ვინ ამოასვენა არჩილ კერესელიძემ საფლავიდან და სად დაკრძალა მიცვალებული ხელახლა
„ფილარმონიის საზაფხულო ბაღის წინ მისი მეგობრები შემხვდნენ. გული მეტკინა, მათ შორის არჩილი რომ ვერ დავინახე – მას ხომ ძალიან უყვარდა მათთან ყოფნა... ვბრუნდებოდი შინ და ვფიქრობდი: ნუთუ უხერხული იქნება, რამე დავწერო ადამიანზე, რომელთანაც სამი ათეული წელი მაკავშირებდა?.. მის შემოქმედებაზე ბევრი რამ დაწერილა და, ალბათ, კვლავაც დაიწერება. მე მხოლოდ მისი პიროვნება, მისი ადამიანური ბუნება, სათნო და კაცთმოყვარე გული მინდა გაგაცნოთ. ამას სხვა ვერ შეძლებს ჩემსავით, რადგან ყველაზე კარგად მე ვიცი, რა ახარებდა და რა სტკიოდა...”
„ღიმილით დადის” – ასე უწოდა არჩილ კერესელიძის დღიურებს მისმა მეუღლემ, ნაზი ჭავჭანიძემ. ჩემი მხრიდან საუბარი არჩილ კერესელიძის პიროვნებაზე და მუსიკაზე, რომელსაც ის საოპერო სცენისა თუ ქართული კინოფილმებისთვის ქმნიდა, ზედმეტი იქნებოდა. ყველა ის ცნობილი მელოდია, რომლებიც ფილმებიდან ვიცით, პირველი გაჟღერებისთანავე აიტაცა ხალხმა და შეიყვარა. დღეს გთავაზობთ ამ არაჩვეულებრივი კომპოზიტორის საყვარელი ქალის მიერ ფურცლებზე გადატანილ მოგონებებს.
„სამამულო ომის წლებში სპეციალური ბრიგადა ჩამოყალიბდა, რომელიც სამხედრო ნაწილებში კონცერტებს მართავდა. არჩილთან ერთად, ბრიგადაში შედიოდნენ: თამარ ჭავჭავაძე, ლილი გვარამაძე, ვასო გოძიაშვილი, შალვა ღამბაშიძე, მიხეილ გრიშკო და ნიკოლაი ჩასტი. არჩილი მაშინ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ. მან 300-ზე მეტ ასეთ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ვ. გოძიაშვილთან, აკ. კვანტალიანთან და ა. გომელაურთან ერთად, ჩვენც გამოვდიოდით: ც. წუწუნავა, ე. სიბილა და მე. მე ვცეკვავდი დაჭრილი მეომრებისთვის... დაჭრილები გვლოცავდნენ, მადლობას გვიხდიდნენ. არჩილი ბევრს მუშაობდა, რაიონებშიც დადიოდა ვასო გოძიაშვილთან ერთად კონცერტებზე. საღამოს სპექტაკლებს დირიჟორობდა თეატრში, ან, ორკესტრის რომელიმე მსახიობს თუ ფრონტზე გაიწვევდნენ, მის მაგივრად უკრავდა, გვიან ღამით კი ოპერა „ბაში-აჩუკზე” მუშაობდა. სიცივის გამო ყველანი ერთ ოთახში ვიყავით შეყუჟულები. ხშირად ჩვენი ვაჟიშვილის, პატარა ჯემალის ტირილი აწუხებდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა, უკრავდა ჩუმად, ძალიან ჩუმად. ასე გაჭირვებაში, მხრჩოლავ ნავთქურასთან ლამპის მბჟუტავ შუქზე იწერებოდა ოპერა „ბაში-აჩუკი”.
