როგორ მოილხინა გურამ ლორთქიფანიძემ ახალ წელს სხვისი ქეიფის ხმაზე
ქუჩის მხარეს ფანჯრის მინა იყო ერთ ადგილზე მტკაველის რადიუსით ამომტვრეული. ვერა და ვერ მოვახერხე შეკეთება. ასე დღეს-ხვალიობაში მიმრჩა და მიმრჩა. ახალი წლის წინა დღეს კი მკაცრად გამაფრთხილეს ოჯახში – კაცო, ახალ წელს ასე ხომ არ შევხვდებით. წადი, მინა იშოვე, ისე არ დაბრუნდე სახლშიო.
მინა მალევე ვიშოვე და სახლში რომ ვბრუნდებოდი (ბედია ყველაფერი), სწორედ მაშინ „გავიჭედე“. ძმაკაცები „გამეჩითნენ“ (ესეც ბედია) ზუსტად რესტორნის წინ.
ამას რაც მოჰყვებოდა, მაშინდელი კი არა, ახლანდელი ბავშვებიც შეუცდომლად მიხვდებიან. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს – დანარჩენი. რა კარგია, როცა „ნასილშიკი“ მეზობელი გყავს. ქურთმა ჰაიკაზამ ზურგზე მომიგდო და ხვნეშით ამათრია დახვეულ კიბეებზე. ჩემს კართან, იქვე, კედელზე მიმაყუდა და კარზე დააზარა – ზრრ!
– ქალბატონო გურამის დედა, აგერ, შენი შული გურამა, ქუჩიდან ამოგიტანე.
დედაჩემს რომ ჩემთვის შეუხედავს – ჰაიკაზასთვის (ის რა შუაში იყო, მაგრამ მაინც) ქოქოლა მიუყრია:
– ეს ჩემი შვილი არაა, არა!
– ვაა, შეშინებია ჰაიკოს, როგორ თუ არა, ქალბატონო გურამის დედა... მა ვინაა?
– არა, შეხედე ერთი, შეხედე! – მინა უნდა მოეტანა, აქვს მინა? არა... ეს რა ჩემი შვილია?
– ვაა, შევხედე. გურამაა, დედაჩემის სულს გეფიცები, ავდექი, ამოგიტანე...
ამიკიდა თურმე იმ საწყალმა და სახლში, ლოგინზე მიმაწვინა.
ქეიფ-ღრიანცელის ხმამ გამომაღვიძა.
ჩემი სახლის წინ, ქუჩის მეორე მხარეზე სასტუმრო „საქართველოა“. მეორე სართულზე – რესტორანი. თურმე ვიღაც „მელეხები“ ახალ წელს იმ რესტორანში ხვდებიან.
იქ ალბათ დასცხათ, ფანჯარა ნახევრად ღია აქვთ და ხმა ზარივით შემოდის ჩემს ოთახში.
თვალები გავახილე. ჩემს სახლში, მაგიდაზე შამპანურის ბოთლი დავლანდე. ვეცი, მოზრდილი ჭიქა შევივსე და როგორც ტრადიციულმა კაცმა – თამადის „რეჩს“ ველოდები ახლა.
ისიც მალე გაისმა:
– ძვირფასო მაგიდის წევრებო, დამდეგ ახალ წელს გაუმარჯოს! გაუმარჯოს!
– ჯოს, ჯოს, ჯოს! – ავჭყლოპინდი და შამპანური ზათქით გავუშვი ყელში.
შოკოლადიც მივაყოლე. და როგორც წესიერი მოქეიფე, თამადის მორიგ „რეჩს“ დაველოდე.
– ყველამ, ყველამ შევსვათ ბოლომდე – ბობოქრობს თამადა, – თქვენ რატომ არ შესვით, ყმაწვილო? თუ ვერ და არ სვამთ (ეტყობა, იმ ვიღაცა არამსმელს მიმართავს), ახლა ახალი წელია და ყველამ უნდა ვიმხიარულოთ. მაშინ, იცეკვეთ, ყმაწვილო!
– ცეკვა? – კი ბატონო, – მორჩილად დავხარე თავი და საოცრება... მოულოდნელად ისეთი „შალახო” დასცხეს მუსიკოსებმა, მკვდარს წამოაგდებდა საფლავიდან.
– ასე, არა?! – დავიკვანწე, დავიგრიხე. წამოვბზრიალდი (თამადას როგორ ვაწყენინებ!) და ჩავიმუხლე კინტაურად.... ჩამუხლულადვე ორმოცი გრადუსით დავტრიალდი, წამოვყელყელავდი და ავასხმარტალე ხელები და ფეხები – პარალელურად ჯერ მაგიდის ძგიდეს გავკარი გვერდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. მორიგი დაბუქვნა – შემოტრიალება-წამოყელყელავებაზე პიანინოს მივასკდი, მაგრამ ინსტრუმენტი მძიმე იყო და ვერ გადავაბრუნე... ტაშ, ტაშ, ლააშ! – არ ვიტეხავ იხტიბარს...
– ახლა ვიმღეროთ! – გამოაცხადა ბარიტონით თამადამ.
შეწყდა სიმღერა იქ და მეც შევივსე მორიგი ჭიქა – გისმენთ, ბატონო თამადა-მეთქი, ვიქეცი მოთმინებად.
– ახლა. ვინც ჩვენთან არ არის, ყველას გაუმარჯოს! – იყვირა თამადამ.
მაშინ კი მიმოვიხედე ირგვლივ. მარტო ვარ, მაგრამ თამადას რას შეუსწორებ, თამადაა ბოლო-ბოლო. ის ჭიქაც გამოვცალე და კვლავ სიმღერა მომინდა. ძალას მოსულმა მაინცდამაინც მრავალჟამიერი არ წამოვიწყე? გავუტიე, გავუტიე და... „ჭე“ მაჟორში რომ გადავედი ხროტინით (ვეღარ ავწიე), ჩვენებიც შემოცვივდნენ მეორე ოთახიდან – ხომ არ არწყევსო...
– თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო-ჩემიანებო, მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა!
... დილით მიამბეს – ასე იქცეოდიო...
გურამ ლორთქიფანიძის ნაამბობის მიხედვით