როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბადრიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბადრი, რომელიც არაბულად „თოთხმეტი დღის მთვარეს“ ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარი ბადრიძე.
1721 წელს ქაიხოსრო სოლოღაშვილთან მოიხსენიება გიორგი ბადრიაშვილი.
ბადრიაშვილები იყვნენ როგორც აზნაურები, ისე გლეხები.
საქართველოში 313 ბადრიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 123, თბილისში – 96, გორში – 21. არიან სხვაგანაც.
ფერიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა – ფერია.
„როსტომ მეფემ 1658 წელს სოფელ ენაგეთში პაპუნა ბარათაშვილს აჩუქა ფერიაშვილის და შირაქას მამულზე მოსახლე დავრეშათი თამაზითურთ”...
ფერიაშვილები მოხსენიებულნი არიან დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 1660 წლით.
საქართველოში 213 ფერიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 95, გურჯაანში – 41, გარდაბანში – 38. არიან სხვაგანაც.
ბურდიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბურდია.
1393 წელს მოიხსენიება ვირშელ ბურდასშვილი.
1734 წელს ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ამირან ბურდიაშვილი.
1721 წელს კრწანისსა და სამშვილდეში ბურდიაშვილი მემამულედ მოიხსენიება.
ამავე ძირისაა გვარი ბურდაშვილი.
საქართველოში 599 ბურდიაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 234, გურჯაანში – 146, თბილისში – 82. არიან სხვაგანაც.
გარსევანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გარსევანი.
ბერუა გარსევანიშვილი თონეთში 1843 წელს მოიხსენიება.
გარსევანიშვილი თავადაზნაურული გვარი იყო.
საქართველოში 75 გარსევანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, ახმეტაში – 13, საგარეჯოში – 5. არიან სხვაგანაც.
ქიტუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქიტუა.
ასევე, გვხვდება სახელები: ქიტე, ქიტელა, ქიტესა, ქიტისა, ქიტო, ქიტია.
1721 წელს მოიხსენიება მანგლელის ყმა – თათარა ქიტუაშვილი.
1721 წელსვე, ვერხვნალაში მოიხსენიება დათუნა გერმანოზიშვილის ყმა, ზაქუტა ქიტუაშვილი.
საქართველოში 568 ქიტუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 272, გურჯაანში – 109, მცხეთაში – 62. არიან სხვაგანაც.
ბასიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბასილი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და „სამეფოს“ ნიშნავს. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი ბასი, რომელიც ძველი ქართული წყაროების ეთნონიმს – ბასს, ბესს უკავშირდება.
საკუთარი სახელი ბასია გვხვდება რაჭაში, სოფელ ჭიორაში, ერთ-ერთ ისტორიულ საბუთში.
ამავე ძირისაა გვარები: ბასიკაშვილი, ბასილაშვილი, ბასელაშვილი, ბასიშვილი და ბასილია.
საქართველოში 533 ბასიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 382, კასპში – 98, რუსთავში – 30. არიან სხვაგანაც.
თეგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეგი.
ქვემო ქართლში გვარი თეგაძე მოიხსენიება 1721 წელს.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, სიამისა და ედიშერის ყმად სოფელ ხოზეთში მოიხსენიება სეხნია თეგაძე.
ამავე ძირისაა გვარები: თეგაძისშვილი და თეგაშვილი.
გადმოცემის მიხედვით, თეგაძეების გვარი თელავის რაიონის სოფელ თვალთოდან არის გადმოსული. მათი ადრინდელი გვარი შიმშანიაშვილი ყოფილა. ამ გვარის წარმომადგენლები დღესაც სახლობენ იყალთოში და ერთმანეთთან აქვთ მიმოსვლა. იყალთოს თეთრი გიორგის სალოცავში დღემდე დადიან სალოცავად შავსაყდრელი თეგაძეები.
საქართველოში 95 თეგაძე ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 52, თბილისში – 40, გორში – 3.
კოკაია-კოკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოკა.
