რატომ არ უნდა შეხვდეს ავტორი კრიტიკას ყალყზე და როგორ შეძლო კობა ჭუმბურიძემ 2 წლის განმავლობაში 520 ლექსის თარგმნა 75 ენიდან
კობა ჭუმბურიძე პროფესიით არქიტექტორია, თუმცა ბევრ სხვადასხვა დარგში მოღვაწეობს, თანაც, საკმაოდ წარმატებულად. ორ წელიწადში მან 520 ლექსი თარგმნა 75 ენიდან, თამარ მეფე გაათავისუფლა სპარსული წარბების უღლისგან, თავისებურად მოეფერა ლექს „ტაში, ბიჭო, გიორგუნას”... მისი საქმიანობის, პიროვნების, აღზრდის, მოღვაწეობის, მშობლიური ქალაქისა და კიდევ უამრავი საინტერესო თემის შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ ინტერვიუში.
– ბატონო კობა, ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, მეოთხე თაობის თბილისელი ვარო. მიამბეთ თქვენს ოჯახზე, წინაპრებზე, ტრადიციებზე, რომლებზეც იზრდებოდით?
– ჭუმბურიძე ერთ-ერთი დიდი გვარია და რამდენიმე შტო აქვს. ჩემი წინაპარი ჭიათურიდანაა, იქაური აზნაურია. არის ასეთი ლექსი შემორჩენილი – „ვაჟკაცნი ძენი, ჭუმბურიძენი, ციხე-სიმაგრის მოდარაჯენი.“
ჩემი ბაბუის მამა კი იყო მღვდელი – სამსონი, რომელმაც ნაძალადევში შეიძინა სახლი და მას მერე ეს ხაზი თბილისელები ვართ.
ის, რომ დიდი ბაბუა გასაბჭოების შემდეგაც მღვდელი იყო, ალბათ, იმაზეც მეტყველებს, რომ ოჯახი ქართული ტრადიციის მცველი და მიმდევარი იყო. დედის ბაბუაც მღვდელი გახლდათ და მისი ქალიშვილის, ანუ ბებიაჩემის გავლენა ასევე დიდია ჩემზე.
ასე, რაღაც განსაკუთრებული პროგრამით არ მზრდიდნენ საქართველოს მოყვარულად. გულში მჯიღის ცემა არ იყო მამულის სიყვარულის თვალსაჩინოება. უფრო მათი შემყურე ვაყალიბებდი ჩემს მრწამსსა და ქცევას.
– როგორი იყო თბილისი, როგორია ახლა და როგორი წარმოგიდგენიათ მომავალში?
– თბილისი ადრეული ასაკიდან მახსოვს. ამაზე ბევრად პატარა და თბილი. საერთო სამზარეულოში ნავთქურები იდგა. ნავთის და ნაგვის მანქანებს ერთნაირი მოსახმობი ჰქონდა. ნავთქურის მუცელი ეკიდათ მანქანაზე და რკინის ნაჭრის ცემით ზარივით რეკავდნენ. ანეკდოტი ყველაზე უკეთ აღწერს ამ ამბავს: ჟღრიალის გაგონებაზე ბავშვი გამორბის სახლიდან ბიდონით და დაძრულ მანქანას გასძახებს: ნავთი! ნავთიი!
მძღოლი პასუხობს – ნავთი მამაშენია, მე ნაგავი ვარ.
ეს ნაძალადევში ხდებოდა.
შემდეგ „ვორონცოვზე” გადმოვსახლდი. ახლა ორბელიანთუბანში ვცხოვრობ, ანუ ცენტრში. ორიოდე საუკუნის წინ კი, აქაურობა გარეუბნად ითვლებოდა. ქალაქი იქ თავდებოდა, სადაც ახლა კონკა დგას.
