რა დაუბარა ელდარ შენგელაიას დედამ, ნატო ვაჩნაძემ, წიგნზე გაკეთებული მინაწერის სახით
ჩვენს რუბრიკაში ერთი და იმავე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგარ ცნობილ ადამიანებს.
– გაგვეცანით, თუ შეიძლება.
– მე ვარ ელდარ შენგელაია, კინორეჟისორი.
– ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რაც ბავშვობიდან შემოგრჩათ.
– ბავშვობიდან ყველაზე მძაფრი შეგრძნება მქონდა მაშინ, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა პაპიროსის მოწევა გადავწყვიტეთ. ჰოდა, ჩემი ბიძაშვილი, გოგი ანდრონიკაშვილი იდგა ჩემ წინ და უცბად სახე აერია – თურმე, დედაჩემი მოდის. ზურგის მხრიდან მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო. მე მაშინვე გადავაგდე პაპიროსი. მკითხა – სადილზე მოხვალო? კი-მეთქი, ვუთხარი და ავედი სახლში. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ დედა ხანდახან ეწეოდა. ჩემი უფროსი ძმა თენგიზიც ეწეოდა, უკვე სტუდენტი იყო. დედამ გაუწოდა პაპიროსი თენგიზს და მერე მე გამომიწოდა. მე ვუთხარი: დედა, მე არ ვეწევი-მეთქი. მე ხომ ვნახე, რომ ეწევიო. არ ვეწევი! – გავუმეორე და ამის შემდეგ მართლაც არასდროს მომიწევია.
– დაახასიათეთ საკუთარი თავი.
– როგორ გითხრათ... ცოტა აგზნებული ვარ ხანდახან, თუ რაღაც მოხდა. ისე, პრინციპში, მაინც ვიცავ ხოლმე წონასწორობას.
– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ.
– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც ჩემს თავზე მსმენია, იყო ის, რომ მე ვიყავი კრემლის აგენტი, სუკის აგენტი და ასე შემდეგ (იცინის).
– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?
– მე მგონი, კი.
– როგორი ჰგონიხართ ხალხს და სინამდვილეში როგორი ხართ?
– გაწონასწორებული ვარ, მაგრამ, ვინ როგორ ფიქრობს ჩემზე, რა ვიცი.
– გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე?
– რა თქმა უნდა, მაინტერესებს.
– ვინ გინდოდათ, გამოსულიყავით?
– ბავშვობაში ძალიან მინდოდა რომ ვყოფილიყავი მეტყევე – რომანტიკულად მეჩვენებოდა ეს პროფესია. მამაჩემი იყო მონადირე და, ვფიქრობდი, რომ, კარგი იქნებოდა მეც მენადირა და ვყოფილიყავი ტყეში.
– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– ბევრი რამე არ მომწონს საკუთარ თავში... უმეტესად, არ მომწონს (იცინის).
– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ.
– ცხოვრების განმავლობაში იმდენი სისულელე ჩავიდინე, რომელი გამოვყო, არ ვიცი.
– ყველაზე მეტად გიყვართ...
– ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი შვილები.
– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში ისურვებდით ცხოვრებას და რას გააკეთებდით?
– არა, მე არ ავირჩევდი. იმ ეპოქაში ვიცხოვრებდი, რომელშიაც ვიცხოვრე. ჩემს ადგილას ვარ.
– როდის გრძნობთ თავს უხერხულად და როგორი ხართ ამ დროს?
– უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა რაღაცა კონფლიქტი ხდება ხოლმე, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამ დროს უფრო მეტად თავშეკავებული ვარ, თუმცა, ხანდახან ვბრაზდები.
– საერთოდ, ფიცხი ხართ?
– ხანდახან ფიცხი ვარ.
– როგორი ხართ გაბრაზებული?
– გაბრაზებული ვარ ძალიან მკაცრი და კატეგორიული.
– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?
