კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ზუბიტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუბიტა.

ზუბიტა როსტიაშვილი მოიხსენიება მოწმედ 1643 წელს ქიტია მთიულიშვილის მიერ თარხან იორამ მოურავისშვილის სახელზე გაცემული ბატონყმობის წიგნში.

1739 წელს აბიბო რუსიშვილის მიერ ელო ჩაბარუხის სახელზე გაცემულ წიგნში მოიხსენიება ვინმე ზუბიტაშვილი.

საქართველოში 195 ზუბიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თელავში – 22, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.

არსენიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არსენი. ამ სახელიდანაა წარმოქმნილი გვარები: არსენიშვილი, არსენაძე, არსენაიძე, არსენაშვილი.

სოფელ ბართაში მცხოვრებმა არსენიძემ, რომელიც გელათის დეკანოზი იყო, ხახულის ღვთისმშობელს შესწირა ხელისძეული ნასყიდი მამული.

საქართველოში 1 074 არსენიძე ცხოვრობს: ქუთაისში – 402, ტყიბულში – 368, თბილისში – 123. არიან სხვაგანაც.

აზარიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზარია, რომელიც ებრაული სიტყვაა და ქართულად უფლის შეწევნას ნიშნავს.

სოფელ ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა, ივანე აზარიაშვილი.

ღოუბანში მცხოვრებმა ივანე აზარიაშვილმა 1826 წელს შვილი მოუნათლა თანასოფლელ სოლომონ სულხანიშვილს.

ღოუბანში მცხოვრებ ლაზარე აზარიაშვილს 1829 წელს შეეძინა შვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა გიორგი აზარიაშვილმა და სახელად დაარქვა ანა.

საქართველოში 390 აზარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, თეთრი წყაროში – 77, საგარეჯოში – 68. ცხოვრობენ სხვაგანაც.

კოჭლამაზაშვილი

კოჭ ძირის შემცველი გვარებია: კოჭაური, კოჭლამაშვილი, კოჭლამაზაშვილი, კოჭლამაზიშვილი და სხვა. ასევე, გვხვდება გვარი კოჭიბროლაშვილი.

გადმოცემით, დღევანდელი გოზალიშვილების ძველი გვარ-სახელი სწორედ კოჭიბროლა ყოფილა. „კოჭიბროლას” თეთრფეხება ცხენს უწოდებდნენ.

როგორც გოზალიშვილების, ისე კოჭლამაზაშვილების გვარში, კოჭლამაზა და კოჭიბროლა მეტსახელებია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კოჭლამაზაშვილებს 678-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 1 463 კოჭლამაზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 423, სიღნაღში – 407, რუსთავში – 227. არიან სხვაგანაც.

ნაცარიშვილი 

გვარის ფუძეა სიტყვა ნაცარი. ონის რაიონის სოფელ გლოლაში დაფიქსირებულია საკუთარი სახელი – ნაცარა. ამ ფუძიდანაა წარმოშობილი გვარი – ნაცარაშვილი.

გვარმოდენილობით ამ ორ გვარს – ნაცარაშვილსა და ნაცარიშვილს – საერთო არაფერი აქვს.

ნაცარიშვილი ცხოვრებისეული პირობების გამო ხელოვნურადაა გამოგონილი და ამ გვარს დადიანების ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოსთან მივყავართ.

აჭარის მიდამოებში, კერძოდ კი, ქობულეთის მაღალმთიან სოფელ ხინოში, საუკუნეების წინათ სამეგრელოდან მოსული დადიანები დასახლებულან. გვარში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა: ჯემალ დადიანმა ხუნდებით წამებას ვერ გაუძლო, ტყეში გადაიკარგა და სოფელ ხინოდან 80 კილომეტრზე იპოვეს ნაცარში ამოგანგლული. მას ალამბარელებმა (სოფელია) ჯერ ნაცარა შეარქვეს, ხოლო, როცა ოჯახი შექმნა, „დადიანის ნაცარიშვილად“ მონათლეს. ასე რომ, სწორედ დადიანის გვარმა დაუდო სათავე ნაცარიშვილის გვარს – ამ მცირერიცხოვანი გვარის წინაპრები დადიანები იყვნენ.

