კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N31-51(730) 

***

მთელი კვირა დღე ელისომ ნინიკოსთან და მის მეგობრებთან ერთად ისრიალა თხილამურებით და ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. საღამომდე ყველაფერი კარგად იყო, შეიძლება ითქვას, ზედმიწევნით კარგადაც, რადგან, ერთ-ერთმა ახალგაცნობილმა ბიჭმა, უფრო სწორად, ახალგაზრდა მამაკაცმა, მამუკამ, გაცნობიდან ერთ საათში აგრძნობინა ელისოს, რომ ძალიან მოეწონა, მეორე დილით, სრიალის დაწყებისთანავე, სიყვარული აუხსნა, შუადღეზე კი ცოლობა სთხოვა, მაგრამ, გაოგნებულმა, თუმცა კი ამ ამბით საკმაოდ კმაყოფილმა და ბედნიერმა ელისომ ვერანაირი პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან, გაოგნების თუ იმის გამო, რომ თითქმის დავიწყებული ჰქონდა თხილამურებზე სრიალი, რაღაც კუნძის მაგვარს წამოედო და თავდაყირა დაგორდა ფერდობზე, მერე კი, როცა მასთან გულგახეთქილი მიიჭრა მამუკა, აღმოაჩინა, რომ მარჯვენა ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მამუკამ მაშინვე თბილისში წამოიყვანა მანქანით და საავადმყოფოში ნაცნობ ექიმთან მიიყვანა. ელისომ გამაყუჩებლების გაკეთებისა და ფეხის თაბაშირში ჩასმის შემდეგ ამოისუნთქა. ტკივილმა რომ გაუარა, მაშინღა ჩაფიქრდა და გააანალიზა, რა გადახდა ბოლო ორი დღის განმავლობაში და, მოტეხილი ფეხის მიუხედავად, თავისდა გასაკვირად, გულში აღიარა, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო.

ცოტა ხანში პალატაში მამუკასთან ერთად ექიმი შემოვიდა, ელისოს რაღაცეები გამოჰკითხა და უთხრა, რამდენიმე დღეში ოპერაცია უნდა გაგიკეთოო. ელისო შეშინდა, მაგრამ, მამუკას მზრუნველობით აღსავსე სახეს რომ შეხედა, ამ ოპერაციაშიც რაღაც რომანტიკული დაინახა და მაშინვე მშვიდად დათანხმდა.

ექიმის წასვლის შემდეგ მამუკა თავთან დაუჯდა და გამხნევება დაუწყო. ელისოს ისე აუჩუყა გული ასეთმა მოპყრობამ, ცრემლები გადმოყარა, მაგრამ ბიჭმა კოცნით შეაწყვეტინა ტირილი და მერე ძალიან ნაზად, თუმცა კი, საკმაოდ კატეგორიულად უთხრა:

– ოპერაციის შემდეგ, როგორც კი ფეხზე დადგები, ცოლად მომყვები. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?

– არა, მაგრამ, ჩვენ ხომ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს? – გული აუჩქროლდა ელისოს.

– თანდათან გავიცნობთ, დრო ბევრი გვექნება, – გაუღიმა მამუკამ.

მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილი ფეხი მაინც სტკიოდა და თაბაშირის გამო საწოლში წამოჯდომაც არ შეეძლო, ასეთი რომანტიკული ღამე ელისოს არასდროს ჰქონია: პალატაში მარტონი იყვნენ და თვალი არცერთს არ მოუხუჭავს, დილამდე ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს და მომავლის გეგმებს აწყობდნენ.

***

ნინიკო უთენია შევარდა პალატაში ქაქანით და ელისოს ეცა:

– გოგო, შენ ნორმალური ხარ? რატომ მაშინვე არ დამირეკე, ფეხი რომ მოიტეხე? მთელი ღამე მარტო რატომ უნდა ყოფილიყავი საავადმყოფოში? დედაშენსაც არ დაურეკე?

– მარტო არ ვიყავი, – გაეღიმა ელისოს და საწოლის მოპირდაპირე კუთხეში მდგარი სავარძლისკენ ანიშნა, – დედაჩემს კი დღეს დავურეკავ. არ მინდოდა, ღამით ენერვიულა.

