კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ვლოცულობ, რომ შვილმა მაპატიოს და შემიყვაროს

ძალიან დიდი ცოდვა მაქვს ჩადენილი: ჩემი ქმრის ლოთობისა და დედამთილის მხრიდან აუტანელი დამოკიდებულების გამო, იძულებული გავხდი, სახლიდან წავსულიყავი, მაგრამ, ისე მოხდა, უფრო სწორად, ჩემმა დედამთილმა ისე მოაწყო, რომ ჩემი შვილი მაშინვე ვერ წავიყვანე თან. მეგონა, მეორე დღეს ვინმეს გავგზავნიდი ბავშვის წამოსაყვანად, მაგრამ, დედამთილმა და ჩემმა ქმარმა მილიცია დაახვედრეს იმ ჩემს ნათესავს და დააჭერინეს – თოთო ბავშვის მოსატაცებლად მოვიდაო. საწყალი გოგო ძლივს გამოიხსნეს მშობლებმა. მოკლედ, ყველა ღონე იხმარეს და შვილი თვალით აღარ დამანახვეს, ბავშვს კი ათას საზიზღვრობას უყვებოდნენ ჩემზე. რომ წამოიზარდა, ჯერ ბაღში ვაკითხავდი, მერე – სკოლაში, მაგრამ ყველგან ჰყავდათ „თავისიანი“, რომლებიც გაფრთხილებულები იყვნენ და დაცვას „მომიქსევდნენ“ ხოლმე, თითქოსდა ბანდიტი ან მკვლელი ვიყავი.

მოკლედ, ისე გავიდა თითქმის თხუთმეტი წელი, რომ ჩემს შვილს თვალით არ ვყავდი ნანახი; ჩემი სურათებიც კი გაანადგურეს, რომ ბავშვს დედის სახე არ დამახსოვრებოდა.

ჩემი გოგო სკოლას რომ ამთავრებდა, ჯერ მამა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი  ბებია და, სრულიად მარტო რომ დარჩა, მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა ჩემი მოძებნა.

თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რას განვიცდიდი, როდესაც ამდენი წლის შემდეგ პირველად შევხვდი ჩემს ერთადერთ შვილს, უკვე ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ბავშვობიდანვე შეაძულეს დედა.

საკმაოდ ცივად შემხვდა და მაშინვე ის მითხრა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოგძებნე, რომ მაინტერესებდა, თვალებში ჩამეხედა იმ ქალისთვის, რომელმაც ვიღაც კაცის გამო ერთადერთი შვილი, სულ მთლად პაწაწინა არსება ასე გულცივად მიატოვა და ერთხელაც არ დაინტერესებულა მისი მდგომარეობითო. მე შევეცადე, ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ, მოსმენაც კი არ ისურვა. როცა ვუთხარი, მამაშენი რომ თვრებოდა და მეზობლების თვალწინ მცემდა, ბებიაშენი, იმის ნაცვლად, რომ დაემშვიდებინა, უფრო მეტად აქეზებდა შვილს ჩემ წინააღმდეგ და მერე, ნაცემსა და დალურჯებულს, მეზობლები მასულიერებდნენ-მეთქი, ჩემმა გოგომ მითხრა: ჯერ ერთი, არა მჯერა შენი ტყუილები და, ასეც რომ ყოფილიყო, ალბათ, ისე იქცეოდი, რომ, იძულებულს ხდიდი, ეცემეო, ანუ, ღირსი იყავი და გცემდნენო.

მე მუხლებში ჩავუვარდი და ტირილით ვთხოვდი პატიებას, რადგან, მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ, ქალმა ყველანაირი ტანჯვა უნდა აიტანოს და შვილი მაინც არ უნდა მიატოვოს, თუნდაც დროებით ან „ხვალ“ წაყვანის იმედად. მოკლედ, დღემდე საშინლად ვადანაშაულებ საკუთარ თავს, რომ ყველა გზა და საშუალება არ გამოვიყენე შვილის დასაბრუნებლად.

ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჩემი გოგო დავითანხმე, რომ შაბათ-კვირა გაეტარებინა ჩემთან და ეს ორი დღე ჩემთვის ერთდროულად არის ტანჯვაც და ბედნიერებაც. ტანჯვა იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, ძალიან სადისტურად მექცევა (რაშიც, პრინციპში, ვერც ვამტყუნებ); ბედნიერება კი იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, მაინც ჩემი შვილის გვერდით ვარ და არავინ მიშლის მის ცქერას და მასთან დალაპარაკებას. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ, არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებ ასე:, რადგან, უკვე აღარ ვარ ჯანმრთელი ადამიანი და, შეიძლება, ერთ დღესაც გული გამისკდეს.

ერთადერთი იმედიღა დამრჩენია: იქნებ ჩემმა შვილმა იგრძნოს, როგორ მიყვარს და როგორ ვნანობ ყველაფერს, რაც მოხდა; იქნებ შემიბრალოს, მაპატიოს და სულ ცოტათი მაინც შემიყვაროს. ამის იმედი კი იმიტომ გამიჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ თვითონვე მითხრა, თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ, ჩემს დაქალებს მოვიყვან და ძველით ახალ წელს შენთან შევხვდებითო.

