სასარგებლო მავნე ჩვევა
რალფი ბოლო დროს უკვე ხშირად ეჩხუბებოდა რუთს. ქალიც განიცდიდა ქმართან კონფლიქტს: თავის ავადმყოფურ ჩვევაზე ნაკლებად ნერვიულობდა. ზოგჯერ ინტუიცია კარნახობდა, რომ რალფს ძველებურად აღარ უყვარდა... ერთმა მეგობარმა ისიც კი უთხრა, ვითომ შემთხვევით, რალფი ვიღაც ქერა ლამაზმანთან ერთად ვნახეო... რუთმა ამოიოხრა. ცდილობდა, როგორმე გაეგო ქმრისთვის, რომელმაც კარი ხმაურით გაიჯახუნა. იქნებ ეშველა თავისი ავადმყოფობისთვის... როცა რალფს ამის შესახებ დაუწყო საუბარი, კაცმა ყური მოუყრუა... რუთმა წვრილმანი ნივთების მოპარვა გათხოვებამდე დაიწყო... წვრილმან, უმნიშვნელო ნივთებს იპარავდა, მაგალითად, ძაფებს, ბრჭყვიალა ღილებს, პატარა სამშვენისებს. მერე ისევ უკან აბრუნებდა. პოლიციაში ყველამ იცოდა რუთის კლეპტომანიის შესახებ. ამიტომ აღარც კი აკავებდნენ. სამაგიეროდ, რალფი იყო უხერხულ მდგომარეობაში. ის ხომ ბანკში მუშაობდა – რომ გაეგოთ როგორი ცოლი ჰყავდა... კარზე დარეკეს. ზღურბლზე ორი მამაკაცი იდგა.
– თქვენ რუთი ხართ?
– დიახ... რაშია საქმე?
– მისის მუდი, სალაპარაკო გვაქვს თქვენთან...
– ჩემი ქმარი სახლში არ არის...
– ვიცით. როგორ უყურებთ იმას, რომ ათასი დოლარი გამოიმუშავოთ?
– რა? – გაოცდა რუთი.
– რაღაც პატარა საქმე გვაქვს, თუ დაგვთანხმდებით, ათას დოლარს მიიღებთ, თუ არა – თქვენს ქმარს პრობლემები შეექმნება. მისი ბანკის მმართველი გაიგებს, ქურდი ცოლი რომ ჰყავს.
– ეს შანტაჟია?
– არა. საქმიანი წინადადება. მისის მუდი, ისეთს არაფერს გთავაზობთ, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ. დეტალებზე ჩვენი მეგობარი შეგითანხმდებათ. წამობრძანდით ჩვენთან ერთად.
– არსადაც არ წამოვალ! – გაჯიუტდა რუთი.
– როგორც გინდათ. მაშინ ჩვენ აქედან პირდაპირ თქვენი ქმრის ბანკში წავალთ...
რუთმა ამოიოხრა.
– კარგი. ჩავიცვამ... დამელოდებით?
– რა თქმა უნდა, ქალბატონო...
ნახევარი საათის შემდეგ რუთი ხუთვარსკვლავიანი ოტელის ერთ-ერთ ნომერში იჯდა. ყავა მიუტანეს და სთხოვეს, ცოტა მოეცადა. რუთს თითები უთრთოდა მღელვარებისგან... გვერდით ოთახიდან ძვირფასად ჩაცმული ჯენტლმენი გამოვიდა... შავი სათვალით, ქილვაშებითა და ბლანჟეთი.
– მისის მუდი, უკვე გითხრეს, რა მოგეთხოვებათ? – ჰკითხა ჯენტლმენმა თავაზიანად, – ახლავე მოგახსენებთ... იცით, საიუველირო მაღაზია „თრეველი“... შეხვალთ და მოითხოვთ, გაჩვენონ ის ალმასის გულსაბნევი, რომელიც მეორე ვიტრინაში, მესამე თაროზე დევს. შემდეგ მაღაზიაში ხმაური ატყდება. თქვენ ამ გულსაბნევს ჯიბეში ჩაიდებთ და მაღაზიიდან გამოხვალთ. ქუჩის კუთხეში მათხოვარი დაგხვდებათ. გულსაბნევს ქუდში ჩაუგდებთ და სახლში წამოხვალთ. სულ ეს არის. თუკი პოლიცია მაინც გამოგიჭერთ, ან მაღაზიაში დაგაკავებენ, თქვენ შესახებ სამართალდამცავებმა იციან. გულსაბნევს დაუბრუნებთ, ბოდიშს მოიხდით და ამით მორჩება. დაპირებულ ათას დოლარს უკლებლად მიიღებთ.
– არ შემიძლია ამის გაკეთება.
– თქვენი გადასაწყვეტია. უარს თუ იტყვით, რაც მოხდება, ამაზე უკვე ხართ ინფორმირებული... თუმცა, თქვენი შიში გაუმართლებელია.
რუთმა ამოიოხრა.
– კარგი. თანახმა ვარ...