ნინიკომ მზერა გააყოლა და მხოლოდ მაშინ შენიშნა სავარძელში მჯდარი მამუკა, მერე დოინჯი შემოირტყა და ეშმაკური ღიმილით თქვა:

– დააა... თქვენ, მგონი, რაღაცას ეშმაკობთ. მართალი ვარ თუ არა?

ბიჭმა ღიმილით ჩაუკრა თვალი.

გოგოებმა ძლივს დაითანხმეს მამუკა, სახლში წასულიყო და დაესვენა. როცა მარტონი დარჩნენ, ელისომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო ბიძაშვილს.

– იცის, გათხოვილი რომ იყავი? – ფრთხილად ჰკითხა ნინიკომ.

– ყველაფერი იცის. არ მინდა, ახალი ცხოვრება ტყუილით დავიწყო. ვიფიქრე, თუ ვერ გამიგებს, ესე იგი, ჩემი ბედი არ ყოფილა-მეთქი, მაგრამ, ყველაფერი ნორმალურად გაიგო და აღიქვა. ახლა კი ჩემი ჩანთა მომაწოდე, ლატარიის ბილეთებს მოგცემ და, გეხვეწები, კატოს დედამთილს წაუღე, დღეს გათამაშებაა. ჰო, კატო სად არის, ამოვიდა გუდაურში?

– არა, ბავშვი გაცივდა და ერთი კვირით გადადო, – ნინიკომ ბილეთები ჩანთაში ჩაიდო და წამოდგა, – ცოტა ადრე კია, მაგრამ, არა უშავს. მივუტან თუ არა, დედაშენს გავუვლი და ერთად მოვალთ. გაძლებ ცოტა ხანს მარტო? 

– გავძლებ, ნუ გეშინია. ამასობაში, თუ შევძელი, ცოტას წავიძინებ, თორემ, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს.

– რას მოხუჭავდი, ღრუბლებში დაფარფატებდით ორივე, – გაეცინა ნინიკოს და პალატის კარი გაიხურა.

***

მიამ ამერიკაში წასვლამდე მიიტანა თავისი სიუჟეტი ტელევიზიაში, მაგრამ, დირექტორმა უარი უთხრა გაშვებაზე.

– რატომ, არ მოგეწონათ? – გაბრაზდა მია, – სიმართლე არ არის? პირადად თქვენ არ გაწუხებთ ეს ყველაფერი? ბოლოს და ბოლოს, თქვენი შვილებიც ამ ქალაქში არ ცხოვრობენ?

– პირიქით, ძალიან მომეწონა, მაგრამ, ჩვენ ახლა არ გვაქვს ის მდგომარეობა, რომ ვინმე გადავიკიდოთ. შენ რა გენაღვლება, ოკეანის გადაღმა მიდიხარ და ვერავინ მოგწვდება, მე კი პასუხი უნდა ვაგო შენს სიმართლეზე! არ მინდა, რომ ჩემზე გადატყდეს ჯოხი, რით ვერ გაიგე?

– მე იქ კონკრეტულად არავის ვასახელებ, არანაირი „ბომბი” არ დევს მასში, თანაც, ეს სიუჟეტი მე მანამდე გავაკეთე, სანამ აქედან წასვლას გადავწყვეტდი და, რომ არ მენაღვლებოდეს, არც მოვკიდებდი ხელს ამ თემას. ეს ჩემი ქალაქია და, მინდა, თვალი ავუხილო საზოგადოებას, რომ არაფერი სტკიოდეს თბილისს, ნუთუ ეს დანაშაულია?

– კონკრეტულად თუ არა, ირიბად მაინც ყველა მიხვდება, ვისაც გულისხმობ... 

– მე თითოეულ ჩვენგანს ვგულისხმობ, – შეაწყვეტინა მიამ.

– თანაც, ჩვენი ტელევიზიის არსებობა გარკვეულწილად ჩვენდამი მათ კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, – განაგრძო დირექტორმა, ასე რომ, ვერ გავრისკავ. ნებას გაძლევ, სხვა ტელევიზიაში მიიტანო, თუკი, რა თქმა უნდა, მოეწონებათ.

