კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-52(731) 

ლენუკა კარისკენ გაიქცა და მონატრებულ შვილს მოეხვია:

– რადგან ჩამოხვედი, რადგან უკვე ჩემ გვერდით ხარ... სანდრო, ჩემო საყვარელო, ისე ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, ვაითუ დაეზაროს და ჩემს პრობლემებთან, პირისპირ მარტო აღმოვჩნდე-მეთქი!..  

– არა, ლენუკა, მარტო როგორ დაგტოვებდი. ეგერვე დავჯავშნე ბილეთი და როგორც კი მოვახერხე, წამოვედი. ისე, ცუდად არ გამოიყურები, სანდრომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დედა დაკვირვებით შეათვალიერა. 

– უკეთესად ვიქნებოდი, მამაშენს რომ არ გავენადგურებინე და გავემწარებინე! დეგენერატი, არაკაცი! იმაზე ნაძირალა გამოდგა, ვიდრე წარმოვიდგენდი. გაგიჟდები, როცა ყველაფერს მოგიყვები. 

– მაჭამე რამე, ცოტას დავისვენებ და ყურადღებით მოგისმენ. ისე, კი შევატყვე, არეული რომ იყო – იქ, ჩემთან რომ ბრძანდებოდა. ვერ გავიგე, ან, რისთვის ჩამოვიდა და ან რატომ გამოიქცა ასე უცებ. 

ლენუკამ თვალები მოჭუტა:

– სწორედ მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ. ეჭვი მაქვს, რომ ის  ვიღაც ძუკნა თან ჰყავდა. 

სანდრომ თავი გააქნია:

– არა, გამორიცხულია. 

 – ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? – უკმაყოფილოდ შეეცვალა სახე ქალს. 

– იმიტომ, რომ ვიცი. სასტუმროში არ დაბინავებულა, ჩემთან და ტომასთან ცხოვრობდა. ქალთან ერთად რომ ყოფილიყო, მარტო ხომ არ დატოვებდა?

– დატოვებდა. კონსპირაციის მიზნით. შენ ცუდად იცნობ მამაშენს. დღისითაც შენ გვერდით ხომ არ იყო... საზიზღარი! თვალებს გიბამდა... დღისით მასთან დაძვრებოდა, მერე კი შენთან მოდიოდა და „სუფთა სინდისით” იძინებდა. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ისე ვმწარდები, ლამის ჩავჯდე მანქანაში, მივუვარდე და მოვკლა!..  

– მოიცა, მართლა წავიდა სახლიდან? – გაოცებით იკითხა სანდრომ.

ლენუკამ ამოიოხრა და ხელები გაშალა, აქაოდა, მიიხედ-მოიხედე, ხედავ სადმე კოტესო?!

სწორედ ამ დროს სამზარეულოდან მარიკა გამოვარდა და სანდროს ჩაეხუტა:

– როგორ გამიხარდა! თვალებს არ ვუჯერებ! ძალიან მომენატრე... ხომ კარგად იმგზავრე, ჩემო საყვარელო? დაიღლებოდი. შენი საყვარელი ვაშლის ღვეზელი გამოვაცხვე და კატლეტები გაგიკეთე პიურეთი – ბავშვობაში ყველა სხვა საჭმელს გერჩივნა. 

– ახლაც მირჩევნია, – გაიღიმა ბიჭმა და მარიკას ლოყაზე აკოცა, – კარგია, შენ რომ მაინც ჰყავხარ დედაჩემს და არ მიგიტოვებია.

– რას ამბობ, სანდრიკო! თქვენ ჩემი ოჯახი ხართ, არასოდეს მიგატოვებთ, – თვალები აუცრემლდა ქალს. 

