კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნებლიე მკვლელობა

ბეტ რაიმონდმა მეორე ჩანთაც შეკრა და ჭიქაში ჩარჩენილი მარტინი ბოლომდე დალია.

– ძვირფასო, მზად ვარ. უკვე შეგვიძლია, გავემგზავროთ... რამეს ხომ არ დალევ წასვლისას?

– ჰო, კარგი იქნება. ახლავე გავამზადებ კოქტეილს ორივესთვის და ჩამოვალ, –  ზემოდან დაუძახა ქმარმა. ბეტი შემობრუნდა და უცებ აღმოაჩინა, რომ მარტო არ იყო. ვერც კი გაიგო, როდის და როგორ შემოვიდა ბინაში ორი მამაკაცი: ერთი – საკმაოდ დაბალი და ჩასუქებული, ხოლო მეორე – მასზე გაცილებით გამხდარი, მაღალი, ახალგაზრდა და ქერა... ქალი არ შეშინდა, მაშინვე ტელეფონის ყურმილს დასწვდა და პოლიციაში აპირებდა დარეკვას.

– არ გირჩევ, თოჯინა... – ბოროტად ჩაიცინა მსუქანმა, – შენს ქმარს დაუძახე. პოლიციაში დარეკვა კი გონივრული საქციელი არ არის, – თავისი სიტყვებისთვის დამაჯერებლობა რომ მიენიჭებინა, ქალს მაჯაზე მოჰკიდა ხელი და მაგრად მოუჭირა. ბეტი მიხვდა, რომ ამ უცხო კაცმა რაღაც საიდუმლო იცოდა, რაც მას ასე მოქცევის უფლებას აძლევდა.

– ჩემს ცოლს ხელი გაუშვი, მაქს... – ჯერალდ რაიმონდი კიბეზე ჩამოვიდა და ცოლს გვერდით ამოუდგა. 

მაქსმა გაიცინა და ბუხართან მივიდა, სადაც ბეტის ფოტოსურათები იყო გამოფენილი.

– ყოჩაღ, ჯერალდ, ვამაყობ შენით – სახლი, აუზი, მანქანა და, ცოლი – ოლიმპიური ჩეპიონი, თანაც, ასეთი ლამაზი... რა ტანი აქვს.... ნახე, ჩემი მეგობარი ჯო როგორ შესცქერის?! მისთვის შენი ცოლი ერთადერთი მზეთუნახავია, რომელიც ცხოვრებაში უნახავს... მხოლოდ უნახავს, ხელით არ შეხებია... მაგრამ, ახლა ამის საშუალება ექნება... შენს ცოლსაც მოეწონება, თორემ, ნახავ, პატარავ...

– ჯერალდ, ვინ არიან ეს ადამიანები? – ბეტი მიხვდა, რომ, დრო იყო, ჩარეულიყო.

– მე გეტყვით, მისის რაიმონდ... ნუ ღელავთ, თქვენი ქმარი მკვლელი არ არის, მაგრამ, ჩემთან ერთად იჯდა ციხეში და მერე გაიქცა იქიდან. უკვე მანქანაში იყო, როცა მისმა ნაცნობებმა ჯგუფური  ყაჩაღობა მოაწყვეს.

– ჯერალდ, ეს მართალია? მართალია, რასაც ეს კაცი ამბობს?

– მართალია, ძვირფასო, – ჯერალდ რაიმონდმა დამნაშავის მზერა მიაპყრო ცოლს.

– ოჰ, ოჰ, რა სენტიმენტებია!.. – უტიფრად ახითხითდა მაქსი, – მოკლედ, ჯერალდ, მე და ჩემს მეგობარს ბინა გვჭირდება, სითბო და სიმყუდროვე... გუშინ გაგვათავისუფლეს ზონიდან. ცოტა ხანს შენს სახლში ვიცხოვრებთ, მერე ვნახოთ...

– საყვარელო, მაპატიე... მაპატიე, რომ ასეთი პრობლემა შეგიქმენი...

