კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-52(731) 

მაძებრის ინსტინქტმა ზვიადაურს ცუდი უკარნახა. მან კიდევ ერთხელ გახედა შავქურთუკიანს, შემდეგ სწრაფად დახურა ფანჯარა. ქურთუკი მოიცვა, ორი ცალი პისტოლეტი ქამარში გაირჭო და სახლიდან გავარდა. ექვსი სართული ფეხით ჩაირბინა და პირველი სართულის ლიფტის შახტასთან უსულოდ მწოლიარე თემურს მოჰკლა თვალი. მას ერთი ტყვია თვალში ჰქონდა მორტყმული და მკვდარი იყო. ვაჟა ზვიადაურს ყმუილი მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა. სასწრაფოდ ჩაჯდა „ვოლგაში“ და შავქურთუკიანს დაედევნა, რომელიც ხუთასიოდე მეტრის მოშორებით იდგა და, სავარაუდოდ, ტაქსის გაჩერებას აპირებდა. ზვიადაურმა კარი გააღო და მარცხენა ხელით დაიჭირა. მარჯვენა საჭეს ჩასჭიდა. გაზის პედალს მკვეთრად მიაჭირა ფეხი და შავქურქიანს ათი მეტრის მანძილიდან კარით დაეჯახა. უცნობი წაიქცა. ვაჟამ დაამუხრუჭა, მანქანიდან გადმოხტა და გონწასულ შავქურთუკიანს ზურგსუკან ხელბორკილები დაადო, შემდეგ „ვოლგის“ უკანა სავარძლებს შორის ჩატენა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. მთელი ამ მოქმედებისთვის ზვიადაურს სულ რაღაც თხუთმეტი წამი დასჭირდა და ისე გაეცალა შემთხვევის ადგილს, რომ ცარიელ ქუჩაზე თვალი ვერავინ მოჰკრა.

ვაჟა ზვიადაურმა გაკოჭილი შავქურთუკიანი უცნობი მამაკაცი ავლაბარში, თავისი ერთ-ერთი აგენტის ავტოპროფილაქტიკაში მიიყვანა და „ვოლგა“ ბოქსში შეაყენა.

– ვაჟა-ჯან, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა პროფილაქტიკის მეპატრონემ ზვიადაურს, თან „ვოლგა“ შეათვალიერა.

– ვხედავ, რომ მარტო ხარ, ხომ, არტურ? – ჰკითხა ზვიადაურმა თავის აგენტს.

– კლიენტს ველოდები, ნახევარ საათში მოვა.

– სხვა დროს დაიბარე. საქმე მაქვს.

– ვა, მოხდა რამე?

– კაროჩე, არტურ, დღეს შენი პროფილაქტიკა მჭირდება. გასაღები დამიტოვე, სახლში წადი და მე თვითონ დაგირეკავ, როცა გავთავისუფლდები.

– ბაზარი არაა, ვაჟა-ჯან. აი, გასაღები, მე კი წავედი, – არტურამ ზვიადაურს პროფილაქტიკის გასაღებების აცმა მისცა, თავად „ჟიგულში“ ჩაჯდა და ძრავა ჩართო.

– არტურ, კრინტი არავისთან არაფერზე დაძრა და სახლში იჯექი, ვითომ ავად ხარ. დღევანდელ ზარალს კი მე აგინაზღაურებ.

– ბაზარი არაა, ვაჟა-ჯან. ავადა ვარ, მაღალი ტემპერატურა მაქვს. აი, უჟე მივდივარ, – მიუგო არტურამ და პროფილაქტიკიდან გავიდა.

ზვიადაურმა პროფილაქტიკის კარი მაგრად ჩაკეტა, მძლავრი პროჟექტორები აანთო. ხელბორკილდადებული მამაკაცი „ვოლგიდან“ გადმოათრია და იქვე საგულდაგულოდ გაჩხრიკა. უცნობს მაყუჩიანი პისტოლეტი და ორი სავსე მჭიდი, აგრეთვე ვაჟა ზვიადაურის ორი ცალი ფოტოსურათი და ორასი მანეთი აღმოაჩნდა. საფულეში აგრეთვე იდო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის წითელი წიგნაკი. მასში გაკოჭილის სურათი იყო ჩაკრული და ეწერა: „მილიციის კაპიტანი ვოლკოვი ანდრეი სემიონოვიჩი“.

ვაჟა ზვიადაურს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ მის წინ თემურ კორინთელის მკვლელი იმყოფებოდა. ვაჟა იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ თემური შეცდომით მოკლეს და ვოლკოვი სწორედ მის მოსაკლავად იყო გამოგზავნილი. ზვიადაურმა ვოლკოვი ერთ-ერთ ბოქსში შეათრია და კაუჭზე ზურგსუკან შეკრული ბორკილით დაკიდა, შემდეგ კაუჭი ზემოთ ასწია და ცხვირპირდასისხლიანებულ ვოლკოვს ჰკითხა:

– ვინ ხარ და აქ ვინ გამოგგზავნა?