– კარგი, მარიკა, გააწყვე სუფრა და ჩვენც ახლავე  მოვალთ, – ლენუკა გაჩუმდა და, როცა მარიკამ სასტუმრო ოთახის კარი გაიხურა, შვილს ხმადაბლა გადაულაპარაკა:

– შენ მთავარი არ იცი. რომ ვამბობდი, საყვარელი ჰყავს-მეთქი და  მიმტკიცებდი, შენი ფანტაზიის ნაყოფიაო... თიკოსთან დაბრძანდებოდა, თურმე, ვაჟბატონი!

სანდრომ ერთბაშად ვერ გაიაზრა და გააცნობიერა დედის ნათქვამი. ლენუკამ სიტყვა შეაშველა:

– აი, ხედავ? შენც შოკში ხარ, იმდენად წარმოუდგენლად მიგაჩნია მამაშენის რომანი ჩემს დაქალთან. არადა, ორი წელი მაყრიდნენ ნაცარს თვალებში, ორი წელი...

– თიკოსთან ჰქონდა რომანი? დარწმუნებული ხარ? ვერ ვიჯერებ,  – თავი გადააქნია სანდრომ.

– მეც თავი სიზმარში მგონია... ნაძირალა! თვითონ მითხრა, კოტეს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. გამომიტყდა, სინდისმა შეაწუხა. სასაცილო იქნებოდა,  სატირალი რომ არ იყოს. 

– ესე იგი, ახლა თიკოსთან არის?

– არა, ისევ ვერაფერი გაიგე. თიკო გათხოვდა სხვა კაცზე, ჩემს ყოფილ თაყვანისმცემელზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მამაშენი ისეთი „ყოჩაღი” აღმოჩნდა, ამ ასაკში შეყვარებაც კი მოასწრო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომახსენა – შეყვარებული ვარ, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია და, თავისუფლება მჭირდება, რომ დარჩენილი ცხოვრება იმ ადამიანთან გავატარო, რომელიც გამაბედნიერებსო. მზად ვარ, ამისათვის იმ ქონების დიდ ნაწილსაც შეველიო, რაც მიშოვიაო...

– გაუფრენია მაგას, – წაუსტვინა სანდრომ, – ამას ნამდვილად არ ველოდი. ანუ, ახლა სასტუმროშია თუ თავის შეყვარებულთან? რა ვქნა, მეცინება – კოტე და მისი შეყვარებული! 

– ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა და ხმამღლა გაიცინა. 

– სულაც არ არის სასაცილო. – მოიღუშა ლენუკა, – იცოდე, ლონდონში გამგზავრება კი არა, ირლანდიაც უკან დაგრჩება, თუ ის ძუკნა მამაშენის ფულებს მოაჯდა. 

სანდროს სახე შეეცვალა: 

– მართალი ხარ, რაღაც უნდა ვიღონოთ, მაგრამ რა?

– ჯერ დაურეკე და დაელაპარაკე. 

– კარგი, დავურეკავ, მაგრამ, ჯერ ცოტა უნდა დავისვენო. მაჭამეთ რამე, ერთი-ორი საათით დავიძინებ და მერე დავურეკავ. 

– მერე გვიანი არ იქნება? ცხრა საათია უკვე. 

– დედა, თუ არ დავისვენე, ისეთი დაღლილი ვარ, აზრებს თავს ვერ მოვუყრი. ერთი დღე ბევრს არაფერს შეცვლის. 

... კოტემ ფრთხილად გამოაცალა მკლავი მის გვერდით მძინარე დიანას და მზრუნველად ამოუკეცა საბანი. მერე აწკრიალებულ მობილურს სტაცა ხელი, იღლიაში ამოიდო, მისი ხმა რომ ჩაეხშო და ფეხაკრეფით გაიპარა ოთახიდან, თუმცა, კარი არ მიუხურავს, ისე უპასუხა ზარს, ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით. დეამ თვალები გაახილა, მერე ისევ დახუჭა და სმენად იქცა. სიტყვებს ძნელად არჩევდა, მითუმეტეს,  მისთვის უცნობ ენაზე ნათქვამს, მაგრამ რამდენჯერმე ნახსენებმა სახელმა – სანდრომ, მიახვედრა, რომ კოტე შვილს ელაპარაკებოდა. 

