ნაღვლის ბუშტის ტკივილისას მინერალური წყალი დაგეხმარებათ
სანაღვლე გზების დისკინეზია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. დისკინეზია ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევაა, რომელიც თანდათან დაავადებად ყალიბდება. ფუნქციური მოშლა არის არაორგანული დარღვევა, რომელსაც თან არ სდევს არც ანთება და არც ქვების წარმოქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან შეიძლება, სანაღვლე გზების საგრძნობი ცვლილებები გამოიწვიოს.
ნაღველი ღვიძლში წარმოიქმნება, შემდეგ ნაღვლის ბუშტში ჩაედინება, იქიდან კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის და საჭმლის მონელებაში იღებს მონაწილეობას. ჯანმრთელ ორგანიზმში ეს სისტემა შეუფერხებლად მუშაობს. დისკინეზიის დროს კი, ნაღვლის ბუშტი და სფინქტერები არათანმიმდევრობით იკუმშება, კერძოდ, ან ძლიერად, ან პირიქით – სუსტად. უსიამოვნო შეგრძნებებს კი თავისთავად ესეც იწვევს.
გამოყოფენ დისკინეზიის ორ ჯგუფს: ჰიპომოტორულს და ჰიპერმოტორულს.
ჰიპომოტორული ტიპის დისკინეზიის დროს, ნაღვლის ბუშტი ცუდად იკუმშება და ნაღველიც ნაწლავებში არასაკმარისი რაოდენობით გადადის. ასეთ დროს აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. ტკივილი შეიძლება, გადაეცეს გულმკერდის მარჯვენა არეს.
ჰიპერმოტორული ტიპის დისკინეზიის დროს, ნაღვლის ბუშტი მეტისმეტად დიდი ინტენსივობით იკუმშება. კლინიკურად ეს მწვავე, მჩხვლეტავი ტკივილის სინდრომით გამოვლინდება.
დისკინეზიის ხელისშემწყობი ფაქტორებია ფსიქოემოციური მდგომარეობა, ჰორმონების გამომუშავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ახლომდებარე ორგანოების პათოლოგიები, მაგალითად, გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, დუოდენიტი ან მემკვიდრეობითი ფაქტორი.
თუ დისკინეზია ჰიპომოტორული ტიპისაა, მკურნალობის მიზანი ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა ინტენსივობის გაზრდა უნდა იყოს. ამიტომ, მისაღებია ნაღველმდენი საშუალებებისა და სპაზმოლიტიკების კომბინაცია.
არსებობს ნაღველმდენი საშუალებების ორი სახეობა. ერთი ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას აძლიერებს, მეორე კი ხელს უწყობს ნაღვლის თავისუფლად გადადინებას სანაღვლე გზებში და ნაწლავების გავლით, ორგანიზმიდან მის გამოდევნას.
რაც შეეხება დიეტას, ეს ის შემთხვევა არ არის, მკაცრად განსაზღვრული დიეტა დაიცვათ, მაგრამ ზომიერების დაცვა მაინც საჭიროა. ცხიმის, შებოლილი საკვების, ძმრიანი, მჟავე, მწარე და ცხარე კერძების დიდი რაოდენობით მიღება უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ.
რა სახისაც უნდა იყოს დისკინეზია, საკვები, რომელიც ღვიძლს აღიზიანებს, რეკომენდებული არ არის. ასეთებია ხორცის ნახარში, ცხოველური ცხიმი, მწარე საკაზმი. არ შეიძლება ლუდი და ალკოჰოლური სასმელები.
დისკინეზიის დროს აუცილებელია მინერალური წყალი. ის დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. აჯობებს, მინერალური წყალი თბილი და გაზგასული მიიღოთ. სითბო ხელს უწყობს სპაზმების მოხსნას, ხოლო წყალში შემავალი მიკროელემენტები კი – შეკუმშვას.