– წადი, შენი დედაც... – შეიგინა ვოლკოვმა.

ვაჟამ უფრო მაღლა ასწია კაუჭზე ჩამოკიდებული ვოლკოვი და ფეხსაცმელები გააძრო. შემდეგ ბენზინზე მომუშავე პრიმუსს ცეცხლი წაუკიდა, ფეხის გულებზე მიუშვირა და გაუმეორა:

– ვინ ხარ და აქ ვინ გამოგგზავნა?

– მომაშორე, მომაშორე, ვიწვები! – აღრიალდა ვოლკოვი.

ვაჟამ უფრო ახლოს მიუტანა ცეცხლი და კბილებში გამოცრა:

– ვინ ხარ და აქ ვინ გამოგგზავნა? – შემდეგ კიდევ უფრო ახლო მიუტანა ვოლკოვს ცეცხლი.

– სტეპან კრავჩენკომ... მომაშორე!

– ეგ ვინაა?

– პოდპოლკოვნიკი კრავჩენკო. მომაშორე!

– სად მუშაობ?

– სამინისტროში. მომაშორე!

– სად, რომელ განყოფილებაში?

– ოპერატიულ სამმართველოში. მომაშორე, მომაშორე, დავიწვი! – დაიყვირა ვოლკოვმა და გული წაუვიდა.

ზვიადაურმა ანთებული პრიმუსი იატაკზე დადო და ვოლკოვის დამწვარ ფეხისგულებს ზიზღით შეხედა. შემდეგ ტყვე ქვევით ჩამოსწია. ვედრო წყლით აავსო. ვოლკოვს შეასხა, მოასულიერა და ჰკითხა:

– პოდპოლკოვნიკი კრავჩენკო ვინ არის?

– ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე.

– ჩემი მოკვლა რატომ დაგავალა?

– არ ვიცი.

ვაჟამ ანთებულ პრიმუსს წამოავლო ხელი და ვოლკოვს უთხრა:

– ახლავე გაგახსენდება.

– არ მომადო! მართლა არ ვიცი. აქ ჩვენ სამნი ჩამოვედით.

– სამნი?

– დიახ, დიახ, სამნი. 

– ვინ არიან დანარჩენები?

 – იურა მარკოვი და პავლე სივკინი.

– იმათ, ვინ უნდა მოკლან?

– მარკოვმა გენერალი მერაბ გამრეკელი. სივკინმა კი – კოტე სოხაძე. მე მეორე დავალებაც მაქვს.

– რა დავალება?

– ქუთაისში ნოე ბუცხრიკიძე უნდა მოვკლა.

– სად არიან ახლა მარკოვი და სივკინი?

– კონსპირაციულ ბინაში.

– კონსპირაციული ბინაში? მისამართი მითხარი.

ვოლკოვმა ზვიადაურს კონსპირაციული ბინის მისამართი დაუსახელა, რომელიც საბურთალოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე, ბოლო სართულზე მდებარეობდა.

– იქირავეთ? – ჰკითხა ზვიადაურმა ვოლკოვს.

– არა, კრავჩენკომ მოგვცა გასაღები.

– კრავჩენკომ?

– ჰო, კრავჩენკომ. ეს ბინა ჩვენი განყოფილების ბალანსზეა და ოპერატიული საჭიროებისთვის ვიყენებთ ხოლმე.

– ხალხის მოსაკლავად, ხომ?

– მე აქ პირველად ვარ.

– ანუ, მანამდე ასეთი დავალება არ შეგისრულებია?

– არა, – მიუგო ვოლკოვმა.

– ახლავე გავიგებ, – თქვა ზვიადაურმა და ცეცხლწაკიდებულ პრიმუსს ხელი წაატანა. ვოლკოვი კი აღრიალდა:

– აღარ მომადო! გეტყვი, ყველაფერს გეტყვი!

– თქვი, გისმენ.

– ჩვენ სამმა ამ ერთი კვირის წინ ვოლგოგრადში ერთი მოხუცი ქალი მოვკალით.

მოხუცის ხსენებაზე ზვიადაურს ვარვარა სერგეევნა გაახსენდა და კბილებში გამოსცრა:

– მოხუცის მოკვლაც კრავჩენკომ დაგავალათ?

– არა, მოხუცის მოკვლა არ დაუვალებია. ჩვენ ბავშვი და ქალი უნდა მოგვეკლა, იმ მოხუცმა კი ჩვენი თანამშრომლები დახოცა და იმიტომ მოვკალით.

 – სივკინს და მარკოვს რა შეიარაღება აქვთ?