– დიდი მადლობა ნებართვისთვის, როგორმე თვითონ მოვნახავ გზას! – გაცოფდა მია, მერე სკამი გამოწია, მაგიდიდან ფურცელი აიღო, რაღაც დაწერა და უფროსს მიაწოდა, – ამას თქვენ გიტოვებთ სახსოვრად!

– ეს რა არის?

– განცხადებაა. მივდივარ თქვენგან. კარგად ბრძანდებოდეთ!

– მე არსად არ გიშვებ! რატომ გეწყინა, რა გითხარი ასეთი? მოიცადე, დავილაპარაკოთ! – დირექტორი წამოდგა და დაედევნა, მაგრამ მია სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან და კარი გაიჯახუნა.

„ტყუილად ვიწვალე ამდენი? ან, რა არის ამ სიუჟეტში ასეთი საშიში? მე ხომ, უბრალოდ, მინდოდა, ცოტათი მაინც გამომეფხიზლებინა ხალხიც და მთავრობაც, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება – რა არის ამაში ცუდი და მიუღებელი? – ფიქრობდა მია და სიბრაზისგან ტუჩებს იკვნეტდა, – მაგრამ, ისე არ წავალ აქედან, სანამ ამ სიუჟეტს მთელი საქართველო არ ნახავს. ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც გავიგებ, რამდენი და როგორი გამოხმაურება ექნება...“

სახლში მისული მია მაშინვე კომპიუტერს მიუჯდა, მთელი სიუჟეტი ინტერნეტში ატვირთა და მაშIნვე თავის გოგოებს დაურეკა, ნახეთო.

ცალ-ცალკე ყველამ ნახა, იმავე საღამოს კი ერთად შეიკრიბნენ ნათიასთან და ყველამ ერთად უყურა. მხოლოდ მია ვერ მივიდა – ამერიკაში წასაღები საჩუქრების საყიდლად იყო წასული და ვეღარ მოასწრო მისვლა.

„რა სტკივა თბილისს”

(უკომენტაროდ) – გამოჩნდა ეკრანზე სათაური, მერე კი, ჟურნალისტი, რომელიც თვითონ არ ჩანდა, აჩერებდა გამვლელებს და ყველას ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა: „თქვენი აზრით, რა სტკივა თბილისს?“

პასუხები კი მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო, რესპონდენტების ასაკიდან, სქესიდან, პროფესიიდან თუ სოციალური ფენიდან გამომდინარე.

– თბილისს რა სტკივა? რა ვიცი, ალბათ, ამდენი უმუშევარი მამაკაცი, შვილო.

– რა სტკივა და, ნაგვით სავსე და დანგრეული ქუჩები...

– საშოვარზე უცხოეთში წასული ქალები და დედების გარეშე დარჩენილი შვილები...

– ყოველთვის ყველა მთავრობისგან დაჩაგრული პედაგოგები! რა უნდა დაუჯეროს ბავშვმა გაჭირვებულ და გასაცოდავებულ მასწავლებელს? მოსწავლეს მასწავლებელი კი არ უნდა ეცოდებოდეს, უნდა ეამაყებოდეს და ყოველმხრივ მაგალითი უნდა იყოს მისთვის. მე თვითონ სკოლაში დავბერდი და, ვიცი, რასაც ვამბობ. ხომ იტყვი ამას, სადაც საჭიროა, შვილო?

– აუცილებლად ვიტყვი, ქალბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ...

– თითქმის უხელფასო ექიმები, ბატონო!

– რაო? რა სტკივა თბილისს? ისე, კარგი კითხვაა, ხომ იცი! თბილისს, ჩემო დაო, წესით, არაფერიც არ უნდა სტკიოდეს, მაგრამ, იმდენი რამე სტკივა, აზრზე არა ვარ, ცოცხალი როგორ არის!.. ბოდიში, ცოტა ნასვამი ვარ და...

– თბილისს ძაღლების ფეკალიებით დაბინძურებული ქუჩები სტკივა; კიდევ, მდიდრების მანქანებით გადაკეტილი ტროტუარები...

