ვინ გაუწია დედობა იოსებ ნონეშვილს სკოლის ასაკში და ვინ შეუყვარდა მას თავდავიწყებით
„ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი... წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, თურმე ესეც გმირობაა დიდი”... – ამის გარდა, კიდევ ბევრი ცნობილი და საყვარელი ლექსის ფრაზები მოხაზა იოსებ ნონეშვილის კალამმა. წლები გადის, მისი სტრიქონები კი კვლავ საყვარელი და ახლობელია... ჩვენი რესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ზოია ცხადაია, ცნობილი პოეტის ცხოვრების რამდენიმე დეტალზე გვესაუბრება:
– იოსებ ნონეშვილი დაიბადა ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ჩემი მშობლები მევენახეები იყვნენო, – განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნავდა ამას. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ, თავის საუბრებში, მოგონებებში ამის შესახებ მოკრძალებულად იტყოდა ხოლმე. სხვის გულისტკენას ერიდებოდა, თორემ, უთუოდ ბევრი რამ ჰქონდა გასახსენებელი იმ ნაღვლიანი წარსულიდან. „დავიბადე, ვცხოვრობ, ლექსებს ვწერ, – ესაა ჩემი ბიოგრაფიაო”, – ამბობდა. პოეზიაში გამოხატა ბავშვობის ტკივილები, ობლობის სევდა. 3 წლისას მამა გარდაეცვალა, მეშვიდე კლასელს – დედა და დარჩა ბებიის ამარა, თავის ლამაზ სოფელში, კარდენახში – დაცარიელებული, უმწეო...
– მომავალში ბებიას საუკეთესო სტრიქონები მიუძღვნა პოეტმა, ისევე, როგორც ქართული ენის მასწავლებელს... თბილისში სწავლობდა, ხომ?
– სწავლობდა თბილისის 51-ე სკოლაში, ვერაზე. ქართულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი ვარო ვარდიაშვილი, რომელიც, შეიძლება ითქვას, მეორე დედა იყო მისთვის. მოგეხსენებათ, 30-იანი წლები არათუ ობლისთვის, საერთოდ, როგორი მძიმე იყო. ზამთარში ფეხსაცმელებში წყალი რომ ჩამდიოდა, მასწავლებელი ქაღალდებს მიფენდაო. ეს ქალბატონი გახლდათ მისი ნიჭის პირველი შემფასებელი, ვინც მზრუნველი ხელი შეაშველა პატარას. ზოგჯერ, გაკვეთილზე, ფიქრებში წასულს, ვარო მასწავლებელი თავზე ხელს გადამისვამდა და, უთქმელად, უსიტყვოდ გამომიყვანდა ბავშვური წუხილიდან. მაშინ დედაჩემის ხელების სითბოს ვგრძნობდი თითქოს და, ხშირად, გულაჩუყებულს, თვალებში ცრემლი ჩამდგომია, მაგრამ, არ ვიმჩნევდიო, – იხსენებდა იოსებ ნონეშვილი.
ამბობდა, რომ ყველა მასწავლებელი ზრუნავდა მასზე, ყველასგან დიდი სითბო ახსოვდა. როცა უნივერსიტეტში აბარებდა, როგორც ხდებოდა ხოლმე, ყველას მშობელი ელოდებოდა გარეთ, მას კი – მასწავლებლები.
– თავისი ცნობილი ლექსი, „მასწავლებელი,” ვარო ვარდიაშვილს მიუძღვნა?
– რა თქმა უნდა. ეს ქალბატონი იყო „მასწავლებელი, ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლექსს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ის ზოგადად ეძღვნება ყველა ღირსეულ პედაგოგს. ეს არის შეუდარებელი პოეტური სამადლობელი მასწავლებლისადმი. შეიძლება ითქვას, ასეთი ლექსი ამ თემაზე არ დაწერილა.
– როგორ გაიარა პოეტის სტუდენტობის წლებმა?