– ერთი მაყუჩიანი „ესვედე“ გვაქვს და სამი მაყუჩიანი „მაკაროვი“.

– მკვლელობები უკვე დაგეგმეთ?

– კონკრეტული დღე არა, ისე კი, საერთო გეგმა გვაქვს.

– რა გეგმა?

– თქვენ, ალბათ, ვაჟა ზვიადაური ხართ და მე შეცდომით სხვა მოვკალი, ხომ? – ჰკითხა ვოლკოვმა ზვიადაურს.

– კი, ასეა, შე დამპალო. შენ ჩემი მამიდაშვილი მოკალი.

– ბოდიშს გიხდით.

– ამოღერღე, რისი თქმა გინდა, თორემ, ცოცხლად შეგწვავ.

– მე დღეს, უბრალოდ, დაზვერვაზე ვიყავი და მკვლელობა წინასწარ არ მქონდა დაგეგმილი. უბრალოდ, თქვენი მამიდაშვილი რომ დავინახე, თქვენ მეგონეთ. ვიფიქრე, ბარემ მოვკლავ-მეთქი და მოვკალი.

– რას ზვერავდი?

– რას და, ადგილმდებარეობას.

– რატომ?

– საერთო გეგმით, ერთ-ერთი თქვენგანი უნდა მოგვეკლა ისე, როგორც ეს მე გავაკეთე დღეს, მერე კი დანარჩენები, ანუ, პირველ რიგში გამრეკელი და, ვინც ცოცხლები იქნებოდნენ, ისინი.

– როგორ? 

– სნაიპერული შაშხანიდან. მოკლულის დასაფლავებაზე.

– გეგმა ვინ შეადგინა?

– კრავჩენკომ.

– თბილისში მეკავშირე გყავთ?

– არა.

ზვიადაურმა ანთებულ პრიმუსს ხელი წამოავლო და ვოლკოვს უთხრა:

– ახლავე გავიგებ.

– არ მომადოთ, არა! მართალს ვამბობ, ჩვენ მხოლოდ სამნი ვართ. 

ზვიადაურმა ვოლკოვს მაინც მიუშვირა პრიმუსი, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ არ ტყუოდა, იატაკზე დადო და უთხრა:

– ახლა სად არიან ისინი?

 – მარკოვი და სივკინი?

– ჰო.

– კონსპირაციულ ბინაში.

ზვიადაურმა ვოლკოვი იზოლირებულ ბოქსში შეათრია და ფოლადის ძელზე მიაბა. შემდეგ პირი საიმედოდ აუკრა მსხვილი საიზოლაციო ლენტით და ბოქსის კარი გამოხურა. ვოლკოვის მაყუჩიანი „მაკაროვი“ ქამარში გაირჭო, პროფილაქტიკა საიმედოდ ჩაკეტა და კონსპირაციული ბინისკენ გაემართა.

დღის 2 საათი სრულდებოდა, როდესაც ვაჟა ზვიადაურმა კონსპირაციული ბინის კარზე დააკაკუნა.

– ვინ არის? – იკითხა მამაკაცის ხმამ.

– დროზე გააღეთ, თორემ, ჰაერში აიწევით. უბანში გაზის გაჟონვაა და მილებს ვამოწმებ, – მიუგო ზვიადაურმა.

კარი გაიღო. ჩანთაგადაკიდებული ზვიადაური სწრაფი ნაბიჯით შევიდა ბინაში და საშუალო სიმაღლის მამაკაცს შეავლო თვალი, რომელიც აღწერილობით სივკინს ჰგავდა.

– სადაა გაზი? – იკითხა ზვიადაურმა.

– აი იქ, – სამზარეულოსკენ მიანიშნა სივკინმა. ამ დროს ოთახიდან მარკოვიც გამოვიდა და ზვიადაურს მწველი მზერა ესროლა.

ვაჟამ ჩანთა იატაკზე დადო, ქამრიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა, ჯერ მარკოვს მოარტყა თავში, შემდეგ კი სივკინს და იარაღი ისევ უკან დააბრუნა. ვაჟამ ბინა გაჩხრიკა. გამრეკელის, ბუცხრიკიძისა და სოხაძის სურათები ჯიბეში ჩაიდო, გამოვიდა და კარი გამოიხურა. ორმოცდახუთი წუთის შემდეგ, ვაჟა კვლავ არტურას პროფილაქტიკაში მივიდა, ვოლკოვი ბოქსიდან გამოათრია და გაზეთილ ბრეზენტზე დააწვინა,  მისივე პისტოლეტით თავში ერთი ტყვია ესროლა და მოკლა. შემდეგ ბრეზენტში გაახვია. „ვოლგის“ საბარგულში ჩააგდო და პროფილაქტიკიდან წამოვიდა. დღის 4 საათზე, ვაჟა ზვიადაური მცხეთიდან თბილისში მოდიოდა. მცხეთაში, ერთ-ერთ ტყიან მასივში, მან მოკლული ვოლკოვის გვამი დატოვა, ბრეზენტი კი წამოიღო, რომელიც შემდეგ მტკვარში გადააგდო. თბილისში რომ ჩავიდა, ქუჩიდან მერაბ გამრეკელს სახლში დაურეკა.