პროფესიით არქიტექტორი ვარ და ერთხანს ძეგლთა დაცვის ინსპექციაშიც ვიმუშავე. ამიტომ, ეს ქალაქი ჩემთვის ცოტა უფრო მეტია, ძალიან საინტერესოა და ჯერ კიდევ შეუსწავლელი. აბანოთუბანში, სადაც წმიდა ორმეოცთა მოწამეთა ტაძარი უნდა აშენებულიყო, წინასწარი არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო იმ მონაკვეთის. მაშინ ვიფიქრე – ეს არის საუკეთესო ადგილი გზის გასაკონტროლებლად და რაკი ეს სავაჭრო გზა ანტიკური ხანიდან აქ გადის და ეს კლდეები მაშინაც აქ იყო, შესაბამისი ასაკის იქნება აქაური ნაგებობებიც-მეთქი. თხრა რომ დაიწყო და აღარ გათავდა ფენები, თავადაც გაოცებული დავრჩი. ანუ, თბილისი სატახტო ქალაქად აქცია ვახტანგმა, თორემ ალბათ ორჯერ ძველია.
მამა იგონებდა – სადაც ახლა სპორტის სასახლეა, მანდ მინდორი იყო, ვირების საძოვარი და უბნელი ბიჭები ხშირად მივდიოდით ვირების საჭენებლადო.
ვერ ვიტყვი, რომ ის თბილისი ჯობდა, როცა შუა ეზოში ერთი საპირფარეშო იდგა და იქ ყველას დასანახად უნდა შეფხორილიყავი, მაგრამ კარგიც ბევრი იყო.
იმაზე კი, თუ როგორი იქნება ჩვენი ქალაქი მომავალში, გამიჭირდება პასუხი. ვიცი, რომ მაღალსართულიანი იქნება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ რამდენად შევინარჩუნებთ ძველ ქალაქს, ეს საზოგადოების სიმწიფეზეა დამოკიდებული. თაობას, რომელსაც თავხედურად წაართმევენ ლაღიძის წყლებს და ქაშუეთს გვერდით, ბალდახინს თუ თემურ ლენგის მავზოლეუმს დაუდგამენ, უფრო მებრძოლი და გემოვნებიანი თაობა უნდა ჩაენაცვლოს. როცა ალეკო ელისაშვილმა აქციაზე გამოსვლა გვთხოვა, იმ უმსგავსობის გასაპროტესტებლად, 300 კი არა 300 000 კაცი უნდა გამოსულიყო. სამწუხაროდ, ესაა რეალობა.
– დღეს არაერთ სფეროში მოღვაწეობთ. მიამბეთ ამ საქმიანობებზე.
– გამიგია, სტალინს უთქვამს: ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან და არც არაფერი არ იციანო. სხვისა რა გითხრათ და ამაში ნამდვილად უნდა დაეთანხმო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მის აშენებულ ქვეყანაში ყველაფრისმცოდნეობა ხანდახან სასიცოცხლო აუცილებლობა იყო. ამიტომ, მე ადრეულ ასაკში ვისწავლე ყანის თოხნა და ფეხსაცმლის შეკეთება. სათამაშოებსაც თავად ვიკეთებდი, მექანიკურსაც კი, როგორიც მაშინ არ იყიდებოდა. შარვალი და პერანგიც შემიკერია ორიგინალური თარგით. ვიყავი ინსპექტორი, ინსტრუქტორი, დირექტორი, რედაქტორი, ლექტორი და კიდევ უამრავი ასეთი ტორი... მაგრამ, გერმანელი, რომელმაც გოეთე და ჰაინე არ იცის, აწყობს „მერსედესს” და ჩვენ კი, საერთაშორისო ბაზრის ღირსი პროდუქტის წარმოება გვიჭირს. აი, ესაა ფასი მიდებ-მოდების და ვისურვებდი, ჩვენს თაობაზე შეწყდეს „მოღვაწეობის” მრავალწახნაგოვნება.
– ერთგან ბრძანეთ: როდესაც „კინო ხმოვანი გახდა, მის წინააღმდეგ პირველი ჩაპლინი ამხედრდა თურმე – ხმა მოკლავს კინოსო. ჯერჯერობით მართლა ვერ შეედრება ქაღალდს ვერაფერი”... მომინდა შემეტყო რა იდეა გაამაგრეთ ამ არგუმენტით, თუ პარალელით?
