რატომ გრძნობს ამერიკაში სალომე მდივანი თავს პოპულარულად და როგორ აოცებს ის ამერიკელ ხალხს
მომღერალი სალომე მდივანი ბოლო რამდენიმე თვეა, ამერიკაში ცხოვრობს და იქაური ცხოვრების რიტმს ეჩვევა. სალომე ამერიკაში სასწავლებლად წავიდა. ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში წარმატებით ჩააბარა გამოცდები, სასურველი დაფინანსებაც აიღო და მაისიდან სწავლას იწყებს. თუმცა, მანამდე, დიდი გეგმები აქვს. როგორც ამბობს, მისი სავიზიტო ბარათი ხმაა და ყველგან, სადაც კი იმღერა, დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. გადაწყვეტილი აქვს, ამერიკულ „ვოისში“ მიიღოს მონაწილეობა და ამისთვის უკვე ემზადება.
სალომე მდივანი: ჩემი ამერიკული ცხოვრება განსხვავებულია. ცხოვრების რიტმი შევიცვალე, გაცილებით დატვირთული ვარ. უფრო აქტიური გავხდი. ბერკლის კოლეჯში გამოცდები ჩავაბარე და დაფინანსებაც მივიღე, რაც ძალიან გამიხარდა. სწავლას მაისში ვიწყებ, მაგრამ მანამდე მინდა, რამე მნიშვნელოვანი გავაკეთო. ახლა ვმუშაობ და მუსიკალურადაც წინ მივდივარ, სიმღერებს ვწერ. ამერიკულ „ვოისზე“ გასვლას ვაპირებ და დიდი იმედი მაქვს, რომ გამიმართლებს. ნელ-ნელა ვემზადები, ქასთინგისთვის სიმღერას ვარჩევ. აპრილში კონცერტების გამართვას ვაპირებ, ერთი უკვე დაიგეგმა.
– ახლა სად მუშაობ?
– რესტორან-ლაუნჯ „პასაჟიში“ ვმუშაობ. ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა.
– ამერიკული ცხოვრების რიტმს როგორ შეეჩვიე?
– ამერიკული ცხოვრების რიტმი ცოტა რთულია, მაგრამ ვცდილობ, ავყვე. ჩემი აქ მყოფი ქართველი მეგობრები მეხმარებიან ამაში. სულ ცდილობენ, თავი უცხო გარემოში არ ვიგრძნო და ისევ ისეთი სითბო და ყურადღება მქონდეს, როგორსაც ჩემს ქვეყანაში ვგრძნობდი. ამას ძალიან ვაფასებ.
– ყველაზე მეტად რასთან გაგიჭირდა ამერიკაში შეგუება?
– ყველაზე მეტად იმასთან შეგუება მიჭირს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ძალიან შორს არიან და არ შემიძლია, ფიზიკურად მოვეფერო, დაველაპარაკო. ძალიან ემოციური ვარ და ყველაზე რთულად ამის გადატანა მომიხდა.
– მათ გარდა, რა ან ვინ გენატრება თბილისური ცხოვრებიდან?
– მენატრება ყოველი დღე, როდესაც მე და ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები ერთად ვიყავით. ვიკრიბებოდით, ყავას ვსვამდით, ქუჩაში თავისუფლად დავდიოდით. ყველა რომ გცნობს, გეფერება და დიდ სითბოს გჩუქნის. ნაცნობი ადგილები და საყვარელი ქუჩები მენატრება ძალიან. თბილისური და ის ქუთაისური ატმოსფერო მენატრება, რაც ჩემია. მაგრამ, არა უშავს, შევეცდები, ძალიან მალე მივაღწიო ჩემს მიზნებს და სამშობლოში დავბრუნდე. აქ მენტალურად აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი ცხოვრობს. ყველა დაკავებულია და გართობისთვის დრო არასდროს რჩებათ. ჩვენთან შედარებით უფრო ცივები არიან. ერთმანეთის მიმართ სითბოს არ გამოხატავენ. მოფერება, ჩახუტება და მსგავსი რამეები მათთვის უცხოა. აქ ვინმეს რომ ჩაეხუტო, შეიძლება, ძალიან გაუკვირდეს. თუმცა, მომწონს ის, რომ როცა ქუჩაში გამოდიხარ, არავის აინტერესებს, რა გაცვია, რა გიკეთია და ამ მიზეზით არავინ გაშტერდება, თბილისისგან განსხვავებით (იცინის).
– საქართველოში ყველა გცნობდა და ყველას უყვარდი. ამერიკში კი ახლა გიწევს თავის დამკვიდრება...
– სხვათა შორის, თავის წარდგენისას, ჩემი სავიზიტო ბარათი ჩემი ხმაა. სადაც კი პირი გავაღე და ვიმღერე, ყველა ისეთ კომპლიმენტებს მეუბნება და იმდენად დადებით შეფასებებს მაძლევენ, რომ აქაც უკვე ცოტა პოპულარულ ადამიანად ვგრძნობ თავს (იცინის). კომპლიმენტებისა და თბილი სიტყვების ემოციურ ზღვაში ვექცევი ხოლმე. ამიტომ, ვერ ვგრძნობ, რომ ყურადღება მომაკლდა. აქ ჩამოსვლის დღიდან, სადაც კი მიმღერია, ყველგან ვიქცევ ყურადღებას ჩემი შესაძლებლობებით. პირდაპირ ვიტყვი, რომ მსმენელებს ვაოცებ და ძალიან მომწონს, რომ ამ ქვეყანაში ნელ-ნელა ასეთი რაღაცეები ხდება.
– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამერიკაში ცხოვრებას ახლავს თან წონაა. შენი საქმე როგორაა ამ მხრივ?
– გავხდი (იცინის). წონაში დავიკელი. აქედან გამომდინარე, ამერიკული საკვები არანაირ პრობლემას არ მიქმნის. პრინციპში, საქართველოშიც არის „მაკდონალდსი“, ფასთფუდები. გააჩნია, შენ რა გზას აირჩევ, თორემ ჰამბურგერის და ჩისბურგერის ჭამა საქართველოშიც თავისუფლად შეგიძლია. თუ კიტრი და პამიდორი გინდა, ამას აქაც იყიდი და შეჭამ. ასე რომ, არჩევანი ყოველთვის ადამაინზეა. ერთი-ორჯერ მეც ვჭამე ცნობილი ამერიკული ბურგერი, გემო მაინტერესებდა და სიმართლე გითხრათ, იგივე გემო აქვს, როგორიც საქართველოში, ცოტა უფრო უარესიც კი.
– როგორ ფიქრობ, შეძლებ, ამერიკაში სამუდამოდ ცხოვრებას?
– არა მგონია, შევძლო. მაინც მინდა, სიბერეში იმ ადგილას ვიყო, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი. „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი“ (იცინის).
– სიბერემდე მანდ აპირებ ყოფნას?
– გააჩნია, ცხოვრება საით წამიყვანს. რა და როგორ მოხდება. თუ აქ ვიგრძენი თავი დაფასებულად, კარიერაში წინ წავედი, მაშინ, შეიძლება, დავრჩე. „ვოისზე“ რომ გავალ, მერე ვნახავ, რა და როგორ წავა. კოლეჯში სწავლა ორწლიანია, მაგრამ „ვოისის“ შემდეგ, შეიძლება, ვინმე პროდიუსერმა დამინახოს და რამე საინტერესო შემომთავაზოს. შეიძლება, ვერ გავიმარჯვო, ეს არ არის მთავარი, მაგრამ შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში.
– ამ პერიოდის განმავლობაში რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაში არავინ არ არის და აბსოლუტურად არაფერი ხდება. ჩემი კონცენტრაცია კარიერაზე მაქვს და ჯერჯერობით, არ მცალია პირადი ცხოვრებისთვის.
– ოჯახის დანგრევის შემდეგ, მამაკაცების მიმართ, ალბათ, შეგეცვალა კრიტერიუმები, უფრო მეტად დაკვირვებული გახდი?
– არა, არაფერი შემცვლია. ისევ ისეთი ვარ.
– მაშინ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, შენი მოხიბვლა რომ შეძლოს?
– სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ალბათ, ისეთი, როგორიც იყო ჩემი მეუღლე.
– მაგრამ, თქვენი ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ისევ ისეთი, რატომ?
– უბრალოდ, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი (იცინის).