– გისმენთ, – თქვა გამრეკელმა.

– მარტო ხართ, ბატონო მერაბ?

– მარტო ვარ. მოხდა რამე?

– ათ წუთში ამოვალ, – ვაჟამ ყურმილი დაკიდა და გენერლის სახლისკენ გაემართა.

– რაშია საქმე, ვაჟა, რამე მოხდა?

ზვიადაურმა გამრეკელს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ბოლოს კი კონსპირაციული ბინიდან წამოღებული ფოტოები დაუდო წინ და უთხრა:

– აი, ჩვენი სურათები.

– მდაა... უკვე ჩვენც მოგვადგნენ, – თქვა გამრეკელმა და გააბოლა.

 – ბატონო მერაბ, ერთი რამ მაეჭვებს.

– რა?

– რა და, გულბათ მარგიანის სურათი რომ არ ჰქონდათ მკვლელებს. უფრო სწორად, გულბათის მკვლელობა რომ არ ჰქონდათ შეკვეთილი.

– შენ რა, გულბათზე გაქვს ეჭვი?

– არა.

– აბა?

– აქ სხვა რაღაცაშია საქმე.

– მაინც, რაში?

– ლოგიკურად რომ მივყვეთ ამ საქმეს, ვიღაც თქვენზე და თქვენს ერთგულ ადამიანებზე ნადირობს. ხომ ასეა?

– კი.

– გულბათიც ხომ ერთ-ერთი ჩვენგანია?!

– კი.

– ჰოდა, თუკი მასეა, მაშინ, ან გულბათიც უნდა შეეკვეთათ, ან ის უკვე მოკლულია და ამიტომ არ შეუკვეთეს.

– მოკლული? გულბათს რომ რამე მოსვლოდა, ხომ გავიგებდით?

– დარეკეთ გაგრაში და გავარკვიოთ.

გამრეკელმა გულბათ მარგიანის სახლში დარეკა. მის ცოლს ათიოდე წუთი ელაპარაკა და ყურმილი რომ გათიშა, ზვიადაურს უთხრა:

– გულბათი გუშინ მოსკოვში გაფრენილა სოჭიდან.

– მოსკოვში?

– ჰო, მოსკოვში. თავის ჯგუფელს დაურეკავს სამი დღის წინ და უთქვამს, ქალიშვილის ქორწილში მეწვიეო.

– რა ჰქვია იმ კაცს?

გამრეკელმა ამოიოხრა და ზვიადაურს მიუგო:

– სამწუხაროდ, გული მიგრძნობს, რომ შენ მართალი ხარ – გულბათი მოკლულია. ის კაცი, ვინც მარგიანი მოსკოვში ჩაიყვანა, პოდპოლკოვნიკი სტეპან კრავჩენკოა.

– მარჩენკო?

– ჰო, კრავჩენკო. გულბათი და კრავჩენკო აკადემიაში თანაკურსელები ყოფილან და იქ გაიცნეს ერთმანეთი.

ზვიადაურს ოფლმა დაასხა და თქვა:

– ყველაფერი გასაგებია. მარჩენკომ მოსკოვში ჩაიტყუა გულბათი და, ალბათ, იქ მოკლეს. ლიადოვს უნდა დავურეკოთ.

– არა მგონია, რომ მთლად მასე იყოს საქმე. დამშვიდდი და დაფიქრდი. აქ სხვა რაღაცაშია საქმე.

– რაში, ბატონო მერაბ? 

– დავიჯერო, კრავჩენკო ისეთი სულელია, რომ კაცს მოსაკლავად მოსკოვში ჩაიყვანდა და თავს გაიშიფრავდა? მან ეს სხვას დაავალა და, გამორიცხული არაა, რომ თავად კრავჩენკოც მოკლული იყოს.

– კი, ასე იქნება, – თავში ხელი შემოირტყა ზვიადაურმა, – ვოლგოგრადში ხომ, ფაქტობრივად, საქმე ჩაეშალათ და, ალბათ, შემკვეთმა ორი კურდღლის დაჭერა გადაწყვიტა: კრავჩენკოს გულბათი ჩააყვანინა მოსკოვში და ორივე მოიშორა, თან მას მკვლელობები, ჩვენი მკვლელობები შეუკვეთა.

– ალბათ, ასეა.

ზვიადაურმა ლიადოვს მოსკოვში დაურეკა. ათიოდე წუთი ელაპარაკა და ყურმილი რომ დადო, გამრეკელს უთხრა:

– ამ დილით მოსკოვის სამხრეთით მდებარე ზოლში ერთმანეთისგან ხუთასი მეტრის დაშორებით ორი გვამი აღმოაჩინეს: ერთი სტეპან კრავჩენკოა, მეორე კი – გულბათ მარგიანი.

მერაბ გამრეკელს თვალზე ცრემლი მოადგა. 

– საცოდავი გულბათი. რჩეული ვაჟკაცი იყო, უშიშარი, ერთგული, ღმერთმა აცხონოს.

– ღმერთმა აცხონოს, – გაიმეორა ზვიადაურმა.

– მდაა... – თქვა გამრეკელმა, – ეს ფანტომ-კალმარი აშკარად შეტევაზე გადმოვიდა და არ მოისვენებს. ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. სად არის ახლა ჯაბა?

– ისევ ნინოსთან.

– როდის აპირებთ დაოჯახებას? 

– ქორწილს არ ვაპირებთ, მით უმეტეს, თემურის შემდეგ. ალბათ, ყველაფერი რომ ჩაივლის და თემურის ორმოციც გავა ხელს მოვაწერთ.

– კარგი, წადი და საქმეს მიხედე, მე კი ჩვენებს დავუკავშირდები და გავაფრთხილებ. ფრთხილად იყავი! – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და სახლიდან გამოისტუმრა.

***

კალმარმა სიგარეტი გააბოლა. მის წინ სავარძელში მჯდარ ახალგაზრდა ქალს გაუღიმა და უთხრა:

– ჯერ ის მითხარი, როგორ ხარ, ჩემო გოგონა?

– თქვენი წყალობით, კარგად.

– შენზე მხოლოდ კარგი მსმენია და ყველა გაქებს. შენ პირველთა შორის საუკეთესო ხარ.

– გმადლობთ.

– მადლობა ბოლოს მითხარი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. სწავლა ერთია, საქმე კი – მეორე. შენ ისეთი მომზადება გაქვს გავლილი, რომ ჩემი დავალების შესრულება არ გაგიჭირდება.

– მზად ვარ, ნებისმიერი საქმე შევასრულო, – მიუგო გოგონამ.

– მოკლედ, ასეა, ჩემო ანფისა. ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ხედავ და, კარგად იცი, რომ ჩვენი სამშობლოს მტრები ყოველი მხრიდან გვიტევენ. რა არის ამ დროს ჩვენი მოვალეობა?

– მტრების განადგურება, – თქვა გოგონამ.

– ჰოდა, მტრებს გაანადგურებ, – თქვა კალმარმა. გოგონას ვაჟა ზვიადაურის ფოტო წინ დაუდო და დაამატა: – ეს კაცი უნდა მოიხელთო და გამოტეხო, სად არის ჯაბა ჯაფარიძე, შემდეგ მოძებნო ის და მოკლა.

– ეს კაცი ვინ არის?

– ვაჟა ზვიადაური, ყოფილი მილიციელი, ჩვენი სამშობლოს მტერი. თბილისში რომ 9 აპრილს ხალხი დაიხოცა, მის კისერზეა ეს სისხლი. მან გამოიყვანა ისინი იქ, თვითონ კი გაიქცა და ბუჩქებში დაიმალა.

– ნაძირალა! – ზიზღით თქვა გოგონამ, – მოვიხელთებ. ვერსად წამივა.

– შენი იმედი მაქვს. ახლა შემდეგი: როგორც კი ჯაბა ჯაფარიძის ადგილსამყოფელს დაადგენ და მოიხელთებ, მაშინვე მოკალი და შენი დავალების პირველი ეტაპი ამით დასრულდება.

– ამ კაცის სურათი არ გაქვთ?

– ბავშვია, – ცივად თქვა კალმარმა.

– რა ხნისაა? – არც კი შემცბარა, ისე იკითხა გოგონამ.

– ოთხიოდე წლის. შენ რა, ამას მნიშვნელობას ანიჭებ?

– არანაირს, – ცინიკურად თქვა გოგონამ, – ხალხის მტერი ხალხის მტერია. გინდა, ოთხი წლის იყოს და, გინდა, ოთხი თვის.

– ყოჩაღ! სწორად აზროვნებ, – შეაქო კალმარმა გოგონა, – შენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდება და სამშობლო ამას არ დაგივიწყებს.

– ვემსახურები სამშობლოს! – გამოეჯგიმა  გოგონა კალმარს.

– არ დაგავიწყდეს ყველაზე მთავარი, ჩემო ანფისა – არანაირად არ უნდა გაიშიფრო. ვთქვათ და, ასე მოხდა, მაშინ, შენ იცი...

– რა თქმა უნდა. ეგ ყველაზე კარგად ვიცი – თავს შევწირავ საქმეს.