– გაიღვიძე? მე გაგაღვიძე? 

დიანამ პასუხად მხოლოდ გაიღიმა და ლოგინში ფეხმორთხმით წამოჯდა. 

კაცმა შუბლზე ჩამოშლილი თმა შეუსწორა და ალერსით გადაუსვა თავზე ხელი. 

– არ ვიცი, როგორ გესმის ჩემი, როგორ გაგებინებ ჩემი დამტვრეულ-გასაცოდავებული ინგლისურით, მაგრამ სიცოცხლეს დავთმობ შენთვის. არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. არც მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავზე ხდება... რომ შეიძლებოდეს, არასოდეს მოგცილდებოდი გვერდიდან, ვიჯდებოდი აი, ასე და გიყურებდი, მაგრამ, ერთად რომ ვიყოთ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდი. უპირველესად კი, მინდა ვიცოდე, რისი იმედი უნდა მქონდეს. შენთან დაშორება ჩემი სიკვდილის ტოლფასი იქნება. დარჩები და გამომყვები ცოლად?

დიანამ მხოლოდ გაიღიმა, სულ ოდნავ, ტუჩის კუთხეებით. 

– დიანა, უნდა ვიცოდე, რა მელის, მუდარით ჰკითხა კაცმა.

– დამირეკე და ჩამოვედი – ეს არ არის პასუხი? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა დიანამ და თვალები ისე მოწკურა, კოტეს ლამის გული გაუჩერდა.  

– როგორ წავიდე და დაგტოვო? არადა, წაუსვლელობაც არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. უპირველესად, მობილურის სიმ-ბარათი უნდა გიყიდო, რომ შენთან დაკავშირება შევძლო, როცა გასული ვიქნები.

დიანამ თავი დაუქნია. როცა კოტე სააბაზანაში გავიდა, მისი მობილური აიღო, შემოსული ზარებიდან  უკანასკნელი დარეკილი ნახა, ნომერი სწრაფად ამოიწერა და ტელეფონი ისევ თავის ადგილას დადო.  

...სანდროს ერთი სული ჰქონდა, ლენუკას ხელიდან დასხლტომოდა და დიანას მოსაძებნად წასულიყო. ჯერ იფიქრა, რომელიმე მეგობრისთვის ეთხოვა დახმარება, მერე ამაზე უარი თქვა – არ ჰქონდა მთელი ამბის მოყოლის თავი, თან, რაღაც ეგოისტური განცდა გაუჩნდა – არ უნდოდა დიანა ვინმესთვის გაეცნო. 

– რა ქენი, ელაპარაკე? – დადარაჯებულივით ჰკითხა საძინებლიდან გამოსულმა ლენუკამ. 

– ჰო, წავალ ახლა და შევხვდები – იცრუა სანდრომ. კოტეს კი ესაუბრა, მაგრამ მას შვილთან ასე სწრაფად შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს. ასე უთხრა, ჯერ საქმე მაქვს და მოგვიანებით თავადვე დაგირეკავო. 

– ანუ, ახლა მასთან მიდიხარ სახლში? – დაზუსტება მოინდომა ლენუკამ, – მეც წამოვალ. ახლავე ჩავიცვამ, დამელოდე.  

სანდროს ელდა ეცა: 

– მოიცა, შენ არ უნდა წამოხვიდე, ყველაფერს გააფუჭებ, დამიჯერე. ლენუკა, მომისმინე, მარტო უნდა დაველაპარაკო კოტეს. შენი ამბავი რომ ვიცი, თავს ევრ შეიკავებ, დაუწყებ ლანძღვას, მერე ისიც გეტყვის რაღაცას და, იმის ნაცვლად, რომ რამე გავარკვიო, თქვენ გამიხდებით გასაშველებელი. დამაცადე, რა!