– არა უშავს, ძვირფასო. მე ხომ გიცნობ, ჭიანჭველასაც არ დაადგამ ფეხს.

– მაქს, როგორ მიპოვე?

მსუქანამ გაიცინა:

– კარგი, რა, პროფესორო... ჩემი გაქანების კაცისთვის ეს ძალიან იოლი იყო. აი, შენ კი მართლა გამაოცე... ისე, ციხეში ოცი წელი ტყუილად არ დაგიკარგავს. მახსოვს, სულ ბიბლიოთეკაში იჯექი... ისევ ისეთი ჭკვიანი ხარ, გატყობ...

– ფული გინდა? – ჰკითხა რაიმონდმა.

– ჰა, ჰა, ჰა! ფული?! ფულს ვერ ვიშოვი მე? არ მიცნობ? ხომ გითხარი, შენს სახლში გვინდა ცხოვრება... ჯოს უკვე უყვარს შენი ცოლი... არა, ჯო? 

ჯერალდ რაიმონდს სახეზე სისხლი მოაწვა.

– დამშვიდდი, საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება... – მერე დაუპატიჟებელ სტუმრებს მიუბრუნდა: – ძალიან დაღლილები და მტვრიანები ხართ. არ გინდათ, ჩვენს აუზში იბანაოთ? მერე სასმელსაც შემოგთავაზებდით. საუცრაო კოსტიუმებს იქვე ნახავთ, სტუმრებისთვის განკუთვნილ გასახდელში.

ჯოს თვალები გაუბრწყინდა და მაქსს ისე გადახედა, აშკარა იყო, ერთი სული ჰქონდა, აუზში როდის ჩაყვინთავდა.

– შენ არ შემოგვიერთდები, ლამაზო? – ჰკითხა ბეტის, – ძალიან მინდა, ვნახო, როგორ ხტება ოლიმპიური ჩემპიონი კოშკურიდან.

– აუცილებლად, – მხიარულად უთხრა ბეტიმ და განცვიფრებულ ქმარს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.

– ბეტ, რას აკეთებ? მირჩევნია, ისევ ციხეში დავბრუნდე, ვიდრე ჩემ თვალწინ გიფათურონ ხელები მაგ ნაძირლებმა!

– უნდა მენდო და მადროვო. რაღაც მოვიფიქრე და, ვიცი, რომ გამომივა. ოღონდ, პირობა უნდა მომცე, რომ არ აღელდები... ვიცი, რასაც ვაკეთებ...

***

... საკმაოდ დიდი აუზი წყლით ბოლომდე სავსე არ იყო. ექვსი მეტრი სიღრმის აუზს ნაპირამდე ორ მეტრზე მეტი ადგილი ჰქონდა შესავსები. ბეტის არ უყვარდა ძალიან სავსე აუზი –  ხტომისას ექსტრემის განცდა ერჩივნა. როცა საცურაო კოსტიუმით კოშკურაზე ავიდა და ჰაერში გრაციოზული ნახევარწრე მოხაზა, ჯომ აღფრთოვანებული მზერა ვერ მოსწყვიტა მის შეკრულ, შემართულ ტანს...

– მაქს, მოდი ჩვენთან, მოდი... – ხელი დაუქნია ჯომ მეგობარს, – ცურვა ხომ იცი?

მაქსი დაჯდა, ფეხები ძირს ჩაუშვა და ძალიან ნელა ჩაეშვა წყალში... ბეტი იხვივით ცურავდა, ხან აქ ამოყვინთავდა, ხან – იქ...

– კიდევ ერთხელ არ გადმოხტები კოშკურიდან? – მუდარით ჰკითხა ჯომ, – ძალიან ლამაზი ხარ ამ დროს.

