კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დასაჯეს ქართველებმა არდაველის სულთანი საქართველოს სომხურ ქალაქ ანისში 12 000 ქრისტიანის დახოცვის გამო

დაახლოებით 1205 წელს გარდაიცვალა მეფე დავით სოსლანი ბაგრატიონი, მეუღლე მეფეთ-მეფისა და დედოფალთ-დედოფლისა თამარისი. კაცი სავსე ყოველი სიკეთითა, სწორუპოვარი  მხედართმთავარი. 

ქვეყანა გლოვობდა.

თამარ მეფე ბრძანდებოდა გეგუთში, აღდგომის დიდმარხვა იყო. მხარგრძელები, ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე, წარმოშობით ქურთნი სომხეთიდან, გეგუთში იყვნენ თამარ მეფის სასახლეში.

ეს შეიტყო არდაველის (არდებილის) სულთანმა და გადაწყვიტა, ესარგებლა და ბოროტება ჩაედინა ქრისტიანების წინააღმდეგ. შეკრიბა ჯარი და წამოემართა სომეხთა ყოფილი დედაქალაქ ანისისკენ.

ქალაქი არდაველი (არდებილი) მდებარეობს კასპიის ზღვასთან, დაახლოებით 70 კილომეტრში, მის ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით, დღევანდელი ირანის ჩრდილო-დასავლეთში. ეს უძველესი ქალაქი სასანიდების ეპოქიდან მარზპანის (ირანის შაჰის რეგიონების მმართველის) საბრძანებელი გახლდათ. მაჰმადიანობის გავრცელების დროს ის ირანის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო, შემდეგ სახალიფოს ერთ-ერთი – პროვინციის ცენტრი. თურქ-სელჩუკების მიერ ირანის დაკავებისა და მერე სელჩუკთა დასუსტების ხანაში, თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. მასზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა.

ძველი სომხური ქალაქის, ანისის ნანგრევები ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ის იყო სომხეთის ერთ-ერთი ძველი დედაქალაქი, შირაკის სომხური სამეფოს ცენტრი. მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში ქალაქ ანისში გახლდათ სომეხთა საკათალოკოსო კათედრაც. 

1045 წელს ბიზანტიამ გააუქმა შირაკის სამეფო. მერე კი, 1064 წელს, თურქ-სელჩუკებმა დაიკავეს და მალე ქურთული წარმოშობის მაჰმადიანთა საგვარეულოს, შედადიანებს მიჰყიდეს, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მანუჩას, აბულასვარის ძეს. სომხებმა დავით აღმაშენებელს სთხოვეს გაეთავისუფლებინა და საქართველოსთვის შეეერთებინა ანისის სამეფოს ტერიტორია, რაც დიდი სიხარულით აღასრულა კიდევ ჩვენმა სასიქადულო მეფემ 1124 წელს. თამარის დროს, 1199 წლიდან კი, ანისი უნიტარული საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა.  

ანისი დიდი, მრავალრიცხოვანი და სახელგანთქმული ქალაქი იყო. იქ ცხოვრობდნენ მონოფიზიტი და ქალკედონიტი სომხები, სხვა ეროვნების ადამიანები, ასევე ქართველები. ქართულ ეკლესიას ამის გამო ანისში დაარსებული ჰქონდა ანისის დიდი სამიტროპოლიტო იქაური ქართველებისა და მართლმადიდებელი სომხებისთვის.

ქალკედონიტი, ანუ მართლმადიდებელი სომხები ადრეც არსებობდნენ. დიდი საქართველოს დროს კი მათმა რიცხვმა იმატა. ჩვენ ვიცით, რომ მხარგრძელები, ზაქარიას გარდა, თამარის დროს მართლმადიდებლურად მოინათლნენ.

თამარ მეფის ზეობის ხანაში დიპლომატიური მიდგომა იყო შემუშავებული საქართველოს სახელმწიფოში შემომავალი არაქართული ქვეყნებისადმი. ამიტომ, სომხური პროვინციები ზაქარია და ივანე მხარგრძელებს ჰქონდათ ჩაბარებული, როგორც სომხურ-გრეგორიანული წარმოშობის ადამიანებს.

მხარგრძელებმა ააღორძინეს ქალაქი ანისი, ასევე კიდევ ერთი უძველესი სომხური დედაქალაქი – დვინი და საერთოდ, ის სომხური მიწები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოში შემოდიოდა. 

ქართული სამხედრო ნაწილების ანისში არყოფნით გულმოცემული არდაველის სულთანი ჩუმად გამოემართა ანისისკენ მდინარე რახსის (არაქსის) გაყოლებით. გზად არც ერთ დასახლებულ პუნქტს არ გაეკარა, უგრძნეულად მიადგა ანისს და ღამით ჩუმად დაიბანაკა ქალაქთან ახლოს.

