რატომ დახოცეს კოლაელმა ქართველებმა შვილები, რომლებიც ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა
უცნობი ავტორის შესანიშნავი თხზულება „კოლაელ ყრმათა წამება“, – როგორც რომაული სამართლის ისტორიის შესწავლით და ფილოლოგიურ-ისტორიული კვლევებით გაარკვია ბიძინა ჩოლოყაშვილმა თავის ნაშრომში „უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულება“ (2003), დაიწერა 260–303 წლებს შორის, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ კუთხეში, კოლაში მომხდარი ამბის შესახებ.
ამ დროს სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილი აღმოსავლეთ რომის იმპერიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო და იქ რომაული კანონები მოქმედებდა.
კოლა არის უძველესი ქართული პატარა პროვინცია, უძველესი დიაოხის სამეფოდან. მისი სახელწოდებიდან არის ნაწარმოები კოლხთა საამაყო სახელი (კოლა–ხი, კოლხი, კოლხეთი). ამ მხარეს დიდი მესხეთის სხვა კუთხეებთან ერთად ზემო ქართლსაც უწოდებდნენ.
მტკვრის სათავესთან ახლოს, ხეობაში, რომელსაც ჰქვია კოლა, იყო ერთი სოფელი. ამ სოფლის მკვიდრთა დიდი ნაწილი წარმართი და კერპთმსახური გახლდათ, თუმცა იქვე ცხოვრობდა მცირერიცხოვანი ქრისტიანული მრევლი, რომელთაც თავისი ეკლესია ჰქონდათ. 303 წელს რომის იმპერიაში დაიწყო ქრისტიანების უკანასკნელი დევნა და აქედან გამომდინარე, ეს ამბავი 303 წლამდეა მომხდარი, რადგან დევნა რომ დაწყებული ყოფილიყო, ქრისტიანებს ეკლესიის ქონის უფლება არ ექნებოდათ.
როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ამ სოფლის პატარებიც იკრიბებოდნენ სათამაშოდ. ყოველდღე, ერთად მღეროდნენ და ერთობოდნენ წარმართიც და ქრისტიანი ბავშვებიც. საღამოობოთ ამ სოფელში მცხოვრები ქრისტიანების ხუცესი მწუხრის ზარით (თუ ძელით) მოუხმობდა და ქრისტიანი ბავშვები ეკლესიაში მიდიოდნენ სალოცავად.
მათი მეგობარი, ცხრა წარმართი ბავშვი, გაჰყვებოდნენ ხოლმე მათ, ეკლესიის კართან იდგენ და ისმენდნენ წირვას. მათ მოეწონათ ქრისტიანული წირვა-ლოცვა, ქადაგება და წრფელი, პატარა გულებით შეუყვარდათ ქრისტეს სჯული.
ეკლესიაში მათ არ უშვებდნენ, რადგან იმ დროს მოუნათლავი ადამიანის ტაძარში შეშვება არ შეიძლებოდა. ასეც ეუბნებოდნენ მათ ქრისტიანები:
– თქვენ ხართ კერპთაყვანისმცემლები და თქვენი შეშვება უფლის სახლში არ შეიძლებაო.
გულდაწყვეტილი და დარცხვენილი პატარები უკან ბრუნდებოდნენ, თუმცა მეორე დღეს ისევ მიდიოდნენ ეკლესიასთან და ისევ მეორდებოდა წინა დღეს მომხდარი.
ერთხელაც დაჟინებით მოისურვეს პატარა წარმართებმა ეკლესიაში შესვლა.
ქრისტიანებმა უთხრეს:
– თუ ჩვენთან ერთად გინდათ ეკლესიაში შემოსვლა, უნდა იწამოთ ქრისტე ღმერთი და მოინათლოთ მისი სახელით, ეზიაროთ მის საიდუმლოებებს და შემოგვიერთდეთ ქრისტიანებსო.
პატარებმა დიდი სიხარულით მიიღეს რჩევა და გადაწყვიტეს, ქრისტიანები გამხდარიყვნენ. მათმა თანატოლმა ქრისტიანებმა სასწრაფოდ უთხრეს სოფლის მღვდელს, ღირსეულ და პატიოსან ადამიანს, პატარა წარმართების სურვილის შესახებ.
ხუცესი დაელოდა დაღამებას, მერე გაემართა მდინარისკენ, თან გაჰყვნენ ქრისტიანები. ზამთარი იყო და ყინავდა. დღისით ქრისტიანები ვერ გაბედავდნენ ბავშვების მონათვლას. იმ დროს კოლას მხარე აღმოსავლეთ რომის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. რომის იმპერიაში კი, მართალია, ქრისტიანებს მოქმედების უფლება ჰქონდათ 260–303 წლებში, მაგრამ მათი უფლებები ძალიან შეზღუდული გახლდათ. მათ არ ჰქონდათ უფლება, ნებისმიერი უხერხულობა შეექმნათ წარმართი მოსახლეობისთვის.
