იმპორტირებული ყოფილები
ანუ „მე გავცვლი სალსა კლდეებსა“
იმ მარტივი მიზეზით, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, სავსებით ბუნებრივია, რომ, არა მხოლოდ თანავუგრძნობთ, რითაც შეგვიძლია, ვეხმარებით კიდეც. მეორე მხრივ, ისინიც ორხელგაშლილები იღებენ ჩვენს მხარდაჭერას.
იმდენადაც კი, რომ ორი, მართალია, ჩვენგან დაწუნებული, მაგრამ მაინც ქართველი ყოფილი ჩინოვნიკი მოქმედ მინისტრებად დანიშნეს (როგორც პრეზიდენტმა პოროშენკომ განმარტა – კადრების მწვავე სიმცირის გამო იძულებულები გახდნენ, კადრების კრიტიკული იმპორტი განეხორციელებინათ).
იმპორტირებულ კადრებს შორისაა პროფესიით ისტორიკოსი ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი კვიტაშვილი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე. უფრო მეტიც, მოარული ინფორმაციით, ამაზე შეჩერებას არ აპირებენ და თითქოს თვით ზურაბ ადეიშვილსაც კი ელიან დაცემული უკრაინის ფეხზე წამოსაყენებლად.
მანამდე კი შევიტყვეთ (უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით), რომ, შესაძლოა, ხალხის რჩეულმა ბ-ნმა დავით საყვარელიძემაც მიგვატოვოს – რამეთუ უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება (მძიმე დღე ელის ქართული კანონმდებლობის მომავალს?! – ).
სახელდობრ, უკრაინულმა გამოცემამ გვაუწყა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეობის საკითხების კომისიამ რეკომენდაცია მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ორ პირს გაუწია, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოს საჯარო სამსახურში უნდა დაინიშნონ. ეს ორი პირი კი საქართველოს მოქალაქეები დავით საყვარელიძე და გიზო უგულავა ბრძანდებიან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ორსაც – უკრაინის რეფორმებთან მოჭიდავეებს – მოუწევს ბედკრული საქართველოს მოქალაქეობის დათმობა, რაც გვაფიქრებინებს, რომ გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი პათოსს: „მე გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“?!