ღმერთო, კარგი ყურით მისმინე!

მეგი, 45 წლის.

 

ძველით ახალ წელს შვილებთან ერთად შევხვდები

ამ წერილს ამერიკიდან გიგზავნით. ზუსტად რვა წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. რვა წლის წინ ქმარმა სამი პატარა ბავშვით მიმატოვა, ჩემი სამკაულები წაიღო (ჩემს ჩუმად, რა თქმა უნდა) და ვიღაც ქუჩის ქალთან წავიდა, სამაგიეროდ, დამიტოვა უზარმაზარი ვალი (პირადად თავისი) და გირაოში ჩადებული ბინა, რომელსაც ერთ წელიწადში დავკარგავდი, თუ თანხას არ შევიტანდი და სამ შვილთან ერთად ქუჩაში აღმოვჩნდებოდი. ასეთ დროს ძალიან მდიდარი ახლობლებიც კი არ და ვერ დაგეხმარება. მით უფრო, რომ არავინ მყავდა ფულიანი – არც მშობლები და არც დები. ბევრი ვიფიქრე და, სხვა გამოსავალი რომ ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე, უცხოეთში წავსულიყავი სამუშაოდ, ეგებ ამით მაინც მეშველა ოჯახისთვის. სხვა ქვეყნებს ისევ ამერიკაში წასვლა ვარჩიე, რადგან იქ ჩემი თანაკლასელი ცხოვრობდა (ისიც სამუშაოდ წავიდა სამი წლის წინ, მაგრამ ძალიან მალე ერთ მდიდარ ამერიკელს შეუყვარდა და ცოლად შეირთო), რომელიც მეხვეწებოდა, ოღონდ შენ ჩამოდი და კარგ სამსახურს დაგახვედრებო.

ცხოვრებაში არასდროს მიმართლებდა, მაგრამ ამჯერად მოხდა სასწაული – საკონსულოში პირველივე გასვლაზე ჩამირტყეს ბეჭედი. ჩემი შვილები დედაჩემს, მამაჩემს და ჩემს გაუთხოვარ დას დავუტოვე და წავედი. საშინლად გამიჭირდა როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, მაგრამ, თავს იმით ვიმხნევებდი, რომ მალე ბინას გამოვისყიდდი და მშვიდად ვიცხოვრებდი  ჩემს შვილებთან ერთად.

ჩემმა თანაკლასელმა პირობა შეასრულა და მართლაც ძალიან კარგ ოჯახში მიმიყვანა, სადაც ხუთი წელი ვიმუშავე და იმდენს მიხდიდნენ, რომ სამ წელიწადში ბინა გამოვისყიდე, მაგრამ, მაინც არ დავბრუნდი, რადგან მინდოდა, ცოტა ფული დამეგროვებინა, რომ შვილების მომავალზეც მეზრუნა. ხუთი წლის შემდეგ ჩემი მოხუცი გარდაიცვალა და მისმა შვილებმა თვითონვე მიშუამდგომლეს თავიანთ მეგობრებთან, სადაც ბოლო სამი წელი ვიმუშავე. ისინიც კარგად მიხდიდნენ – გარდა იმისა, რომ ბინის გარდა დანარჩენი ვალებიც გავისტუმრე და საარსებოდაც ვუგზავნიდი ფულს ჩემებს, პატარა თანხასაც მოვუყარე თავი და გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი.

მთელი ამ რვა წლის განმავლობაში ჩემიანებს ჯერ ტელეფონით, ცოტა მოგვიანებით კი სკაიპით ვეკონტაქტებოდი. ძალიან მიხაროდა, რომ ვალები აღარ გვექნებოდა და ბინაც შევინარჩუნეთ, მაგრამ, გული იმაზე მტკივა, რომ ჩემი შვილები ჩემ გარეშე გაიზარდნენ.

სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთი-ორი წელი ვაპირებდი დარჩენას, რომ ცოტა მეტი თანხა წამომეღო, მაგრამ, ამ ცოტა ხნის წინ უმცროსმა შვილმა მითხრა, არ გვინდა შენი ფული, ოღონდ კი ჩამოდი, თორემ, სიტყვა „დედა“ რას ნიშნავს, მალე დამავიწყდებაო. ეს იყო ბოლო წვეთი. მეორე დღესვე ვუთხარი ჩემი მოხუცის შვილებს, აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც არ უნდოდათ ჩემი გამოშვება, შევიდნენ ჩემს მდგომარეობაში და თვითონვე ამიღეს ბილეთი. ისე მოხდა, რომ აქედან (ამერიკიდან) 11-ში გამოვფრინდები და ძველით ახალ წელს ჩემს მონატრებულ შვილებთან და მშობლებთან ერთად შევხვდები უკვე ნამდვილად ჩემს საკუთარ სახლში, რადგან ჩემს ყოფილ ქმარს იმ სახლიდან ერთი კვადრატული სანტიმეტრიც კი არ ეკუთვნის.

ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს და დიდ სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!

ნათელა, 49 წლის.

скачать dle 11.3