მოერიდეთ საკვებით კუჭის გადატვირთვას
ხორციანი, მსუყე კერძების ხშირად და გადამეტებულად ჭამა ნიკრისის ქარით დაავადებას უწყობს ხელს. სტატისტიკურად, ამით ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ნიკრისის ქარი არასწორი ცხოვრების წესით არის გამოწვეული. ამიტომ, მისი კონტროლი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცხოველური ცილებისა და ალკოჰოლის ზედმეტად მიღება არღვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
სანამ ნიკრისის ქარი იჩენს თავს, რამდენიმე წელი ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. დაავადების მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას დონის მომატებაა, რომელიც თავისი სტრუქტურით კოფეინს ჰგავს. ეს უკანასკნელი კი სტიმულს აძლევს გონებას. ამიტომ, მედიკოსები აზროვნების გაუმჯობესებას შარდმჟავას მიაწერენ ხოლმე. ზოგიერთი მეცნიერი კი ამტკიცებს, რომ ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ადამიანს დამატებით შანსს აძლევს, მეტად გამოავლინოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები.
ორგანიზმში შარდმჟავას სიჭარბეს იწვევს პურინებით მდიდარი საკვები. ზედმეტი ალკოჰოლის სმა კი ანელებს და ართულებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას თირკმელების საშუალებით. მემკვიდრეობითი ფაქტორი რისკს უფრო მეტად ზრდის. დროთა განმავლობაში ჭარბი შარდმჟავა კრისტალდება და ილექება კანქვეშა ჯირკვლებსა და კვანძებში, ძირითადად კი, სახსრებში. დაგროვილი კრისტალები იწვევს ანთებით პროცესს, ზღუდავს მოძრაობას და ადამიანი სივდება. ერთი ან რამდენიმე სახსრის მწვავე ანთებითი პროცესით, მაგალითად, ართრიტით, ვლინდება ნიკრისის ქარი.
გაცილებით საშიშია შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ მიმდინარე შარდმჟავას დალექვა თირკმელებში, რაც დროთა განმავლობაში ქვების წარმოქმნას და თირკმლის უკმარისობას იწვევს.
ნიკრისის ქარი არ ექვემდებარება განკურნებას, მაგრამ მისი კონტროლი ნამდვილად შესაძლებელია. მკურნალობა პრობლემური მაშინ ხდება, თუ თირკმელებიც ჩათრეული და დაზიანებულია. მათი ფუნქციის მოშლა იწვევს სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას. გართულებებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა შარდმჟავის დონის კონტროლია. ამიტომ, ადამიანმა ამ დროს უნდა შეამციროს პურინებით მდიდარი საკვების მიღება. იშვიათად მიირთვით ღვიძლი, ტვინი, ენა, ხორცი, თევზი, შებოლილი პროდუქტი, სოკო, თალგამი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი და პრობლემაც ადვილად გადაწყდება. კარგია, თუ კვირაში ერთხელ კუჭს დაასვენებთ და განტვირთვის დღეს მოაწყობთ. ამ დღეს ჭამეთ მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და ხაჭო, ასევე, მიაყოლეთ მინერალური წყალი.
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნაბახუსევმა არ შეგაწუხოთ
დღესასწაულის დღეებში, განსაკუთრებით მამაკაცებს, უჩნდებათ ერთი პრობლემა, კერძოდ, როგორ ვუწამლოთ ნაბახუსევს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, გამოიყენოთ, თუ ფიქრობთ, რომ სუფრასთან მოგიწევთ დროსტარება და შესაბამისად, სასმლის დალევაც.
* სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე საათით ადრე, დალიეთ დაახლოებით 50 გრამი არაყი, რომელიც წინასწარ მოამზადებს თქვენს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მისაღებად.
* სუფრასთან დაჯდომამდე მიირთვით მაგარი ჩაი პიტნით ან ყავა ლიმონით. მიირთვით რაიმე ცხიმიანი კერძი, კარაქი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ეს ხელს უშლის ალკოჰოლის ზემოქმედებას ორგანიზმზე.
