რისთვის იყენებდნენ ძველად მაიას ტომის ინდიელები „მსხვერპლთა ჭას“
მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, იუკატანზე დასახლებულმა ესპანელმა მემამულეებმა დიდი მოცულობის კოლექტიური ნაშრომი შეადგინეს ამ მხარეში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც „მსხვერპლთა ჭაც“ მოიხსენიეს:
„რაც შეეხება ამ ჭას, ყველა ამ პროვინციის მმართველსა და წარჩინებულ ადამიანს ჰქონდა ჩვეულება, ჩაეყარათ იქ ის ქალები, რომლებიც მათ მორჩილებაში იყვნენ; ისინი უბრძანებდნენ ამ ქალებს, ხვეწნით დაეყოლიებინათ ღმერთები წარმატებულ და ბედნიერ წელიწადზე თავიანთი პატონის საკეთილდღეოდ. ქალებს გაუთოკავად ყრიდნენ ჭაში და ისინი დიდი ხმაურით ცვიოდნენ წყალში. შუადღემდე ისმოდა მათი ყვირილი, ვისაც კიდევ ჰქონდა ამის თავი. შემდეგ მათთვის ბაწარს ჩაუშვებდნენ ჭაში. მოათრევდნენ ზევით ნახევრად მკვდარ ქალებს, მათ ირგვლივ კოცონს აჩაღებდნენ და კეთილსურნელებას უკმევდნენ. როდესაც ისინი გონს მოეგებოდნენ, იწყებდნენ მოყოლას, რომ იქ, ქვემოთ, მრავლად იყვნენ მათი თანატომელები – ქალები და კაცები, რომლებიც მათ იქ იღებდნენ. მაგრამ, როდესაც ქალები ცდილობდნენ თავის წამოწევას, რათა მათთვის შეეხედათ, მძიმე დარტყმებს იღებდნენ.“ ხოლო, როცა თავს ქვემოთ დახრიდნენ, თითქოს წყალქვეშ ღრმულებსა და ვარდნილებს ხედავდნენ და ადამიანები წყალქვეშეთიდან პასუხობდნენ შეკითხვებზე, თუ როგორი წელიწადი ექნებოდათ მათ ბატონებს – კარგი თუ ცუდი. და თუ დემონი განრისხებული იყო მმართველზე, რომელმაც ქალი ჩააგდო სენოტში, ინდიელებმა იცოდნენ, რომ ეს ქალი უკან ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.
1612 წელს ესპანელი მოხელე თომას ლოპეს მოდელი აღწერს მშვენიერ ქალიშვილებს, რომლებსაც „მსხვერპლთა ჭაში” აკვდინებდნენ:
„სხვა მსხვერპლშეწირვათა შორის, რომელიც ეშმაკმა მათ იუკატანის ამ პროვინციებში შეასწავლა, არის ერთი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ – მაშინ, როცა თავიანთი სიმინდის ნათესებისთვის წვიმა ესაჭიროებათ. აღნიშნული წეს-ჩვეულების აღსრულების დროს, მსხვერპლად სწირავენ ერთ ან ორ ინდიელ ქალწულს. ამისთვის ისინი ყველასგან გამორჩეულსა და საუკეთესოს არჩევენ და საღმრთო, ქვის ფილებით მოგებული გზით მიჰყავთ ჩიჩენ-იცაში, სადაც მთავარი ტაძარია და ქურუმები იმყოფებიან... იქ მათ უხსნიდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, რა უნდა ეთხოვათ დემონებისა და ცრუ ღმერთებისთვის, შემდეგ, გრძელ თოკზე გამობმულ ქალიშვილებს ჭის სიღრმეში უშვებდნენ და მანამდე აყურყუმელავებდნენ წყალში, სანამ მოკვდებოდა – ასე გახდებოდა ის კარგი შუამავალი მათ ცრუ ღმერთებთან, რათა ბარაქიანი წვიმა ესხურებინა ნათესებისთვის. ამით მსხვერპლშეწირვა მთავრდებოდა და ქალწულის გვამს სენოტში ტოვებდნენ. ზოგიერთი მოხუცი ინდიელი ამტკიცებს, რომ ისინი დროდადრო ხედავდნენ ამ მსხვერპლშეწირვების დროს საშინელ და მძვინვარე ურჩხულს, რომელსაც ისინი ვეებერთელა ნიანგის სახით აღწერენ. ის ჭის სიღრმიდან თითქოს იმისთვის ჩნდებოდა, რომ მისთვის მიძღვნილი მსხვერპლი მიეღო...“
ჭის არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ბოლო მოუღო ყოველგვარ ლეგენდას. „ღვთიურ სენოტში ნამდვილად იპოვეს დიდი რაოდენობის ფასეული ნივთი და ხელოვნების ნიმუშები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მრავალი მათგანი იყო დამტვრეული, თუმცა, საგნების „მოკვლის“ ტრადიცია მსხვერპლშეწირვის პროცესში მრავალი ხალხისთვის იყო დამახასიათებელი. სენოტში ადამიანთა ჩონჩხებიც იქნა ნაპოვნი, მაგრამ ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ 42 გამოკვლეული თავის ქალიდან დიდი ნაწილი ეკუთვნოდათ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებს, 13 ქალა – კაცებს და, მხოლოდ 8 – ქალებს, მათ შორის, ძირითადად, ხანში შესული ასაკის ადამიანებს. ამასთანავე, ამ რვა ქალიდან სამს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა მიღებული თავის ტრავმა, კერძოდ, ერთ-ერთს გატეხილი ჰქონდა ცხვირი, რამაც მთლიანად დაანგრია ლეგენდა ლამაზმანთა მსხვერპლად შეწირვის შესახებ.