– ერთხელ ერთი დეპუტატი სიტყვიერად შეეხეო დედაჩემს და მამაჩემს და მე ის ვცემე.
– გეშინიათ...
– არაფრის არ მეშინია.
– გინდათ...
– მინდა, კარგი ფილმი გადავიღო კიდევ...
– მოგწონთ...
– ჩემი მეუღლე (იცინის).
– გაღელვებთ...
– დღევანდელი სიტუაცია საქართველოში.
– გაშფოთებთ...
– დღევანდელი სიტუაცია საქართველოში!
– კომფოტულად მაშინ გრძნობთ თავს, როცა...
– კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ვიღებ ფილმს.
– ხშირად დამთვრალხართ? როგორი ხართ ამ დროს?
– არა, მე საერთოდ ცოტას ვსვამ და არ ვარ ამ დროს მოჩხუბარი, უფრო, ვმღერით და ვმხიარულობთ ხოლმე.
– როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი მაშინ, როდესაც არავის ელით?
– ჩემი ოთახი სულ არეულ-დარეულია და ჩემი მეუღლე სულ ალაგებს.
– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგათ და როგორი იყო მისი შინაარსი?
– დედას. მან მითხრა, რომ, ვიცხოვრო წესიერად, აუცილებლად გამოვადგე ადამიანებს და მაშინ ვიგრძნობ თავს ბედნიერად, – ასე დამიბარა დედამ, – წიგნზე წარწერა გამიკეთა.
– ცხოვრებამ მასწავლა რომ...
– ცხოვრებამ მასწავლა რომ, ვეცადო, ვიყო კეთილი ადამიანი.
– გინდათ ყველამ იცოდეს, რომ...
– ასე არ არის ცხოვრებაში, მაგრამ, მაინც ეცადონ, რომ ბევრი სიკეთე აკეთონ.
– რისთვის ღირდა ცხოვრება?
– ცხოვრება საერთოდ ღირს იმ შემთხვევაში, თუ მუშაობ და აკეთებ კეთილ საქმეს.
– რა გიქმნით დისკომფორტს?
– დისკომფორტს მიქმნის ადამიანების ცუდი ყოფაქცევა.
– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ?
– ბევრ რამეს, მაგალითად, არასოდეს არ მოვკლავ ადამიანს.
– რაზე არ ამბობთ არასდროს უარს?
– არასდროს არ ვამბობ უარს კარგ სცენარზე.
– რა მიგაჩნიათ საკუთარ მიღწევად?
– რამდენიმე ფილმი, რომლებიც მაყურებელს მოსწონს და მე ეს მახარებს. ესენია: „არაჩვეულებრივი გამოფენა”, „შერეკილები”, „სამანიშვილის დედინაცვალი” და „ცისფერი მთები”. განსაკუთრებით – „ცისფერი მთები.” მე ყველა ეს ფილმი მიყვარს, მაგრამ, მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს „ცისფერი მთები”. წელს იყო კანში, შემდეგ იყო ამერიკაში, მერე კი – უკრაინაში, სადაც პრიზი მიიღო.
– ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიგიღიათ.
– ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში იყო ის, რომ ცოლად შევირთე ნელი.
– რითი ხართ მდიდარი?
– მდიდარი ვარ სულიერებითა და მიზნებით.
– რელიგიური ადამიანი არის...
– ღვთის მოშიში, წესიერი ადამიანი.
– სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ შეგყვარებოდათ და მას არ მოენდომებინა რელიგიის შეცვლა, როგორ მოიქცეოდით?
– ეგეთი მომენტი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ბედს შევურიგდებოდი. ორივე ჩვენს რელიგიაზე დავრჩებოდით და ოფიციალურად არ ვიქორწინებდით.
– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სიბერეში?
– უნდა ვიყო კეთილი.
– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში?
– ოცდამეორე საუკუნეში ჩემზე დაწერენ, შერეკილი იყოო (იცინის)... შერეკილი ვარ ნამდვილად.