როგორ დავიცვათ ზამთარში სახისა და ხელის კანი გამოშრობისგან და რა პრობლემებს უქმნის ადამიანს ცივ სეზონზე არასწორად შერჩეული კოსმეტიკა
ზამთარში იმატა ამ სეზონისთვის დამახასიათებელმა დაავადებებმა. იმის შესახებ, თუ რა გართულებებს იწვევს ამ მხრივ კლიმატური ცვლილება, როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს და რომელი პროფილაქტიკური მეთოდები გამოვიყენოთ, საინტერესო და გასათვალისწინებელ რჩევებს მოგცემთ ექიმი-დერმატოლოგი ქეთევან ბერიანიძე.
– როგორ მოვუაროთ სიცივეში კანს, რომ არ გამოშრეს და ელასტიკურობა არ დაკარგოს?
– საკმაოდ აცივდა და, შესაბამისად, გახშირდა სიცივით გამოწვეული კანის პრობლემებიც. ამიტომ, აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ სახის კანი და თავიდან ავიცილოთ ის დაავადებები, რომლებიც სეზონურად მწვავდება. ცივ სეზონზე კანის მოვლის ძირითადი პრინციპებია: დატენიანება, კვება, დაცვა გარე ფაქტორებისგან, მაგალითად, ყინვისა და ქარისგან. დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით კანი ადვილად შრება, კარგავს ტონუსს, ელასტიკურობას და, შესაძლოა, გაჩნდეს ნაადრევი ნაოჭებიც. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ კანი და როგორ მოვახდინოთ მაქსიმალური ადაპტაცია დაბალ ტემპერატურასთან სპეციალური დამცავი კრემების და ნიღბების საშუალებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თავის მოვლის ნებისმიერი საშუალება, რომელიც შეიცავს წყალს, დამატენიანებელი კრემი იქნება ეს, ტონალური თუ სხვა, გამოიყენება სახლიდან გასვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, რადგან მასში შემავალი ტენი ხელს შეუწყობს კანის გადაცივებას, რაც, თავის მხრივ, არღვევს აღდგენის პროცესებს, ამის გამო კი კანი იწყებს აქერცვლას და ჩნდება ქავილის შეგრძნება. რადგან ზამთრის პირობებში ადამიანის კანი ძალიან შრება, ყოველ საღამოს გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან გელი, რომელთა შემადგენლობაშიც, სასურველია, შედიოდეს ლეციტინი და ჰიალურონის მჟავა. ხოლო, დილით, სახლიდან გასვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, გამოიყენეთ ცხიმიანი დამცავი და მკვებავი კრემები, რომლის ზემოდანაც დასაშვებია ტონალურიც გადაისვათ, ან – მშრალი კომპაქტური პუდრი, რომელსაც, გარდა დეკორატიული ეფექტისა, დამცავი ფუნქციაც ექნება. მაკიაჟის მოსაშორებლად კი მოერიდეთ სახის ხშირ დაბანას; ამ მიზნით, სასურველია, გამოიყენოთ რძე-ტონიკი. ასევე, ამ სეზონზე დიდი როლი აკისრია ნიღბებს, რომელთა შემადგენლობაშიც, სასურველია, შედიოდეს კვერცხის გული, ხაჭო, ვიტამინები და მცენარეული ზეთი.
– სახის კანის ტიპის მიხედვით, როგორ შევარჩიოთ ზამთარში დამცავი საშუალებები?
– რაც შეეხება კანის ტიპის მიხედვით ზამთარში დამცავი საშუალებების მოხმარებას, გასწავლით ისეთი ნიღბების მომზადებას, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანი ადვილად მოამზადებს სახლის პირობებში: თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: 2 ჩაის კოვზი ლიმონის ან ვაშლის წვენი, 1/2 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ცხიმიანი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი – ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ. დაიდეთ სახეზე, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი კრემი;
ნორმალური ტიპის კანისთვის: 1 ცალი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 1 ცალი საშუალო ზომის გახეხილი ვაშლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, ნახევარი საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი. მათ კი, ვისაც ცხიმიანი ტიპის კანი აქვთ, შემდეგი სახის ნიღაბი გამოადგებათ: 1/2 შეკვრა საფუარი, 1 კვერცხის გული, 3-4 წვეთი ლიმონი და 1 ჩაის კოვზი მაწონი აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი კრემი.
– სიცივეში ბევრი უჩივის კანის გამოშრობასა და აქერცვლას ხელებზე. ამ პრობლემას როგორ გავუმკლავდეთ?
