როგორ სთხოვა მანანა კობახიძეს სიძემ ქალიშვილის ხელი და რატომ „გადაადებინა” მას საცივის მომზადება მიშა მაჭავარიანმა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ, გასული წელი ლამის „რუსთავი 2-ის” ეკრანიდან გააცილა – ბოლო სამუშაო დღე ჯერ პარლამენტში, შემდეგ კი წლის ბოლო დებატში გაატარა, რასაც მისი საახალწლო საცივიც კი „შეეწირა” დროებით. ამბობს, რომ ახალი წელი მისი საყვარელი დღესასწაულია და რამდენიმე ისეთი რიტუალიც აქვს, რომლებსაც არასდროს არღვევს. როგორი იყო მანანა კობახიძის 2014 წელი და რატომ „შეცვალა” მან მეკვლე, ამას თავად ქალბატონი მანანასგან შეიტყობთ, რომელიც ძველებურად გულწრფელი და გახსნილი რეპონდენტია.
მანანა კობახიძე: პირველ ყოვლისა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა ყველა ჩვენს თანამემამულეს კიდევ ერთხელ მივულოცო შობა-ახალი წელი; უკეთეს მომავალს, ბედნიერებას, სიკეთეს და ბარაქას ვუსურვებ მათ ოჯახებს. 2014 წელი პარლამენტიდან გავაცილეთ. მართალია, ბოლო დღემდე გვქონდა სამუშაო რეჟიმი, თუმცა, გვქონდა საახალწლო ნაძვის ხეც – ასე შევქმენით საახალწლო განწყობა და ჩვენი აპარატის თანამშრომლებს მივულოცეთ ახალი წელი. ეს ლამაზი სანახაობაც იყო და სიმბოლურიც, რადგან, რაც დეპუტატები ვართ ახალ წელს პირველად შევხვდით თბილისში, ამ შენობაში. ქუთაისსაც დიდ პატივს ვცემ და ქუთაისელებსაც, მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ, მაინც მგონია, რომ პარლამენტის ადგილი არის თბილისში, ასე რომ, ამ საახალწლო ნაძვის ხით თბილისი დავიბედეთ, თუმცა, მალე ისევ მოგვიწევს გადასვლა ქუთაისში, სადაც სესიები გაიმართება. წლის ბოლოს არ ამცდა ბოლო დებატი – 30 დეკემბერს „რუსთავი 2-ში” ვიყავი მიწვეული მიშა მაჭავარიანთან ერთად. ვამბობდი, ამ წინასაახალწლოდ ვის აინტერესებს ჩემი და მიშა მაჭავარიანის კამათი და დებატები-მეთქი, მაგრამ, მე არასდროს ვარიდებ თავს ასეთ ფორმატებს და არც ახალი წლის გამო გამიკეთებია ეს. თუმცა, ვაღიარებ, რომ დებატებში წასვლამდე დავიწყე საცივის გაკეთება, რაც, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც აუცილებელი საახალწლო რიტუალია. ამ ტრადიციას არ ვარღვევ და საცივს ყოველთვის მე ვაკეთებ. ვინაიდან საცივის მომზადებას ბევრი დრო სჭირდება, მიშა მაჭავარიანთან შეხვედრამდე „მოსამზადებელი სამუშაოები” ჩავატარე, რასაც გაგრძელება დებატების შემდეგ მოჰყვა (იცინის).
– პირადად თქვენთვის როგორი იყო გასული წელი, რით იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი?
