კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მინდა, თოვლის ბაბუამ ყველაზე დიდი ნატვრა ამიხდინოს

ამ წერილს გწერთ მე და ჩემი და, ქეთა. უფრო სწორად, მე გწერთ, ჩემი და კი მეხმარება, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. მე ჯერ 7 წლის ვარ, ქეთა კი – 14-ის. თან, ის ძალიან კარგად სწავლობს და წერილების წერაც ეხერხება.

ახლა გეტყვით, რატომ გადავწყვიტე, საშობაოდ თქვენ მოგწეროთ. კი მეუბნებიან ჩემი ძმაკაცები, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობსო, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ არსებობს. ამიტომ, გადაწყვეტილი მქონდა, მისთვის წერილი მიმეწერა, რომელშიც ჩემს თხოვნებს ჩავწერდი, მაგრამ, გუშინ გავიგე, რომ, თურმე, ეს წერილი ერთი თვით ადრე მაინც უნდა გამეგზავნა, მე კი ეს არ ვიცოდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი და ბოლოს თვითონ ქეთამ მითხრა, შენ წერილი დაწერე, მე გაგისწორებ და რომელიმე ჟურნალში გავგზავნოთ – არ არსებობს, თოვლის ბაბუამ არ წაიკითხოსო. ცოტა კი გამიკვირდა – არ მეგონა, თოვლის ბაბუ ჟურნალებსაც თუ კითხულობდა, მაგრამ, არ მგონია, ქეთას ასეთი ტყუილი ეთქვა ჩემთვის. რატომღაც, თქვენი ჟურნალი ავარჩიე, რადგან, ბებოც და დედიკოც ყოველთვის ყიდულობენ „თბილისელებს“ და, ალბათ, მართლა კარგი ჟურნალია.

ახლა თოვლის ბაბუას უნდა ვთხოვო ის, რაც მისთვის წერილში უნდა მიმეწერა: მინდა, ჩემი დედიკო მოარჩინოს. არ ვიცი, რა სჭირს, მაგრამ, უკვე რამდენიმე თვეა, ლოგინიდან ვერ დგება და ძალიან მეშინია, რამე არ დაემართოს. თუ პირდაპირ მორჩენა არ შეუძლია, მაშინ, ბევრი ფული მოგვაგებინოს, რომ დედას ვუმკურნალოთ. იმ დღეს, ექიმი რომ მოვიდა, იმან უთხრა ბებოს, გერმანიაში უნდა წავიყვანოთო. მაგრამ, თურმე, იქ წაყვანა და მკურნალობა ძალიან ძვირი ღირს, ჩვენ კი ფული არ გვაქვს.

თუ თოვლის ბაბუამ ვერ მოარჩინა დედიკო, მაგრამ, ფული მოგვაგებინა, დედას გეფიცები, იმ ფულიდან ჩემთვის ერთი კანფეტი მაინც თუ ვიყიდო, სულ მთლიანად მკურნალობაში დავხარჯავთ.

არ მინდოდა, გამემხილა, მაგრამ, ამ წერილის დაწერაში ცოტათი ბებოც მომეხმარა და თან მითხრა, როცა შვილი ასე ზრუნავს დედაზე, როცა ასე ოცნებობს მის გამოჯანმრთელებაზე, თოვლის ბაბუა აუცილებლად აუხდენს ასეთ ოცნებას, მით უმეტეს, რომ შობის ღამეს ისედაც უამრავი სასწაული ხდებაო.

მე მჯერა, რომ ჩემი დედიკო ძალიან მალე გახდება კარგად.

ლაშიკო, 7 წლის.

