რატომ აქვს ნინი ქარსელაძეს მამასთან უცნაური ურთიერთობა და რა თემაზე არ უნდა მას საუბარი
მომღერალ ნინი ქარსელაძეს ბავშვობა ვარსკვლავური ჰქონდა, თუმცა მერე გადაწყვიტა, სცენას რაღაც პერიოდი ჩამოშორებოდა და მთელი დრო განათლებისთვის დაეთმო. ასეც მოიქცა, მაგრამ წლების შემდეგ მიხვდა, რომ სიმღერა მისთვის ნარკოტიკივითაა და მის გარეშე არ შეუძლია. ამიტომ, კვლავ ამ სფეროში გადაწყვიტა დაბრუნება. ამბობს, რომ 2014 წელს მის პირად ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ მოხდა და იმედი აქვს, ახალი წელი მისთვის ყველაფერში ბედნიერების მომტანი იქნება.
ნინი ქარსელაძე: „ბრავოს” სტუდიაში ჩავწერე ახალი სიმღერა, რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. ტექსტი ნანა ცინცაძისაა. ახლა კლიპის გადასაღებად ვემზადებით, რომელსაც კიკალა გადაიღებს. ეს „რუსთავი 2-ის“ და „მარაოს“ ერთობლივი პროექტია. დიდი ხანი არაფერი გამიკეთებია და მინდოდა, არ გადავჩვეულიყავი იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ამიტომ, დავიწყე „ლაივ ბენდთან“ ერთად სიმღერების და სხვადასხვა პროექტის გაკეთება.
– ვარსკვლავური ბავშვობა გქონდა. მერე საკმაოდ დიდხანს აღარ ჩანდი.
– რაღაც პერიოდში მომინდა, ამ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და ვცადე, გამეკეთებინა ის, რაც, საბოლოო ჯამში, ჩემი არ აღმოჩნდა. იურიდიულზე სწავლას ვგულისხმობ. პირველ წელს თეატრალურზე ჩავაბარე, მაგრამ მერე იქ გადავიტანე საბუთები. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მანადე ამის სურვილი არ მქონია. ეს პერიოდი მთლიანად სწავლაზე ვიყავი გადართული. ლონდონში გავიარე კურსები, მერე ჰოლანდიაში ვცხოვრობდი და უნივერსიტეტს რომ მოვრჩი, მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. უბრალოდ, ბიძაჩემს უნდოდა ძალიან, რომ იურისტი ვყოფილიყავი. მთავარია, ვისწავლე და დიპლომი მაქვს. თუმცა, ამ პროფესიით მუშაობას არ ვაპირებ. ისევ იმას დავუბრუნდი, რასაც მანამდე ვაკეთებდი. ყველა მომღერალი დამეთანხმება, რომ თუ ერთხელ მოგიწია სცენაზე დადგომა, მერე თავის დანებება ძალიან რთულია. ნარკოტიკივითაა. ახლა, მგონი, ნელ-ნელა რაღაც იწყება და ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოვა.
– შენი ოჯახის ყველა წევრი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ბევრს საუბრობენ და კონტექსტი არ არის ყოველთვის დადებითი.
– ძალიან მწყინს და თქვენი საშუალებით, ყველა ჟურნალისტს მივმართავ თხოვნით, რომ თუ რამის დაწერას აპირებენ, დაწერონ, ამის გამო ვერ გამოვედავები, მაგრამ აუცილებლად გადაამოწმონ. ბოლო პერიოდში ისეთი რაღაც წავიკითხე ჩემს პირად ცხოვრებაზე, რომ არცერთი სიტყვა არ შეეფერებოდა სიმართლეს. ჰობია სოციალური ქსელიდან სტატუსების წაღება და შემდეგ, კომენტარებში მიდის ლანძღვა. ყველა იმ ადამიანს მადლობა, ვინც ერთ თბილ სიტყვას მაინც იმეტებს ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის. თაყვანისმცემლები „ფეისბუქზეც” მწერენ და პირად ნომერზეც. სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში მიხარია, რომ ადამიანებს არ დავვიწყებივარ და მათ მეხსიერებაში კიდევ ვარსებობ.
– თაყვანისმცემლებს შორის, არის ვინმე ისეთი, ვინც შენს ყურადღებას იმსახურებს?
– ჯერჯერობით პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. შეიძლება, ძალიან ბევრი იმსახურებდეს ჩემს ყურადღებას, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მინდა. ჩემს პირად ცხოვრებაში რაღაცეები შეიცვალა და ამიტომ. თუმცა, კონკრეტულად, რამის თქმა არ მინდა.
– მართალია, რომ შენი ოჯახის წარსულმა პირად ურთიერთობებში ხელი შეგიშალა?
– ეს დიდი ხნის წინ იყო და ნამდვილად სიმართლეა. მხოლოდ, მთელ ოჯახს არა, ეს მხოლოდ მამაჩემს ეხებოდა. ყველა ადამიანს დედა და მამა, ალბათ, განსაკუთრებით უყვარს. მამაჩემს თავისი ცხოვრების გზა აქვს და თუ რამე დააშავა, მხოლოდ საკუთარ თავს დაუშავა. მისი ცხოვრება არავის განსახილველი არ არის და მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი მშობლების გამო. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქალაქში, სადაც ვცხოვრობ და გავიზარდე, მამაჩემს უარყოფითი მხრიდან შეეხნენ. არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა. მე ბედნიერი ვარ, როცა ამბობენ, რომ დედაჩემის და მამაჩემის შვილი ვარ. ალბათ, მათი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველას უყვარს ეს ადამიანები და მათგან ცუდი არაფერი დამხვედრია.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან?
– მამასთან ცოტა უცნური ურთიერთობა მაქვს. მასთან არ გავზრდილვარ. ზუსტად მაშინ დაიჭირეს, როცა ჩემი ფსიქიკა და ფსიქოლოგია ყალიბდებოდა. თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, 48-საათიანზე შევდიოდი მის სანახავად. ეს ის ურთიერთობა არ არის, რომელიც მამას და შვილს უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, გამოვიდა უკვე მესამე წელია და ვცდილობთ, ურთიერთობები დავალაგოთ. უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, არაფერს ვუმალავ, ჩემი პირადი ცხოვრების შესახებაც იცის. ყველაფერს ვუყვები, რადგან ადეკვატურად უდგება ყველაფერს. მგონია, რომ არ არის ჩამორჩენილი და ყველაფერი ესმის (იცინის).
– მამასთან თუ ასე ხარ, დედასთან კიდევ უფრო გახსნილი იქნები, არა?
– ხათუნა არ არის ჩემთვის მხოლოდ დედა. დედაცაა, მამაც, ბებიაც, ბაბუაც და ყველაფერი ერთად, იმის მიხედვით, როდის რა მჭირდება. დედა, უფრო ბებიაჩემია. ხათუნა დასავითაა. ძალიან პატარა იყო, რომ გამაჩინა და ფაქტობრივად, ერთად გაგვზარდა ბებიაჩემმა. შეიძლება ითქვას, რომ მე და ხათუნას იდეალური ურთიერთობა გვაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი იცის ჩემ შესახებ. თუმცა, 18 წლამდე ძალიან მკაცრად მზრდიდა, არასდროს არსად მიშვებდა. ცხრაზე რომ იწყებოდა დაბადების დღე, მე ათის ნახევარზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. სულ ტანჯვაში ვიყავი. რაღაც ასაკიდან, უკვე მენდობა და მის ნდობას სულ ვამართლებ. არასდროს აქვს აკრძალვები. ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და პირად ცხოვრებასა და მეგობრებთან ჩემს ურთიერთობაში არასდროს ერევა.
– შენი არჩევანი თუ მოსწონს ხოლმე?
– ზოგადად, მგონია, რომ მშობლებს არასდროს მოსწონთ შვილის არჩევანი. მაგრამ, როდესაც ხედავს, რომ ბედნიერი ვარ და სახე მიბრწყინავს, ისიც ბედნიერია.
– შენს სიმპათიებს როგორი ბიჭები იმსახურებენ?
– შავგვრემანი ბიჭები (იცინის). არ მგონია, რომ შეიძლება, ვინმე შინაგანად შეგიყვარდეს ჯერ და გარეგნობას მერე შეხედო. მე ვიზუალის მონა ვარ. შინაგანი თვისებებით, ამის შემდეგ ვინტერესდები. ალბათ, უნდა იყოს ძალიან მამაკაცური. არ უნდა მატყუებდეს და არ უნდა მიღალატოს. ურთიერთობა მაშინ არის დალაგებული, როცა ორივე თავის საქმითაა დაკავებული და წარმატებული. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პროფესიით. უბრალოდ, მინდა ძლიერი მამაკაცი მყავდეს გვერდით, რომელსაც ჩემი ცხოვრების გზაზე დავეყრდნობი.
– ანასტასიაზეც მომიყევი.
– ანასტასია ჩემი და ხათუნას საერთო შვილია. მღერის კარგად, აქვს გადასარევი სმენა. დედები რომ ლაპარაკობენ შვილებზე, ისე გამომდის (იცინის). დადის მუსიკალურ სკოლაში დოდო დიასამიძესთან და ძალიან მინდა, ოპერაში წავიდეს. ეს ჩემი ოცნებაა, არ ვიცი, რამდენად გამოვა, მაგრამ თვითონაც ძალიან მოსწონს.
– ახალი წლადან რა გეგმები გაქვს?
– ჩემი წელი მოვიდა და ვიმედოვნებ, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. წინა ძალიან ქაოსური წელი იყო ოჯახურადაც და პირადშიც. მიზეზებზე კონკრეტულად არ მინდა საუბარი. ზოგადად, პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს კონკრეტიკა. მიმაჩნია, რომ „სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა“ (იცინის). იმიტომ რომ, მერე ათასი ადამიანის თვალი გიყურებს.
– ისე, თუ ყოფილხარ სერიოზულად შეყვარებული?
– ერთხელ ვიყავი სერიოზულად შეყვარებული და ეს ეგრევე სახეზე მეტყობოდა. პრობლემა თუ მქონდა, ესეც მეტყობოდა და თუ ყველაფერი კარგად იყო, ბევრად უფრო კარგი ნინი ვიყავი. ეს ურთიერთობა დიდი ხნის წინ არ დამთავრებულა, მაგრამ მეგობრებად დავრჩით-მეთქი, ვერ ვიტყვი. ეგ, ზოგადად, ტყუილი მგონია. როგორ შეიძლება, ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ, მეგობრებად დარჩნენ, არ მესმის.