რა კარიერული გზა გაიარა ნიკოლოზ გონგლიაშვილმა „აზოტის“ ტექნოლოგობიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ გონგლიაშვილი 1966 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო და 1990 წელს ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციაც მიენიჭა. მოგვიანებით განათლება თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „აჭარაში“ გაიღრმავა ფინანსებისა და კრედიტის მიმართულებით და 1997 წელს ეკონომისტის კვალიფიკაციაც მიენიჭა. მისი სამუშაო გამოცდილება 1990 წელს დაიწყო რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტში“, სადაც 1992 წლამდე ტექნოლოგად იმუშავა. 1994 წელს Global Index Consultant Services Pte-ში გადაინაცვლა, სადაც 1996 წლამდე ფინანსური კონსულტანტი იყო. შემდეგ – Teletrade D.J. International Consulting Ltd-ის მთავარი ფინანსური კონსულტანტიც გახდა (2004 წლამდე). 2005 წელს უკვე მისი ჩინოვნიკური კარიერა დაიწყო დედაქალაქის მერიაში – განათლებისა და კულტურის სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსად. 2006-ში საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. იმავე წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ დირექტორად გადაიყვანეს. 2008 წლიდან 2012-მდე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2012 წლის მაისიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაინიშნა.
თავისი პირველი დეკლარაცია ნიკოლოზ გონგლიაშვილმა 2012 წელს შეავსო, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, თუმცა ის იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა შემოსავალი ჰქონდა ჩინოვნიკს წინა სამუშაო ადგილას. კერძოდ, ბ-ნი გონგლიაშვილი ოჯახის წევრებად მიუთითებდა დედას – ქ-ნ ჟოზე ნუცუბიძეს, მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ნათია ლაშაურს, სამ შვილს – 2007 წელს დაბადებულ მარიამს და 2009 წელს დაბადებულ არჩილსა და ნიტას. ოჯახის უძრავ ქონებას ფლობდა ოჯახის უფროსი – საცხოვრებელ ბინას ტაშკენტის ქუჩაზე (178 კვ. მ. ფართობის), ავტოფარეხს (25 კვ7 მ. ფართობის) და მიწის ნაკვეთს ბაზალეთზე (ფართობი – 600 კვ. მ.). მასვე ჰყავდა მსუბუქი ავტომანქანა 1997 წლის kia enterprise და დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად ჰქონდა 10 000 ლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ნიკოლოზ გონგლიაშვილმა, როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ, 81 034 ლარი აიღო.
2013 წლის დეკლარაციაში ის ცვლილებაა, რომ მიწის ნაკვეთი ნათია ლაშაურსაც შეუძენია მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში (1 200 კვ. მ. ფართობის) და მსუბუქი ავტომანქანაც – 1996 წლის opel tigra.
ოჯახში დასაქმებული კვლავ მხოლოდ ოჯახის უფროსი იყო. შესაბამისად, 2012 წლის განმავლობაში ნიკოლოზ გონგლიაშვილმა, როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ, 35 455 ლარი აიღო; როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 26 568 ლარი. 2012 წელს მანვე აიღო სესხი „თი ბი სი ბანკიდან“ – 16 000 ლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 2012-ში 882 ლარი დაუჯდა.
2013 წლის განმავლობაში გონგლიაშვილების უძრავ-მოძრავი ქონება არ შეცვლილა. თუმცა ნაღდ ფულად დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახის უფროსს 5 000 აშშ დოლარი ჰქონდა, მისმა წლიურმა ხელფასმა კი 2012 წლის განმავლობაში, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისამ, 45 000 ლარი შეადგინა (არც იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა სამსახურში ჰქონდა). 2013 წელს მას კიდევ ერთი სესხი აუღია „თი ბი სი ბანკიდან“ – ამჯერად 20 000 ლარის ოდენობის, რომლის მომსახურებაც იმ წელს 4 520 ლარი დასჯდომია.