რა კურიოზი მოხდა წყნეთის ერთ-ერთ აგარაკზე და როგორ გააცურა თავისი კოლეგები მილიციის პოლკოვნიკმა
1973 წლის 22 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე მიხეილ სეფიაშვილის ბინის კარზე ძლიარად დააბრახუნეს.
– მოვიდნენ, – უთხრა ოჯახის უფროსმა ცოლ-შვილს და კარის გასაღებად გაემართა.
სეფიაშვილი ცნობილი თბილისელი სპეკულანტი იყო და დეფიციტური საქონლით ვაჭრობდა. როდესაც მან კარი გააღო, ზღურბლზე სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ადამიანები დაინახა.
– ჩვენ მილიციიდან ვართ, თქვენს ბინაში ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ. შემოგვიშვით.
მასპინძელმა დაუპატიჟებელ სტუმრებს კარი ბოლომდე გაუღო, ბინაში შეუშვა და თან ჰკითხა:
– რას ეძებთ, დაგენაცვლე, დაკარგეთ რამე?
– მოქალაქე სეფიაშვილო, გამოაჩინეთ გადამალული, უკანონო გზით მოხვეჭილი ქონება და დროს ნუ გვაკარგვინებთ! – შეუღრინა მასპინძელს პოდპოლკოვნიკმა რაშიამ.
– უკანონოდ მოპოვებული ეს ნაძვისხეა, დაგენაცვლე. რომ შებინდდა, პარკში გავედი და ჩუმად მოვჭერი. ჩამომართვით და დამაჯარიმეთ, ბატონო, – მიუგო რომან რაშიას სეფიაშვილმა და მეტრნახევრიან ნაძვზე მიუთითა, რომელიც ოთახის ცენტრში იყო აღმართული და ლამაზ-ლამაზი სათამაშოებით მორთული.
– უიმე, დედა! – აღმოხდა მიხეილის მეუღლეს, ზაირას და ნაძვის ხის ვეებერთელა, ოქროსფერი შუშის სათამაშო ბურთი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა.
მილიციელებმა საფუძვლიანი ჩხრეკა ჩაატარეს სეფიაშვილებთან, მაგრამ, 230 მანეთისა და ცოლ-ქმრის საქორწინო ბეჭდების გარდა, ფასეული ვერაფერი აღმოაჩინეს. მათ ზამთრისთვის შენახული კონსერვებიც კი გახსნეს და შიგთავსი დაათვალიერეს; ნაძვის ხის ირგვლივ მიმოფანტული ბამბებიც კი შეამოწმეს და როცა დარწმუნდნენ, რომ ვერაფერს იპოვიდნენ, წავიდნენ.
– ჩქარა, ჩამიწყვეთ ყველაფერი და წავედი. სანამ სურამში ჩავალ და ჩამოვალ, გათენდება. ორ საათზე კი თვითმფრინავი მიფრინავს და მე კი არ დამელოდება, – უთხრა მშობლებს ოცდაექვსი წლის მალხაზმა და ნაძვის ხის სათამაშოების ყუთი მაგიდაზე დადო.
ზაირამ და მიხეილმა ნაძვის ხე ხუთ წუთში გააშიშვლეს – ისინი სათამაშოებს ხსნიდნენ და ყუთში აწყობდნენ. ეს სათამაშოები კი ოქროსგან იყო ჩამოსხმული და ძვირფასი თვლებით მორთული. სწორედ ამ ქონებას ეძებდნენ ჩხრეკაზე მოსული მილიციელები.
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მიხეილ სეფიაშვილს პოლკოვნიკმა ჯემალ ქურხულმა შეატყობინა. მან ზუსტად ათი წუთით ადრე დაურეკა სპეკულანტს და მილიციელების ვიზიტის შესახებ აუწყა.
