კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე უნდა დავწეროთ შობის ღამეს შობის ანგელოზისთვის განკუთვნილი სურვილები და როგორ განდევნიან ამ დღეს ეშმაკებს მოგვების მიერ მაცხოვრისთვის მიტანილი ძღვენით

იესო ქრისტეს შობის ღამეს მთელ სამყაროში დიდი სასწაულები აღესრულა: გამოქვაბულში უეცრად ქვიდან წყარომ ამოხეთქა; რომში  მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა; წარმართული ტაძარი, რომელსაც „მარადიულს” ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა, მაგრამ, ყველაზე დიდი სასწაული იყო ანგელოზების გამოცხადება, რომლებმაც მწყემსებს მაცხოვრის შობა აუწყეს: „ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის, რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“. მთავარანგელოზმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას. ზეციდან კი ანგელოზების გალობის ხმა გაისმა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. გადმოცემის თანახმად,  შობის ვარსკვლავი მაშინ აინთო ბაბილონის თავზე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ქვეყნიერების მხსნელი. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოჰყვნენ მოგვები, რათა შობილი მაცხოვრისთვის თაყვანი ეცათ და ახალშობილ იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს: ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს. გადმოცემის თანახმად, მოგვთა ძღვენი ათონის მთაზე ინახება,  წმიდა პავლეს ტაძარში. ოქრომ ჩვენამდე ფირფიტების სახით მოაღწია; გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ და ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან. ბეთლემში კი, ქრისტეს შობის ადგილას, დღემდე არსებობს   უამრავი ლამაზი ტრადიცია, რომლებიც შობის ანგელოზს უკავშირდება. 

დავით გაჩეჩილაძე (საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, მხატვარი): „თბილისელების” ყველა მკითხველს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელმაც ბაგაში დაბადებით მოგვცა მაგალითი, თუ როგორი თავმდაბალი უნდა იყოს ადამიანი. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ შობის მარხვაში ჩვენც თავიდან უნდა ვიშვათ მაცხოვართან ერთად, ჯვარს ვაცვათ ჩვენი ცოდვები და დავიბადოთ როგორც ახლად შობილი ყრმები. შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შინაარსიც სწორედ ეს არის – ადამიანი განახლებული ყრმასავით უცოდველი უნდა დაიბადოს. 

სამწუხაროდ, საშობაო და საახალწლო ტრადიციებს ბევრი უარყოფითი ნიშანი შეჰმატა ჩვენმა ეპოქამ, გლობალიზაციამ. მაგალითად, დღევანდელი სანტა კლაუსი, რომელიც თეთრ და წითელ ფერებშია გამოწყობილი, „კოკა-კოლას” სარეკლამო სახე იყო, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა. იდეაში კი სანტა კლაუსი თავდაპირველად განასახიერებდა წმიდა ნიკოლოზს (სანტა – წმიდა, კლაუსი – ნიკოლაუსი) და მას ლურჯი ან მწვანე ფერის სამოსი ეცვა როგორც მღვდელმთავარს. წმიდა ნიკოლოზი გაჭირვებულთა მოწყალე და შემწე იყო და ბევრ ადამიანს უსრულებდა სურვილებს. ის ხშირად კარის ზღურბლზე ტოვებდა ქისით ფულს, ფანჯრიდან უგდება ფულით სავსე ქისას მათ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ასე თანდათანობით, წმიდა ნიკოლოზის სახე სანტა კლაუსად გადაიქცა და, შობის ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად  ადამიანები საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე.

– როგორ ხვდებიან ბეთლემში მაცხოვრის შობას? 