– სხვათა შორის, სულ მინდოდა, ეს კითხვა ვინმეს ოფიციალურად დაესვა ჩემთვის, რომ ჩემი პასუხი იქ გაეგონათ, სადაც საჭიროა. თბილისს, ჩემო საყვარელო, უამრავი რამ სტკივა, მაგრამ, ტკივილთან ერთად, რცხვენია კიდეც, თუნდაც ის, რომ, ილია ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, უხარისხო თუნუქის ფურცელზე ამოტვიფრული ილიას სახე ძველი სახლის კედელზეა მიკრული და ზემოდან ჩამოშვებული ხის ტოტები ფარავს; მოპირდაპირე მხარეს კი, სკვერში, ყოფილი ჩაის სახლის წინ, ტარას შევჩენკოს უზარმაზარი ქანდაკება დგას და მუდამ ყვავილები უწყვია წინ... არა, მე შევჩენკოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, დაედგათ, ბატონო, ეს ძეგლი თუ ქანდაკება შევჩენკოს ქუჩის დასაწყისში, ის სკვერი კი დიდი ილიასთვის დაეთმოთ! რა, არ ეკუთვნის, თუ ვის ვეპადხალიმებით ამით? რომელ ქვეყანაში ან რომელ ქალაქში ნახავთ ამისთანა რამეს? აი, ეს არის ტკივილიც და სირცხვილიც, მე თუ მკითხავთ!..

– თბილისს რა სტკივა და, ნაღდი თბილისელების უმცირესობაში ყოფნა, ჩემო დაო!

– თბილისს, ჩემი აზრით, სხვა უამრავ სატკივართან ერთად, სტკივა ურჩხულად ქცეული გმირთა მოედანი, რომლის შუაგულიდან აბსოლუტურად უგემოვნო და უსახური სვეტია აღმართული. გმირების სახელების დაწერა თუ უნდოდათ, უფრო ნორმალური ვერაფერი ააგეს? როგორც ვიცი, ამ სვეტში ვიღაც უცხოელ არქიტექტორს უზარმაზარი თანხა გადაუხადეს, არადა, არქიტექტურის ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი ამაზე მაგარ რაღაცას გააკეთებდა.

– უვიცი ექიმები სტკივა თბილისსაც და საქართველოსაც. მართალია, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ, ძირითადად, ასეა. ვინც მაგარი იყო, უმრავლესობა საქართველოდან გააქციეს და...

– ყველა დაწესებულებაზე ინგლისური წარწერები, ჩემო კარგო. კომუნისტების დროს ჯერ ქართული წარწერა იყო, მერე რუსული და ამაზეც ვცოფდებოდით, ახლა კი ქართული წარწერა ან დასახელება ლამის დაბალი დონის გამოხატულება გახდა. მოკლედ, მაგარი გოიმი და უჭკუო ხალხი ვართ, რა!..

– თბილისს რა სტკივა? ყოფილხართ იუსტიციის სახლთან? მაშინ, მის წინ, ერთი ტროტუარიდან მეორე ტროტუარზე გადაჩხლართული, ხიდად წოდებული რაღაც დაბრეცილი საშინელებაც გექნებათ ნანახი. ვის გააკეთებინეს ასეთი სამარცხვინო სიმახინჯე? ჯერ გარედან რას ჰგავს და, თუ ზედ გადაიარე, შეიძლება, საერთოდ ხელი ჩაიქნიო კაცობრიობაზე. ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, შეკრიბეს რამდენიმე უმუშევარი ლოთი, აუხვიეს თვალები, მისცეს რაღაც მეასეხარისხოვანი მასალა და ხიდის აგება უბრძანეს-მეთქი. აბა, ფხიზელი და თვალახელილი იმის გაკეთებას ვერაფრით ვერ მოახერხებდა. მე რომ მაგათი ვიყო, „ვატერლოოს“ დავარქმევდი – გაეცინება მაინც კაცს და მისი დანახვით გამოწვეულ აღშფოთებას ცოტათი მაინც დაუამებს.

– თბილისს რა სტკივა? თბილისს რა უნდა სტკიოდეს, შვილო, ქალაქია... მე სოფლიდან ჩამოვედი, ბებო და, თბილისს არ ვიცი, მაგრამ, მე კი ყველფერი მტკივა, თუმცა, ექიმთან ვერ მივსულვარ – „გამარჯობაშიც“ ფულს ითხოვენ.

– ამდენი მათხოვარი სტკივა თბილისს; მალე, ალბათ, მათხოვრების ქალაქად იქცევა.

