ქრისტიანული სასწაულები
ვათოპედის ღვთისმშობლის ხატი „სიხარული ანუ დამშვიდება“
ღვთისმშობლის ხატი „სიხარული ანუ დამშვიდება“ ათონის მთაზე ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული. მონასტერი კონსტანტინე დიდის ზეობის დროს არის დაარსებული. 395 წელს, მონასტრის სიახლოვეს, ძლიერი ქარიშხლის დროს, ხომალდიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, თეოდოსი დიდის ვაჟიშვილი. გამძვინვარებულმა ტალღებმა იგი ზღვაში გაიტაცეს. მისი მხლებლები სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ უფლისწული დაიღუპა. მეზღვაურებმა ხომალდი დიდი გაჭირვებით მიაყენეს ათონის ნახევარკუნძულს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ამჟამად მონასტერი მდებარეობს. ხანგრძლივი ძებნით დაღლილი მხლებლები შემთხვევით სანაპიროზე ამოსულ ბუჩქნარს მიადგნენ, სადაც, მათდა გასაოცრად, მთლად სველი და მშვიდად მძინარე უფლისწული არკადი იხილეს. გაღვიძებულმა უფლისწულმა მხლებლებს უამბო, თუ როგორ სასწაულებრივად გადაურჩა იგი სიკვდილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით. ამ მოვლენას უკავშირდება მონასტრის სახელწოდება – ვათოპედი, რაც „ყრმის ბუჩქს“ ნიშნავს. იმპერატორმა თეოდოსიმ თავისი ძის სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად განადიდა და განავრცო მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი ზუსტად იმ ადგილას არის მოწყობილი, სადაც მხლებლებმა მძინარე უფლისწული იხილეს. ტაძრის კურთხევაზე თვით უფლისწული არკადი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნექტარიოსი იყვნენ ჩასული.
სასწაულმოქმედ ხატზე გამოსახულ ღვთისმშობლის სახეზე აღბეჭდილია თანაგრძნობა და სიყვარული, მაშინ, როცა ღვთაებრივი ყრმის სახე მრისხანებითაა მოცული, რომელიც მის ყოველ ნაკვთშია შესაჩნევი; მისი მზერა სავსეა ულმობელი სამსჯავრო სისასტიკით. ამ ხატის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს:
807 წლის 21 იანვარს მძარცველთა ბრბო ათონის წმიდა მთას მიადგა. მათ განზრახული ჰქონდათ განთიადისას, როდესაც ბერები მონასტრის კარს გააღებდნენ, ვათოპედში შეჭრილიყვნენ, ბერები დაერბიათ, ხოლო სავანე გაეძარცვათ. მძარცველები მონასტრის გარშემო ამოსულ ბუჩქნარში შეინიღბნენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ. მაგრამ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, უღმრთოთა განზრახვას აღსრულება არ ეწერა. განთიადისას, დილის ლოცვის შემდეგ, მონასტრის ძმებმა დასასვენებლად თავ-თავიანთ სენაკებს მიაშურეს. ტაძარში დილის კანონის შესასრულებლად მხოლოდ წინამძღვარი დარჩა. მოულოდნელად მას ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: „დღეს სავანის ჭიშკარს ნუ გააღებთ. ადით მონასტრის გალავანზე და მძარცველები გააძევეთ!”
შეცბუნებულმა იღუმენმა თვალები ხატს მიაპყრო და თავზარდამცემი სასწაული იხილა. ღვთისმშობლის ხატი გაცოცხლდა. დროთა უწინარეს შობილმა ყრმამ მარჯვენა გაიწოდა, ღვთაებრივ დედას ბაგეზე ააფარა და უთხრა: „არა, დედაო ჩემო, ნუ ეტყვი მათ ამას, დაე, დაისაჯონ“. მაგრამ, ყოვლადწმიდა დედამ, რომელიც თავისი ძისა და უფლის მარჯვენის არიდებას ცდილობდა, თავი მარჯვნივ მოაბრუნა და კვლავ ორგზის გაიმეორა სიტყვები: „დღეს სავანის ჭიშკარს ნუ გააღებთ, ადით მონასტრის გალავანზე და მძარცველები გააძევეთ!”
შეძრწუნებულმა იღუმენმა მაშინვე შეჰყარა მონასტრის ძმები და ყოველივე წვრილად მოუთხრო. უკიდურესად გაოცებულმა ძმებმა იხილეს, რომ ღვთისმშობლის ხატს თავისი პირვანდელი სახე მთლიანად შესცვლოდა და იმ მდგომარეობაში დარჩენილიყო, როგორადაც იგი მონასტრის იღუმენს გამოეცხადა. მათ უმალ სავანის გალავანს მიაშურეს და მძარცველები მოიგერიეს.
იმ დროიდან დღემდე, ვათოპედის ღვთისმშობლის ხატის – „სიხარული ანუ სიმშვიდე“ – გამოსახულება აღარ შეცვლილა, იგი იმგვარადვე დარჩა, როგორადაც იღუმენმა იხილა. ღვთისმშობელ დედას თავი მარჯვნივ აქვს გადახრილი და მისი ბაგეებისაკენ გაწვდილი ღვთაებრივი ყრმის მარჯვენის არიდებას ცდილობს, რათა თავის რჩეულებს მოსალოდნელი ხიფათის შესახებ თავისუფლად აუწყოს.