რატომ შეუქმნის პრობლემებს ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანას 2015 წლის იანვრიდან ევრაზიული კავშირის ამოქმედება
სომხეთი საბაჟო კავშირს რომ მიუერთდა, ეს ჯერ კიდევ 2014-ში შევიტყვეთ, მაგრამ 2015 წელი იმ ამბით დაიწყო, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი აწ უკვე ევრაზიული კავშირის ნაწილიც გახდა. მართალია, ევრაზიულ კავშირში რფ-სთან ერთად ბელორუსი და ყაზახეთიცაა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მაინც სომხეთის მოქმედებაა, იმდენად, რამდენადაც ის ჩვენი მეზობელი და სავაჭრო პარტნიორია. გამომდინარე რეალობიდან, რომ ჩვენ და სომხეთი სრულიად სხვადასხვა ეკონომიკურ ბლოკებში აღმოვჩნდით, რა ბედი ელის ჩვენს კეთილმეზობლურ ეკონომიკურ ურთიერთობას, – ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძეს გავესაუბრეთ.
– უპირველესად, საკითხს უნდა შევხედოთ იმ გლობალური დაპირისპირების ჭრილში, რაც გამოიხატება არა მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებაში, არამედ, ზოგადად იმ დაპირისპირებაში, რომელიც გამოიკვეთა გასული წლის ზაფხულიდან „ბრიკსის“ წევრ ქვეყნებსა და G7-ს შორის. მოგეხსენებათ, „ბრიკსი“ არის აბრევიატურა ხუთი ქვეყნის ეკონომიკური კავშირისა – ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და შეერთებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მეორე მხრივ კი, არის G7, რომლის წევრიც ბოლო დრომდე ფორმალურად იყო რუსეთიც, მაგრამ უკრაინის მოვლენების გამო ის დაითხოვეს და დიდი რვიანი ისევ დიდ შვიდიანად გადაკეთდა, როგორც ეს მოდიოდა ჟისკარ-დესტენის დროიდან, 1975 წლის პირველი შეხვედრიდან. ეს დაპირისპირება არის ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის, ენერგეტიკული რესურსების მოპოვებისთვის და ხშირად პოლიტიკური და დიპლომატიური დაპირისპირება გადაიზრდება ხოლმე სამხედრო დაპირისპირებაშიც, როდესაც დიპლომატიური გზით მიზანი ვერ მიიღწევა. ასე იყო 2008 წელს საქართველში, ასეა ახლა უკრაინაში და არავინ იცის, სად იქნება მომავალში. თუმცა აქ არის ერთი მომენტი – „ბრიკსის“ წევრებმა, ეკონომიკური ზრდის მხრივ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დღეს უკვე მიუახლოვდნენ დიდი შვიდეულის ეკონომიკურ პოტენციალს. მაშინ, როდესაც, მაგალითად, 2000 წელს იყვნენ დიდი შვიდიანის 40 პროცენტის დონეზე.
– ბრაზილია არც ისე მდიდარია, ინდოეთი უღარიბესია, რუსეთს რაც ემართება, ვხედავთ, მაშინ ვის ხარჯზე იზრდება „ბრიკსის“ ეკონომიკური მაჩვენებლები?
– ბრაზილია საკმაოდ დიდი სახელმწიფოა და არა მარტო ტერიტორიით, იმ ქვეყანაში იქმნება მთელი მსოფლიოს ეკონომიკის 3 პროცენტი.
– მე ის ვიგულისხმე, რომ დიდია სიღარიბის მაჩვენებელი და კრიმინოგენური ვითარებაც საკმაოდ რთულია.
– აქვთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ეკონომიკური განვითარების დონითაც ხელწამოსაკრავი ქვეყანა ნამდვილად არ არის. მაგრამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ბრაზილიის წილი მოკრძალებულია და დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც იყო მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც მსოფლიოს კოლონიური განაწილება დასრულდა, ახლად გაერთიანებულმა გერმანიამ თავისი წილი მოითხოვა, მაგრამ, რადგან წილები აღარ არსებობდა, ვერ მისცეს და ამანაც შეუწყო ხელი მაშინ გერმანიის აგრესიულობას. დღესაც იგივე სურათს ვხედავთ; მაგალითად, დიდ ბრიტანეთს თავის ეკონომიკასთან შედარებით 4-ჯერ მაღალი წილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ხოლო ჩინეთს – 4-ჯერ ნაკლები თავის ეკონომიკასთან შედარებით. აი, ასეთი კონტრასტებია და ამიტომ ეს ქვეყნები თავს დაჩაგრულად მიიჩნევენ და კოორდინირებული მოქმედებით ცდილობენ, დანარჩენ მსოფლიოს აჩვენონ საკუთარი ძალა და მოითხოვონ, თუ ადეკვატური წილი არა, ადგილი მაინც იმ სუფრაზე, სადაც ლომების „პარადია“. ამდენად, რაც ხდება ჩვენს სიახლოვეს, ამის გამოძახილია და ეს შეგვიძლია, ჩავთვალოთ რუსეთის ერთ-ერთ ნაბიჯად და არა იმ მიზნად, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდით. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ინტეგრაციის რამდენიმე სტადია გაიარა რუსეთმა იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომელთა შეტყუებასაც ცდილობს ამ კავშირში: ჯერ იყო თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის იდეა, შემდეგ – საბაჟო კავშირი, მოგვიანებით – ერთიანი ეკონომიკური სივრცე და დღეს ლაპარაკია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე, რომელიც ეკონომიკური ფორმით, თუ პოლიტიკას გავიტანთ, ძალიან ჩამოჰგავს საერთო ბაზრის პრინციპებს. თუმცა ამაზე არ ჩერდებიან და თუ სომხეთი 2 იანვარს შეუერთდა ევრაზიულ კავშირს, ყირგიზეთი, ალბათ, მაისის ბოლოსთვის გაერთიანდება ამ კავშირში. იქმნება ევრაზიის ეკონომიკური კომისია, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო, რომლებსაც გარკვეული ფუნქციები აქვს: ერთიანი საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, ადმინისტრირება, სავაჭრო რეჟიმების დაწესება სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შემდეგ ტარიფებისა და საბაჟო ბარიერების შემოღება როგორც იმპორიტირებულ, ისე ექსპორტირებულ პროდუქციაზე.
– ექსპორტირებულზე?
– მოსაკრებლის დაწესება ნავთობის ექსპორტზე, რაც გააძვირებს ენერგეტიკულ პროდუქტებს სხვა ქვეყნებისთვის და ევრაზიული კავშირის წევრებისთვის იქნება შეღავათიანი, რომ გარკვეული მიმზიდველობა შეუნარჩუნდეს ამ გაერთიანებას. თუმცა რუსეთისთვის ეს არის ჩუბაისისეული რბილი ლიბერალური ძალის პოლიტიკის გამოხატულება, რომლითაც ის ცდილობს მიზნის მიღწევას და თავისი გავლენის აღდგენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე უფრო ეკონომიკური საშუალებებით. დავინტერესდი რუსეთის მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის ბოლო სტატისტიკური მონაცემებით და საყურადღებო ინფორმაცია აღმოჩნდა: ევრაზიულ კავშირში გაერთიანებული ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის წილი რუსეთის საგარეო ვაჭრობაში არის ძალზე მცირე, დაახლოებით, 7 პროცენტის ფარგლებში, დანარჩენი მოდის შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებზე – იქიდან იღებს რუსეთი საკვებ პროდუქტებსა თუ ავტომანქანებს.
– კონკრეტულად რა მონაცემებია?
– 40 მილიარდი დოლარის ღირებულების სურსათი შედის რუსეთში შორეული საზღვარგარეთიდან; 17 მილიარდის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი; თითქმის ამდენივე ღირებულების ავტომობილები და ასე შემდეგ. პროპორციებით კი, დაახლოებით, 750 მილიარდის ბრუნვა აქვს შორეულ საზღვარგარეთთან, ხოლო იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ქმნის, 63 მილიარდის; აქ შედის ყაზახეთი, ბელორუსია და ჩვენი მეზობელი სომხეთი.