– საკუთარი დედის გინება სტკივა თბილისსაც და მთელ საქართველოსაც, ჩემო კარგო.

– მე მგონი, ყველაზე მეტად, მთავრობის ხელფასები და პრემიები სტკივა თბილისს და, არა მარტო თბილისს.

– ქართული ენის დამახინჯება და ახალგაზრდების უწიგნურობა...

– ნაცრისფერი ქუჩები და ხალხის გატანჯული, უსიხარულო სახეები.

– მშიერი ბავშვების თვალები...

– ნარკომანია და ლოთობა...

– აგრესიული და დაუნდობელი ახალგაზრდა თაობა...

– გაჩეხილი პარკები და სკვერები...

– სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭების ასე მომრავლებული საფლავები...

ჟურნალისტი უნივერსიტეტის ბაღის კუთხეში მდგარ ძალიან ლამაზ ქალ-ვაჟს უახლოვდება:

– თქვენ ჩემი სიუჟეტის ბოლო რესპონდენტები ხართ. თქვენი აზრით, რა სტკივა თბილისს?

ბიჭი რამდენიმე წამს ჩაფიქრდა, მერე პირდაპირ შეხედა კამერას და თქვა:

– თბილისს არ ვიცი, რა სტკივა, მაგრამ, მე მტკივა თბილისი. შენ? შენ რატომ არ გტკივა შენი ქალაქი?!“

გოგოები კარგა ხანს ჩუმად ისხდნენ, მერე კი შეთანხმებულივით ერთად დაუკრეს ტაში.

– მაგარია! იმ დებილმა დირექტორმა როგორ არ გაუშვა ასეთი სიუჟეტი, რისი შეეშინდა? – აღშფოთდნენ რუსა და სალომე.

ქეთა კომპიუტერთან ახლოს მივიდა, კუთხეში გამოსახულ ციფრს დახედა და იყვირა:

– აზრზე ხართ? შუადღის მერე უკვე ოცი ათასი ნახვა აქვს! – მერე „ლაიქის“ ღილაკს დააჭირა თითი და მოზღვავებული ემოციებისგან ჩურჩულზე გადავიდა: – გოგოებო, პრაქტიკულად, მხოლოდ დადებითი გამოხმაურებებია, უფრო სწორად – აფრთოვანება და შექება...

***

ის სამშაბათი მარტო ელისოსთვის არ აღმოჩნდა ბედნიერი. ხომ ამბობენ, ბედნიერებამ და გამართლებამ გამეორება იცისო, ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ნინიკომ ლატარიის ბილეთები კატოს დედამთილს მიუტანა, მერე ელისოს დედას გაუარა სახლში და ავიშვიშებული ქალი შვილთან წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც უკვე ლამის საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი მამუკა დახვდათ.

– ეს კაცი ვინ არის? – წარბის აწევით იკითხა ელისოს დედამ და მამუკა დაეჭვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

– დედა, დაჯექი, რა, სალაპარაკო მაქვს შენთან, – სთხოვა შვილმა.

ქალი მექანიკურად ჩამოჯდა და ისევ მამუკას შეხედა:

– ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ ჩემი შვილის პალატაში, თანაც, ყვავილებით ხელში?

– მე მინდა, თქვენი შვილის ხელი გთხოვოთ... – არცთუ თამამად წარმოთქვა კაცმა და პატარა ბიჭივით გაწითლდა.

– ბატონო?! – ყურებს არ დაუჯერა ქალმა და ახლა შვილისკენ შებრუნდა.

– ჰო, დედა, მამუკა ჩემი საქმროა. მე უკვე ვუთხარი თანხმობა.

ის იყო, სიტუაციის განსამუხტავად ნინიკოც უნდა ჩართულიყო დიალოგში, რომ ელისოს მობილური აწკრიალდა. დააჭირა თუ არა მწვანე ღილაკს თითი, კატოს ბიჭის ყვირილი გაისმა:

– ელისო! მოვიგეთ, გესმის? მოვიგეთ! მოვიგეთ!

– რა მოიგეთ? – დაიბნა და დაიძაბა ელისო.