არჩილი მაშინ სულ ახალგაზრდა იყო. ერთ დღეს უწყება მოგვივიდა – ჯარში იწვევდნენ. გასამგზავრებლად რომ ვამზადებდი, შალვა ღამბაშიძე მოვიდა ჩვენთან. ის მაშინ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი და მხატვრული ხელმძღვანელი იყო. თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა, ხმა უწყდებოდა: სად მიდიხარ, თეატრს სჭირდები, წავალ ქვეყანას შევძრავ და არსად გაგიშვებო. საღამოს შინ მოსვლა რომ შეაგვიანდა არჩილს, თეატრში მივაკითხე. არასდროს დამავიწყდება შალვა ღამბაშიძის გაბრწყინებული სახე – ბავშვივით გახარებული იყო, გადამეხვია და მითხრა: არ გაუშვა არსად, გადავადება მისცეს, შეუწყვე ხელი, ოპერა დაამთავროსო. იმ ღამეს არჩილი შინ გვიან დაბრუნდა, ნასვამი იყო, გაცეცხლებული ლანძღავდა ჰიტლერს... მეორე დილით ჩვენი კარის ზარი აწკრიალდა. გავაღე და – გერმანელი ტყვე ჯარისკაცი შემრჩა ხელში. სახლში შემოვიყვანე და არჩილს ვუთხარი: გუშინ რომ მიწასთან ასწორებდი, ახლა აქა გყავს გერმანელი, მიბრძანდი და მიხედე-მეთქი. არ ვიცი, ჩემი გაბრაზების მიზეზს მიხვდა თუ რა იყო, გერმანელმა ტირილი დაიწყო. მერე, ნოტები რომ დაინახა როიალზე, ენიშნა, მუსიკოსის ოჯახში მოვხვდიო, მიუჯდა როიალს და ბეთჰოვენის „მთვარის სონატა” დაუკრა. ისეთი გრძნობით, ისე კარგად უკრავდა, მე და არჩილმა ერთმანეთს გაოცებით გადავხედეთ. დაკვრას რომ მორჩა, ხელზე კოცნა დამიწყო, მე ხელი გამოვგლიჯე. ახლა ჯემალს მივარდა, ბავშვი აიყვანა და მკერდში ჩაიკრა. ჯემალი დაფრთხა და შეშინდა, ისეთი ყვირილი მორთო, ძლივს დავაწყნარე. გერმანელი მუხლებზე დაეცა, კოცნიდა როიალს, იატაკზე ხოხავდა, სლუკუნებდა: მეც მყავს ახალგაზრდა ცოლი, შვილი, ძალიან კარგი ოჯახი მაქვს, ვიყავი ჩემთვის წყნარად, მშვიდად, ომი მე სულ არ მინდაო... ცოტა რომ დამშვიდდა, საჭმელი ვაჭამეთ. უცებ, ვხედავ, არჩილს თავისი შარვალი და ფეხსაცმელი გამოუტანია და აწვდის გერმანელს. რას აკეთებ, არჩილ, შენ თვითონ არაფერი გაქვს, მაგას რას აძლევ-მეთქი, – შევყვირე... არა უშავს, იოლად გავალ, ცოდვაა, მაგისი რა ბრალიაო, – მიპასუხა. სამი დღის შემდეგ გერმანელმა ისევ მოგვაკითხა. არჩილის შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა. ამჯერად სახლში აღარ შემოსულა, ხელით ნაკეთები სათამაშო ორთვალა გამომიწოდა. სახლში შევბრუნდი – პურსა და ყველს შევუხვევ-მეთქი, მაგრამ, რომ გამოვედი, კართან აღარ დამხვდა.