ღამის პირველის ნახევარზე მალხაზ სეფიაშვილმა ძვირფასეულობით სავსე ყუთი სავარძლის ქვეშ შეინახა, თავისი „ჟიგული“ დაქოქა და დეიდამისთან გაემგზავრა, სურამში. თბილისის გასასვლელთან მას მოტოციკლისტი წამოეწია. ამ დროს მალხაზი გაჩერებული იყო და გზაჯვარედინზე მოძრავი მანქანების გავლას ელოდებოდა. მოტოციკლისტმა მოულოდნელად მანქანის კარი გააღო, მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და კბილებში გამოცრა:
– ან ფული, ან სული! ჩქარა, თორემ, გაგათავე!
– სად მაქვს ფული.... – აკანკალდა მალხაზ სეფიაშვილი.
– რაც გაქვს... ჩქარა დაყაჭე, თორემ, არ გაცოცხლებ! – ჩაფხუტიანმა მძარცველმა პისტოლეტი ყელზე მიაჭირა მძღოლს და სეფიაშვილმა მას ყუთი გადასცა.
გაძარცული სეფიაშვილი სახლში დაბრუნდა და მთელმა ოჯახმა ღამე თეთრად გაათენა. ინათა თუ არა, მიხეილ სეფიაშვილი, სამსახურში მიმავალ ჯემალ ქურხულს სადარბაზოსთან დახვდა და ყველაფერი უამბო.
– წარმოუდგენელია, – თქვა პოლკოვნიკმა.
– მძარცველს ზუსტი ნაკოლი ჰქონდა, – მიუგო სეფიაშვილმა.
– შენ რა, ჩემზე გაქვს ეჭვი?
– მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, ჩემი ქონების დაბრუნებაში მომეხმარე და მეოთხედი შენი იყოს.
– როგორ? მილიციაში ხომ არ განვაცხადებ? – მხრები აიჩეჩა ქურხულმა.
– ეგ რომ ვიცოდე, შენთან ხომ არ მოვიდოდი?
ქურხული ჩაფიქრდა და სეფიაშვილს მიუგო:
– შევეცდები, მაგრამ, პოვნის შანსი თითქმის არ არსებობს. ძალიან სუფთადაა გაკეთებული.
– დამეხმარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრისტუპნიკებს ჩავრევ. ქონების დაბრუნებაზე უარს ვიტყვი, მაგრამ, იმ გველს თავს გავუჭლიტავ, – დაიმუქრა სეფიაშვილმა და წავიდა.
ოთხი დღის შემდეგ კი, როდესაც ემოციები დაცხრა, მიხეილი ღრმად ჩაფიქრდა, ყველაფერი გააანალიზა და ცოლს უთხრა:
– ქურხულს ტყუილად ვაბრალებთ. არ მგონია, რომ მან ჩაიდინა ეს. იმიტომ, რომ მას ეს არასდროს უქნია და ყოველთვის გვმფარველობდა. თანაც, მაგან რა იცოდა, სად რა მიგვქონდა? არა, აქ უფრო შემთხვევითობას აქვს ადგილი. ჩემი აზრით, რომელიღაც მილიციელი მიხვდა, რომ ნაძვის ხის სათამაშოებში სინამდვილეში ძვირფასეულობა იყო და არ გაამხილა, შემდეგ უკან დაბრუნდა და გაგვძარცვა. მძარცველი სახლშივე აპირებდა ჩვენს გაძარცვას და სწორედ ამიტომ მობრუნდა უკან, მაგრამ, ამის გაკეთებაში მალხაზის გამგზავრებამ შეუშალა ხელი. ამიტომ, თავდაპირველი გეგმა შეცვალა – მალხაზს აედევნა და პირველივე ხელსაყრელ მომენტში გაძარცვა. კი, ნამდვილად ასე იქნებოდა და ჩვენ ქურხული თუ დაგვეხმარება.
