 2015 წლისგან უფრო მეტ წარმატებას ველოდები.
ნანუკა გოგიჩაიშვილი: ყოველი წლის ბოლოს ვფიქრობ, რომ კარგი წელი იყო და მადლობელი ვარ. 2014 წელიც კარგი იყო და ახლა, 2015 წლიდან უფრო მეტს ველოდები.
– როგორც გავიგე, სერიოზულად ყოფილხარ ასტროლოგიით დაინტერესებული.
– მეხუმრებიან – ნანუკა ცაგარელიო, ხალიჩა უნდა გიყიდოთო. იმდენად ვარ ამ თემით გატაცებული – ცოტა ჯადოქრულადაც კი. ყოველდღიურ ჰოროსკოპს კი არ ვამოწმებ, ზოგადად, ასტროლოგიით ვარ დაინტერესებული. მაგალითად, მაქვს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც განსაკუთრებულად მაინტერესებს. 200 კაცი რომ იყოს და ფარდის იქით ვინმემ ამოიღოს ხმა, მივაკითხავ და ვეტყვი: აუ, ეს ხარ შენ. ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანს ყველგან ვცნობ. ანუ, განსაკუთრებულად მიზიდავს: „ტუპები“, „ვერძი“ და „სასწორი“ – ტოპ სამი მყავს. ადამიანი ხმას რომ ამოიღებს, ზუსტად ვიცი, აქედან რომელია.
– ნინი, შენ რა ნიჭით გამოირჩევი?
ნინი: მე მაქვს ძალიან მაგარი ინტუიცია.
ნანუკა: სხვათა შორის, ჩემს ზოდიაქოს კარგად აქვს განვითარებული მეექვსე გრძნობა – რაღაც ჯერ ჩანასახშიც რომ არ არის. მაგალითად, ვიტყვი: ეს გოგო და ეს ბიჭი... შეიძლება, არც კი იცნობდნენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ მომავალში აუცილებლად ერთად იქნებიან. ნინი სულ მეუბნება, მოვლენებს იწვევო.
ნინი: არ არსებობს, რამე მითხრას და მეორე, მესამე დღეს არ მოხდეს. მართლა იწვევს მოვლენებს. სულ ვეუბნები: ხომ იცი, ყველაზე მეტად რა მინდა, ჰოდა მიდი, მითხარი, რომ მოხდეს. ზოდიაქოს ნიშნით „მშვილდოსანი“ ვარ და ვინც ამ ნიშანს იცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის პირველ ადგილზე თავისუფლებაა. როგორც კი, რაღაც შეზღუდვა იწყება, მაშინვე პანიკა მეწყება.
– ნანუკა ხომ არ გიზღუდავს თავისუფლებას?
– არ მიზღუდავს, სამაგიეროდ, ძალიან ეჭვიანია ჩემ მიმართ. ეტყობა, პატარა და რომ ვარ, მშობელივითაა. თუმცა, ვეუბნები, ძმა ხარ-მეთქი. თუ მოხდა, რომ ისეთ ვინმეს ველაპარაკები, ვინც ამან არ იცის, ძალიან მწარდება. ერთხელ მაბრალებდა, შეყვარებული გყავს და მიმალავო. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს. ნანუკას აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მე თუ გადავწყვეტ, ვინმე ბიჭი სერიოზულად იყოს ჩემ გვერდით, ნანუკას აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
ნანუკა: ნინიმ ისე კარგად იცის სიტუაციებიდან აზრის გამოტანა, ისე აწონ-დაწონის და გაშიფრავს ყველაფერს, რომ გეგონება, დიდი ადამიანია. თან, ფსიქოლოგის კურსებიც აქვს გავლილი და ფსიქოლოგიურად ის კარგად შიფრავს ადამიანს, ოჯახები რომ ინგრევა, ნინისთან მიდიან. ესეც აუწონდაუწონის და ბიჭი შოკში რჩება: სად იყავი აქამდე, გეთქვა მისთვისო. ელემენტარულ სიტუაციაშიც კი, ვიღაცამ წარბი რომ აწია, დაამთქნარა, ამას ისე მშვიდად ხსნის სხვა კუთხით, რომ ბევრი სიტუაცია თუ ვიღაც გადაურჩენია.
– ისეთ ამბებს ატრიალებთ, წინასწარ იცით, ვინ ვისთან იქნება, ვინ როგორ შეარიგოთ, რომ სამომავლოდ, სამაჭანკლო ბიუროც არ გახსნათ.
– თუ შოუ-ბიზნესიდან ვინმეზე ვიტყვი: ეს გოგო, ის ბიჭი... ამ დროს მეუბნებიან: რა სისულელეა, ერთმანეთს არც იცნობენ, ის იქ არის, ეს – აქ და როგორო. 2 ან 3 თვეში ვიგებ – იცი, ნანუკა, იმან იმას იქ ჩააკითხა.
ნინი: ნანუკას ერთი თვისება აქვს: წარმატება მოაქვს ადამიანებისთვის. მაგალითად, ვინმეს თუ ამოიჩემებს, დაიმეგობრებს, შანსი არ არის, სამსახურში არ დააწინაურონ, რაღაც წინსვლა არ ჰქონდეს.
