ვინ არიან გიორგი გურგულიას „სისუსტეები” და დაქორწინდა თუ არა ის მეოთხედ
გიორგი გურგულია პოპულარული მსახიობია და არც ქალბატონებისგან განიცდის უყურადღებობას. ალბათ, სწორედ პოპულარობაა იმის მიზეზი, რომ მასზე მრავალი ჭორი თუ მართალი ისმის. ბოლო დროს მის შესახებ ახალი ჭორი გავრცელდა – გიორგი გურგულია მეოთხედ დაქორწინდა და მისი რჩეული 29 წლის ლარისა გიგაურიაო. „თბილისელები” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა და ჩვენი ინტერვიუც ბატონ გიორგისთან ძირითადად ამ თემას დაეთმო, თუმცა, არამხოლოდ.
– ბატონო გიორგი, მთელი თბილისი იმაზე ლაპარაკობს, რომ გიორგი გურგულია მეოთხედ დაქორწინდა. მოგილოცოთ?
– არა, არ დავქორწინებულვარ (იცინის) – ხელი არ მომიწერია, ჯვარი არ დამიწერია. ჩემი შვილიშვილის ფოტო იდო „ფეისბუქზე” და ვიღაცას ეგონა, რომ შვილიც გამიჩნდა იმ გოგონასთან, ვისზეც ეს ჭორები ტრიალებს. მოკლედ, ზოგი შვილის დაბადებას მილოცავს, ზოგი დაქორწინებას, დავიღალე.
– სინამდვილეში რა ხდება?
– არც არაფერი. ერთი გოგონა არსებობს ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ლარისა გიგაური. არაფერი, მაქვს ამ გოგოსთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც აქვთ ქალს და მამაკაცს ოცდამეერთე საუკუნეში, თუმცა, კიდევ ვიმეორებ: არც ჯვარი გვაქვს დაწერილი, არც ხელი გვაქვს მოწერილი. ამ ეტაპზე ორივეს გვაკმაყოფილებს ასეთი ურთიერთობა. დღესდღეობით ასე ვცხოვრობთ და, მომავალში რა იქნება, რა გითხრათ. თუ ხელს მოვაწერ და ჯვარს დავიწერ, აუცილებლად გავახმოვანებ და არავითარ შემთხვევაში არ დავმალავ. შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, ამიტომ, მინდა, რომ სიმართლე ითქვას. ბევრი ადამიანი მიყვარს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, „სიყვარულის მატარებელი” მაქვს პროექტი, მაგრამ, ჟურნალებსა და გაზეთებში მაინცდამაინც ეს თემა არის ჩემთან მიმართებაში აქტუალური. ძალიან ხშირად ვთხოვდი კიდეც ზოგ ჟურნალს, რომ ცოლზე არ დაეწერათ, თუმცა, მაინც წერდნენ, სამი ცოლი ჰყავსო...
– გინდა თუ არ გინდა, „მაჩოს” იმიჯი გაქვთ, რაც ალბათ, თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟების ბრალია...
– ...და, ჩემი ახალგაზრდობისაც (იცინის) – ახალგარდობაში მქონდა რომანები.
– მაჩოც იყავით?
– „ქართველი მაჩო” – დაიბეჭდა ერთ დღეს. „მაჩო” მაინც უცხო სიტყვაა ჩემთვის, მთლიანობაში, მექალთანე არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ბევრ გოგონასთან მქონდა რომანი, რატომღაც, პოპულარული ვიყავი. ახალგაზრდობაში ეს აუცილებელიც არის: ჯერ ერთი, უნდა გაერკვიო, როგორც მამაკაცს, ვინ გინდა, რა გინდა და როგორთან გინდა ურთიერთობა და ასე შემდეგ. ძიება აუცილებელია... გურულ ქალზე ანეკდოტია ასეთი: ამ კაი კაცის ძიებაში ქე არ გავბოზდიო?!. მეც, კაი ქალის ძიებაში, „მაჩოობა” თუ რაღაც დამემართა (იცინის)...
– ქალბატონ ლარისასთან ერთად ცხოვრობთ ამ ეტაპზე?
– პერიოდულად ერთად ვცხოვრობთ ხოლმე, რადგან, შვილები მყავს, პრობლემები მაქვს – მათაც ვჭირდები, სჭირდებათ ჩემი ყურადღება.
– ლარისას თუ ჰქონდა წარსულში ოჯახი?
– არა, არ ჰქონია.
– თქვენი ყოველი მომდევნო მეუღლე წინაზე ახალგაზრდა იყო. ლარისა, მართალია, მეუღლე არაა, მაგრამ, მაინც, რა ასაკისაა?
– ლარისა 29 წლისაა. ის ჩემს ცხოვრებაში არსებობს და ამაზე მიდის სულ საუბარი. არ ვიცი, რა როგორ დასრულდება. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არც ვაპირებ ცოლის მოყვანას. ლარისა არ არის მიჩვეული საზოგადოების ცენტრში ყოფნას. ის ჯერ რუსეთში ცხოვრობდა, მერე გერმანიაში და საქართველოში ცოტა ხნით უწევდა ხოლმე ჩამოსვლა. თბილისში არც ისე დიდი სანაცნობო წრე ჰყავს.
– თქვენ როგორ გაიცანით?
– მე აბსოლუტურად შემთხვევით გავიცანი ლარისა – კონცერტზე ვიყავით და იქ შევხვდით, აქ, საქართველოში.
ლარისასაც ექმნება პრობლემები ამ ჭორების გამო და, ბუნებრივია, ნერვიულობს. მისი და გერმანიაში ცხოვრობს, ურეკავს: გავიგე, გათხოვდიო... რად გინდა ასაკოვანი კაციო (იცინის) – გავდივარ უკვე ასაკოვნებში.
– რამდენი წლის ხართ?
– 50 წლის ვარ. არ გამოვიყურები ასაკოვნად, ჩემი ცხოვრების წესითაც არა ვარ ასეთი, არც მენტალიტეტით და, პროფესიაც ისეთი მაქვს, მოხეტიალე მუსიკოსივით ვარ (იცინის). ისიც კი არ მაქვს გადაწყვეტილი ბოლომდე, საქართველოში ვიცხოვრებ თუ სადმე სხვაგან ან რა პირობები მექნება. ცხოვრება ისეა, რომ, „მწვანე ბარათი” მქონდა – მივატოვე, რუსეთში გადაღებები მქონდა – არ წავედი, მივატოვე.
– კიდევ რა სიახლეები გაქვთ ცხოვრებაში?
– ჩვეულებრივად, როგორც ერთი წლის წინ, ისევ ისე გრძელდება ჩემი ცხოვრება: სერიალში ვარ – „ჩემი ცოლის დაქალებში” და კიდევ პროექტი გავაკეთე – „სიყვარულის მატარებელი”. შეგვიერთდა ირაკლი კაკაბაძე თავისი ჯგუფით, ნათია ამირეჯიბის ვაჟი. ამ ცოტა ხნის წინ ქალბატონი ნათია გარდაიცვალა, სამწუხაროდ, ახლახან იყო ორმოცი. მსოფლიოს მშვიდობის დღე ავირჩიეთ 21 სექტემბერი და ეს დღე გახდა ამ პროექტის სტარტი. ეს ყოველწლიური საერთაშორისო პროექტია.
ორ კინოსცენარზეა კიდევ საუბარი, რომლებიც დაფინანსების მოლოდინშია. ვნახოთ.
– წასვლა ახსენეთ წეღან...
– არ მაქვს გადაწყვეტილი, სად წავალ ან როდის წავალ, ან, თუ წავალ საერთოდ. განხორციელდება თუ არა ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტები, ამაზე ვარ დამოკიდებული. მათ შესახებ დაწვრილებით საუბარი ცოტა ადრეა.
– ძალიან ხშირად გხედავთ ზოოპარკში თქვენს ნაბოლარა ბიჭთან ერთად...
– შვილები ჩემი სისუსტეა. საერთოდ, ბავშვები მიყვარს ძალიან. მე თვითონ სამი შვილი მყავს, სამივე ბიჭია და ორი შვილიშვილი. შეიძლება, მეტი შვილი მყავდეს მომავალში, თუმცა, დღესდღეობით არ ველოდები შვილის დაბადებას. შვილიშვილიც აუცილებლად ბევრი მეყოლება.
– არ შემიძლია, არ ვისაუბრო თქვენს პერსონაჟზე „ჩემი ცოლის დაქალებიდან,” რომელიც, მართალია, იშვიათად ჩნდება ეკრანზე, მაგრამ, ძალიან პოპულარულია. ისე, თქვენს გმირს ისეთი ქალი არ უხდება, სერიალში რომ გყავთ.
– (იცინის) ეგ ჩემი პირველი ცოლია სერიალში, მას დავუბრუნდი. მანდაც სამი ცოლი მყავდა. დანარჩენ ცოლებთან შვილები მყავს თუ არა, ეგ ჯერჯერობით არ ჩანს სერიალში.
– ისევ გიხილავთ ამ სერიალში?
– დიახ, ჯერჯერობით ვიქნები. სერიალი უცნაური რამეა: პერიოდებია – არ გიღებენ, მერე, პერიოდია – ინტენსიურად გიღებენ. ამიტომ, სულ უნდა გქონდეს შეთანხმება; თუ სადმე მიდიხარ, უნდა გააფრთხილო.
– ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობა გაკლდათ, მაგრამ, მგონია, რომ თქვენ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა ამ სერიალმა.
– ასეა. თუ ადრე ათი კაციდან ორი მცნობდა როგორც კინომსახიობს, ახლა სერიალს ყველა უყურებს და, შესაბამისად, ყველასთვის ცნობილი გავხდი. მოსწონს ხალხს, ქუჩაში ქათინაურებით მამკობენ, გამყიდველები შთაბეჭდილებებს მიზიარებენ და ასე შემდეგ.
– ამას წინათ, ერთ საუბარს შევესწარი სრულიად ჩვეულებრივ სიტუაციაში, სადაც ერთი პიროვნება, რომელიც თავს თქვენს ახლობლად წარმოადგენდა, დანარჩენებს უყვებოდა თქვენი ეგვიპტური შთაბეჭდილებების შესახებ.
– ეგვიპტეში საერთოდ არა ვარ ნამყოფი (იცინის). ინდოეთში ვარ ნამყოფი, შტატებში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მაგრამ ეგვიპტეში – არა. შესაძლოა, ვინმეში ავერიე. ერთხელ, ამერიკაში ყოფნისას, ერთმა ქართველმა ჩემთან ფოტოს გადაღება მოისურვა და, რომ გადავიღეთ, მერე მითხრა – ყველას ვაჩვენებ, რა მაგარი ფოტო მაქვს გადაღებული თემურ ქეცბაიასთანო...
ახალი წელია და, მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო და მოვეფერო.