მეორე დღეს თავის საუკეთესო კაბასა და პალტოში გამოწყობილი რუთ მუდი მაღაზია „თრეველისკენ“ გაეშურა. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იმ ჯენტლმენმა უთხრა. გამყიდველმა ძალიან თავაზიანად და მოწიწებით აჩვენა ის ალმასის გულსაბნევი, რომლითაც ქალბატონი დაინტერესდა. როგორც კი რუთმა ხელი მოჰკიდა გულსაბნევს... მოულოდნელად საშინელი გრუხუნის ხმა გაისმა და მაღაზიის დიდი ვიტრინა ნამსხვრევებად იქცა... რუთმა სწრაფად შემალა გულსაბნევი პალტოს სახელოში და მაქსიმალურად მშვიდად გამოვიდა მაღაზიიდან... ქუჩის კუთხეში მართლაც დახვდა მას მათხოვარი, გულსაბნევი ქუდში ჩაუგდო და სახლში დაბრუნდა... საღამოს რალფი ჩვეულებრივზე ცოტა გვიან დაბრუნდა სამსახურიდან... რუთს მის დანახვაზე გული უსიამოვნოდ შეუქანდა, სინდისის ქენჯნა იგრძნო. რალფმა რამდენჯერმე შეხედა ცოლს და მაშინვე მიხვდა.
– ამჯერად რა მოიპარე? – ჰკითხა საკმაოდ მშვიდი ხმით.
– მე... მე... „თრეველში“ ვიყავი...
– რაო? საიუველირო მაღაზიაში? ღმერთო, ოღონდ ეს არა... შენი ავადმყოფობა საშიშ ფაზაში შევიდა... სერიოზული პრობლემა შექმენი...
– ვიცი, რალფ... ვიცი, იქნებ წავსულიყავით ერთად იმ კლინიკაში, დედაჩემმა რომ გვიპოვა. თან, ცოტას ვიმოგზაურებდით...
– მაგაზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის. პოლიციას უნდა შევატყობინოთ.
– რატომ?
– როგორ არ გესმის, რუთ... ამ ამბის დაფარვა ძალიან სახიფათოა. თუ პოლიცია თავად შეიტყობს ამას, სერიოზული პრობლემა შეგექმნება. ახლავე უნდა დავრეკო.
პოლიცია საკმაოდ სწრაფად მოვიდა. კაპიტანმა შუბლი მოისრისა და რუთს ყოყმანით შეხედა.
– მისის მუდი, ძალიან მინდა, დაგიჯეროთ, მაგრამ თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ, ეჭვი თქვენც შეგეპარებოდათ. ვერც აღწერილობას მაძლევთ იმ მამაკაცების, ვერც იმას მეუბნებით ზუსტად, რომელ სასტუმროში იყავით შეხვედრაზე...
– მე უყურადღებო ვარ ამ მხრივ, მაგრამ სიმართლეს ვამბობ, გეფიცებით...
– კაპიტანო, რატომ უნდა იტყუებოდეს? – გაღიზიანებულმა ჰკითხა რალფმა.
– იმიტომ, რომ საქმე ეხება ნახევარი მილიონი ღირებულების გულსაბნევს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამე ხელჩასაჭიდი უნდა მომცეთ, რომ დამნაშავეებზე გავიდე... ათასი დოლარიც ხომ არ მიგიღიათ?
– არა, – თავი გააქნია რუთმა და აცრემლდა... ცრემლი რომ მოიწმინდა, ხელჩანთა გახსნა. ცხვირსახოცი რომ ამოეღო.. ერთბაშად შეჰკივლა და თვალები გაუბრწყინდა.
– კაპიტანო...
– გისმენთ, მისის მუდი.
– მე ვიცი, ვინ მომცა გულსაბნევის მოპარვის დავალება – შეხვედრისას, ჩემი მავნე ჩვევიდან გამომდინარე, მისი კალამი წამომიღია... მასზე წერია, რომ ის... ღმერთო... ეს შენ იყავი რალფ? რუთმა კალამი გრავირებული წარწერით კაპიტანს გაუწოდა და გაფითრებულ რალფს შეხედა, რომელიც შეშლილივით წამოხტა ფეხზე. მაგრამ კაპიტნის ორმა თანაშემწემ იქვე გააკავა.
რუთმა სახეზე აიფარა ხელები...
– მისტერ მუდი... თქვენ აშანტაჟებდით საკუთარ მეუღლეს?.. სად წაიღეთ ყელსაბამი?..
მოგვიანებით, რალფ მუდიმ ყველაფერი აღიარა. მას დიდი ხანია, საყვარელი ჰყავდა. ცოლის მიტოვებაც გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ უნდოდა, ეს ისე გაეკეთებინა, ფულიც ბლომად გაეყოლებინა თან, უცხოეთში უზრუნველი ცხოვრებისთვის... პარიკითა და ხელოვნური ბაკენბარდებით შენიღბულს, არც შეუნიშნავს, როდის ააცალა რუთმა მაგიდიდან კალამი, რომელზედაც ოქროს ასოებით ეწერა „რალფ ჰარისონ მუდი...“