დილას, გათენდა თუ არა, ძელს კრეს და გააღეს ქალაქის კარიბჭეები, მოულოდნელად შეიჭრნენ ანისში მაჰმადიანები. ქრისტიანთა უმრავლესობა ეკლესიებში იყო. თავდამსხმელები უბრალო მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას შეუდგნენ. ზოგიერთმა მოასწრო და ციხესა და სხვადასხვა ნაგებობაში გამაგრდა. ზოგი გამოქვაბულებს შეეფარა, რომლებიც კლდეებით შემოსაზღვრულ ანისთან იყო.

12 000 ქრისტიანი მარტო ეკლესიებში ამოხოცეს სპარსელებმა. ქალაქის ქუჩებსა და უბნებშიც საკმაოდ ბევრი მოკლეს. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გამოქვაბულებსა და ციხე-დარბაზებს შეაფარა თავი. 

მოაოხრეს ქალაქი და დიდი ნაალაფრით დაბრუნდნენ არდაველში სასტიკი და უგუნური სულთანი და მისი ჯარისკაცები... 

მაგრამ, არ იცოდნენ რა ელოდათ...

ანისის მოოხრების ამბავი აღდგომის შემდგომ კვირას აცნობეს თამარ მეფეს და მის ვაზირებს. ქართულ-კავკასიური სახელმწიფო გლოვამ მოიცვა. 

ეს არა მარტო გაუგონარი სიმხეცე იყო, არამედ უდიდესი შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის, რომელშიც შემოდიოდა სომხური თემებიც. სომხები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და ანისელი ქრისტიანების დიდი ნაწილი – ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი. საქართველო არა მარტო თავისი მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის იყო მოწოდებული, არამედ მთელ კავკასია–წინა აზიის რეგიონში მშვიდობიანობის გარანტად გამოდიოდა და იცავდა რელიგიათა და ეროვნებათა შორის მშვიდობიანობას. 

ამის პატიება არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა. არდაველის სულთანი და სასულთნო სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ იმდროინდელ მსოფლიოში საქართველოს ძლევამოსილი სახელმწიფოს პრესტიჟი შეილახებოდა.

ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს მზადება შურისძიებისთვის.

მხარგრძელები გაემგზავრნენ ანისს და დაიწყეს სამხედრო ლაშქრობისთვის სამზადისი, თუმცა ფარულად. თამარ მეფემ კი საიდუმლოდ ბრძანება გასცა და შეიკრიბა მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილური ჯარი. მესხები, თორელები, თმოგველები, ჰერ-კახნი და სომეხნი გაემართნენ არდაველისკენ. სულთნისთვის თვალის ასახვევად ქართლელების სამხედრო ნაწილები არ წაიყვანეს, რათა არდაველელებს ინფორმაცია არ მისვლოდა ჯარის გადაადგილების შესახებ. 

შეიკრიბნენ ანისში და გაემართნენ არდაველისკენ. განვლეს გელაქუნის ოლქი, „სწრაფი სვლით ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ხიდსა“ და მიადგნენ არდაველს უხმაუროდ. ეს ქალაქი მთებშია გაშენებული და კარგად იყო გამაგრებული. 

დროც სპეციალურად შეარჩიეს, დიდი დღესასწაული იყო მაჰმადინებისა, რამადანი – „აიდი განთენდებოდა“. დილაადრიანად მოლებმა უხმეს მაჰმადიანებს მეჩეთებში... მოულოდნელად, მათ თავს დაესხა ქართული ჯარი და უომრად ხელთ იგდო ქალაქი. თვით სულთანი, მისი ცოლ-შვილი ტყვედ აიყვანეს შურისსაძიებლად მისულმა ქრისტიანებმა. 

უამრავი ალაფი ჩაიგდეს ხელთ ქართველებმა, არდაველელების ცხენებს, აქლემებსა და ჯორებს აჰკიდეს მათივე ქონება და წამოიღეს საქართველოში.

არდაველის სულთანი სიკვდილით დასაჯეს მხარგრძელებმა. მისი ცოლ-შვილი ტყვედ წამოიყვანეს. 12 000 კაცი მეჩეთებში დახოცეს, როგორც მათ ის ჩაიდინეს ანისში. სხვები ან ტყვედ წამოასხეს, ან დახოცეს.

ასე ძლევამოსილები დაბრუნდნენ ანისში. იქიდან გამოემართნენ თამარ დედოფალთან, რომელიც ამ დროს კოლაში ისვენებდა. 

მეფეთ-მეფესა და დედოფალთ-დედოფალს სრულიად საქართველოისას, შარვან შაჰს და შაჰანშას და თვითმმფლობელობით მპყრობელს ყოვლისა დასავლისას, აღმოსავლისას, სამხრისას და ჩრდილოეთისას –  თამარს მიართვეს ძღვენი, ანისის ალაფი.

„აღივსო ყოველი ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა მარგალიტითა, რომელი მოიღეს ზაქარია და ივანე“.

скачать dle 11.3