კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „გაუჩინარდა“ თამარ ჩუგოშვილი ქართული პოლიტიკიდან და რატომ ვერ ელეოდა მას ბიძინა ივანიშვილი

ექვსი  თვეა, რაც თამარ ჩუგოშვილი ქართული პოლიტიკური სივრციდან  „გაუჩინარდა” –  არასამთავრობო სექტორის ცნობილმა  სახემ, რომელმაც სახელისუფლებო ბანაკშიც მოსინჯა ძალები, მისთვის  ჩვეული საზოგადოებრივი აქტივობიდან ტაიმაუტი აიღო – ის  ამერიკაში ცხოვრობს და ჰარვარდის იმ სკოლაში გადის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო კურსს, სადაც ყველაზე მაგარი  პოლიტიკოსები  „იძერწებიან”.  საშობაო არდადეგებს მონატრებულ თბილისში ატარებს და, შესაბამისად,  ჩვენი ინტერვიუც თბილისში,  ამერიკაში  გამგზავრებამდე  შედგა.  

 თამარ ჩუგოშვილი:  თბილისში საშობაო არდადეგებზე ვარ ჩამოსული. ხანმოკლე, ორკვირიანი არდადეგებია, მაგრამ ამ  შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, მით უმეტეს, რომ,  ექვსი თვეა, საქართველოში არ ვყოფილვარ. შვილიც აქ მყავს და   მეუღლეც. ეს არის  ჩემი ერთადერთი პრობლემა ამერიკაში – მათ გარეშე ცხოვრება მიჭირს.  ერთი ან ორი თვით მიცხოვრია ოჯახიდან  შორს  მაგრამ, ერთი წელი მართლაც დიდი დროა. მართალია, შორს  ვარ, თუმცა, იქიდან ვგულშემატკივრობ ყველა პროცესს, რაც ჩვენს ქვეყნაში ხდება. გული მწყდება – ჩვენ  ხომ  ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლია, იმ სტანდარტებამდე მივიდეთ, რაც ამერიკაშია და რასაც იქ ყოველ ნაბიჯზე  ვხედავ. ამერიკაში ძალიან  კომფორტულია  ცხოვრება, უმაღლეს დონეზეა აყვანილი სოციალური დაცულობის  განცდა, რაც ძალიან მინდა, რომ  საქართველოს მოსახლეობამაც შეიგრძნოს.  

– თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;  გქონდათ საშუალება,  მონაწილე ყოფილიყავით იმ პროცესების, რაც ხდება და  შეგეცვალათ  ადამიანთა ცხოვრება უკეთესობისკენ.  რატომ გაერიდეთ  ქართულ პოლიტიკას?

–  წელიწად-ნახევარი ვიყავი პრემიერ-მინისტრის თანაშემწე და ეს იყო ჩემი ცხოვრების  მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან, მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. ის საქმეები, რაც ჩვენ გავაკეთეთ – ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა თუ სხვა პროექტები –  იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის.  თუ ეს პროექტები სწორად გაგრძელდება, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის.  საჯარო სამსახურში ყოფნა  ჩემთვის იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ, თავის დროზე, როცა ეს შემოთავაზება მივიღე,  გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა.  მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ არ უნდა წავსულიყავი სამთავრობო სამსახურში, რადგან საქართველოში არ არის ნდობა სახელისუფლებო გუნდის მიმართ და, რომ ერთი ადამიანისთვის რთულია, გავლენა მოახდინოს პროცესზე, ან, თუნდაც, დამოკიდებულება შეცვალოს. მე მქონდა ჩემი არგუმენტი –  იოლია გარედან უყურო პროცესებს,  აკრიტიკო მთავრობა და მე ამას ვაკეთებდი სტუდენტობიდან მოყოლებული.  ჩავთვალე, რომ უნდა მეცადა მეორე მხარეს ყოფნაც, რაც, როგორც  საკუთარ თავზე გამოვცადე, ძალიან რთულია.  საჯარო სამსახური  დიდი ტვირთია; ბევრად მარტივია, როცა გარედან უყურებ პროცესებს და  ითხოვ შედეგებს, მაგრამ, როცა შედეგი შენზეა დამოკიდებული, ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობასთან არის  დაკავშირებული, თუმცა, ჩემთვის ორივე მხარეს ყოფნა იყო დიდი გამოცდილება, რაც მომავალში ძალიან გამომადგება. 

 – როგორ შეელია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის თანაშემწეს?  

