მოქეიფე არველაძეები და გაუგონარი მიმტანი
რეზის თურქები გამორჩეულად დიდ პატივს სცემდნენ, მარტო იმიტომ კი არა, რომ მართლაც შესანიშნავად თამაშობდა, არამედ, იმიტომაც, რომ რეზი „რიჟა“ იყო და ამ შავ-შავ თურქებს მოიწინააღმდეგე გუნდთან შეჯიბრის დროს თილისმად მიაჩნდათ – ეს გვიხსნის „შაითანისგანო“. არ იფიქროთ, რომ რეზი მხოლოდ თურქებს „აოცებდა“, ერთხელ ქუთაისშიც კი, ქუთათურმა გასახმობენიანმა, მეორე იარუსიდან დაუყვირა: ე ბიჭო, არ წეიქცე, სიმონ და თავი არ დაჰკრა მინდორზე, პაჟარი არ გაგვიჩნდეს აქანა, არ ამოგვბუგო მთელი ქუთეისიო.
შოთიც პატიოსნად თამაშობდა და მეც. ნელ-ნელა შევუდექით თურქული ენის შესწავლას.
კიჭა (მამაჩვენი) ჩამობრძანდა – ვნახო, ერთი, რას აკეთებენ ეს ჩემი შვილები ამ მუსლიმანურ იმპერიაშიო. ჩვენც, მამის მომავალი სიამაყეები, მთელი ღირსებით დავხვდით და, ჩვენი იუმორით და „ღადაობით“ განთქმული მამა ერთ პრესტიჟულ რესტორანში დავპატიჟეთ.
მადლიერმა ძეებმა მდიდრული სუფრა შევუკვეთეთ ღვაწლმოსილი მამის პატივსაცემად.
ეს ასეა, მაგრამ, თურქული ისე ვიცით, როგორც რუსულად იცის ვიღაცამ – „ტვაია-მაიას“ რომ ვერ არჩევს.
მწვადი და ქაბაბი ოფიციანტს ადვილად ავუხსნით უბრალო ხელის მოძრაობით: საჩვენებელ თითს შემოვაჭვდეთ მეორე ხელის საჩვენებლისა და ცერის შეერთებით გაკეთებული „რგოლი“ და გავუყარეთ შიგ; ქაბაბიც არ გაგვჭირვებია – ეს საიდუმლოდ დარჩეს.
მოკლედ, კარგად ვისიამოვნეთ. კიჭა მამიკოც კმაყოფილია. თურქეთი აზიური ქვეყანაა, მაგრამ, ევროპულს აწვება და, ასეც რომ არ იყოს, „ლანჩის“ შემდეგ ყავა აუცილებელია.
აქ გავიჭედეთ: არ გინდა, ყავა აუხსნა?!
რეზიმ თქვა, მე მაცადეთო და მიმტანს მიმიკით აჩვენებს: ჯერ ვითომ ფინჯანი გააკეთა, მერე პირთან მიიდო ხელი და – „სრუუპ“ – უთხრა.
– თამამ, თამამ (კიო)! – „მიხვდა“ მიმტანი და ორ წუთში ცარიელი, სუფთა ჭიქა მოგვიტანა.
– მაცალე კაცო, მე მაცალეო – შოთიმ და ახლა თვითონ აუხსნა დაახლოებით ისევე, ოღონდ, თვალები მილულა – ვითომ ყავა ძილს გვრისო...
– თამამ, თამამ! – გამხიარულდა თურქი მიმტანი და გაქრა.
არ გასულა სამი წუთი და – ატლასის სარჩულიანი ბალიში მოართვა შოთის.
შემოგვეყარა გულზე.
– კოფეე! – როგორც ყოველთვის, ისევ მშობელმა მამამ გვიხსნა.
ეგრე, თქვე კაი ხალხოო და, რომ უნდა გაიქცეს მოსატანად, უცებ, კიჭამ (მამაჩვენმა) შეაჩერა:
– ბიჭო, მე რძიანი ყავა მინდა... რძიანი.
– აუუუ! – აღმოგვხვდა სამ ძმას სამ ხმაში.
არ გინდა, ახლა, რძიანი გააგებინო ამ შტერ კაცს?!
და, წავიდა:
– ბეე! ბეე! – ოთხზე დადგა რეზი – ბეე! მწპუ, მწპუ!
თურქს შევატყვეთ, რომ ტემპერატურამ და წნევამ ერთად აუწია, მაგრამ, ვერაფერი გაიგო.
ისევ რეზიმ გამოიდო თავი და კომამდე მისულ ოფიციანტს „დაკვირვებით“ უხსნის: – აი, – მოამრგვალა ორივე ხელი და ქალის ძუძუების იმიტაცია გააკეთა მკერდთან, – მწუ! გეიგე, კაცო? მწუ – ძუუ, ძუძუ...
თურქმა მაინც ვერაფერი გაიგო და გული გადაიღეღა – აგერ, ბატონო, ძუძუო...
– მაცალეთ თქვენ, კაცო, მაცალეთ! არ იცით და გაჩერდით! – გააქტიურდა კიჭა, მოამრგვალა ხელი, მერე ორი თითი ასწია (ორი ძუძუო), – შხრრრ... შხრრრ... თამამ?
– თამამ, თამამ! – აშკარად გაუხარდა თურქ მიმტანს და გაიქცა შეკვეთილის მოსატანად.
– ასე ვიცი მე, თქვე უნიათებო, ვერ უნდა გააგებინოთ კაცს ადამიანურად? – დაგვამუნათა მშობელმა ძმები.
ამასობაში მორბის თურქი სინით ხელში და... სინზე დადებული ორი ლიმონი მოაცუნცულა.
კიჭას პირი გაუშრა:
– შე შობელძაღლო! – ქართულად შეუყვირა თურქს იხტიბარწამხდარმა, – ამჟავებული რძით გაგზარდა დედაშენმა? თფუ! ესაა რძე, შე უპატრონო?!
აჩი არველაძის ნაამბობის მიხედვით