– ჯეკპოტი მოვიგეთ, მილიონ ორასი ათასი! დედას გეფიცები, მამის სულს გეფიცები, მართლა მოვიგეთ! – ბავშვს განცდებისგან ხმა ჩაეხრინწა და სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს, მერე კი სიხარულისგან ტირილი დაიწყო.

– დედას დაუძახე, ჩქარა! – უყვირა ელისომ და ლოგინში წამოჯდა, თან ხელით რაღაცას ანიშნებდა დედამისს და მამუკას, მაგრამ, ვერაფერს აგებინებდა.

– როგორ დავუძახო, ორივე გულწასული წევს სავარძელში და მეზობლები ასულიერებენ! მოდი, რა, ელისო, თორემ, შეიძლება, გავრეკო!..“

***

მიამ, როგორც იქნა, დაასრულა წიგნი, ერთხელ კიდევ გადაიკითხა თავიდან ბოლომდე და სტამბაში მიიტანა დასაბეჭდად. ნაცნობ მხატვარს ყველა პერსონაჟის ფოტო მიუტანა და მანაც პერსონაჟები ისე დახატა, თითოეული მათგანი თავისი პროტოტიპის ნამდვილი ასლი იყო და სწორედ ეს მოსწონდა მიას ყველაზე მეტად, თუმცა, არ იცოდა, ეწყინებოდათ გოგოებს ეს თუ გაუხარდებოდათ.

ხელშეკრულების მიხედვით, საახალწლოდ თუ ვერა, შობისთვის მაინც აუცილებლად მოესწრებოდა დაბეჭდვა, რადგან, დიდი ტირაჟი არ იყო. მიას ძალიან უნდოდა, ცხრავე დაქალისთვის საშობაო საჩუქართან ერთად, თითო წიგნიც ეჩუქებინა. არცერთმა არ იცოდა ამ წიგნის არსებობის შესახებ და მიამ სიამოვნებით წარმოიდგინა,  რა სახეებს მიიღებდნენ, ვინ როგორ დაიწყებდა სიცილს, ვინ რომელ შორისდებულებს გააფრქვევდა ჰაერში და, გული დასწყდა, რომ ამ ყველაფერს თვითონ ვერ დაესწრებოდა, მაგრამ, უცებ მოიფიქრა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ეს ემოციები თვითონაც ენახა: მაშინვე დაურეკა თავის თანამშრომელ ბიჭს, რომელსაც მიას გოგოებისთვის სასაჩუქრე კალათების მომზადება დაავალა და სთხოვა:

– შობას ჩვენ ყოველთვის ერთად ვხვდებოდით, ამიტომ, ამჯერადაც ყველა იქნება შეკრებილი. კარზე ზარს რომ დარეკავ, ჯერ ყველა კალათას შეიტან ოთახში და ერთად დააწყობ, მერე შენს კამერას ჩართავ და მხოლოდ ამის შემდეგ დართავ ნებას, ყველამ თითო კალათა აიღოს. ბოლომდე გადაიღებ ყველაფერს და მერე გადმომიგზავნი. გაიგე?

ბიჭმა ზუსტად შეასრულა დავალება, შობის მეორე დღეს კი, ვინ იცის, უკვე მერამდენედ უყურებდა მია აკივლებულ და ატირებულ დაქალებს და თვითონაც სლუკუნით იწმენდდა ცრემლს.

           * * *

... თბილისში ჩასვლა მიამ მხოლოდ ზაფხულში მოახერხა, ისიც, ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ, ორი თუ სამი დღის შემდეგ კატომ ისეთი სიურპრიზი მოუწყო, ძლივს გამოვიდა შოკიდან.

იმ საღამოს დიდხანს და გაბმულად რეკავდა ტელეფონი. მიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავლილი აკლიმატიზაცია და, ამიტომ, ცდილობდა, გამოეძინა. ტელეფონი არ ჩერდებოდა და მიამ უხალისოდ აიღო მობილური.

– გისმენთ, – ჩასძახა გაღიზიანებულმა, ისე, რომ ნომრისთვის არც დაუხედავს.

– მია! – მთელი ხმით გაჰკიოდა კატო, – ენამ გიყივლა, ათი წუთის წინ ჯეკპოტი მოვიგეთ!

 

დასასრული

скачать dle 11.3