– ჩავაბარე მისაღები გამოცდები და სტუდქალაქში, შვიდკაციან ოთახში დავბინავდიო, – იხსენებდა. ურთიერთობა არავისთან გაუჭირდებოდა. უყვარდათ თანამობინადრე მეგობრებს და ეს ჩანს მის მოგონებაში: „მაიძულეს, რედაქციაში მიმეტანა ლექსები. მათ მიმიყვანეს მწერალთა კავშირში, ჟურნალ „ჩვენი თაობის” რედაქტორთან. ეს იქნებოდა 1938 წელი. ამ წელს რედაქტორი იყო ირაკლი აბაშიძე. ლექსი გადავეცი რედაქტორს და გავეცანი, როგორც კარდენახელი, პირველი კურსის სტუდენტი. წაიკითხა, შემომხედა და ლექსი დადო, მერე იქვე მყოფ პანტელეიმონ ჩხიკვაძეს წააკითხა. ორივემ მომიწონეს, მაგრამ, ახლის დაწერა დამავალეს... „ეს კარგია ძალიან, მაგრამ, იქნებ, ვინმეს დაუვარდა ფოთოლივით“, – იხუმრა რედაქტორმა”... როგორც ჩანს, მართლაც, კარგი ლექსი მიიტანა ახალგაზრდა პოეტმა, ამიტომაც, საგანგებოდ შეუკვეთეს ლექსი, რათა დარწმუნებულიყვნენ მის ნიჭიერებაში. როგორ დამთავრდა ეს ისტორია, უცნობია, მაგრამ, სწორედ 1938 წლიდან იბეჭდება მისი ლექსები და, უმთავრესად, ჟურნალ „ჩვენს თაობაში”. ჟურნალ „ჩვენი თაობის” გარშემო შემოკრებილნი იყვნენ საუკეთესო ახალგაზრდები, უნიჭიერესი თაობა. უმთავრესად, ეს იყო მისი სამეგობრო: გრიგოლ აბაშიძე, ლადო ავალიანი, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია, სევერიან ისიანი, სანდრო ჟღენტი, კოტე ხიმშიაშვილი და სხვები. ბევრი მათგანი ომში დაიღუპა, ლადო ასათიანი და ალექსანდე საჯაია ნაადრევად გარდაიცვალნენ. ხშირად დიდი ტკივილითა და სიყვარულით იხსენებდა იოსებ ნონეშვილი თავის ლექსებში ადრე წასულ თანატოლებს.
– თვითონაც ხომ იბრძოდა?
– 1941-1945 წლებში ის მოქმედ არმიაში იბრძოდა. ამ პერიოდისაა მრავალი ლექსი როგორც ომის, ასევე, სიყვარულის და სხვა თემებზე.
– მას ხშირად „სიყვარულის პოეტად” მოიხსენიებენ.
– სავსებით მართებულია ის აზრი, რომ იოსებ ნონეშვილი სიყვარულის პოეტია თავისი ნატურით, ლირიკული ტექსტებით, რომლებსაც იგი ქმნიდა მთელი ცხოვრება; სატრფიალო ლირიკით დაიწყო შემოქმედება და, საერთოდ, მისი რჩეული ლექსები ამ თემაზეა შექმნილი. 20-22 წლის ასაკში აქვს დაწერილი: „ფრთხილად იყავ”, „გამიგონია მთვარიან ღამეს”, „უსახელო ყვავილი”, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა” და სხვა. ეს უკანასკნელი, ვფიქრობ, გამორჩეული ლექსია მის ლირიკაში.
– ლექსის ადრესატი თუ არის ცნობილი?
– არა. ახლობლები იხსენებენ, ბევრს აინტერესებდა, მაგრამ, დუმდა ამ კითხვაზე, ვის უძღვნა ეს ლექსიო. კარგი ლექსია და ინტერესსაც ეს იწვევდა. ის, როგორც შემოქმედი ადამიანი, მშვენიერების, სილამაზის ტრფიალი იყო და, შესაძლებელია, სრულიად მოულოდნელად მიეცა ლექსის შექმნის იმპულსი. ხომ ვიცით, როგორ დაიწერა გალაკტიონის „მერი” – არც კი იცნობდა ახლოს. მშვენიერება შთაგონების მიზეზად გადაიქცა და შედევრი შეიქმნა... იოსებ ნონეშვილის ამ ლექსის ადრესატის სახელი სამუდამოდ საიდუმლოდ რჩება. ისევ ახლობლების მოგონებიდან გეტყვით: „რომ ვერ ვათქმევინეთ, ვის უძღვნა ეს ლექსი, მეუღლემ, ქალბატონმა მედეამ, ხუმრობით თქვა: მე მიძღვნა და ამაზე ლაპარაკი შეწყდესო. ეს იყო და ეს”...
– მეუღლისადმი მიძღვნილი ლექსებიც ხომ აქვს. როგორია მათი სიყვარულის ისტორია?