* ფაფები ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში გაწოვას, რაც სიმთვრალის დონეს ამცირებს. ამიტომ, სასურველია, მიირთვათ ის სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე ხნით ადრე.
* ეცადეთ, ქეიფისას მიირთვათ ერთი სახეობის ალკოჰოლური სასმელი. არ არის რეკომენდებული, სუსტი და მაგარი სასმელების ერთმანეთში გაზავება და ისე დალევა. თუ აპირებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალიოთ, ნუ დაიწყებთ შამპანურით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ტკბილია სასმელი, მით უფრო რთულია მისი მონელება.
* თუ სვამთ სპირტიან სასმელს, ყოველი ჭიქის დაცლის შემდეგ, აუცილებლად მიაყოლეთ საჭმელი. ეს ხელს უშლის ორგანიზმში ალკოჰოლის მოქმედებას.
* დალევიდან მეორე დღეს სასურველია, მიირთვათ ლიმონიანი და პიტნიანი ჩაი ან ყავა.
* ზოგიერთი ადამიანი გულისრევის შემდეგ გამოდის მძიმე მდგომარეობიდან. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ერთი ფინჯანი მარილიანი ყავა.
* მიირთვით მინერალური წყალი, ლიმონიანი ცივი წყალი, კომბოსტოს ან კიტრის მწნილი. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხელი, წვნიანი კერძები.
გირჩევთ, ყოველივე ზემოთქმული სუფრასთან დაჯდომის წინ გაიაზროთ.
ეს რჩევები, ბახუსის ყველა მოყვარულს ააცილებს ზედმეტ პრობლემას, რომელიც ახალი წლის დღეებში ნამდვილად არ გვჭირდება.
სასარგებლოა თუ არა ბევრი სითხის სმა და რამდენი ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში
ყველას გაუგია მოსაზრება, რომ ბევრი წყლის სმა, სასარგებლოა, რადგან, ტოქსინებთან ერთად მას ზედმეტი კალორიებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. მაგრამ, ირკვევა, რომ ბევრი წყალი ყოველთვის სასარგებლო არ არის. ჭარბმა მაცოცხლებელმა სითხემ, შეიძლება, მისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გამოგიმუშაოთ და მოულოდნელი დაავადებების მიზეზიც გახდეს. ამიტომ, საჭიროა, იცოდეთ, რა დალიოთ და რამდენი.
ზოგიერთი ექიმის აზრით, პლანეტაზე ყველაზე სუფთა წყალსაც კი შეუძლია თრობის მსგავსი მდგომარეობის გამოწვევა. სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სითხის სიჭარბე ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია, მეორენი კი წყლის შეუზღუდავი მოხმარების მომხრეები არიან.
წყალი შეუცვლელია: ის საკვები ნივთიერებების „გამცილებელია“, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, ოფლის გამოყოფით არეგულირებს ტემპერატურას, პოხავს სისხლძარღვებს, იცავს უჯრედებს გაუწყლოებისგან, მაგრამ, ორგანიზმში სითხის სიჭარბე უჯრედებიდან მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას იწვევს. წყლის ერთი ნაწილი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლის შემდეგ თირკმელებში გადამუშავდება, ხოლო ნაწილი შეუსაბამო ადგილებში გროვდება და ტოქსიკოზს იწვევს. სისხლი თხელდება, უჯრედები ფართოვდება და, რადგან თავის ტვინს გაჭიმვა არ შეუძლია, ამიტომ, შესაძლებელია, შიდაქალის წნევამ საშიშ მდგომარეობას მიაღწიოს. შედეგი უფრო მძიმე იქნება, თუ ჭარბი წყლის მიწოდებისას ორგანიზმი მარილის მიღებასაც შეწყვეტს. საერთოდ, მარილზე მთლიანად უარის თქმა საშიში შეცდომაა. საქმე ის არის, რომ მასში შემავალი ნატრიუმი უჯრედებს შიგნით ნორმალური წნევის შესანარჩუნებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. თუ ნატრიუმის შემცველობა შემცირდება, უჯრედების შიგაძაბვა შესუსტდება, რაც კრუნჩხვებს, ორგანიზმის დასუსტებას, გულის შეტევას ან ხუთვას გამოიწვევს. წყლის ინდივიდუალური ნორმა რომ დავადგინოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს.
წყლის აუცილებელი ნორმა სხვადასხვა ფაქტორით, მაგალითად: ცხოვრების წესით, ასაკით, კვების სისტემითა და კლიმატით განისაზღვრება. ვინც ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევს, დღეში 2 ლიტრი წყლით უნდა შემოიფარგლოს; ვინც სპორტს მისდევს, მან უფრო მეტი წყალი უნდა სვას, ანუ, დახარჯული ენერგიის შესაბამისად გაზარდოს წყლის დოზა.
სხვათა შორის, სვამთ თუ არა საკმარისი რაოდენობის წყალს, ამის განსაზღვრა ძნელი არ არის: დააკვირდით შარდს. თუ ის მუქი ფერისაა, მეტი წყალი უნდა დალიოთ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ სვამს წყალს, როცა წყურვილი შეაწუხებს. ნუ დაელოდებით ორგანიზმის განგაშს, რომ მოგწყურდათ. წყალი ჭამის დროს არ დალიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მარილიან ან სანელებლიან კერძს მიირთმევთ, რადგან წყალი კუჭის წვენს ანეიტრალებს და ანელებს მონელების პროცესს.
ჩაი, ყავა, წვენები და კომპოტი წყლის შემცვლელად არ ჩაითვლება. მათ მხოლოდ შარდმდენი დანიშნულება აქვს, რაც ხელს უწყობს მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას, ეს კი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.
არ დალიოთ გაყინული ან ცივი წყალი – ის გაციების რისკს ზრდის, იწვევს ნივთიერებათა ცვლის სწრაფ შენელებას, რაც ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. დალიეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
სასარგებლოა ერთი ან ორი ჭიქა წყლის დალევა გაღვიძებისთანავე, ოღონდ, ყლუპ-ყლუპით, რომ თირკმელებს მუშაობა გაუადვილდეს.
ნიგვზიანი კერძებისგან გამოწვეულ ალერგიას ხალხური ნაყენით დაიამებთ
ზოგ ადამიანს ნიგვზიანი კერძის, შოკოლადის ან ფორთოხლის მიღების შემდეგ, ალერგია ეწყება. ალერგენებისგან თავის დაღწევა კი, ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ახალი წლის დღეებში. თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, გექავებათ კანი და დისკომფორტს გრძნობთ, შემდეგი რეცეპტი დაგეხმარებათ:
* ერთი სუფრის კოვზ კალენდულას ხმელ ყვავილს, რომელიც აფთიაქში იყიდება, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე, თითო მიღებაზე მეოთხედი ჭიქა სითხე.
* თუ ალერგია გამწვავებულია და გამონაყარი გაჩნდა კანზე, ამ შემთხვევაში, ნაყენის საფენებიც დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით ქავილი აღარ შეგაწუხებთ და ალერგიაც უკან დაიხევს.
გაფრთხილებთ, რომ ალერგიის საწინააღმდეგო წამლები ორგანიზმს ასუსტებს, რის გამოც, შემდეგ მასთან ბრძოლაც ხანგრძლივად გიწევთ. ამიტომ, არ შეიძლება, მსგავსი პრეპარატის ექიმის გარეშე, თვითნებურად სმა.
კალენდულა კი ორგანიზმზე ისე მოქმედებს, რომ არ ვნებს და ეფექტსაც სულ მალე მიიღებთ.