– ჩაპლინი არა მარტო მისთვის ჩვეული მუნჯური მეტყველების დაისს განიცდიდა, არამედ მაშინდელი კინო საძაგლად ხრიწინებდა.
როგორც მახსოვს, საუბარი შეეხებოდა იმას, რომ წიგნი მუდამ იარსებებს და ვერასდროს ჩაანაცვლებს მას ელექტრონული ვერსია. მე კი მიმაჩნია, რომ წიგნი იყო თიხის ფირფიტაც, პაპირუსიც, ეტრატიც და ქაღალდიც. წიგნი იქნება ელექტრონული საკითხავი მოწყობილობაც, „სამ მუშკეტერზე” ათჯერ თხელი, განუზომლად იოლი მოსახმარი და მისი მეხსიერება დაიტევს ყველაფერს, რაც კი დაწერილა დღემდე. თუმცა, ჯერჯერობით ქაღალდს ვერაფერი შეედრება.
სკრიპტები რომ საკმარისად დაიხვეწება, მიეჩვევა მერე თვალი. ჩემი გამოკვლევა ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე, მიზეზთა გამო წიგნად ვერ გამოვეცი და ავტვირთე ბლოგზე, სადაც ყოველგვარი რეკლამის გარეშე, მიაგნო 170 000 ადამიანმა. დღეს კი წიგნის ყველაზე დიდი ტირაჟი ამის მეასედი არაა. ესეც მიუთითებს ტენდენციაზე.
– როგორც ვიცი, არაერთი ლექსი და თარგმანი ეკუთვნის თქვენს კალამს.
– საბრძოლო ხელოვნების 15-წლიანმა კვლევამ დამიგროვა გარკვეული გამოცდილება და თავიდან აღმომაჩენინა ჩემი ენა. მაგალითად, ვიკვლევდი ტყეში დიდი ხნით გასულ მეომარს, რასთან ექნებოდა შეხება და ერთ-ერთი ასეთი იყო წვიმა. მასთან შეგუება კი საბრძოლო უპირატესობაა. დავიწყე მისი სინონიმების შეგროვება და ჯერჯერობით 73-ზე ავედი. აქ კი მივხვდი, რომ ჩვენ ძალზე გავუუცხოვდით საკუთარ ენას, ჩვენი მეობის ყველაზე ურყევ ციხე-სიმაგრეს. ამაში დროის ხელიც ერია და დამპყრობლისაც, რომელიც ნიადაგ მის ამოძირკვას ცდილობდა. ჰოდა, ამ ჯადოსნური სიტყვების გასაცოცხლებლად დავიწყე ლექსების წერა, თანაც კონვენციურის, რადგან ასეთი ლექსი შედარებით იოლად შერჩება ხოლმე მეხსიერებას.
ასევე, ეთნოლოგიური კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა უცხოური მასალის თარგმნა ავტომატური მთარგმნელით, რომელიც ძალიან ცუდად თარგმნის. მაგრამ, წლობით მასთან ურთიერთობისას, უკეთ გესმის მისი. ჰოდა, ამან მაფიქრებინა, რომ თარგმანებითაც გამემდიდრებინა ჩემი ენა.
როგორ გავამდიდრე, მკითხველი შეაფასებს, მაგრამ დავამტკიცე, რომ ქსელის დღევანდელი განვითარების პირობებში, შესაძლებელია, ორ წელიწადში 520 ლექსის თარგმნა 75 ენიდან. როგორც თქმულა – მე გავაკეთე, როგორც შევძელი და უკეთ, დე, სხვებმა გააკეთონ. ყველა შემთხვევაში, ქართული ენა რჩება მოგებული და ჩემი მიზანიც ესაა.
– „ტაში, ბიჭო, გიორგუნა” – რა კავშირი გაქვთ ამ ლექსთან, რომელიც ლამის რაჭის სიმბოლოდ არის ქცეული დღესდღეობით?