 

ვიცი, რომ წელს ოცნება ამისრულდება

ვგიჟდები, ისე მიყვარს შობა-ახალი წლის დღესასწაული. პატარა ბავშვივით მიხარია ყველაფერი, სულ რაღაც განსაკუთრებული კარგის მოლოდინში ვარ და ყოველთვის ველი ისეთ სასწაულს, რომელიც რადიკალურად შეცვლის ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ. დადებითი ემოციების ასეთი მოძალება დეკემბრის ბოლოდან მეწყებოდა ხოლმე, წელს კი გაცილებით უფრო ადრე დამეწყო – დაახლოებით 14 დეკემბრიდან. არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი ძველებურად, სტანდარტულად და, მე ვიტყოდი, დუნედ მიდის, მაგრამ, საოცარი წინათგრძნობა მაქვს – თითქმის დარწმუნებული ვარ, შობის ღამეს აუცილებლად მოხდება რაღაც გრანდიოზული სასწაული. ამიხდება ყველაზე დიდი ოცნება, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, არ ვამხელ, მაგრამ ახლა სახალხოდ ვაცხადებ: მიყვარს ერთი ბიჭი, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ის ჩემზე კარგა ბევრი წლით არის უფროსი და ამიტომ, ვერც კი ხვდება, რა მემართება მის ყოველ დანახვაზე – ჯერ ისევ პატარა ბავშვი ვგონივარ და, მოსალმებისას ლამის ენა მომიჩლიქოს; მე კი უკვე 15 წლის ვხდები, თავი დიდი გოგო მგონია და ასეთი მოპყრობა მწყინს. ძალიან მინდა, რომ მან ჩემში საყვარელი ბავშვი კი არა, ლამაზი გოგო დაინახოს, შემამჩნიოს, როგორც ქალი და მიხვდეს, როგორ მიყვარს.

თუ ეს მოხდება (რაშიც, ვიმეორებ, თითქმის დარწმუნებული ვარ), ჩემზე ბედნიერი ალბათ, მთელ დედამიწაზე არავინ ივლის. როგორ გავაგებინო, აზრზე არა ვარ, მაგრამ, მინდა, იცოდეს, რომ ჩემსავით არასდროს არავინ შეიყვარებს, თუნდაც ათასი წელი იცოცხლოს.

ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს და ყველა ოცნების ასრულებას გისურვებთ!

ტასო, 15 წლის.

 

შობას მარტო უნდა შევხვდე

ყველას უხარია შობა-ახალი წლის დადგომა, ყველა ზეიმით ხვდება ოჯახში ან მეგობრებთან ერთად. შეიძლება, ბევრს სულაც არ ჰქონდეს წელში გაზნექილი სუფრა, მაგრამ, მაინც ბედნიერები არიან, ახლობლების გარემოცვაში ამ უდიდესი და ულამაზესი დღესასწაულის ღამეს. მხოლოდ მე უნდა შევხვდე შობას მარტოდმარტო, რადგან, ცხოვრება დამენგრა და არაფრის იმედი აღარ მაქვს. მეხვეწებიან ჩემი მშობლები, ან ჩამოდი ჩვენთან (ისინი რაიონში ცხოვრობენ), ან ჩვენ ჩამოვალთ და ერთად შევხვდეთ შობასო, მაგრამ, არავის დანახვა არ მინდა, ჩემი მშობლებისაც კი. ასეთ დროს ერთადერთი ადამიანი, ვინც გამიგებდა და დამამშვიდებდა, ჩემი დაა, მაგრამ ისიც საბერძნეთშია წასული სამუშაოდ და ვერ ჩამოდის. ამას წინათ ველაპარაკე და მითხრა, 6-ში ღამით, თორმეტს რომ ათი წუთი დააკლდება, ისევ შემოვალ სკაიპში და ერთად შევხვდეთ შობას, მერე რა, თუ სხვადასხვა ქვეყანაში ვართო. იმანაც გაიგო, რა საშინელი ტკივილი და დამცირებაც გადავიტანე და ცდილობს, იქიდან გამამხნევოს. დედაჩემი კი მეუბნება, კი ინერვიულე და განიცადე, მაგრამ, მაინც ჯობია, რომ შენს გათხოვებამდე გაირკვა, ვინც ყოფილა ის ვაჟბატონი, თორემ ან მთელი სიცოცხლე გამწარებული იქნებოდი მისგან, ან მაინც დაგენგრეოდა ოჯახი და ბავშვი დაიჩაგრებოდაო.

ამდენს ვლაპარაკობ და ის კი არ მითქვამს, რაც შემემთხვა. ძალიან მოკლედ გიამბობთ, თავი რომ არ შეგაწყინოთ.