– 2014 წელი ძალიან კარგი იყო ჩემი ოჯახისთვის – გაბედნიერდა ჩემი უფროსი ქალიშვილი. შვილის გაბედნიერება ყველა დედისთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც შვილი კარგ არჩევანს აკეთებს. ჩემი სიძე გახლავთ ირაკლი ძნელაძე, ძალიან კარგი, ნიჭიერი ახალგაზრდა. ირაკლი თავდაპირველად არქიტექტურულზე სწავლობდა, შემდეგ დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი სარეჟისორო განხრით. დარწმუნებული ვარ, თავის პროფესიაში ბევრს მიაღწევს. ამჟამად ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მუშაობს, სხვათა შორის, ირაკლი სამსახიობო მიმართულებითაც არის დაკავებული და ახლა საბავშვო ზღაპარში, „ყინულის დედოფალში,” კაის როლზეც არის დაკავებული. ვერ ვიტყვი, რომ არ ვღელავდი და არ ვნერვიულობდი, როცა მაკა გათხოვდა, მაგრამ, მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. ის და ირაკლი სამი წელი იცნობდნენ ერთმანეთს, ჯერ მეგობრობდნენ, მერე კი მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. 2014 წელს ირაკლის სახით ოჯახის ახალი წევრი შეგვემატა, გავმრავლდით. ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად უნდა აღნიშნო და გაატარო. ამ ახალ წელსაც ყველა ერთად შევხვდით. არდადეგებზე თბილისში ჩამოვიდა ჩემი უმცროსი შვილი, რომელიც პრაღის უნივერსიტეტში სწავლობს. ამ ახალ წელს ჩვენს ოჯახში ახალი იყო ისიც, რომ მეკვლე „შეგვეცვალა” – წელს პირველად, ჩემი მეკვლეები იყვნენ ჩემი სიძე და ქალიშვილი (იცინის). მანამდე, წლების განმავლობაში, ჩემი მეკვლე იყო ჩემი ძმა, რადგან ჩემთან ახლოს ცხოვრობდა. ჯერ ის მოდიოდა ჩემთან, მერე მე გადავდიოდი ჩემი მშობლების ოჯახში. ასე იყო დიდხანს და გვქონდა ბედნიერი ახალი წლები, თუმცა, დედას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დეკემბერში გარდაიცვალა, ჩვენს ახალ წლებს თითქოს ხიბლი დაეკარგა – აი, ასე ცუდად მახსოვს 2002 წლის მოსვლა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო ახალი წელი.
– პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს სასიძომ ადვილად გთხოვათ ქალიშვილის ხელი?
– ასეთ დროს სასიძოებს, ბუნებრივია. ერიდებათ ხოლმე სიდედრების და ალბათ, ეს განცდა ჰქონდა ირაკლისაც, მაგრამ, არა ჩემი სტატუსის გამო, ვინაიდან, მათი ურთიერთობა დაიწყო პოლიტიკაში ჩემს მოსვლამდე და ბუნებრივად გადაიზარდა ოჯახის შექმნაში. ირაკლის ჩემი მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ ჰქონია, თუმცა დაიცვა ტრადიცია და ჩვენთან ოჯახის წევრებთან ერთად მოვიდა. სხვათა შორის, ამ ტრადიციის დაცვა, არ დაგიმალავთ და, ჩემი სურვილიც იყო. ირაკლის ოჯახი ჩვენთვის უცხო არ ყოფილა – მამამისი ჩემი მეუღლის მეგობარია. საქორწინო ცერემონიალი არ გვქონია, ხელი მოაწერეს და ცოტა ხნით სამოგზაუროდ უცხოეთში წავიდნენ. ქორწილი არ მოისურვეს და ჩვენც ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც მათ სურდათ.
– როგორი სიდედრი ხართ?
– ძალიან უყურადღებო (იცინის), რადგან, მე როგორც მინდა, ისე ვერ ვიცლი მათთვის. ტელეფონით თუ მოვიკითხავ, თორემ, სახლში არასდროს ვარ, რომ, ან მე ვესტუმრო, ან ისინი მოვიდნენ ჩემთან. არც თვითონ აქვთ ბევრი თავისუფალი დრო, ორივე მუშაობს, მაგრამ, მათი რეჟიმი ჩემს რეჟიმთან რა მოსატანია. ხშირი კონტაქტი ვერ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, სულ მათზე ვფიქრობ და ვიცი, რომ სიძესაც ვუყვარვარ. მგონი, ცუდი სიდედრიც არ უნდა ვიყო – მათ პირად ცხოვრებაში არ ვერევი, თავს არ ვახვევ ჩემს სურვილებსა და პრეტენზიებს.
– ორივე ქალიშვილი თქვენგან შორს ცხოვრობს, არ გიჭირთ მათ გარეშე?