– როცა ეს ცეკვა-სიმღერა ვნახე, ისეთი ემოცია მქონდა, რომ ლექსი ვუძღვენი. ერთხელ მითხრეს – შენია ეს ლექსი თუ ხალხურიო და ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება, რაც კი შეიძლება, მელექსემ ინატროს.
ვაზუსტებ – ერთია სიმღერის ტექსტი და მეორე – მის მოსაფერებლად დაწერილი ჩემი ლექსი.
– თამარის პორტრეტის შექმნასთან დაკავშირებით, რას გაიხსენებთ? საერთოდ, მიამბეთ მხატვრობასა და კობა ჭუმბურიძის ურთიერთობაზე.
– არქიტექტორებს კი გვასწავლიან ხატვას, მაგრამ ასეთი პორტრეტის შესაქმნელი, ცოდნა ნამდვილად არ გამაჩნდა. უბრალოდ, მეტი გზა არ მქონდა. ამ პროექტს დავარქვი თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ასეთი წარბების, მაგრამ თამარის პორტრეტისთვის, ეს ერთგვარ კლიშედ იქცა.
ჰოდა, ვიწვალე 5 წელი. დღეს ის ბევრს მოსწონს და მიხარია.
ამასობაში კი პორტრეტის ხატვაც ვისწავლე და მეგობრების 70-მდე პორტრეტი გავაკეთე.
– კრიტიკა გონების ჰორიზონტს აფართოებს – ეს თქვენი ფრაზაა?..
– კრიტიკის გარეშე ლიტერატურა ვერ განვითარდება. კრიტიკა ხანდახან იმასაც ხედავს ნაწარმოებში, რაზეც ავტორსაც არ უფიქრია. ამიტომ, დიდი სიბეცეა, როდესაც ავტორი კრიტიკას ყალყზე ხვდება. უკრიტიკო ლიტერატურა უნიჭოების თავშესაფარი მგონია და რაღაც დიდი მანკიერების სიმპტომი.
– დაბოლოს, ამდენიდან რომელი პროფესია უფრო თქვენია?
– რა გითხრათ, პროფესია პროფესიონალიზმსაც გულისხმობს, რაც განაპირობებს პროფესიისადმი ერთგულებას. მე კი ამის ფუფუნება არ მქონია, რადგან მაშინ გავხდი არქიტექტორი, როცა მომაკვდავ იმპერიას არქიტექტურა უკვე აღარ სჭირდებოდა და ძალიანაც კარგი, რომ აღარ სჭირდებოდა.
ამიტომ ხან მჭედელი ვიყავი, ხან დიზაინერი, ხან მენეჯერი, ხან ანალიტიკოსი და ასე გამოვიარე ის ჯოჯოხეთი, რაც ჩემს თაობას ხვდა წილად.
ამიტომ, ვერაფრის პროფესიონალი ვერ გავხდი და ერთგულების ეგ გრძნობაც, ჩემთვის არაა ნაცნობი.
– ადრე (და ხანდახან ახლაც) ბავშვებს არიგებდნენ: ბევრი ისწავლე, დიდი კაცი გამოხვალ და კარგი ცხოვრება გექნებაო... ამდენი პროფესიის მქონე ადამიანი ეთანხმებით ამ მოძღვრების ავტორს, ან თუნდაც, გამზიარებელს?
– ადამიანი ფიზიკური მოწყობილობით ძალიან ჰგავს სხვა ძუძუმწოვრებს. კისრის მალები მასაც და გრძელკისერა ჟირაფსაც, 7-7 აქვთ.
აი, სულისა და გონების საკვები რომ სჭირდება, ამით ის ყველა სხვა არსებისგან განსხვავდება.
სწავლა ფიზიკური დასახიჩრების ხარჯზე არ ვარგა, თორემ ცხადია, რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენს ადამიანი, მის სულსა და გონებას მეტი საკვები ექნება.
ეს ის შემთხვევაა, როცა დიეტა უადგილოა.