საქართველოში 37 ნაცარიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 22, თბილისში – 10, ბათუმში – 5.

ხიზაძე

გვარის ფუძით – ხიზანა-ხიზანი – ნაწარმოებია ქართული გვარები: ხიზანაიძე, ხიზანიშვილი, ხიზანაშვილი, ხიზანეიშვილი, ხიზაძე.

ხიზაძეთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილად მოიხსენიება სოფელი კუნცა (ასპინძის რაიონი). იმავე რაიონში, ამ გვარის წარმომადგენლები დღეს სხვაგანაც ცხოვრობენ, კერძოდ, სოფელ აწყვიტაში.

საქართველოში 66 ხიზაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 32, თბილისში – 7, ახალციხეში – 6. არიან სხვაგანაც.

ანთია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანთია, რომელიც ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლოკვეცილი ფორმაა  და დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად იქცა.

ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.

ასევე, გვხვდება ტოპონიმი – საანთიო (ზანის თემის მარჯვენა მხარეს).

ზოგი მკვლევარი ანთიას ანთიმოზის შემოკლებით ვარიანტად განიხილავს.

საქართველოში 2 033 ანთია ცხოვრობს: ზუგდიდში – 916, წალენჯიხაში – 493, თბილისში – 181. არიან სხვაგანაც.

ვანაძე

გვარი ვანაძე ორი ფორმით გვხვდება: ვანაძე და ვანიძე. გვარის ფუძედ გამოყენებული ჩანს გეოგრაფიული სახელწოდება ვანა, რომელიც მერე გვარად იქცა. 

ვანაძე ჰქვია სოფელს შუახევის რაიონის ბარათეულის საგამგებლოში. ვანაძეები ჰქვია ხულოს რაიონის ღორჯომის საგამგებლოს სოფელს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის აჭარის აღმართის საგამგებლოს ნავანები ეწოდება. ვანი ჰქვია სათეს ადგილს ცხმორისში, შუბანის საგამგებლოში, დიდაჭარაში; არის, ასევე, სოფელი დღვანი.

ამ ძირით ნაწარმოებია გვარები: ვანაძე, ვანიძე, ღვანიძე, ჯივანიძე, სარდივანიძე, ხოზრევანიძე.

ასევე, ვიდრე საქართველოში დამკვიდრდებოდა ტერმინი სახლი, იხმარებოდა ვანი. აჭარაში შემორჩენილია თვანის სახელწოდებით, რაც ჭურს ნიშნავს.

გადმოცემის მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს, რისი მიზეზიც ყოფილა ბატონის მიერ „პირველი ღამის წესის“ მოთხოვნა. ძმებს შეურაცხყოფა ვერ მოუთმენიათ და სოფლიდან აყრაც მოუსწრიათ. ისინი ოზურგეთის სოფელ შემოქმედიდან ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩამდე მისულან, იქ ერთ გლეხთან მოწყობილან და მევენახეობისთვის მიუყვიათ ხელი. თურმე, კარგ ღვინოს აყენებდნენ და სწორედ ამის გამო ვანაძეები ცოტა ხანში ღვანიძეები გამხდარან.

არსებობს მეორე ვერსიაც: ძმები სოფელ დღვანიდან ყოფილან. იმერეთში გახიზნულან და, მდევარს რომ არ მიეგნო, გვარისთვის ასო დ ჩამოუშორებიათ და ვანიძეებად დაწერილან.

ღვანიძე, ვანაძე და ვანიძე ერთი ძირიდან წარმოქმნილი გვარები უნდა იყოს.

საქართველოში 889 ვანაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 148, ქობულეთში – 112, ადიგენში – 67. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3