– რომ მაინტერესებს, ვინ არის ის ძუკნა? – გაჯიუტდა ლენუკა. 

– აუ, რატომ აქვს ამას შენთვის ასეთი მნიშვნელობა? სულერთია, ვინც არ უნდა იყოს, პრობლემა კოტეშია და არა იმ ქალში. 

– რას ეტყვი?

– ჯერ იმას უნდა მოვუსმინო – მაინტერესებს, რას მეტყვის. მანქანას ხომ მათხოვებ? 

– რა თქმა უნდა. გამომართვი გასაღები. ოღონდ, არ დაიკარგო, თორემ, მოვკვდები ინტერესით. 

კოტეს ნება რომ ყოფილიყო, ყველას და ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებდა და გვერდიდან არ მოსცილდებოდა დიანას. არ სჯეროდა საკუთარი ბედნიერების. ცოლად რომ შეირთავდა, ეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მაგრამ, ჯერ ლენუკას უნდა გაჰყროდა, რაც აშკარად არ იქნებოდა მარტივი, მით უმეტეს – ახლა, როცა ლენუკამ დამხმარე ძალად სანდრო გამოიძახა და გაშლილი ფრონტით აპირებდა შეტევაზე გადასვლას. ამიტომაც, ჯერ პირადი ადვოკატისკენ აიღო გეზი. 

– რამდენ ხანს გასტანს გაყრის პროცესი, თუკი ლენუკას დაყოლიებას ვერ შევძლებთ, რომ მშვიდად გამეყაროს? 

ადვოკატმა ხელები გაშალა:

– ბატონო კოტე, იქნებ, მე დაველაპარაკო ქალბატონ ელენეს? სხვა შემთხვევაში, გაყრის პროცესი მინიმუმ სამი თვე მაინც გაჭიანურდება, გააჩნია, მოსამართლე გონივრულ ვადად რა პერიოდს მიიჩნევს. ხვდებით, ხომ, რას ვგულისხმობ? ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა მოსინჯოთ და ქალბატონ ელენეს მისთვის ხელსაყრელი პირობები შესთავაზოთ. თუ მასთან შეხვედრის სურვილი არ გაქვთ, და მე მესმის თქვენი, მე დაველაპარაკები. მივალ მასთან. 

კოტემ თავი გაააქნია:

– ქალბატონი ელენე ვირივით ჯიუტია. არაფერი გამოვა და ტყუილად დროს დავკარგავთ. პირდაპირ სასამართლოში შეიტანე სარჩელი – სხვა გზა არ გვაქვს. შენი კავშირები გამოიყენე, რომ პროცესი დავაჩქაროთ. ქონებაზე რას იტყვი, დამტოვებს ცარიელს?

ადვოკატმა გაიღიმა:

– მანდ, მგონი, უკეთესად გვაქვს საქმე. თქვენ საქორწინო კონტრაქტი არ დაგიდევთ და ეს კარგია. მოვახერხებ, მნიშვნელოვანი ნაწილი, თქვენი აქტივებისა გადავარჩინო და ბინაზეც ვიდავო. 

– არა, არა, ბინა მას დარჩეს, აგარაკზეც არ მაქვს პრეტენზია, მე ცოცხალი ფული მჭირდება. შენც კარგად გადაგიხდი, თუკი ყველაფერი გამოგივა. არ მინდა ლენუკამ ძალიან შეუშალოს ხელი ჩემს მომავალ ბედნიერებას. მოგვიანებით კომპანიის გასხვისებაზეც ვიფიქრე. შეიძლება, საერთოდ გავემგზავრო აქედან.