1721 წელს, საბარათიანოში, ბატონის მეფის სახასოში, მოიხსენიება ყაზარა კოკაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: კოკაია, კოკაური, კოკელაშვილი, კოკელაძე, კოკიაშვილი, კოკილაური, კოკილაშვილი.
საქართველოში 98 კოკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 40, რუსთავში – 34, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
642 კოკაია: მარტვილში – 357, სენაკში – 285.
მამუკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – მამუკა.
მამუკაშვილი მოიხსენიება ვარაზა გერმანოზაშვილის მიერ შერმაზან ყორღანაშვილისადმი მიცემულ საზღაურის წიგნში.
საქართველოში 1 444 მამუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 512, გორში – 162, გარდაბანში – 151. არიან სხვაგანაც.
გვარიძიშვილი
წარმომავლობის მხრივ, იდენტურია გვარისა – ბერიძიშვილი.
საკუთარი სახელიდან წარმომდგარა გვარი გვარაძე, გვარიძე. ადგილმონაცვლეობისას, სხვა ადგილას გადასვლის დროს დაუწერიათ გვარიძიშვილი. ამის მაგალითებით სავსეა 1864 წლის შემდგომი წლები. შედარებისთვის: წიკლაური – წიკლაურიშვილი, ბერიძე – ბერიძიშვილი და ასე შემდეგ.
გვარიშვილი კი თავადური გვარია და დადეშქელიანებიდან იღებს სათავეს.
გვაქვს გვარი გვარძიკი. ეს აზნაურული გვარია სამეგრელოში.
საქართველოში 43 გვარიძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, საგარეჯოში – 17.
ყულიშვილი-ყულოშვილი
სიტყვა ყულა, ყულია, ყულო – ინდოეთიდან მოდის. აზიის ზოგ ქვეყანაში ის მტვირთავს, ბარგის წამღებს ან შავ მუშას ნიშნავს.
ყულოშვილთა სამშობლოდ ჩანს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე – საინგილო.
ყულოშვილები მართლმადიდებლური სარწმუნოების ქართველები არიან. ყულოშვილთა წინაპრები დღესაც საინგილოში, საქართველოს ყოფილ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთი კომლი გადმოსულა კახეთში. გურჯაანის რაიონში დასახლებულები ყულიშვილებად ჩაუწერიათ.
ასევე, ყულ ფუძითაა გაწყობილი გვარები: ყულბაია, ყულეჯიშვილი; ყულიანცი კი იგივე ყულიაშვილი უნდა იყოს.
ყულიაშვილები ქართველი აზნაურიშვილები არიან. ცხოვრობდნენ: სოფელ ირაგაში, კოდაში, დმანისის რაიონში, გორში.
საქართველოში 61 ყულიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 38, დმანისში – 14, რუსთავში – 9.
83 ყულოშვილი: თბილისში – 48, რუსთავში – 11, ლაგოდეხში – 8. არიან სხვაგანაც.
ამირხანაშვილი
ქართული გვარი ამირხანაშვილი, რომელიც ზოგჯერ რუსული ფორმანტი ოვით გვხვდება გაფორმებული (მაგალითად, ამირხანოვი), ნაწარმოებია მამაკაცის საკუთარი სახელიდან – ამირხანა. ეს სახელი გვხვდება 1537-1538 წლებშიც, 1646 წელს კი უკვე მოიხსენიება როგორც გვარი, ისე თიკუნი – ამირხანაანი.
ამირხანაშვილი და ამირხანოვი ქართული გვარებია, ამირხანიანი კი – სომხური. ქართველებსა და სომხებს საერთო სახელები ბევრი გაგვაჩნია. ყველა ისინი, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, ვისესხეთ უცხო ხალხისგან და, სწორედ ამიტომ გვაქვს მსგავსი ფუძის გვარები. აქ არაფერია უცნაური და დასაძრახი, ასევე იქცეოდნენ სხვა ერებიც.
საქართველოში 694 ამირხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, ნინოწმინდაში – 160, ახალქალაქში – 98. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით