კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში კარგავს თავს მანუჩარ მაჩაიძე და რა მიაჩნია მას საკუთარ მიღწევად

ჩვენს რუბრიკაში ერთი და იგივე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფახურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს. 

– ვინ ხართ? გაგვეცანით.

– მანუჩარ მაჩაიძე ვარ. ვიყავი სპორტსმენი, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. როგორც ადამიანი, რა ვიცი, ბევრი მოყვარული მყავს, მეგობარი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც არ მოვწონდი და დღემდეც ასეთი შეხედულება აქვთ ჩემზე. ცოტა მკაცრიაო, სხვათა შორის, ფეხბურთის მოედანზე ვიყავი მომთხოვნი ჩემი თავისა და პარტნიორების მიმართაც. მიმაჩნია, რომ ამან გარკვეულწილად იმოქმედა იმ წარმატებებზე, რომელიც გვქონდა ჩემი კაპიტნობის პერიოდში. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ჩემმა თაობამ, როცა მე კაპიტანი ვიყავი, იმდენ რამეს მიაღწია, რომ ჯერ არავის მიუღწევია. ეს არის სტატისტიკურად დამტკიცებული.

– დაახასიათეთ საკუთარი თავი.

– მე ვარ ვერძი. მისი დახასიათება რომ წავიკითხე, ზუსტად ეგეთი ვარ – მომთხოვნი, უკან არ დავიხევ, ხშირად ჯიუტიც, აქტიური, ვერ ვიტან უსამართლობას და მომხრე ვარ, უფრო ჰუმანური დამოკიდებულებისა ადამიანებს შორის. ზოგი ქრისტიანულ მორალს უარყოფს, მაგრამ მე ქრისტიანული მორალის მომხრე ვარ.

– როგორი ჰგონიხართ და სინამდვილეში როგორი ხართ?

– ალბათ, უმრავლესობას როგორიც ვგონივარ, ისეთი ვარ.

– გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე?

– არ მაინტერესებს.

– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღეს?

– ბავშვობიდან ფეხბურთი ხომ მიყვარდა, მაგრამ სწავლაც მიყვარდა. დედაჩემი და მამაჩემი სულ იმას მეუბნებოდნენ, შენ მეცნიერი უნდა გამოხვიდე – მათემატიკის და ტექნიკური მეცნიერების მიმდევარიო. მამაჩემი იყო ინჟინერი, დედა – ექიმია. ზუსტად, ტექნიკურ საკითხში მეცნიერებათა დოქტორის წოდებას მივაღწიე. მიმაჩნია, რომ კარგი სპეციალისტი ვარ და სპორტშიც, მოგეხსენებათ, მქონდა შედეგები. რა სურვილებიც მქონდა, ავისრულე.

– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

– მომწონს მიზანდასახულობა. არ მომწონს... შეიძლება, ხანდახან ფიცხი ვარ, მაგრამ როგორც ყველა ქართველი, მეც ასეთი ვარ. შეიძლება, წონასწორობიდან გამოვიდე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, თავზე კონტროლი არ დავკარგო.

– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ...

– ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი მაშინ, როცა პარლამენტში ვიყავი. მე, მანუჩარ მაჩაიძემ პროფესიონალმა ფეხბურთელმა როგორ ვითამაშე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ფეხბურთი. არადა, ვთამაშობდი ხოლმე. ამაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში არ დამიშვია. ბავშვებთან მითამაშია, ქუჩაში, ეზოში, მაგრამ მაგათთან არ უნდა მეთამაშა (იცინის).

– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით  და რას გააკეთებდით?

– წინა ცხოვრებაში, ალბათ, მეომარი ვიქნებოდი. შესაძლოა, ფილოსოფოსიც ვყოფილიყავი. ფილოსოფოსი ყოველთვის შეიძლება, იყო. ოცდამეერთე საუკუნეში ისე განვითარდა ტექნიკა, მეცნიერება, ფილოსოფოსობა დღეს ძნელია. იმიტომ რომ ახალს ფილოსოფიაში ახლა ვერაფერს იტყვი, მაგრამ ბევრ რაღაცას კიდევ უფრო მოეფინა ნათელი. ადრე რომ ფილოსოფოსი ვყოფილიავი... ალბათ, ცოტა გვიან დავიბადე, – ადრე უნდა დავბადებულიყავი.

– დღეს იქ ხართ, სადაც თქვენი ადგილია?

– დიახ. ჩემი ადგილი პოლიტიკაშია, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი იმ ამბავს, რომ ქართველი იჩაგრებოდა. პატრიოტულად მზრდიდნენ სკოლაშიც, ოჯახშიც. ადამიანს, რომელსაც უყვარს სამშობლო, პოლიტიკაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული და უნდა იცავდეს თავის სამშობლოს.

– როდის გრძნობთ თავს უხერხულად და როგორი ხართ ამ დროს?

– უხერხულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მაქებენ... არ მსიამოვნებს. ისე, ქართველებს ეს გვაქვს, განსაკუთრებით სუფრასთან. თავისებურად კარგია, მაგრამ გადაჭარბება არაფერში არ ვარგა. ოქროს შუალედი უნდა იყოს.

– ფიცხი ვარო...

– სამწუხაროდ, ფიცხი ვარ. ეს, ალბათ, სპორტიდან გამომდინარე. თუ ფიცხი არა ხარ, ემოციები არ გაქვს, წარმატებას ვერ მიაღწევ სპორტის ვერც ერთ სახეობაში, არ არსებობს.

– როგორი ხართ გაბრაზებული?

– აუ, ჩემს მტერს. სხვათა შორის, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, რუსები იძახდნენ, არ გააბრაზოთ მაჩაიძეო. რომ გავბრაზდებოდი, მაშინ იყო მაგათი საქმე ცუდად. სპორტში – საერთოდ ვეღარ მაკავებდნენ. ისედაც, როცა ვბრაზდები, ძალა მემატება. გინებით არ ვიგინები. ძოძუაშვილმა უთხრა ერთხელ ერთს, წყნარად იყავი, ძმაო, მაგისი მუშტი მტერს მოხვდაო (იცინის).

– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?

– როდესაც შეურაცხყოფას მაყენებენ, მაშინ ვკარგავ თავს. ამ დროს უკან დახევა არ ვიცი. ღირსეული ადამიანი შეურაცხყოფას ვერ იტანს.

– მინდა...

– საქართველოში იყოს კარგი ცხოვრება და ჩვენმა ხალხმა ბედნიერად იცხოვროს.

– მომწონს...

– ლამაზი ყველაფერი მომწონს.

– მაღელვებს...

– მეუღლე აქ რომ არ იყოს ვიტყოდი, რომ ლამაზი ქალები მაღელვებდა ყოველთვის (იცინის).

– აღმაშფოთებს...

– უსამართლობა!

– კომფოტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა...

– კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ჩემი სული მშვიდადაა.

– ხშირად დამთვრალხართ, როგორი ხართ ამ დროს?

– კი ვსვამ, მაგრამ ძალიან მსმელი არა ვარ. მე თვითონ ვწურავ ყოველ წელს დაახლოებით ერთი ტონა ყურძენს. შემდეგ ვხდი არაყს, კონიაკს ვაკეთებ და სხვათა შორის, ძალიან კარგი ალკოჰოლური სასმელები მაქვს ჩემი ხელით დამზადებული. კარგი სიმთვრალე მაქვს. ზოგი რომ სვამს, აგრესიული ხდება და ჩხუბზე გადადის. მე ასე არა ვარ. საერთოდ, სმაც არ მიყვარს უზომოდ. მოვალ სახლში, წამოვწვები, წავიკითხავ, დავიძინებ. ასე სრულდება ჩემი სიმთვრალე.

– როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ჩვეულებრივ დროს, ანუ მაშინ, როცა არავის ელით?

–  საწოლთან მიდევს წიგნები და სულ ვკითხულობ: ისტორია, ფილოსოფია – არისტოტელე, ჰეგელი, პლატონი, უამრავი. ახლა, არისტოტელეს ვკითხულობ.

– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში     გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?

– მე ცოცხალი ადამიანებისგან რჩევებს იშვიათად ვიღებ, – უფრო წიგნებიდან. სიკეთე, სიკეთე უნდა აკეთო და სიქველე.

– ცხოვრებამ მასწავლა, რომ...

– ყველას არ უნდა ენდო.

– მინდა, ყველამ იცოდეს, რომ...

– ადამიანი მხდალი არ უნდა იყო.

– რისთვის ღირდა ცხოვრება?

– იმისთვის, რომ შთამომავლობა დატოვო და იყო სამშობლოს სამსახურში.  

– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ?

– სამშობლოს არ გავყიდი.

– რა მიგაჩნიათ საკუთარ მიღწევად?

– ის, რომ საქართველოში უმრავლესობა ჩემს მიმართ დადებითად არის განწყობილი.

– რით ხართ მდიდარი?

– მდიდარი ვარ სულით.

– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სიბერეში?

– როგორიც ახლა ვარ. 65 წლისა ვარ, პენსიაზე გასული (იცინის). იმისთვის, რომ გაიხანგრძლივო ახალგაზრდობა, საჭიროა ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი. არასწორია ზედმეტი სმა. ქართველებმაც ვიცით და ამ მხრივ, ჩვენზე უარესი სხვა ბევრი ერია. მაგალითად, რუსებს არაყი კლავს. 

– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში? 

– ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. ვფიქრობ, ისე ვიცხოვრო, რომ სიკვდილის შემდეგ ჩემზე ცუდი არ დაწერონ. ფეხბურთის ისტორიაშიც შევალ. ჩემზე არასდროს დაწერენ – იყო საქართველოს და ქართელი ხალხის მოძულეო.

скачать dle 11.3