– მართლა? – გაეკეკლუცა ბეტი, – კარგი, შენი ხათრით გადმოვხტები, – ქალმა გრაციოზულად ამოზიდა თავისი უნიკალური სხეული და, იმის ნაცვლად, რომ კოშკურისკენ წასულიყო, აუზში ჩასასვლელ კიბესთან ჩაიმუხლა და ხრახნების მოხსნა დაიწყო: თითების სწრაფი მოძრაობით დაატრალა ჭანჭიკები და კიბე წყლიდან ამოიღო. ვერც ჯო და ვერც მაქსი მაშინვე ვერ მიხვდნენ, რა გააკეთა ქალმა. ბეტიმ  მათ ხელი დაუქნია და დაუყვირა:

– ბედნიერ ცურვას გისურვებთ, ბატონებო, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ სამ საათზე მეტ ხანს წყალში გაჩერება გამოცდილ მოცურავეებსაც კი გვიჭირს – სხეული ნელ-ნელა გაგიშეშდებათ და ჩაიძირებით!

ჯო შეშფოთებით მიცურდა აუზის ნაპირთან და შეეცადა, ამომხტარიყო, მაგრამ, უშედეგოდ – მეტლახით მოპირკეთებული ნაპირი ისე მაღლა იყო, ვერაფრით ვერ შეძლებდა იმ სიმაღლეზე ახტომას.

– მაქს, მგონი, ცუდად არის ჩვენი საქმე. ეს ძუკნა მართლა ჩაგვტოვებს აქ და დაგვახრჩობს. მე უკვე ფეხიც გამენასკვა.

– არ გინდა, პანიკაში თუ ჩავარდები, გაცილებით ადრე დაიხრჩობი, – უთხრა მაქსმა და ქალს გასძახა: – ლამაზო, ჭკუა სულ დაკარგე? შენს ქმარს ისედაც პრობლემები აქვს პოლიციასთან და, გინდა, შენც მას მიგაყოლონ, როცა პოლიცია აუზში ჩვენს გვამებს ნახავს?

– თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, – მხიარულად გამოეპასუხა ბეტი, – დავიცდი, სანამ ჩაძაღლდებით, მერე კი თქვენს გვამებს ამოვათრევთ, ჩემს „ჯიპში“ ჩავტენით და რომელიმე ხევში გადავყრით. ვერ ხედავთ, გარშემო ერთი სახლიც რომ არ დგას? არასდროს მიყვარდა მეტიჩარა, ცნობისმოყვარე მეზობლების გარემოცვაში ცხოვრება.

– ჯო, მგონი, მართლა პრობლემა გვაქვს,–  მაქსი ჯოსთან მიცურდა, – არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ძუკნამ გვაჯობოს. ძალას მოვიკრებ, ჩავყვინთავ და შევეცდები, მყარად გავჩერდე აუზის კედელთან, შენ მხრებზე დამადგები და ახვალ. მერე კი მეც ამიყვან.

– შეძლებ? – უიმედოდ და უმწეოდ იკითხა ჯომ.

– უნდა შევძლოთ, მიდი...

სანამ ისინი ბჭობდნენ, ბეტიმ მოასწრო, გარაჟში შევიდა და იქიდან ბეისბოლის ჯოხი გამოიტანა. ის იყო, ჯოს თავი აუზის ნაპირზე ამოვიდა, რომ ბეტიმ მთელი ძალით მოიქნია ჯოხი და შემოსცხო... ჯო შეტორტმანდა, წყალში ჩავარდა და მაქსს მთელი სხეულით ისე დააწვა, რომ ჩაძირა...

ბეტი სახლში შებრუნდა... ქმარი ბუხართან ელოდა, ხელებში თავჩარგული.

– მორჩა, ყველაფერი დასრულდა, საყვარელო, ჩვენი აუზი მათ გაუსწორდა. ახლა ვეღარასდროს შეგვაწუხებენ.

– ბეტი, შენ ეს შეძელი, შენ ეს გააკეთე... სიტყვები არ მყოფნის...

– ჰო, შევძელი... მაგრამ, კიდევ რაღაც გვაქვს გასაკეთებელი და მერე შეგვიძლია, მშვიდად გავემგზავროთ... კარგი ქენი, რომ დამიჯერე და ასეთი ღრმა აუზი გააკეთებინე... ამის მერე ხომ ყოველთვის ყველაფერს დამიჯერებ?!.

скачать dle 11.3