– კიდევ ერთი: ამ საქმის შესახებ ვიცით შენ, მე და ჩვენმა ხელმძღვანელმა. ჩვენი სახელები დაივიწყე და არსად ახსენო.

– ვიცი. არსად ვახსენებ. კოცონზეც რომ დამდონ, სამშობლოს საქმეს თავს შევაკლავ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. აი, შენი საბუთები, ფული და თვითმფრინავის ბილეთი. მაქსიმუმ, ერთ თვეში ყველაფერი უნდა დასრულდეს.

– ყველაფერს შევასრულებ! – გამოეჯგიმა ანფისა კალმარს.

ანფისა ზიკოვა კალმარს ისე ჰყავდა ფსიქოლოგიურად დამუშავებული, რომ ეს ოცდახუთი წლის გოგონა საკუთარ მშობლებსაც კი დახოცავდა. მართალია, ანფისას, დედ-მამა არასოდეს ენახა და ბავშვთა სახლში გაიზარდა, მაგრამ, რომც ჰყოლოდა, კალმარის ბრძანებით, მათაც თვალის დაუხამხამებლად მოუღებდა ბოლოს. კალმარმა ანფისა ჯერ კიდევ მილიციის სპეცსკოლაში შეათვალიერა. მის პირად საქმეს გაეცნო. გააანალიზა და მასში უშეცდომოდ ამოიცნო თავზეხელაღებული მკვლელი. მაშინ გოგონა სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის იყო და ამ დახურულ, გასაიდუმლოებულ დაწესებულებაში სპეციალური შერჩევის შედეგად მოხვდა. თავდაპირველად, კალმარი შორიდან აკვირდებოდა გოგონას, თან ყოველმხრივ უწყობდა ხელს წინსვლაში. ხოლო, ანფისა ოცი წლის რომ გახდა, კალმარი მას პირველად შეხვდა და გაეცნო. ეს შეხვედრა ანფისას ოროთახიან ბინაში შედგა, რომელიც გოგონას კალმარის ძალისხმევით მისცეს მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში.

ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა, ანფისა აუზიდან რომ დაბრუნდა. კარი გააღო. ბინაში შევიდა. შუქი აანთო და ტახტზე მჯდომ უცხო მამაკაცს მოჰკრა თვალი. ანფისა არც კი შემცბარა. სპორტული ჩანთა იატაკზე დადო. მაგიდასთან მივიდა და სკამზე დაჯდა. მაგიდის ქვეშ მას მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა დამალული და მაგიდასაც სწორედ ამიტომ მიუჯდა. კალმარს გაეცინა. ანფისას მაყუჩიანი პისტოლეტი პიჯაკის ჯიბიდან ამოაცურა, მაგიდაზე დადო, თან გოგონას უთხრა:

– აი, შენი პისტოლეტი. ყოჩაღ! რა კარგად მოგიფიქრებია. ყოველთვის მზად უნდა იყო მოულოდნელობისა და მტრების მოსაგერიებლად.

ანფისას პისტოლეტისკენ არც კი გაუხედავს, რადგან მიხვდა, რომ უცხო მამაკაცი მის მოსაკლავად არ იყო მოსული და მიუგო:

– გმადლობთ, კომპლიმენტისთვის.

– რატომ არ მეკითხები, ვინ ვარ?

– ალბათ, თვითონ მეტყვით.

კალმარმა გოგონას წითელი წიგნაკი დაანახვა და უთხრა:

– დღეიდან ამხანაგი ვასო დამიძახე. გასაგებია?

– გასაგებია, ამხანაგო ვასო, – მშვიდად მიუგო ანფისამ.

– ყავა მომიდუღე და ვისაუბროთ. ჩემი ვიზიტის მიზანს გაგაცნობ, – უთხრა კალმარმა გოგონას, თან სურნელოვანი სიგარეტი გააბოლა.

ანფისამ დაუპატიჟებელ სტუმარს საფერფლე დაუდგა. შემდეგ ყავა მიუტანა. წინ დაუჯდა და მდუმარედ მიაჩერდა.

კალმარმა დინჯად შესვა ყავა. სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა და ანფისას უთხრა:

– სამი წელია, გაკვირდები და პირდაპირ უნდა გითხრა, შენნაირი სრულყოფილი კურსანტი ჯერ არ შემხვედრია. ლამაზი ხარ, ჭკვიანი, დისციპლინირებული და შენს პროფესიაში ბადალი არ გყავს. სწორედ შენნაირები სჭირდება ჩვენს დიად სამშობლოს, რომ ვერაგი და სასტიკი მტერი ვერ მოერიოს. არადა, შენც ხომ კარგად იცი, თუ რამდენი მტერი გვახვევია?

