რითი აშინებდა ავთო ჭრიკიშვილი ოჯახის წევრებს და შეცვალა თუ არა რამე მის ცხოვრებაში მსოფლიოს ჩემპიონობამ
ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონი ავთო ჭრიკიშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა – უკვე მეორე წელია, ამ ტიტულს ინარჩუნებს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ, ბავშვობაში უფრო ხშირად აგებდა, ვიდრე – იგებდა. ვარჯიშობდა გამუდმებით: ტრავმების, გაციების, სიცხისა და სხვა პრობლემების დროსაც კი. თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო, თუმცა, ახალგაზრდა ფალავანს არ სურს, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობით შემოიფარგლებოდეს მისი სპორტული კარიერა.
ავთო ჭრიკიშვილი: მეოთხე კლასამდე გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში ვსწავლობდი, შემდეგ თბილისში გადმოვედით, 9 წლის ასაკში ტანვარჯიშზე შევედი და ორი წელი ვიყავი ამ სპორტით დაკავებული. ის, რაც ტანვარჯიშმა მომცა, დღესაც ძალიან მეხმარება. 11 წლისამ დავიწყე ძიუდოზე სიარული. სულ ვვარჯიშობდი, არ ვისვენებდი. ბავშვობაში ხშირად ვაგებდი, 15-16-წლიანების, ჭაბუკების საქართველოს ჩემპიონატი ორივე წავაგე. 17 წლისამ მოვიგე საქართველო და მას შემდეგ არ წამიგია. წელს მხოლოდ ერთი შეჯიბრება წავაგე იაპონიაში.
– ტანვარჯიში ძიუდოთი საკუთარი სურვილით ჩაანაცვლე თუ ოჯახის ინიციატივა იყო?
– ბავშვობიდან მიყვარდა ჭიდაობა და მსგავსი სპორტის სახეობები, აქედან გამომდინარე, საკუთარი სურვილით გავაკეთე არჩევანი ძიუდოზე. ჩემთვის ტანვარჯიში, შეიძლება ითქვას, მოსამზადებელი ეტაპი იყო ძიუდოში სერიოზული ვარჯიშის დასაწყებად.
– ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მარტივად არ მოვიდოდა, ალბათ, იყო სირთულეებიც...
– სირთულეებზე მეტად შრომა იყო. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და დღესაც ასე ვარ. ბავშვობაში დღე არ მახსოვს, რომ არ მევარჯიშა, არ ვისვენებდი. ტრავმა რომ მქონოდა, მაინც ვვარჯიშობდი. მახსოვს, ერთხელ, ამოვარდინილი მქონდა ფეხი, მაგრამ, ხელებს ვავარჯიშებდი; სიცხეს, გაციებას და ასეთ რაღაცეებს ხომ საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ცოტა რომ გავიზარდე მივხვდი, ამით ცუდს ვაკეთებდი.
– რას გულისხმობ?
– ასე თავის დატვირთვა არ შეიძლება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ტრავმა გაქვს. ორგანიზმს დასვენება სჭირდება. შეიძლება, სიტუაცია ისე შემოგიბრუნდეს, რომ სერიოზული პრობლემა შეგექმნას. ტრავმა, რომელიც ორ დღეში შეიძლება მოგირჩეს, არ უნდა გაირთულო, მე კი ამას არ ვაქცევდი ყურადღებას.
– თუმცა, ამ თავდაუზოგავმა შრომამ წარმატება მოგიტანა.
– კი, ძალიან მონდომებული ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ სპორტი იყო. ზაფხულობით, 11 საათზე, როცა ყველა ბავშვი გარეთ იყო და თამაშობდა, მე დასაძინებლად მივდიოდი – ჩემს საქმეს ასე სჭირდებოდა. მთელი ბავშვობა ვარჯიშში გავატარე. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ, ის შედეგი მივიღე, რაც მინდოდა, თუმცა, ეს ყოველივე არ მაკმაყოფილებს (იცინის).
– სულ ვარჯიში მოსაბეზრებელი არ იყო?
– ხანდახან მეგობრებთან ერთადაც დავდიოდი და ქუჩაშიც ვიდექი (იცინის), მაგრამ, ძირითად დროს ვარჯიშს ვუთმობდი. მქონდა მომენტი, როდესაც მითქვამს, ყველაფერს თავს დავანებებ და აღარ ვივარჯიშებ-მეთქი – ეს ბავშვობაში იყო – როცა წავაგებდი და სახლში მეუბნებოდნენ, რატომ ვერ მოიგეო. მაშინ ვბრაზდებოდი და ვამბობდი, რომ სულ დავანებებდი თავს ძიუდოს – ვაშინებდი ოჯახის წევრებს (იცინის).
– ანუ, ოჯახსაც სურდა, რომ ამ სპორტს გაყოლოდი?
– კი, ნამდვილად და ხელს მიწყობდნენ ყველანაირად. მე ყველაფერი უნდა მქონოდა, რაც სპორტსმენს ესაჭიროებოდა. სპორტს თავისებური კვება სჭირდება – კვირაში ორჯერ ხორცი და ძვლის ნახარში უნდა მეჭამა. კვების რაციონი და ყველაფერი განსაზღვრული მქონდა. მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ყველაფერი მოეცათ ჩემთვის ის, რაც აუცილებელი იყო.