– ეს ხომ ნიშნავს, რომ ევრაზიული კავშირის შექმნა ცხოვრების დონეს გააუარესებს ამ ქვეყნებში? ან როგორ უნდა გაუწიონ ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკების გაერთიანებამ კონკურენცია ძლიერ დასავლურ ეკონომიკებს?
– გაუჭირდებათ. იმავე სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ: შეღავათიანი ფასები ექნება იმ პროდუქციაზე, რომლებიც გააქვს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ იმ ტარიფების მიხედვით, რაც რუსეთში მოქმედებს, მაგალითად, უცხოურ ავტომობილებზე, სომხეთი დაზარალდება. ბოლო წლებში საქართველოს გავლით სომხეთში წელიწადში 20 000-25 000 ავტომობილი შედიოდა. სპეციალურად გავაკეთე გათვლები და სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი 6-7 წლის მანქანების განბაჟება უჯდებოდათ, დაახლოებით, 700 დოლარამდე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის შემთხვევაში კი, ჩვენი 700 დოლარის ნაცვლად, 8 400 დოლარი დაუჯდებათ.
– ანუ ვერ შეიძენენ?
– საკმაოდ ძვირი ჯდება. იმავე რაოდენობის მანქანები რომ შევიდეს სომხეთში ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგაც, დასჭირდებათ 150-180 მილიონი დოლარით მეტი თანხა. რა თქმა უნდა, სომხეთის მოსახლეობა ამ თანხას არ გადაიხდის და ორიენტირებული დარჩება რუსულ მანქანებზე და იქნება რუსული საქონლის გასაღების ბაზარი.
– და როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს ბაზარზე?
– ამ ბაზრის დაკარგვის გამო ჩვენი ავტოდილერები, სულ ცოტა, 10-12 მილიონი დოლარის შემოსავალს დაკარგავენ მხოლოდ სომხეთთან. ანალოგიურად დაიკარგება უფრო მეტი შემოსავალი აზერბაიჯანის შემთხვევაში, თუმცა იქ სულ სხვა მიზეზით.
– იქ ხომ ძველი ავტომანქანები აიკრძალა. ახლები შეიყვანონ ჩვენმა ავტოდილერებმა?
– ეს უკვე იქნება დამოკიდებული აზერბაიჯანის მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე. ახალი ავტომობილი უფრო ძვირი ღირს.
– გარდა ავტომობილების რეექსპორტისა, კიდევ რომელ სფეროს მიადგება ზიანი სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ზიანი მოგვადგება, იმიტომ რომ, საქართველოს ფართო ეკონომიკური კავშირები აქვს და სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა არც ისე მაღალია. ბოლო მონაცემებით, 3-4 პროცენტია სომხეთთან ვაჭრობის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში. ასე რომ, ჩვენ ამას იოლად გადავიტანთ. თუმცა სომხეთის საბაჟო სტატისტიკა ორი ფეხით კოჭლობს. სპეციალურად შევადარე სომხეთის იმპორტი და საქართველოს ექსპორტი ერთმანეთს. სომხეთის ექსპორტი და საქართველოს იმპორტი, ანუ რაც სომხეთიდან შემოდის საქართველოში ერთი ერთზე ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ, რაც საქართველოდან შედის სომხეთში, ანუ ჩვენი ექსპორტი და სომხეთის იმპორტი ხუთჯერად განსხვავებას იძლევა.
– რატომ? მალავენ გადასახადებს?
– არ აფიქსირებენ ექსპორტს. ძირითადად, ეს არის ავტომობილები, რადგან აქ ხდება მათი განბაჟება, სომხეთი ამას არ აფიქსირებს, როგორც იმპორტს და საკმაოდ დიდი სხვაობა გამოდის. დაახლოებით, 260-მილიონიან ბრუნვაში 200 მილიონი არ არის დაფიქსირებული.
– სომხეთის ბიუჯეტს არაფერი ეკუთვნის იმ არაღრიცხული 200 მილიონიდან?