გადიოდა დრო. იქმნებოდა ოპერა „ბაში-აჩუკი”... პრემიერა ოქტომბრის რევოლუციის 29-ე წლისთავს მიეძღვნა. სახლი სავსე იყო ყვავილებით, უამრავი მოსალოცი დეპეშა მოდიოდა. როდესაც ფოსტალიონი შინ შემოვიპატიჟე, უცებ შეკრთა – შეეშინდა, ამდენ ყვავილებში არჩილი რომ დაინახა (არჩილი ამ დროს ტახტზე წამოწოლილი ისვენებდა). მე სიცილი ამივარდა, ხოლო, როცა არჩილი გამოელაპარაკა, ფოსტალიონმა სიხარულით სასმისს წაავლო ხელი, არჩილი გადაკოცნა და უთხრა: ხალხი დიდ საქმეს გილოცავს, ჩემთვის კი ახლა დაიბადე – ამდენ ყვავილებში ჩაწოლილი რომ გნახე, მკვდარი მეგონეო. პრემიერას არჩილის დედაც ესწრებოდა... „ბედნიერია“ დედა, ვინც ასეთი შვილი აღუზარდა ერს,” – ეუბნებოდნენ ქალბატონ ნინოს. მოხუცს თვალები სიხარულით უბრწყინავდა... ქალბატონი ნინო შვილის ოპერის ათ სპექტაკლს დაესწრო, არცერთი არ გამოუტოვებია. ბედნიერი დედა თავის ნათესავ-მეგობრებს ეუბნებოდა – ახლა კი დამშვიდებული მოვკვდებიო და, მართლაც, თითქოს გული უგრძნობდა – პრემიერიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. არჩილმა დედა ძველი ადათის მიხედვით გაასვენა: სადღაც გამოძებნა, გააწმენდინა და შავად შეაღებინა უკვე დიდი ხნის წინათ მოდიდან გამოსული „ბალდახინი”, ცხენების შოვნაზეც ბევრი ირბინა. 64 წლის თმაშევერცხლილი ქალბატონი ნინო შავი ბალდახინით მიასვენეს კუკიის სასაფლაოზე, შესასვლელში დახვდათ შავქსოვილგადაკრული კუბო არჩილის მამისა, რომელიც არჩილს ძველი საფლავიდან ამოესვენებინა და, დედის სურვილის აღსასრულებლად ორივეს ერთად კრძალავდა. საღამოს, ანთებული ბუხრის წინ, ცრემლმორეულმა მითხრა: – ნაზიკო, მე ჩემს ოპერა „ბაში-აჩუკს” დედას ვუძღვნი...
ერთხელ, ქალაქის აღმასკომში ბინის გაცვლის საკითხზე დაგვიბარეს. იქ ცოტა აღელვებულმა ვილაპარაკე და, არც მახსოვს, რა ვთქვი. არჩილი კმაყოფილი გამოვიდა, ყველას უყვებოდა – ორი საქმე გავაკეთე: ჯერ ერთი, ბინა მივიღე და მეორეც, ზიკოს დაიჭერენო. ორი ვარიანტი შემოგვთავაზეს: ერთი ბინა მარჯანიშვილის მოედანზე, მეორე – სპორტის სასახლესთან. მე მარჯანიშვილზე მერჩივნა, არჩილს – სპორტის სასახლესთან – სიწყნარე და სიმშვიდე მინდა მუშაობისთვისო. რა გაეწყობოდა? დავეთანხმე...
ტელეფონი ჩართული არ იყო, მთელი ღამე სინათლე არ მოვიდა. დილით არჩილს უგუნებობა შევამჩნიე: რა იყო, არჩილ, რა მოგივიდა? შენ თვითონ არ ისურვე აქ გადმოსვლა-მეთქი? მიპასუხა: დედაჩემი ვნახე სიზმარში – შვილო, ჩემი დატოვებული კერა რატომ მიატოვეო. მივხვდი, ძველი ბინა უფრო მომწონდა. დილით აღმასკომში წავედი და ძველი ბინის დაბრუნება ვთხოვე. თავმჯდომარეს გაუკვირდა, მერე გაბრაზდა – იქ სხვა შესახლდაო. წამობრძანდით და ნახეთ, რა დღეშია არჩილი-მეთქი. წამომყვა. როცა არჩილი სავარძელში ჩამჯდარი ნახა, ბავშვივით ნაღვლიანი, მოწყენის მიზეზი ჰკითხა. აქ ისეთი სიწყნარეა, ღამით თავი რადამესი მგონია აკლდამაში, დილით კი – გემზე, – უპასუხა არჩილმა (ჩვენ მეორე სართულზე ვცხოვრობდით, პირველზე საქვაბე იყო). თავმჯდომარეს გაეცინა და მითხრა, ახალსახლობა ძველ ბინაში გადაახდევინეთ, არ შეარჩინოთო.
...არჩილს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა; მაგრამ მისი იუმორი კეთილი და ფაქიზი იყო, მასში ღვარძლის ნატამალი არ ერია. ჩვენს სადარბაზოში ერთი ას წელს გადაცილებული მოხუცი ცხოვრობდა. მოხუცს ძილი გატეხილი ჰქონდა, ღამღამობით სადარბაზოში ძველ ტახტზე იჯდა და ხშირად მღეროდა: „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია”. არჩილს ეღიმებოდა – შე კაი კაცო, ას წელს გადაცილებულხარ და, შენ თუ კიდევ ბედი არ გიწერია, მაშინ, ვანო სარაჯიშვილს რაღა უნდა ემღერაო?
