ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, ბრალდებულის მიმართ რა პროცედურების დაცვით ხდება განრიდების პროცესის გამოყენება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ განრიდების სუბიექტისათვის განრიდების შეთავაზება ხორციელდება წერილობითი ფორმით. მასში მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება. განრიდების სუბიექტს წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია და ის სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან. განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე, მაგრამ განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას. ამასთან განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს განრიდების პირობების დარღვევას იმ პირის მიერ, რომლის მიმართ განრიდება იქნა გამოყენებული?
პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ პირი ანუ განრიდების სუბიექტი არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რა თავისებურებებით ხასიათდება იურიდიული პირის სისხლისსამართალწარმოების პროცესი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად და მათზე კოდექსის შესაბამისი ნორმები ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, როგორ ხორციელდება იმ საქმეთა სასამართლოში განხილვა, რომელზედაც ბრალდებული პირი სრულწლოვანთან ერთად არის არასრულწლოვანიც?
პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც ასევე იმხილება სრულწლოვანი, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის გასამართლდება სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ამით არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.