...სანდრო გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. მისმა მცდელობამ, დიანასთვის რომელიმე სასტუმროში მიეგნო, უშედეგოდ ჩაიარა, თუმცა, იმედი არ გადაუწურავს, მხოლოდ ხუთი სასტუმროს ნახვა მოასწრო. ჯერ პატარა სასტუმროებით დაიწყო – ასე უფრო ადვილად მოეჩვენა. ახლა საქმე მხოლოდ დროში იყო. ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ დიანას ვერ იპოვიდა.   

ლენუკა სიგარეტით და ყავის ფინჯნით ხელში ელოდა. სიგარეტი სწრაფად დასრისა საფერფლეზე და შვილს მიეგება:

– აბა, რა ქენი?

– რას გულისხმობ? – დაღლილი ხმით ჰკითხა სანდრომ და დივანზე გვერდით მიუჯდა. 

– რას ნიშნავს, რას ვგულისხმობ? მამაშენს ელაპარაკე?

– ვერ ვნახე დღეს კოტე. ოღონდ, არ დამიწყო ახლა, ძალიან გთხოვ, ხვალ აუცილებლად შევხვდები. 

– გამაგებინე, არ შეგხვდა? 

– ჰო, ასე გამოვიდა, – უხალისოდ უპასუხა სანდრომ – რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ, საქმე მაქვსო და ოფისში ან ბინაში ხომ არ მივადგებოდი. 

– კი მაგრამ, რა პრობლემა იყო? ვერ გავიგე, ისევ ჩვენ უნდა ვებოდიშებოდეთ?!

– ლენუკა, ჯერჯერობით არ გვიღირს სიტუაციის გამწვავება, დამიჯერე. ხომ არ ვიცით, რას აპირებს? 

– გითხარი, რასაც აპირებს. რა ჩემი არ გჯერა? მეყრება, ცოლად ირთავს ვიღაც ძუკნას და აღარც შენი ბედი ადარდებს. დარწმუნებული ვარ, ახლა ადვოკატთან ერთად ადგენს გეგმებს, როგორ დაგვტოვოს მშრალზე. 

– არ გამოუვა, ნუ გეშინია. მამაჩემი არც ისეთი სულელია. თანაც, თუ სწორად მახსოვს, ყველაფერი შენს სახელზე აქვს გაფორმებული. 

– მერე რა, კოტე კიტია ყველაფერზეა წამსვლელი, თუ დასჭირდა, – ამოიოხრა ლენუკამ, – ღმერთო, როგორ ვიფიქრებდი, რომ ასეთი ცხოვრება მექნებოდა?! ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდება ახლობელი ადამიანების სითბო და სიყვარული, სულ მთლად მარტო ვრჩები. 

– მე შენ გვერდით არ ვარ? – ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა სანდრომ და შეაჟრჟოლა იმის გაფიქრებაზე, როგორი რეაქცია ექნებოდა ლენუკას, თბილისში შვილის ჩამოსვლის ჭეშმარიტი მიზეზი რომ გაეგო. უსამართლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ, დედის ბედი არ ადარდებდა, მაგრამ, დიანა მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის. 

 ტელეფონმა თერთმეტი საათისთვის დარეკა. სანდროს ჯერ კიდევ ეძინა და ძილ-ღვიძილში მყოფი ერთბაშად ვერ გამოერკვია. ვერც ხმაზე იცნო, ვინ ურეკავდა.

– ალექსანდრე, გესმის ჩემი? დიანა ვარ... თბილისში ვარ და შენი დახმარება მჭირდება, ალექსანდრე...

სანდრო შეშლილივით წამოხტა. იმ წუთში სასწაულის, ღმერთის, სამყაროს მარადიულობის – ყველაფრის ერთად იწამა. დეამ თავად დაურეკა და ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. არც უფიქრია, საიდან შეიძლებოდა, სცოდნოდა დიანას მისი თბილისის მობილურის ნომერი – ამას  უკვე აღარც ჰქონდა მნიშვნელობა... 

 

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3