– რა მოჰყვა ჩემპიონობას, რამე შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
– საერთოდ არაფერი არ შეცვლილა. დღეს ბევრად მეტს ვვარჯიშობ და უფრო მეტს ვწვალობ.
– წვალობ რისთვის?
– ოლიმპიადისთვის. მაგრამ, მანამდე ისევ ევროპა და მსოფლიო უნდა მოვიგო. ჩემი პირადი მწვრთნელი, გურამ მოდებაძე, სულ მეუბნებოდა, მოგება მარტივია, ტიტულის შენარჩუნებაა ძნელიო და ეს მართლაც ასეა. ევროპის ჩემპიონი ორჯერ ვიყავი და მესამედაც უნდა მოვიგო, კიდევ უნდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი – ამით ჩემს თავსაც და ხალხსაც უნდა დავუმტკიცო, რომ არცერთი გამარჯვება შემთხვევით არ მომიპოვებია.
– ისეთი მომზადებული იყავი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მგონი, იცოდი კიდეც, რომ მოიგებდი...
– ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ, გულში მჯეროდა. საერთოდ, არცერთ შეჯიბრებაზე არ გავდივარ წასაგებად. არ მახსოვს, ყოფილიყო ჩემპიონატი და მეთქვას, პირველი თუ არა, მეორე ან მესამე ადგილი მაინც ამაღებინა-მეთქი. ყოველთვის პირველ ადგილს ვუმიზნებდი და სულ მქონდა ჩემი თავის რწმენა, რომ შევძლებდი და მოვიგებდი. საერთოდ, მგონია, რომ, თუ ეჭვი გეპარება შენს შესაძლებლობებში, ვერ მიხვალ მიზნამდე. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. მეც მჯეროდა.
– სერიოზული ტრავმა თუ მიგიღია?
– მოტეხილობა არ მქონია, მაგრამ, მყესი მქონდა გახლეჩილი. 2013 წლის ევროპა რომ მოვიგე, კოჭი მქონდა ამოვარდნილი. 50 დღე ტატამზე არ ვიყავი შესული, მხოლოდ წასვლის წინ ვივარჯიშე და, შესაბამისად, შეჯიბრებისთვის მოუმზადებელი ვიყავი. ხანდახან ვამბობ, რომ ღმერთმა მაჩუქა ეს მოგება, ალბათ, ვიმსახურებდი. მაშინ მნიშვნელოვანი არაფერი მქონდა მოგებული, პირველად მოვიგე ევროპა.
– შენი შესაძლებლობები ტატამს მიღმა თუ გამოგიყენებია?
– არა. მიჩხუბია, მაგრამ, სულ ვერიდები ხოლმე. ძალიან იშვიათად თუ ჩავვარდები მსგავს სიტუაციაში. კიდეც რომ იყოს საჩხუბარი, მაქსიმალურად ვიკავებ თავს (იცინის).
– შეყვარებული გყავს?
– არა. პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
– და, წარსულში რა ხდებოდა?
– წარსულშიც არაფერი. არასდროს შემყვარებია ვინმე – არ მაქვს დრო, სულ ვვარჯიშობ.
– გარდა იმისა, რომ ტიტულების შენარჩუნებას აპირებ ევროპაზე და მსოფლიოზე, კიდევ რას გეგმავ?
– ორ ოლიმპიადაზე აუცილებლად უნდა გავიდე. არ ვიცი, ეს რა შედეგით დასრულდება, მაგრამ, მე არაფერს დავაკლებ. დღეში დაახლოებით ხუთ საათს ვვარჯიშობ; სულ ვცდილობ, რაღაც ახალი ავითვისო და ვისწავლო. ვნახოთ, რა გამომივა და რა იქნება საბოლოოდ.
– საოცარია, რომ არ გაქვს მობილური ტელეფონი. რატომ?
– ალბათ, არ მჭირდება (იცინის). ჩემს ძმას ან დედას ურეკავენ ხოლმე, როდესაც ჩემთან უნდათ საუბარი. თემოს ჟურნალისტი რომ ურეკავს და მეკითხება, რა ვუთხრაო, ვეუბნები – გასულია-მეთქი (იცინის). დედაჩემი და ჩემი ძმა შეჰპირდებიან ხოლმე ჟურნალისტებს ინტერვიუს და მერე მე დამდევენ (იცინის). ძალიან ვიღლები და არავის ნახვის თავი არ მაქვს. რამდენიმე დღით ჩამოვდივარ საქართველოში და მაშინაც სახლში არ ვარ. არ მინდა ტელეფონი, ვინც მჭირდება, ისედაც ვიცი, სადაც უნდა ვნახო (იცინის). ძირითადად მაინც თემოს ურეკავენ და ძალიან ბრაზდება, მეუბნება, საერთოდ გადავაგდებ ამ ტელეფონსო (იცინის).