– ვიცი, ამხანაგო ვასო. ჩვენი სამშობლო უამრავი მტრის ალყაშია და ის საზიზღრები ყველანაირად ცდილობენ ჩვენს განადგურებას. არანაკლები მტერი გვყავს ქვეყნის შიგნითაც და ისინი უფრო საშიშნი არიან, რადგან ფარულად მოქმედებენ და ამით ძირს უთხრიან ჩვენს სამშობლოს, – სხაპასხუპით მიუგო ანფისამ კალმარს გაზეპირებული ფრაზა, რომელიც იდეოლოგიის ლექციებზე შეისისხლხორცა.

– ყოჩაღ, ჩემო გოგონა, ყოჩაღ. როგორც ყოველთვის, არც ამჯერად შევმცდარვარ, – თქვა კალმარმა და განაგრძო, – სწორედ შიდა მტრების გამოაშკარავება და დასჯაა ჩვენი წმიდათაწმიდა ვალი. შენ სასტიკი იარაღი იქნები მათ წინააღმდეგ და იმედია, გაამართლებ იმ უდიდეს ნდობას, რომელიც სამშობლომ დაგაკისრა.

– გავამართლებ, ამხანაგო ვასო.

– მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. ახლა კი კარგად მომისმინე და დაიხსომე, რასაც გეტყვი.

– გისმენთ, ამხანაგო ვასო.

– ჩვენი ამ შეხვედრის შესახებ არავინ არასდროს არ უნდა გაიგოს. მაძლევ პირობას?

– პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი შეხვედრის შესახებ ვერავინ ვერასდროს შეიტყობს, – მიუგო ანფისამ კალმარს.

– ამიერიდან შენ ჩემს ბრძანებებსაც შეასრულებ. რა თქმა უნდა, იმის პარალელურად, რასაც სამსახურში დაგავალებენ. მე შენი უშუალო კურატორი ვარ შიდა მტრებთან ბრძოლის საქმეში და ამის საქმის კურსშია ჩვენი დიადი ქვეყნის მეთაური. მე, პირადად მას ვემორჩილები, შენ კი – პირადად მე, ამ საიდუმლო საქმეში. გასაგებია?

– გასაგებია, ამხანაგო ვასო.

– ჩემო ანფისა, შენ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო დავალებების შესრულება მოგიწევს. ამისთვის წინასწარვე უნდა მოემზადო, რათა გადამწყვეტ მომენტში ხელი არ აგიკანკალდეს.

– არ ამიკანკალდება, ამხანაგო ვასო.

– აი, მაგალითად, შეძლებ ჩვილი, ერთი შეხედვით უმწეო ბავშვის მოკვლას?

– რა თქმა უნდა, შევძლებ. ის უმწეო  ბავშვი ხომ ახლაა უმწეო, მაგრამ რომ გაიზრდება, ჩვენი სამშობლოს მტერი გახდება და დიდ ზიანს მოგვიტანს. ამიტომ, ბოროტება ჩანასახშივე უნდა მოსპო. ჰიტლერი რომ აკვანშივე მოეკლათ, ამდენ უბედურებას ხომ არ დაატრიალებდა ქვეყნად?

– აბსოლუტურად გამართული პასუხია. მე მჯერა შენი, – მიუგო კალმარმა ანფისას.

იმ დღიდან მოყოლებული, კალმარი ანფისას სისტემატურ ფსიქოლოგიურ დამუშავებას უტარებდა. თან, მისთვის არასასურველ ადამიანებს ახოცინებდა და ეს ყველაფერი სახელმწიფო საიდუმლოებით ჰქონდა შეფუთული. ყველაფერთან ერთად, ანფისა კალმარს ძვირფას საიდუმლო ინფორმაციებსაც აწვდიდა, რომლებსაც „ამხანაგი ვასო“ თავისი შავბნელი მიზნებისთვის იყენებდა. ხუთწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ანფისას კალმარის არცერთი დავალება არ ჩაუგდია და ყველა მათგანი უმაღლესი კატეგორიის მკვლელის დონეზე შეასრულა. თანაც, ერთხელაც არ დაეჭვებულა კალმარში და დარწმუნებული იყო, რომ ამ საშინელებას მას სახელმწიფოს პირველი პირი ავალებდა. თავის მხრივ, კალმარიც დარწმუნებული იყო ანფისაში და სწორედ ამიტომ დაავალა პატარა ჯაბა ჯაფარიძისა და ვაჟა ზვიადაურის ლიკვიდაცია.

– მოკლედ ასე, ჩემო გოგონა. მოძებნი ამ საზიზღრებს და ყოველგვარი სიბრალულის გარეშე მოსპობ, – კიდევ ერთხელ გაუმეორა კალმარმა ანფისა ზიკოვას. შემდეგ გამოემშვიდობა და საკუთარი აგარაკიდან გაისტუმრა.