მიხეილ სეფიაშვილის ვერსია ჯემალ ქურხულსაც ჭკუაში დაუჯდა და თავისი კოლეგების შესწავლას შეუდგა. მან მალე დაადგინა, რომ რომან რაშიას დისშვილი, 31 წლის მურთაზ რუხაია, შეიარაღებული ძარცვის გამო იყო ნასამართლევი. პოლკოვნიკი ამ ვერსიას ბოლომდე გაჰყვა, 1974 წლის 13 იანვარს კი მან, მიხეილ სეფიაშვილთან ერთად, წყნეთის ერთ-ერთ აგარაკზე რომან რაშია და მურთაზ რუხაია მოიხელთა. ბიძა და დისშვილი საახალწლო სუფრასთან ისხდნენ, ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ და მხიარულობდნენ. ოთახის შუაში კი მეტრნახევრიანი ნაძვის ხე იდგა და მასზე მიხეილ სეფიაშვილის ქონება ეკიდა.
– არ გაინძრეთ, თქვე ნაბიჭვრებო! – დასჭექა ქურხულმა და მოქეიფეებს პისტოლეტი მიუშვირა, სეფიაშვილს კი უთხრა:
– ჩქარა, მიშა, მოხსენი სათამაშოები და წავედით, ამათ კი მერე მოვუვლი.
სეფიაშვილი ნაძვის ხისკენ დაიძრა, მაგრამ, სახლში რვა შეიარაღებული მილიციელი შევარდა და ყველანი იატაკზე დაყარეს. ქურხულმა ორჯონიკიძის (ახლა ვაკე-საბურთალოს) რაიონის სამძებროს უფროსი იცნო და უთხრა:
– ვარლამ, გაგიჟდი? რას გვერჩი?
– შენ აქ რა გინდა, ჯემალ? – გაოცდა მაიორი, რომელიც ერთ დროს ქურხულის ხელქვეითი იყო.
ქურხულმა რუხაიაზე მიუთითა მაიორს და უთხრა:
– ეს ნაძირალა მიშასთვის ფულის წართმევას ცდილობდა. სახლში მიუვარდა, მაგრამ, ფული რომ ვერ იპოვა, ორი ოქროს ბეჭედი წაიღო და გაიქცა. შენ რამ შეგაწუხა?
– მეც ამ ნაბიჭვრის გამო ვარ აქ. ამან მოქალაქე ქანთარიას სპორტის სასახლესთან ჩანთა გასტაცა და მოტოციკლით გაიქცა. მაგრამ, პასპორტი დაუვარდა და ამიტომ მოვაგენით, თორემ, რას ვიპოვიდით.
მაიორის სიტყვებზე რაშიამ ზიზღით გახედა დისშვილს, ქურხულმა კი რაშიასა და რუხაიას თვალით ანიშნა, გაჩუმდითო და მაიორს ჰკითხა:
– რას აპირებთ?
– რას და, ამ ნაბიჭვარსა და ბიძამისს წავათრევთ და დედას ვუტირებთ. ზუსტად ვიცი, რომ მას ბიძა მფარველობს.
– მოდი, ასე მოვიქცეთ, – უთხრა მაიორს ქურხულმა, – აქ თითქმის ყველა ჩვენიანი ვართ, ამიტომ, შინაურულად მოვაგვაროთ საქმე: რუხაია ჩააყუდე, მაგრამ, თუ შეგიძლია, არ გააფორმო. რომანი კი წავა და მაყუთს მოიტანს. თქვენ თქვენსას მიიღებთ, ჩვენ – ჩვენსას და, თუ რუხაია პირობას დადებს, რომ გამოსწორდება და აქედან რუსეთში წავა, გამოაგდე.
მაიორმა და მისმა ხელქვეითებმა მურთაზ რუხაია მილიციაში წაიყვანეს, აგარაკზე კი ქურხული, სეფიაშვილი და რაშია დარჩნენ. მიხეილმა სასწრაფოდ გააშიშვლა ნაძვის ხე და იქაურობას ქურხულთან ერთად გაეცალა, რაშიამ კი მეორე დღესვე 20 ათასი მანეთი მიუტანა მაიორს და დისშვილი დაიხსნა...