– რაც შეეხება ხელების მოვლას, ის აბსოლუტურად განსხვავდება სახის კანის მოვლისგან. ხელის კანი ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, რის გამოც მისი დამცავი ჰიდროლიპიდური ფენა ძალიან თხელია და, ამავდროულად, მსუბუქი. ამიტომ, ცივ სეზონზე დღეში რამდენჯერმე წაისვით ხელებზე ცხიმიანი მკვებავი კრემები. ამ პერიოდში არ უნდა დაივიწყოთ ვიტამინებიც, რადგან მათ დიდი როლი ენიჭება კანის უჯრედების აღდგენის პროცესში. ვიტამინების ნაკლებობა პროვოცირებას უწევს კანის ნაადრევ დაბერება და ნაოჭების გაჩენას. ამიტომ, ჩემი რჩევაა, გამოიყენეთ პოლივიტამინების კომპლექსი, ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები და, ასევე, რეგულარულად იხმარეთ ვიტამინების შემცველი კოსმეტიკა. კარგია, თუ A, B და C ვიტამინებს ბუნებრივი სახით მიიღებთ, ამისთვის კი ცივ სეზონზე უნდა ჭამოთ ციტრუსი, წიწაკა და ასე შემდეგ.
– ზამთარში ბევრი უჩივის ჰერპესით დაავადებას. რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს მას, როგორ უნდა ვიმკურნალოთ და რამდენ ხანს გრძელდება ის? და, რა დაავადებაა მეტეოროლოგიური ქეილიტი და რა გამოვლინებები აქვს მას?
– ჰერპესის განვითარება თან სდევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. ის ვირუსული ბუნებით ხასიათდება. დაავადება გამოიხატება დაზიანებულ არეზე წვრილი, ბუშტუკოვანი ელემენტების განვითარებით. მისი დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებაა ცხვირისა და ტუჩის არეზე წვის შეგრძნება, შეშუპება და ტკივილი. ეს დაავადება შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირამდე. მას მკურნალობენ ანტივირუსული აბებისა და მალამოების საშუალებით; მეტეროლოგიური ქეილიტი კი ტუჩების კეთილთვისებიანი ანთებითი დაავადებაა, მაგრამ, თუ მას დროულად არ უმკურნალეთ შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობითა და დანიშნული კურსის დაცვით, შესაძლოა, მისმა გართულებამ სერიოზული პრობლემის წინაშე დაგაყენოთ. ის ვითარდება სხვადასხვა მეტეოროლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით. უფრო ხშირად ეს დაავადება მამაკაცებში აღინიშნება, რადგან ისინი, ჩვენგან განსხვავებით, სიცივეში სათანადოდ არ იცავენ ტუჩებს. პომადა ტუჩების ზედაპირულ შრეებს არასასურველი მეტეოროლოგიური ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. სიცივეში ტუჩები ხშირად შრება და კარგავს ელასტიკურობას, ამიტომ, უმჯობესია, ამ სეზონზე გამოიყენოთ ცხიმიანი პომადები, რომ ტუჩები დატენიანდეს და არ გამოშრეს. ქეილიტის დროს აღინიშნება სიმშრალე, ნაპრალები და აქერცვლა. ვიზუალურად კი ტუჩები შესიებულია, გაწითლებული, დაჭიმული და გამომშრალი. ეს დაავადება ქრონიკულია და თუ მას უყურადღებოდ დატოვებთ, შესაძლოა, ავთვისებიან ფორმაში გადავიდეს. სიცივის ზემოქმედებისას, ძირითადად სახე, ყურები, თითები და ტერფები ზიანდება. აღინიშნება შეშუპება, რასაც თან სდევს მოწითალო-მოლურჯო შეფერილობის ლაქები. ამ დროს დაზიანებულ ადგილას იწყება წვა, ტკივილი, ქავილი, რაც კანის მოყინვის ნიშნებია. ნუ გაამწვავებთ ამ დაავადებებს და დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
– ამბობენ, რომ პიგმენტაციისკენ მიდრეკილმა ადამიანმა ყოველდღიური მოხმარების კოსმეტიკა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა შეარჩიოს, რათა ზამთარში კანის ალერგიული რეაქციისგან დაიცვას თავი.
– არა მარტო პიგმენტაციისკენ მიდრეკილმა ადამიანმა, არამედ, ნებისმიერმა ჩვენგანმა სწორად უნდა შეარჩიოს კოსმეტიკური ნაწარმი, განსაკუთრებით კი – ზამთრის პერიოდში. არ შეიძლება, სიცივეშიც იგივე კოსმეტიკა წავისვათ სახეზე, რასაც ზაფხულის ცხელ სეზონზე ვხმარობდით. ყველა სეზონს კანის დამცავი დამახასიათებელი საშუალებები აქვს და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რათა სწორად შეარჩიოს კოსმეტიკა. როგორც გითხარით, ზამთარში კარგია დამატენიანებელი ნელსაცხებლების გამოყენება, ისინი კანს გამოშრობისა და აქერცლის საშუალებას არ აძლევს ზამთრის ყინვიან დღეებში. ასევე, ალერგიულმა ადამიანებმა უნდა იხმარონ ისეთი დამცავი კრემები, რომლებიც მათი ტიპის კანისა და ამ სეზონისთვისაა განკუთვნილი.