 – ბეთლემში შობის ღამეს იკრიბებიან მთელი მსოფლიოდან ჩასული ადამიანები: კოპტები, მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები, სხვათა შორის, მუსლიმანების გარკვეული ნაწილიც. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ტრადიცია აქვს შობასთან დაკავშირებით. შობის დღესასწაულის აღნიშვნა ბეთლემში 6 იანვარს იწყებოდა. ძველად პატრიარქი მობრძანდებოდა ფეხით და ამას დაახლოებით 2 საათს ანდომებდა. ახლა ავტომობილებით მოდიან და მას მოჰყვებიან მორწმუნეები, რომლებიც, მანათობლებით მორთულები, სანთლებით ხელში ხარობენ მაცხოვრის შობას. შობის დღესასწაულზე ძალიან საინტერესოა იერუსალიმში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დღესასწაული: სასულე ორკესტრის საზეიმო მსვლელობა საყვირებითა და დოლებით, რასაც თან ახლავს ტრადიცული სპექტაკლები, როდესაც ბავშვები ასახიერებენ ქრისტეს შობას, გალობენ „ალილოს” და ამ ყველაფერს თეატრალიზებული, შოუს სახე აქვს. მართლმადიდებლები არაბი ბავშვები კი  მწყემსის ფორმაში არიან გამოწყობილები და, დიდი დოლებითა და დაფდაფებით, ხმაურით, სიმღერით აცნობენ შობის მოახლოებას. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ყველაფერი წყნარდება და ემზადებიან წირვისთვის, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი აღასრულებს. რეალურად, ბეთლემში აღესრულება ორი წირვა: ერთი – დიდი საზეიმო წირვა, მეორე კი, შედარებით მცირე – ტაძარში, სადაც ბაგა იყო და სადაც 50-მდე კაცი ძლივს ეტევა. ამ დღეს უამრავი მომლოცველი ჩამოდის, რათა დაესწრონ მაცხოვრის შობის ადგილას აღსრულებულ წირვას. მწყემსების, თოვლის ბაბუების, თოვლის დედოფლის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები ამ დღეს აღნიშნავენ ბეთლემის მანათობელი ვარსკვლავებით ხელში, რომლებიც სპეციალურად შობისთვის იყიდება. მაგრამ, შობის აღნიშვნა 7 იანვარს არ მთავრდება, დღესასწაული დაახლოებით 40 დღეს გრძელდება. მომლოცველები მეორე, მესამე დღეს მიდიან იმ მინდორში, სადაც მწყემსებს ანგელოზებმა ამცნეს ღვთის შობის სიხარული; ასევე, იმ გამოქვაბულში, სადაც ცხოვრობდა ღვთისმშობელი ყრმა მაცხოვართან ერთად და სადაც მოგვებმა მიართვეს მაცხოვარს ძღვენი. გარდა ამისა, ასევე, არსებობს ერთი ძალიან საინტერესო მართლმადიდებლური ტრადიცია – სურვილების დაწერისა და შობის ანგელოზის ხატთან ამ სურვილების დატოვებისა. ჩვენმა უწმიდესმა  და უნატარესმა თავის ქადაგებაში თქვა: როდესაც პატარები ვიყავით, ჩემი მშობლები წერილებს გვაწერინებდნენ ანგელოზის სახელზე და ფანჯარაზე გვადებინებდნენ. შობას დილით მობრძანდებოდა ანგელოზი, რომელიც ამ სურვილებს გვისრულებდა. თქვენ რა გგონიათ, ამ სურვილებს ჩვენი მშობლები ასრულებდნენ?! არა, მას ასრულებდა ანგელოზი, ჩვენი მშობლების ხელითო. მართლაც ასეა. როდესაც ბავშვს სჯერა თოვლის ბაბუის, სანტა კლაუსის და შემდეგ იგებს, რომ ის არ არსებობს, ამ დროს იმედგაცრუებასა და სულიერ ტკივილს იღებს. თუ ჩვენ პატარა ბავშვს ვასწავლით, რომ არსებობს მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც შობას სურვილებს ასრულებს (არა მხოლოდ შობას) და შეუძლია, მას წერილი მისწეროს, სურვილებით მიმართოს უფალს, მფარველ ანგელოზს, ამით ჩვენ ბავშვს დიდი იმედგაცრუების ნაცვლად, დიდ იმედგამართლებას მივცემთ. ყრმობიდან შევასწავლით სასოებას, ღმერთთან, მფარველ ანგელოზთან ურთიერთობას და საუბარს უფალთან. სწორედ ამის გამო, დაახლოებით ხუთი წლის წინ, ჩემი საავტორო დიზაინით დავამზადებინე მფარველი ანგელოზის ხატები (რომელსაც ნაძვის ხის მრგვალი სათამაშოს ფორმა აქვს), თავისი ლამაზი წითელი ბაფთით, უკანა მხარეს წერია ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი და მასზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაწეროს თავისი სურვილები. ეს ტრადიცია იმდენად მოეწონათ ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, რომ ძალიან ბევრი კეთილი სურვილის ასრულება მოხდა. ხშირად ხომ, ჩვენთვის საოცნებო და ერთი შეხედვით შეუძლებელი, სამყაროს მასშტაბით ძალიან მარტივად შესასრულებელია, ისევე, როგორც ჩვენ გვიადვილდება ჩვენი პატარების დაჯილდოება მათთვის საოცნებო ტკბილეულითა და საჩუქრებით. უკვე სამი წელია, ჩვენი საქველმოქმედო კავშირი „კეთილი ფონდის კეთილი ფერიები” საშობაო სურვილებს უსრულებს უნარშეზღუდულ ბავშვებსა და მოხუცებულთა თავშესაფრის მდგმურებს; ჩვენი კეთილი ფერიები შობის ანგელოზის სახელზე სურვილებს აწერინებენ მათ და შობის ღამეს ყოველთვის ხდება სასწაული – სურვილები ასრულდება ხოლმე. შობის ანგელოზები ჭეშმარიტად არსებობენ და ისინი მუდმივად ასრულებენ ჩვენს გულწრფელ სურვილებს. შობის ანგელოზის ხატები არის საშუალება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუადვილოთ მათი სურვილების ასრულება. შობას ხომ ყოველთვის ხდება სასწაულები. შობის ანგელოზმა უნდა დაიმკვიდროს ჩვენში, ამიტომ, შობის ანგელოზის ხატის დახმარებით, ჩვენ ვცდილობთ, ყველა ოჯახში დაიმკვიდროს შობის მადლმა. ამიტომაც, კარგია, თუ ნაძვის ხეზე ან ჩიჩილაკზე სათამაშოების გვერდით დაბრძანებული იქნება ოჯახის ყველა წევრის სახელზე შობის ანგელოზი, შესაბამისი სურვილებით, რათა ყოველივე აღესრულოს ნებითა უფლისა. 

 რაც მთავარია, ეს არის დღე, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქველმოქმედება, სიკეთის კეთება და ამაზე მიუთითებს „ალილოს” ტრადიციაც. მაგალითად, უკრაინაში 6 იანვარს საღამოს მზადდება სამარხვო ტრაპეზი და შემდეგ ხდება მისი გაცემა, სხვებისთვის გაზიარება – ცხელ-ცხელი კერძებით უმასპინძლდებიან უპატრონოებს, გაჭირვებულებს, სრულიად უცნობ ადამიანებს. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ძალიან სწორი და მისაღებია და, კარგი იქნება, თუ ამაში ჩვენც მივბაძავთ. ასე რომ, ვაკეთოთ სიკეთე, გავანდოთ ბეთლემის შობის ანგელოზს ჩვენი და  ჩვენი შვილების ოცნება და ის აუცილებლად აგვისრულდება. 

скачать dle 11.3