ერთი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, გავიცანი ძალიან სიმპათიური ბიჭი. მოგვეწონა ერთმანეთი და მერე შეხვედრებიც დავიწყეთ. მერე სიყვარულიც მოვიდა. ისე შემიყვარდა, როცა მას ვერ ვხედავდი, სერიოზულად ცუდად ვიყავი. ისე ვიქცეოდი და ისე ვცხოვრობდი, როგორც მას უნდოდა და მოსწონდა, საკუთარი აზრი აღარაფერზე აღარ გამაჩნდა. ჩემმა დაქალებმა რამდენჯერმე გამაფრთხილეს, ზედმეტად ჰყვები თან, ზედმეტად ანებივრებ და ათამამებ, კაცებმა ასეთი ერთგულებისა და თავდადების არც დანახვა იციან და, მით უმეტეს, არც დაფასებაო. მაგრამ მე დაბრმავებული და დაყრუებული ვიყავი, იმასაც კი ვერ ვხედავდი, მასაც ასე ვუყვარდი თუ არა, ან საერთოდ თუ ვუყვარდი. რადგან მხვდებოდა და მეუბნებოდა, კარგი გოგო ხარ, შენნაირი გოგო ჯერ არ შემხვედრიაო, მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდა.

ისე, ახლაც მგონია, რომ ვუყვარდი და სერიოზულად ფიქრობდა ჩემზე, რადგან, თავისი ოჯახიც გამაცნო და ჩემების გასაცნობადაც მოვიდა. მერე ნიშნობა, ჯვრისწერა და ქორწილიც დავთქვით. ნიშნობისთვის სპეციალურად შევიკერე კაბა, დედაჩემმა ულამაზესი სუფრა გააწყო ჩემს პატარა ბინაში; დავპატიჟეთ უახლოესი ნათესავები, ერთი-ორი მეზობელი და ჩემი მომავალი მეჯვარეები. წინა საღამოს მელაპარაკა სანდრო და მითხრა, ექვსი-შვიდი კაცი მოვალთ 5 საათზეო.

9 საათამდე ველოდით და არავინ მოვიდა. მობილურიც და სახლის ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. ისტერიკა დამემართა, ექიმები მასულიერებდნენ. მამაჩემი ცალკე იყო დასაწყნარებელი – ჩემი ხელით მოვკლავ იმ ნაძირალას, თუ ცოლის შერთვა არ უნდოდა, ვინ აძალებდა, რატომ მიკლავს შვილსო.

მერე გაირკვა, რომ წინა ღამით თავისი ყოფილი შეყვარებული შეხვედრია და დილაუთენია იმასთან ერთად გაპარულა. იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, დაერეკა და ეთქვა, აღარ მელოდოო.

ეს იყო სექტემბერში. იმის მერე მკვდარივით ვარ. შემარცხვინა და დამამცირა ამდენი ხალხის თვალში და ბოდიშიც კი არ მოუხდია. არც თვითონ და არც მის მშობლებს. ამიტომაც ვარ ასე განადგურებული. ორი კვირის წინ კი გავიგე, რომ ცოლს გაეყარა. თვითონაც არ იცის, რა უნდა. ჩემმა დაქალმა მითხრა, ნახავ, ისევ შენ თუ არ დაგირეკავსო. არა მგონია, ეს გააკეთოს. საამისოდ ან ძალიან თავხედი უნდა იყო, ან – ვაჟკაცი. ის კი არცერთი არ არის, უბრალოდ, არარაობაა. ჯერჯერობით არ შემომხმიანებია. სიმართლე გითხრათ, არც არავითარი სურვილი არ მაქვს, მისი დანახვა და ხმის გაგონებაც კი არ მინდა. ცხოვრებაში პირველად უნდა შევხვდე შობას მარტო (თუ სკაიპში შემოსულ ჩემს დას არ ჩავთვლი). იქნებ უფრო ბედნიერი წელი დადგეს ჩემთვის, მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს, ვიცი, რომ არ გამწირავს.

კატო, 23 წლის.

скачать dle 11.3