– შეიძლება, საქართველოში გადაფორმდა ის მანქანები, მაგრამ, რაც 2 იანვრიდან ძალაში შევიდა ევრაზიული კავშირი, არჩევნის გაკეთება მოუწევთ.
– უკვე ვეღარ იყიდიან ავტომანქანებს საქართველოში?
– არა, იმიტომ რომ, 2 იანვრიდან ევრაზიული კავშირი ამოქმედდა სომხეთის ტერიტორიაზე.
– ყაზახეთთან და ბელორუსთან ეკონომიკურ ურთიერთობაში დავზარალდებით?
– ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა იმას ჰგავს, ქუჩის იქითა მხარეს ნაცნობს რომ დაინახავ და მიესალმები. არსებითი ვაჭრობა არ გვაქვს რომელიმესთან, ამ ქვეყნებსაც ძირითადი ორიენტაცია აქვთ რუსეთზე. ბელორუსიის მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის დიდი ნაწილი მოდის დსთ-ს ქვეყნებსა და შორეულ საზღვარგარეთზე. ამ უკანასკნელთან 80 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აქვს. ეს 7-8-ჯერ მეტია საქართველოს იმავე მაჩვენებელზე.
– მაგრამ ბელორუსია ჩვენზე დიდიცაა.
– 2-2,5-ჯერ.
– რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაში შეგვიქმნის პრობლემას ევრაზიული კავშირის შექმნა?
– ჩვენს საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 10 პროცენტამდეა რუსეთის წილი. სომხეთს აქვს, დაახლოებით, 25 პროცენტამდე, ბელორუსიის მთელი სავაჭრო ბრუნვის ნახევარი რუსეთზე მოდის, მეორე ნახევარი კი – დსთ-ის სხვა ქვეყნებსა და შორეულ საზღვარგარეთზე. მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთთან არ გვაქვს დივერსიფიცირებული ურთიერთობა: ძირითადად, რამდენიმე პროდუქტის ექსპორტ-იმპორტით ვართ დაკავშირებული, ამიტომ ამ საქონლის ექსპორტისა და იმპორტის მარეგულირებელი ნორმების შეცვლა მგრძნობიარე იქნება ჩვენი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს არის: მინერალური წყლები, ღვინო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და რუსეთიდან – ენერგორესურსები.
– კიდევ შემოგვაქვს?
– 2008-შიც კი შემოგვქონდა და არ შეწყვეტილა არც ერთი წამის განმავლობაში. ზაფხულში გაგვაქვს იაფად და ზამთარში შემოგვაქვს საკმაოდ ძვირად.
– რა უცნაური ხელშეკრულება გვქონია რუსეთთან.
– ზამთარში საქართველოს ენერგეტიკა ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ამიტომ გვჭირდება შემოტანა.
– ამაზე გავლენას, ცხადია, არ მოახდენს ევრაზიული კავშირის შექმნა, მაინც ძვირად ვყიდულობთ, თურმე.
– ამაზე არა, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხვდება ჩვენი ხილი და ბოსტნეული რუსულ ბაზარზე.
– რატომ? იმიტომ რომ მაღალი ტარიფით დაიბეგრება ჩვენი მწვანილი? და ვინ იქნება მისი კონკურენტი სომხური თუ ყაზახური მწვანილი?
– მოთხოვნები შეიძლება, შეიცვალოს. ამას წინათ გაჩნდა ინფორმაცია, რომ თითქოს აიკრძალება რუსეთში ჩვენი ხილის შეტანა, არადა ასეთ არამდგრად რეჟიმში ყოფნა რთულია სოფლის მეურნეობისთვის. შეიძლება, სომხეთმა გაუწიოს კონკურენცია ქართულ პროდუქციას. მაგალითად, დაუწესდეს შეღავათები სომხეთში წარმოებულ იმავე პროფილის პროდუქციას. ამით გაზარდოს სომხეთისთვის ევრაზიული კავშირის მიმზიდველობა და საქართველოს ხელი შეუშალოს. ერთი სიტყვით, ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დაგვჭირდება გარკვეული ცვლილებების გატარება, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ.