რის გამო გამოაცხადა კახა კინწურაშვილმა პირდაპირ ეთერში: „გეი ვარ“ და რაში ეხმარება მას მეგობრის თანაწამყვანობა
უკვე მეორე სეზონია, კახა კინწურაშვილი პროექტ „ერთი ერთშის“ წამყვანია. მართალია, ტელევიზია მისი ოცნება არ არის და მისთვის კინო და თეატრია ყველაფერი, მაგრამ, ამის მიუხედავად, დაკისრებულ მოვალეობას თავს ძალიან კარგად ართმევს – წამყვანის ამპლუას მშვენივრად ირგებს და მაყურებლისთვისაც და მონაწილეებისთვისაც ხალიასიან განწყობას ქმნის.
– კახა, ხშირად აღნიშნავ, რომ წამყვანობა არ მოგწონს, თუმცა, მეორე სეზონია, აქ ხარ, მანამდე კი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იყავი წამყვანად.
– ამაზე სულ არის ლაპარაკი. მე ვიქნები წამყვანი მანამ, სანამ არ გამოსწორდება მდგომარეობა თეატრსა და კინოში. რატომღაც, ჰგონიათ, რომ მსახიობებს უნდა სციოდეთ და შიოდეთ, არადა, მსახიობებიც ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს ვალდებულებები; ამიტომ, პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა ადგილას გვიწევს მუშაობა. ზოგი ტელევიზიაში მუშაობს, ზოგი – ბარში, ზოგი – ქარხანაში, რადგან, ჩვენს პროფესიაში ადეკვატური ანაზღაურება არ არის. როცა მიდიხარ ტელევიზიაში და კონტრაქტს აწერ ხელს, უნდა გააკეთო ის, რაც გევალება. მეც ვცდილობ, ჩემი მოვალეობები შევასრულო. მომწონს თუ არ მომწონს, ეს უკვე პირადი საქმეა.
– ამბობენ, რომ ტელევიზია ნარკოტიკივითაა და მასზე უარის თქმა მცირეხნიანი ურთიერთობის შემდეგაც კი რთულია. შენთვის არ გახდა ასე?
– ჩემთვის „ნარკოტიკი” თეატრი და კინოა. შესაბამისად, ამას სხვა „ნარკოტიკი” ვერ ჩაანაცვლებს. არ ვამბობ, რომ ტელევიზია ცუდია და, არც იმას ვამბობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის; უბრალოდ, ეს არის საშუალება, რომ მე რაღაცეები დავაბალანსო თუნდაც ჩემს პირად ცხოვრებაში. ზოგადად, ტელევიაზია თამაშია და ადამიანებს უყვართ თამაში. მე ვიცი ამ თამაშის წესები, მაგრამ, სიმართლე გითხრა, დიდად არ მიტაცებს.
– რამდენიმე სეზონია, შენ და რუსკა წამყვანები ხართ. შეიძლება, თქვენზე ითქვას, ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმითო?
– მე და რუსკა დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ. როცა პირველად იწყებ და კამერის წინ დგახარ, შეიძლება, დაძაბული იყო და მეგობრობამ ბოლომდე ვერ გიშველოს, მაგრამ, ამ ყველაფერს რომ მოიხსნი და გვერდით გიდგას პარტნიორი, რომელიც შენი დიდი ხნის მეგობარია, რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია – მას ცხოვრებაში იცნობ და იცი, როგორ უნდა მიუდგე. შეიძლება, დამავიწყდეს, რომ ახლა მე ვაგრძელებ ლაპარაკს და, უცებ, ამ პაუზაში, ისე, რომ მაყურებელი ვერაფერს მიმხვდარა, რუსკას გაუგრძელებია, ან პირიქით. ერთხელ რუსკას რბილი „ლ“ გაეპარა და მაგაზე ავაწყვეთ ხუმრობები – ასეთი რამეები ხდება. ლაივი სწორედ ის არის, რომ შენი პარტნიორის ნაწილი ხარ და, თუ მას რამე შეეშალა, მაყურებელს არ უნდა აგრძნობინო.
– თქვენი ფორმატი შეზღუდულია თუ თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალება გაქვთ?
– რა თქმა უნდა, ბილწსიტყვაობა არ უნდა მოვაწყოთ სცენაზე (იცინის). როცა მომღერალს წარადგენ და ის სიმღერას შეასრულებს, მერე შეგიძლია, შენი აზრი თქვა, ამაში შეზღუდული არ ვართ. სცენარი გვაქვს, მაგრამ, შეიძლება, რამე დავამატოთ მეტი სიცხადისთვის. ლაივი ცოცხალი პროცესია და, იმპროვიზაცია გამართლებული კი არა, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელიც არის, მშრალი რომ არ გამოვიდეს. მომღერლები რომ მღერიან, იმის შემდეგ რაც ხდება, ეს ყველაფერი ძირითადად იმპროვიზაციაა.
– თემო საჯაიას წარდგენისას თქვი – „გეი ვარ“... ეს საკონკურსო ნომერს ეხებოდა, მაგრამ, მსმენელი უცებ იფიქრებდა, რომ საკუთარ თავზე ამბობდი. ეს გათვლილი იყო თუ, უბრალოდ, ასე გამოვიდა?
– (იცინის) რა თქმა უნდა, გათვლილი იყო და, თუ ამას მოჰყვა გამოხმაურება და დადებითად იმოქმედა რეიტინგზე, ძალიან მიხარია.
– მონაწილეებს სერიოზული საქმეების შესრულება უწევთ, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ სასაცილოდაც გამოიყურებიან. წამყვანები ამ მხრივ კარგ მდგომარეობაში ხართ.
– ჰო, ჩვენ არ გვიწევს გარდასახვა (იცინის), თუმცა, წინა სეზონზე ჩვენც გავაკეთეთ სცენა ფილმიდან. მათთვის მართლა ძალიან რთულია. მაგალითად, ერთხელ სალომეს იმხელა კბილები და ყბა ეკეთა, რომ ვერ ლაპარაკობდა. წარმოიდგინე, მაგ მდგომარეობაში სიმღერა რა რთულია. ცუდ დღეში არიან და ძალიან მეცოდებიან ხოლმე. ვიღაცისთვის, შეიძლება, ლინზების ჩასმა ადვილი იყოს, მაგრამ, მე შარშან ტრავოლტას განსახიერებისას რომ ლინზები გავიკეთე ერთი საათი ვერ ვხედავდი და, წარმომიდგენია, მონაწილეები რა მდგომარეობაში არიან ხოლმე. თუმცა, სასაცილოები არიან, მით უმეტეს, როცა სქესის შეცვლა უწევთ. კალგოტკებში გამოწყობილი და ქუსლებზე შემდგარი კაცი ძალიან სასაცილოა, კაბებში გამოპრანჭულები და მთელი ამბებით. ქალები კიდევ, პირიქით, ცდილობენ, კაცები იყვნენ. თუმცა, უფრო მეტად სასაცილოები მაინც კაცები არიან ქალებად გარდასახვისას. როცა ბიჭ მონაწილეებს ქალის როლი ხვდებათ, სულ ვეუბნები, რომ „გააკეთონ” ქალი და არა შარჟი. ქალს რომ აკეთებენ, მაინც რაღაც უხერხულობა იქმნება და, ჰგონიათ, რომ ნამეტანიც ვერ შევლენ მის მდგომარეობაში. აქაც და წინა სეზონშიც, იყო მომენტები, როცა სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს და ძალიან კარგი შედეგი მიიღეს. შეიძლება, ამ დროს სასაცილოდ გამოიყურებოდე – თავისთავად, სასაცილოა 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი, კალგოტკებიანი კაცის დანახვა, მაგრამ, სერიოზულად თუ მიუდგები, შედეგი ძალიან მაგარია.
– პროექტის გარდა რა ხდება თეატრსა და კინოში?
– თეატრში ახლახან გამოვუშვით სპექტაკლი „ფსკერზე“, რომელიც ჩვენს რეალობაში აქტუალურ და საჭირო თემებზეა. მიხარია, რომ მაყურებლიდანაც დადებითი შეფასებები მესმის. დოის თავისი სათქმელი ჰქონდა და ამისთვის გაგვაერთიანა მსახიობები, თუმცა, ჩვენც გვათქმევინა ჩვენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის შექმნის დროს. რაც შეეხება სერიალ „ტიფლისს“, ფაქტია, რომ ახალი ხარისხი დაიდო, რომლის ქვემოთაც ვეღარავინ ჩამოვა. სასიამოვნოა, რომ სერიალმა ბევრ მსახიობს მოუყარა თავი და, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სამუშაო მისცა. პირველი სეზონი მოვრჩით და ახლა მეორეს ველოდები. პირველი არარეალურ დროსა და თანხებში გაკეთდა. ეს სერიალი ყველას ძვირად ღირებული ჰგონია, მაგრამ, დამიჯერეთ, რომ გგონია, ეს საქმე, სიტყვაზე, ასი ლარისაა, რეალურად ის ლარის არის. მართლა ეგრეა.
– პატარა შვილი გყავს. როგორი ბიჭია, ვის ჰგავს?
– ძალიან მაგარი ბიჭია (იცინის). ვის ჰგავს, მაგაზე დიდად არ ვფიქრობ ხოლმე, მთავარია, რომ არის. თუმცა, ერთი შეხედვით დედას ჰგავს და ძალიან მიხარია.
– აქტიურად ხარ ჩართული მის აღზრდაში?
– დროის პრობლემა მაქვს, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერში ვიღებ მონაწილეობას. ყველაფერი ისე გვაქვს გადანაწილებული, როგორც უნდა იყოს. როგორც დედა უვლის შვილს, ზუსტად ისე უნდა მოუაროს მამამაც – ორივე მშობელს ერთი და იგივე ვალდებულება ეკუთვნის. მე ასე ვფიქრობ, ჩემი მეუღლეც ასე ფიქრობს და ჩვენი შვილიც ეგრე ფიქრობს (იცინის). ჯერ არ ლაპარაკობს და არ გვეუბნება, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ასე ფიქრობს.
– განსაკუთრებული ახალი წელია შენთვის – პირველად შეხვდი მამის ამპლუაში. რა სურვილი გაქვს?
– რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან ცუდი ენერგეტიკა დაგროვდა და, მინდა, ყველამ ვიზრუნოთ ამის შესაცვლელად. მინდა, ყველას ჯანმრთელობა და საკუთარი თავის რწმენა ვუსურვო. კარგი იქნება, თუ ადამიანები ერთმანეთს გულწრფელად ვცემთ პატივს. გარდა იმისა, რომ მე მინდა კარგ ქვეყანაში ცხოვრება, უკვე ვფიქრობ, რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს ასეთ ქვეყანაში. მატერიალურ სურვილებს მე თვითონ ავისრულებ, ამისთვის არ მინდა სანტა და თოვლის ბაბუა – ბოლოს და ბოლოს, სესხს გამოვიტან (იცინის).