– წამოსვლის გადაწყვეტილება არ იყო რთულად მისაღები. ორივე პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგი იყო ჩემი წამოსვლის, განსაკუთრებით – ბიძინა ივანიშვილი, რომელთან მუშაობის დროსაც მომივიდა პირველი  მიწვევა – მაშინ მე მისი თანაშემწე ვიყავი. ერთი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა და  იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის ყველაფერი, რასაც მაშინ ვაკეთებდით, რომ  ეს შემოთავაზება ერთი წლით გადავავადე. მეორედ ვეღარ გავრისკავდი – დაფინანსების თანხას  90 ათას დოლარს ჰარვარდის სკოლა იხდის,  თუ უარს ვიტყოდი, მომავალში ეს ჩემთვის იმდენად  დიდ ხარჯთან იქნებოდა  დაკავშირებული, რომ დამოუკიდებლად ამას ვეღარასდროს შევძლებდი.  პროგრამა, რომელსაც მე გავდივარ ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის უნიკალურ სკოლაში, ერთწლიანია.  ამ პროგრამაზე ერთხელ უკვე ნათქვამი მქონდა უარი, ეს იყო მეორე შემოთავაზება და უარს  ნამდვილად ვეღარ ვიტყოდი.  ვიცოდი, რომ   ის განათლება და ის კავშირები, რასაც იძლევა ჰარვარდის სკოლა, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი.  ჩვენ გავდივართ ისეთ პროგრამას, ვსწავლობთ ისეთ თემებს, რაც საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს. ეს პროგრამა ძალიან კარგად არის მორგებული განვითარებადი  დემოკრატიის მქონე ქვეყნებზე; სპეციალურად გვამზადებენ იმისთვის, რომ, იმ პროცესში, როცა ჯერ კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე  სწორად და კარგად. ეს სკოლა ცნობილია წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობებით, კონტაქტებით, სწავლების დონით. ჩვენი  ლექტორები მენეჯმენტში,  პიარში, ეკონიმიკასა თუ  ლიდერშიპში არიან  ამერიკის პოლიტიკის  გავლენიანი ადამიანები – ისინი, ვინც ქმნიან პოლიტიკას. ჩვენთან  თითქმის ყოველ კვირას მოდიან  სტუმრად  სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ბევრი მათგანი ამ სკოლის კურსდამთავრებულია.  მე  ვიცი რამდენიმე ადამიანი საქართველოდან, რომელთაც ეს სკოლა აქვთ დამთავრებული, თუმცა,  მათ  პირადად არ ვიცნობ და, როგორც გავიგე, ისინი აღარც დაბრუნებულან საქართველოში და სახელმწიფო სამსახურში.  

– დიდ ქართულ პოლიტიკას სხვა რანგში დაუბრუნებით თუ თქვენც „ოკეანის გაღმა”  დაკავშირებული გეგმები გაქვთ? 

– არა, იქ დარჩენა არ შედის ჩემს გეგმებში, მე  ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება. მაქვს სხვადასხვა შემოთავაზება როგორც საქართველოდან, ასევე ამერიკაშიც, მაგრამ, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. განსაკუთრებული ამბიციები არ მაქვს. პოლიტიკური კარიერა რომ მდომოდა, ამას აქამდეც მოვახერხებდი.  ჩემი მიზანია, მეტის გაკეთება შევძლო ჩემი ქვეყნისთვის. აბსოლუტურად უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ვიცი, რას ვაკეთებ და როგორ კეთდება ეს სხვა ქვეყნებში სწორად; არ მინდა, ექსპერიმენტები ვატარო პროცესებზე და ადამიანების ცხოვრებაზე,  ჩვენ  კი, სამწუხაროდ, დიდი ხანია,  ექსპერიმენტებით მოვდივართ.  პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, სულ სამოქალაქო სექტორში ვიყავი, თუ არ ჩავთვლი ამ წელიწად-ნახევარს,   მაგრამ ახლა, რაც ამ სკოლაში ვარ,  უფრო და უფრო ვხედავ, რომ  ჩვენ ყველა სფეროში კომპეტენციის ნაკლებობა გვაქვს, განსაკუთრებით – პოლიტიკურ კულტურაში.  

– როგორ ცხოვრობთ  ამერიკაში მარტო, სტუდენტურად? 

– ვცხოვრობ კემბრიჯში. ეს არის პატარა სტუდენტური ქალაქი ბოსტონთან ახლოს. თავიდან ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა, დავბრუნებოდი სტუდენტურ ცხოვრებას, რადგან, ძალიან ბევრი დრო გავიდა იმ პერიოდიდან, როცა სტუდენტი ვიყავი. ჩემი ეჭვები არ  გამართლდა, სრულიად აღფრთოვანებული ვარ იმ გარემოთი, სადაც მიწევს სწავლა, ცხოვრება. კემბრიჯში სტუდენტური ცხოვრება სულ სხვანაირია, იქ იმდენი საინტერესო პროცესი ხდება ლექციების  გარდა, რომ სტანდარტული სტუდენტური ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება. ერთადერთი, რასთან შეჩვევაც გამიჭირდა, ისაა, რომ ჩემი შვილი და მეუღლე არ არიან ჩემთან ერთად – აი, ეს ნამდვილად აღმოჩნდა ყველაზე რთული (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ამერიკაში ჩემი ცხოვრების წესი შეიცვალა – მე აქაც ბევრ დროს  ვუთმობდი საქმეს, მუშაობას და იქაც ასე ვარ. ჩვენ ძალიან ბევრი მითი გვესმის ამერიკელების ცხოვრების წესზე, სინამდვილეში კი ამ მხრივ განსაკუთრებული არაფერი აქვთ.  ოჯახის ერთგულება, შვილებსა და უფროსებზე ზრუნვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რაც აქედან  თითქოს არ ჩანს.  ჩემთვის ერთადერთი აღმოჩენა იყო საქმეში  კომპეტენციის მაღალი დონე – რასაც გადავაწყდი, ამას არ ველოდი.  ამერიკაში არაა მოწყენის დრო.  მყავს ბევრი ახალი მეგობარი და მათთან ერთად მივდივარ ბოსტონში, რომელიც არაჩვეულებრივი ქალაქია  კულტურული თვალსაზრისით. ასევე, ძალიან მარტივია ახლომახლო შტატებში მოგზაურობა, ახალი ადგილების ნახვა და, თუ დრო გვაქვს, ამაზე უარს არ ვამბობთ. კემბრიჯში  რამდენიმე ქართველთან მაქვს ახლო ურთიერთობა, სიამოვნებით ვნახულობ მათ, ხანდახან აქაური  ნოსტალგიის გადასალახავადაც (იცინის).  დატვირთული რეჟიმის მიუხედავად,  იქ ბევრად უფრო მშვიდად ვარ, ვიდრე აქ ვიყავი.  აქ იმდენად სტრესული გარემო იყო ჩემთვის ბევრი თვალსაზრისით, რომ სიმშვიდე მქონდა დაკარგული. ყველა შეცდომას მტკივნეულად განვიცდიდი, მე ძალიან პერპექციონისტულად ვუდგები ჩემს საქმეს: ნებისმიერ პატარა ხარვეზზე, ჩემსაზე თუ სხვისაზე, მძიმედ ვრეაგირებდი; ამერიკაში კი სტრესი არ მაქვს, იქ არის რუტინა – საქმე, რომელიც ვიცი, როგორ უნდა ვაკეთო, მაგრამ, აღარ მადევს სახელმწიფო მოხელის ტვირთი. 

– იქ არც ის შეზღუდვები გექნებათ, რაც აქ გქონდათ.   

– სკოლა, სადაც ვსწავლობ, ძალიან  ელიტური და აროგანტულია, რაც  არაა ჩემს სტილში.  ბევრი ეტიკეტის დაცვა მიწევს. როგორ საუბრობ, როგორ გამოიყურები, სად დადიხარ – იქაც ისეთი თემაა, როგორც აქ, რაც მე ძალიან არ მსიამოვნებს.  იმ საზოგადოების წევრი რომ გახდე, ბევრ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდე. მე აქაც საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მქონდა, თუმცა, სულ სხვა ტიპის.  იქ არავინ გიყურებს როგორ დადიხარ ქუჩაში, მაღაზიაში, იქ  არ გყავს „მეთვალყურე” (იცინის).   

– თავს  უვლით მარტო?

–  ამ მხრივ არ მაქვს პრობლემები, თუმცა კვება გამიუარესდა – არც დრო მაქვს და არც მიყვარს  სამზარეულოში ტრიალი, თუმცა, დღეს ბევრი საშუალებაა, რომ ეს თავიდან აიცილო. ბოსტონი ძალიან სპორტული ქალაქია, ყველა მუდმივად ვარჯიშობს,  ცხოვრების სპორტული წესი იქ თითქოს აუცილებლობასაც კი წარმოადგენს და მეც ჩამითრიეს: როცა დრო მაქვს,  ჰარვარდის  სკოლის სპორტულ აუზზე დავდივარ და  ვცურავ – ეს არის ჩემი ერთადეთი სპორტული ნიჭი (იცინის).    

скачать dle 11.3