ნავთობის შურისძიება
„საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა“
მართალია, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ნავთობის ფასის კლებამ ნორვეგია და აზერბაიჯანიც დააზარალა (ოღონდ, ის აჯობებდა, ყველა თავის მკვდარს თუ მიხედავდა – ), თუმცა ნავთობის ფასის კლების ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ დიდხანს თავის ეს დამშვიდებაც არ ეყოფათ ჭირსა შიგან გასამაგრებლად.
ვერ ეყოფათ, რადგან საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ბ-ნმა ალი ნაიმიმ გვაუწყა, რომ 10 აშშ დოლარი ერთი ბარელი ნავთობისთვის სავსებით მისაღები ფასია (ახალ წლამდე სულ რაღაც ათიოდე დღით ადრე გაგვახარა). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ინფომ არა მხოლოდ რუსულ მედიასივრცეში ვერ შეაღწია, ქართულსაც გვერდი აუარა (ნეტავ, რათა?!).
უარესიც – თუკი რუსულმა მედიამ ზემოხსენებული ბ-ნი ალი ნაიმის ინტერვიუს ნაწყვეტები გამოაქვეყნა (ერთი ისაა, რომ ფასის პროგნოზს აუარა გვერდი), ქართულმა საერთოდაც აინუნში არ ჩააგდო. –
რუსული ლოგიკა გასაგებია: ნავთობის ფასის ვარდნა რუსული ეკონომიკისთვის კატასტროფის ტოლფასია, ხოლო ბარელზე 10 დოლარი, საერთოდაც, ყელში დანის გამოსმისა. მეორე მხრივ, აქვე გეტყვით, რომ საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ერთი ბარელი ნავთობის ფასად 10 აშშ დოლარი 20-30-წლიან პერსპექტივაში დაასახელა,.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მსოფლიო ფასების კლების ამ ტენდენციით ჩვენი მეზობელი რფ-ის ბიუჯეტს 2015 წელს 200 მილიარდი აშშ დოლარის დაკარგვა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ქვეყანას მხოლოდ სექტემბრამდე ეყოფა (სპეციალისტების პროგნოზით), თუ საკუთრივ ჩვენ ვერ ამოვიყრით ჯავრს ოკუპირებული ტერიტორიების გამო, ნავთობის შურისძიების ცქერაც არ უნდა იყოს ურიგო.