– შეყვარებულობის პერიოდი იყო ძალიან ხანმოკლე. ერთი ნახვით შეუყვარდა, შეიძლება ითქვას, თავდავიწყებამდე. ბათუმში, პოეზიის საღამოზე გაიცნო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ულამაზესი გოგონა და, მშობლების თანხმობით, მალევე დაქორწინდნენ... („და გამოვტაცე არგონავტებს ქალი მედეა”...).
– თქვენ ახლოს იცნობდით ქალბატონ მედეას. რა დაგამახსოვრდათ პოეტის შესახებ მისი მონათხრობიდან?
– არასდროს შესულა ოჯახში შეწუხებული სახით. ეხმარებოდა ყველას, რითაც შეეძლო და როგორც შეეძლო. ძალიან უყვარდა და ეცოდებოდა ცხოველები. ნათქვამი ჰქონია, რომ მოვკვდები, ცხვარი არ დაკლათო. აუსრულეს კიდეც. ქალბატონი მედეა იგონებდა: ერთხელ, როცა გოგებაშვილზე ცხოვრობდნენ, მათ სამზარეულოს თაგვი შესჩვევია. მედეას ხაფანგი დაუდგამს. დილით გაუგონია: წადი, გაიქეცი, შე საცოდავო, სანამ მოგისწრებსო, – თურმე, ხაფანგიდან თაგვი გამოუყვანია, ფანჯრიდან გადაუსვამს და მას ელაპარაკებოდა. უფრო საინტერესოებიც ბევრია, მაგრამ, სხვა დროს...
– როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბატონ იოსებს გალაკტიონთან?
– ვიცი ის, რომ გალაკტიონი ხშირად სტუმრობდა მათთან. წვერებიანი გალაკტიონი სულ თოვლის პაპა მეგონაო, – იხსენებს პოეტის ვაჟი, სანდრო ნონეშვილი – ჩემთვის არასდროს არაფერი მოუტანია, მაგრამ, მეტყოდა, არ ვიცოდი, ძამიკო, შინ თუ იყავიო... გათენებამდე მსხდარან ხშირად და ერთი ბოთლი ღვინოც არ დაულევიათ ბოლომდე, ლიტერატურაზე საუბრობდნენო. ქალბატონი მედეაც ამას იხსენებდა – არასდროს ორი-სამი ჭიქა ღვინის მეტს არ დალევდაო. ლექსიც მიუძღვნა ნონეშვილმა გალაკტიონს...
– გამიგია, რომ იოსებ ნონეშვილი ლაღი და ხალისიანი პოეტი და ადამიანი იყო...
– ეს ერთი შეხედვით, მაგრამ, მისხალ-მისხალ უნდა ჩაიხედო, ზოგადად, პოეტის, ამჯერად კი – იოსებ ნონეშვილის შემოქმედებაში და იქ ნახავთ სიმართლეს. მთლად ასე არ იყო. მოახლოებულ აღსასრულს თითქოს აღსარებით შეხვდა. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე განვლილი ცხოვრების ლირიკულ რეზიუმეს ქმნის და დათმენილი გამოაქვს სამსჯავროზე. მან თავად დახატა სულიერი და გარეგნული პორტრეტი პოეტისა, რომელიც რუსთაველზე ღიმილით დადიოდა და ნაცნობსა და უცნობს ასწრებდა სალამს. პოეტისთვის, რომელიც „ქუდბედიანი და დარდიმანდი” ეგონა ყველას, დარდიც არ ყოფილა უცხო; მასაც სწვავდა „აბორგებულ სამყაროზე ფიქრი”... ანუ, არც ისე იყო, როგორც ჩანდა. მისი უეცარი სიკვდილიც გულის შეტევით გამოწვეული, ალბათ, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ მის გულსაც ბევრი სიმწარე შეხებია. დასასრულს, მინდა ვთქვა: ეს ლექსები იყო ბოლო აკორდი პოეტისთვის. თვითშეფასებაა, ასევე, მისი ბოლოდროინდელი ლექსიც, რომელიც გამოხატავს ავტორის პიროვნულ, მოქალაქეობრივ ღირსებას და, ამასთან, იმ ფარულ, სულში დარჩენილ ტკივილებსა და სიძნელეებს, რის ფასადაც მიიღწეოდა საბჭოური ტოტალიტარიზმის წნეხით დათრგუნულ წუთისოფელში ბოლომდე კაცად დარჩენა: „ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი... წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, თურმე ესეც გმირობაა დიდი”... – ასეთი იყო იგი, კაცი – შურისა და ბოღმის გარეშე, მისგან არასდროს არავის რომ არაფერი სწყენია.