***

ივლისის დასაწყისში ვაჟა ზვიადაური თავის საცოლეზე, ნინოზე დაქორწინდა. ნინო ქირურგი იყო და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა. ახალდაქორწინებულებმა ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე მოაწერეს ხელი. შემდეგ ვაჟას ბინაში ათკაციანი სუფრა გაშალეს, რომელზეც უახლოესი ადამიანები მიიწვიეს. სუფრას მერაბ გამრეკელი თამადობდა. ქორწილის მიუხედავად, სუფრასთან შეკრებილებს დიდად არ უმხიარულიათ და ყველაფერმა ზომიერად ჩაიარა. სტუმრები რომ აიშალნენ, თამადამ ვაჟა ზვიადაური გვერდით გაიხმო და ჰკითხა:

– რა ჰქენი, ვაჟა?

– ჯაბაზე მეკითხებით, ბატონო მერაბ?

– კი. ჯაბაზე.

– ყველა საბუთი მზადაა და ხვალ ახალ მეტრიკას ავუღებ. ოფიციალურად ის უკვე ჩემი შვილია.

– ნინო როგორ შეხვდა ამ ამბავს, ხომ არ ეწყინა?

– არა. რას ამბობთ, ბატონო მერაბ. პირიქით. ჯაბას საკუთარ შვილად მიიჩნევს. ბავშვიც ისე შეეჩვია მას, რომ ნინოს გარეშე წამსაც ვერ ძლებს.

 – ძალიან კარგი. ეჭვიც არ მეპარებოდა ამაში.

– ერთი კია, რომ შეცდომა ხომ არ დავუშვი, ჯაბა რომ ჩემს გვარზე გადმოვიყვანე, – შეიშმუშნა ზვიადაური და დაამატა, – ისე ხომ არ გამომდის, რომ ჯაბას თავის ნამდვილ მშობლებს ვავიწყებ.

– გაიზრდება და ყველაფერს მოუყვები. ახლა კი ასეა საჭირო. ხომ ხედავ, რა  ხდება. ჯაბასთვის ჯობია ასე. უფრო უსაფრთხოდ იქნება, –  თქვა გამრეკელმა და ირგვლივ მიმოიხედა, – ბინა?

– ამ ბინას გავყიდი და სადმე, გარეუბანში გადავალთ, რომ არავინ გვიცნოს. მანამდე კი ნინოსთან ვიცხოვრებთ.

– კარგი, ჩემო კარგო. წავედით ახლა, აბა, თქვენ იცით. ბავშვს მიხედეთ და ძალიან ფრთხილად იყავით, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს. შემდეგ, კოტე სოხაძესთან და ნოე ბუცხრიკიძესთან ერთად, ვაჟას მეუღლეს გამოემშვიდობა და მათთან ერთად წავიდა.

სტუმრები რომ გააცილა, ზვიადაური სახლში შებრუნდა, დედას და მეუღლეს ხელები მოჰხვია და იკითხა:

– ჯაბას სძინავს?

– ისე ტკილად სძინავს, ეტყობა, ფერად-ფერადი სიზმრები ესიზმრება, – დაამშვიდა ვაჟა დედამ, – თქვენც დაწექით. მე კი სუფრას ავალაგებ.

– რას ბრძანებთ, დეიდა ქეთო, თქვენ მოისვენეთ, საქმეს კი მე მივხედავ, – მიუგო ნინომ დედამთილს, გაუღიმა და მხარზე მიეფერა.

კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ვაჟამ კედლის საათს შეხედა, რომელიც ღამის ორის ნახევარს უჩვენებდა. ზვიადაური დაიძაბა. დედას და მეუღლეს უთხრა, – მე გავაღებო, შემდეგ „გლაზოკში“ გაიხედა უცნობ გოგონას მოჰკრა თვალი და კარი გამოაღო.

– უკაცრავად, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ თქვენგან ხმები გამოდიოდა. ვიფიქრე, არ ეძინებათ-მეთქი და ამიტომ შეგაწუხეთ, – რუსულად უთხრა გოგონამ ზვიადაურს და შეიშმუშნა.

– რით შემიძლია, გემსახუროთ? – ჰკითხა ვაჟამ გოგონას.

– გოგონამ ზურგსუკან გამოღებული კარისკენ ხელი გაიშვირა და ვაჟას უთხრა:

– მე დეიდა ნინას შორეული ნათესავი ვარ და ანა მქვია. ამ საღამოს ჩამოვფრინდი კიევიდან. იცით, მგონი, დეიდა ნინას წნევამ აუწია და აპარატი ხომ არ გექნებათ, რომ გავუზომო? კი მითხრა, მეზობლებს ნუ შეაწუხებო, მაგრამ შემეშინდა, რამე არ მოუვიდეს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3