– საკუთარი თავისთვისაც მოგაქვთ ასეთი წარმატებები?
– კი, მაგრამ მგონია, სხვებს უფრო მეტად ვადგებით. როცა კოსმოსში დადებით ენერგიას უშვებ, მერე ის აუცილებლად გიბრუნდება – მე ამის მჯერა.
– მოკლედ, სერიოზული გატაცებები გაქვთ დებს.
ნანუკა: მეცნიერული თემატიკა ძალიან მაინტერესებს – ისეთი რაღაცეები, მერე სხვას რომ მოუყვები და მისთვის საინტერესო იქნება, თან ბევრ რამეს რომ გაიგებს, თუნდაც მონაყოლიდან. ახლა მეორე მსოფლიო ომზე ვარ ჩაციკლული. ნაცისტებზე იმდენი რამ წავიკითხე, ბოლოს წიგნის ფურცლებს რომ ვშლიდი, მეგონა, ხელები სისხლიანი მქონდა. რაღაც თემაზე რომ ვისაუბრო, მგონია, არ გავიჭედები, რადგან ბევრ რამეზე ვარ მიდებულ-მოდებული.
ნინი: ერთი წამით შეიძლება, ვერთობოდეთ კანფეტის ქაღალდზე, მეორე წუთს კი ღრმა მეცნიერულ თემაზე გადავერთოთ. ერთდროულად ერთი და იგივე წიგნს არ ვკითხულობთ – მერე ვცვლით. თან, ჩვენი საყვარელი გმირები გვყავს და იმაზე რომ ვიწყებთ ლაპარაკს, გვეკითხებიან ხოლმე: ვისზე საუბრობთო.
– როგორ უყურებენ ოჯახში თქვენს მეცნიერულ გატაცებებს?
ნანუკა: ოთახში გვაქვს ჩვენი სამყარო, სხვანაირი რაღაცეები ხდება. ოჯახის წევრებთან ისეთი კონტაქტი არ გვაქვს. მერე რომ ვიკრიბებით და რაღაცას ვამბოთ, გვეკითხებიან: საიდანო... წავიკითხეთო. რამეს თუ წავიკითხავთ, ოჯახში ეს დიდ მიღწევად არ მიიჩნევა, ჩვეულებრივი მოვლენაა. თან, გემრიელი კანფეტებივით მოაქვთ წიგნები დედას და ბებოს. მერე ჩვენს ოთახში ანალიზს ვუკეთებთ წაკითხულს. ვიცინით ხოლმე: ახლა დედა რომ შემოვიდეს... ისინი ძირითადად, ჩვენს შესახებ ინტერვიუებიდან ან სატელევიზიო გადაცემებიდან იგებენ.
– კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ პირად ცხოვრებაში რა ხდება? როგორი მოთხოვნები გექნებათ საპირისპირო სქესთან – იქ ვარსკვლავები, ინტუიცია...
ნინი: რაღაცეები ხდება, თუმცა გრანდიოზული არაფერი. მე ისეთი ხასიათი მაქვს, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს გავუგო. ეს კი ჩემი პლუსია და თუ რამდენად კარგად ვიგრძნობ თავს ნებისმიერ ადამიანთან – ეს უკვე სხვა საკითხია.
ნანუკა: მე და ნინის შეყვარებული არასდროს გვყავს. დიდ მადლობას ვიტყვი, თუ აღმოვაჩენ ისეთ ადამიანს, რომელზეც ვიტყვი: მომწონს-მეთქი. მგონია, რომ ეგრევე მიმიზიდავს... ისიც არ მქონია – პირველი სიყვარული. არასდროს არავის დაუსვამს ჩემთვის ისეთი დაღი, რომ რამეზე მოწყენილი ვიყო. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ უკიდურესობები მახასიათებს. მინდა, ვინმეზე ეგრევე ძალიან გავგიჟდე. შუალედური რაღაცეები არ მახასიათებს: კარგი ბიჭია და მოდი, ვცადოთ. ერთს ვერასდროს ვირჩევ. გარშემო იმდენი კარგი ადამიანია, რომ განგებას მივენდობი.
ნინი: ამ დროს ბიჭმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ „ის“ ერთადერთი დარჩეს. მთავარია, შენ არ იყო ლიდერი. ჩემს შემთხვევაში სულ მე ვარ ლიდერი და მე ვმართავ სიტუაციას. ეს კარგია, მაგრამ არასწორია: კაცმა უნდა შექმნას ისეთი სიტუაცია, რომ შენც მოგებული დარჩე და ისე გადაგიყვანოს თავის მხარეს, ვერც მიხვდე. რაც მთავარია, ჩვენს გვერდით ვინც იქნება, მას ეცოდინება, რომ სხვებისგან გამორჩეულია.
ნანუკა: მეც სულ ვემზადებოდი, რომ ის ერთი უნდა ყოფილიყო.
ნინი: ნანუკას გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომელბიც ჭკვიანებიც არიან, გამორჩეულებიც და იქიდან რომელი გახდება ის ერთი, ვისზე გააკეთებს ნანუკა არჩევანს, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. ჩემთანაც არის რაღაცეები, ვნახოთ.