არჩილს საინტერესო ამბების მოსმენა უყვარდა, ამ დროს თითქოს სულიერად ისვენებდა... მე მესმოდა მისი სულის მოთხოვნილება, ვიცოდი, რა სიამოვნებდა და ვცდილობდი, ხელი შემეწყო, მისი შემოქმედებითი შთაგონებისთვის საზრდო არ მომეკლო. დღესაც ყოველივე თვალწინ მიდგას, მისი სიცილი ჩამესმის...
ერთხელ კინოსტუდიაში მოვიდა გამოჩენილი ფრანგი კინოკრიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ჟორჟ სადულის წერილი, რომელიც ითხოვდა, მისთვის გაეგზავნათ ა. კერესელიძის სიმღერების ნოტები კინოფილმებიდან: „მაგდანას ლურჯა”, „ფატიმა” და „სხვისი შვილები”... საბედნიეროდ, ფილმმა გაიმარჯვა და, როდესაც „მაგდანას ლურჯას” საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე, 1956 წელს უმაღლესი ჯილდო – „ოქროს პალმა” მიენიჭა, არჩილი სიხარულით მეცხრე ცას ეწია! სიცილით ამბობდა – თურმე მთელი საფრანგეთი მენახშირის სიმღერას მღეროდაო. კარგად მახსოვს, რამდენ ხანს ეძებდა არჩილი ამ ფილმისთვის მუსიკალურ ლეიტმოტივს... ფილმის სიუჟეტი არ ითვალისწინებდა მენახშირის სიმღერას, მაგრამ არჩილის მუსიკა იმდენად მოუხდა, რომ ჩართეს ფილმში... შინმოსულ, დაღლილ არჩილს ბევრჯერ უთქვამს, კინოში მუშაობა საკმაოდ ძნელი და თავისებურია. ჯერ კიდევ ფილმის გადაღების პროცესში უნდა იყო მზად ყოველგვარი მოულოდნელი შემთხვევისათვის და სასწრაფოდ შექმნა ამა თუ იმ დამატებითი მომენტის შესაფერი მუსიკა, მაგრამ, მთავარი სიძნელე მაინც გამოსახულებასთან მუსიკის მორგება-შეფარდებაშიაო.
კომპოზიტორთა ერთ-ერთ შეკრებაზე მუსიკაში თანამედროვე მოდერნისტულ გატაცებაზე ლაპარაკობდნენ. არჩილმა გააკრიტიკა მოდას აყოლილნი და არ დაინდო ის კომპოზიტორები, რომლებიც ბრმა მიბაძვით ცდილობდნენ სახელის მოპოვებას. „ჯერ საკუთარი ცხენი შეკაზმეთ, თორემ, სხვისი შუა გზაზე გადმოგაგდებთ... ნურც სხვის სამოსს ჩაიცვამთ. ნახეთ, მე ძველი კოსტიუმი მაცვია, სამაგიეროდ, ნათხოვარი არ არის, ჩემია.” როცა არჩილს გამოსვლა უმრავლესობას მოეწონა, თავისი ცნობილი ფრაზა დაუმატა: „ია გენიი.” იქვე მდგარმა კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ ჰკითხა: – მე? ტუხამ ჩუმად წასრჩულჩულა: „ტი ტოჟე.” ტუხასა და რეზო ლაღიძეს უყვარდათ ერთმანეთის გამოჯავრება. თბილისის 1500 წლისთავის საიუბილეო ზეიმზე ისინი ერთად ისხდნენ „ქარიშხალას” სტადიონზე, სპორტულ ზეიმს ესწრებოდნენ. ვერტმფრენიდან მოულოდნელად ნოტები გადმოყარეს – ეს იყო „სიმღერა თბილისზე.”
– ხედავ კერეს, ჩემს ნოტებს საიდან ყრიან? – თავი მოიწონა რეზომ – იფიქრა, ამჯერად მაინც ვაჯობებ სიტყვაშიო. შენსას ყრიან, ჩემსას კი უკრავენ, პასუხი არ დააყოვნა არჩილმა...”