– თავიდან უფრო მიჭირდა, ახლა ცოტა შევეჩვიე. ჩვენ მთელი ცხოვრება სულ ერთად ვართ, ჩემი შვილები არასოდეს ყოფილან ჩემ გარეშე, მაგრამ ახლა ეს აუცილებლობაც იყო – ნინისთვის პრაღის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს კომუნიკაციის იმდენი საშუალებაა, 24-საათიან რეჟიმში შემიძლია გავიგო, სადაა და რა სჭირდება – ეს კომფორტი გვაქვს. მაკაც ქმართან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრობს და მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. რომ არა ჩემი მეუღლე, მათ გარეშე ჩემი ცხოვრება უფრო რთული იქნებოდა. ზოგადად, ჩვენთან პოლიტიკოსის ცხოვრება არ არის იოლი, მით უმეტეს ქალისთვის. აი, ამ ორომტრიალში ცხოვრება, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ძალიან დიდი ტვირთია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ერთი მხრივ, როცა შენი საქმიანობის შედეგს ხედავ, როცა შეგიძლია, შეცვალო ვინმეს ცხოვრება უკეთესობისკენ, ეს კარგია და სასიამოვნო, მაგრამ, ამის მიღმა არის უამრავი პრობლემა. ვერ იქნები ბედნიერი, როცა ცხოვრობ საზოგადო ცხოვრებით და ხედავ, რამდენი პრობლემა აქვთ ადამიანებს. მე უემოციოდ, გულგრილად ვერ ვუდგები ვერაფერს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ თანაგიგრძნობს და გიდგას მხარში ოჯახის წევრი, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩემს მეუღლეს, რომელიც მუდმივად ცდილობს, გამიმარტივოს ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ, ზოგადად, აპოლიტიკური ადამიანია, ჩემს დაძაბულ რეჟიმსა და ცხოვრებას მთლინად აბალანსებს. ის მავიწყებს ყველა იმ სირთულეს, რისი „დავიწყება” და სხვა თემებზე გადართვაც ხშირად მჭირდება ხოლმე. ძალიან ხშირად შევნატრი ჩემს დიასახლის მეგობრებს, რომლებიც ამ ეტაპზე არიან დიასახლისები და დაკავებულები არიან ოჯახური საქმით, მთელ დროს ქმარ-შვილს ახმარენ და არიან ძალიან ბედნიერები. მინდა ვუთხრა მათ, რომ, მგონი, ეს არის ქალის ყველაზე კარგი მდგომარეობა და არ უნდა იწუწუნონ.
– თქვენც ხომ იცლით საცივისთვის?
– ეს წელიწადში ერთხელ ხდება. არის განსაკუთრებული დღეები – ახალი წელი, შობა, აღდგომა; ეს ის დღესასწაულებია, რომლებიც უკავშირდება იმედს, მომავლის რწმენას და ამ დღეებში მიყვარს ოჯახში საქმიანობა, რაც ბოლო წლებში აღარ გამომდის. მაქვს დედის ძველი და „გამოცდილი” რეცეპტები, რომლებიც მისი ხელითააა დაწერილი და ჩასწორებული და რომლებსაც წლებია ვინახავ. თუმცა, ხანდახან მაინც ინტერნეტში ვნახულობ, ახალი „ტექნოლოგიები” ხომ არ გაერია საახალწლო მენიუში (იცინის). ოჯახური გარემო ჩემთვის ყველაფერია. როცა ხარ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როცა ხარ კრიტიკისა და „თვალთვალის” ობიექტი, ყველა ნაბიჯი და ყველა სიტყვა უნდა გათვალო და აიტანო უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა. ასე ცხოვრება იოლი არაა. ერთადერთი გარემო, სადაც ჩემი დაძაბული რეჟიმიდან შვებას ვგრძნობ და ვისვენებ, არიან ჩემი შვილები და მეუღლე.
– რომელსაც, როგორც ჩანს, ბევრი საზრუნავი აქვს აღებული საკუთარ თავზე?
– ასე გამოდის. ის არის ჩემი საიმედო და სანდო დასაყრდენი. მე არ მაქვს დრო იმისთვის, რომ საოჯახო საზრუნავებზე და ტექნიკურ თემებზე ვიფიქრო და ვიზრუნო. ზაზას თავის თავზე აქვს აღებული ყველაფერი. ამ ახალ წელს ჩემი ცხოვრების ჯანსაღ წესზეც კი იზრუნა და, იმის გამო, რომ ფეხით სიარულს ვეღარ ვახერხებ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, საახალწლოდ მაჩუქა სარბენი ბილიკი, რომლისთვისაც, იმედი მაქვს, როგორმე მოვიცლი (იცინის).