გარდა ამისა, ღამით მონათვლა და თან მდინარეში, იყო უძველესი ჩვეულება. როგორც იესომ ღამით ნათელიღო იორდანეში იოანე ნათლისმცემლის ხელით, ცხრა პატარა კოლაელმა ქართველმაც ღამით იღეს ნათელი. მტკვრის წყალი ძალიან ცივი იყო. ბავშვები შევიდნენ მდინარეში. დაიწყო თუ არა ხუცესმა ნათლობა და თქვა თუ არა „ჟამობა“ (ლოცვა): „სული წმინდა გარდამოვიდა, ვითარცა მტრედი, იორდანეზე, როცა ქრისტე ნათელს იღებდა. ანგელოზები გვერდით იყვნენ და გალობდნენ: ალილუია, ალილუია“... ამ დროს წყალი სასწაულებრივად გათბა, როგორც აბანოშია ხოლმე. ღვთის ბრძანებით, ანგელოზებმა სპეტაკი სამოსელი შემოახვიეს პატარა ქრისტიანებს, რა თქმა უნდა, კაცთაგან უხილავად.
ამ ნათლისღებისას მირონის ცხება არ ჩანს თხზულებაში, მირონის ცხება სავალდებულოდ დაადგინეს ლაოდიკიის კრებაზე (343-381). მაშასადამე, ეს ამბავი მოხდა უფრო ადრე.
ტექსტში ლოცვას „ჟამობა“ ჰქვია, როგორც შეამჩნია ნიკო მარმა. ეს მიუთითებს კოლაელ ყრმათა წამების ტექსტის სიძველეზე, რადგან შემდგომ საუკუნეებში სიტყვა ლოცვას გამოიყენებდნენ.
...აღარ მიბრუნდნენ ახალგაქრისტიანებული პატარები მშობლებთან და დარჩნენ ქრისტიანებთან, თავის ნათლიებთან.
პატარა ქრისტიანების მშობლებმა გაიგეს მათი შვილების გაქრისტიანების ამბავი და განრისხებულებმა ძალისძალად, შეურაცხყოფითა და გინებით გამოიტაცეს თავიანთი შვილები ქრისტიანთა სახლებიდან. მიიყვანეს შინ და სასტიკად სცემეს. შემდეგ შესთავაზეს ეჭამათ სამსხვერპლო შესაწირი. ეს იყო სარწმუნოებრივი გამოცდა.
პატარები საკვებს პირს არ აკარებდნენ და მტკიცედ აცხადებდნენ:
– ჩვენ ქრისტიანები ვართ და არ შეგვიძლია, ვჭამოთ და ვსვათ კერპთათვის შეწირულიო.
შვიდი დღე უსმელუჭმელად გაატარა ცხრა ყრმამ. მშობლები უამრავ საჩუქარს და ფერადფერად ტანსაცმელს ჰპირდებოდნენ, მაგრამ პატარები პასუხობდნენ:
– ჩვენ ქრისტიანები ვარ და არაფერი გვინდა თქვენგან, გაგვიშვით და წავალთ ქრისტიანებთანო.
წარმართმა მშობლებმა ვერ შეძლეს პატარა ქრისტიანების მტკიცე რწმენის შერყევა, ვერ დაიყოლიეს წარმართობას დაბრუნებოდნენ. წავიდნენ იმ მხარის მთავართან, რომელიც მათსავით წარმართი იყო და მოახსენეს თავიანთი შვილების ამბავი.
მთავარმა უპასუხა: თქვენი შვილები არიან და რაც გნებავთ ის უყავითო.
ეს რომაული კანონია. რეგიონის მმართველი არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა რაიმე დადგენილება ბავშვების შესახებ, მამის გადაწყვეტილების გარეშე. იმ დროს რომში მშობელს შეეძლო თავისი შვილის ბედის, მეტიც – სიცოცხლის განკარგვაც კი. რომაული კანონებით, მამებს შვილის დასჯის, მოკვლის უფლება ჰქონდათ 319 წლამდე, თანაც სასამართლოს გარეშე.
ამიტომ, წარმართმა მამებმა უთხრეს მთავარს:
– მობრძანდი ჩვენთან და ჩვენ ქვით ჩავქოლავთ მათ, რათა სხვებმაც არ მიბაძონ და არ გაქრისტიანდნენო.
313 წლიდან, მილანის ედიქტის მერე, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიაში და მის გავლენის სფეროში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ქრისტიანების სიკვდილით დასჯა შეუძლებელი შეიქმნა. ეს ნაწარმოები რომ ასახავდეს თუნდაც მეოთხე საუკუნის 20-იანი წლების შემდგომ მოვლენებს, მაშინ საქმე სხვაგვარად გვექნებოდა. ვერც მშობლები გადაწყვეტდნენ შვილების სიკვდილით დასჯას და ვერც რეგიონის ადმინისტრაციის მეთაური გაბედავდა ამის უფლების მიცემას. თუ ქართლის სამეფოს იურისდიქციაში იქნებოდა კოლას მხარე, მეოთხე საუკუნის 20-იანი წლებიდან ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია იყო ქართლში და ქრისტიანებს ვერავინ დასჯიდა სიკვდილით, მთებშიც კი. ასევე, იმ შემთხვევაშიც, თუ კოლა რომის (ბიზანტიის) გავლენის სფეროში იქნებოდა. ასე რომ, ეს ამბავი მანამდე მოხდა.
ამ არაადამიანური გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც მიიღეს მხეცად ქცეულმა, გონებადაბინდულმა წარმართებმა, შეიძლებოდა მხოლოდ მხარის ადმინისტრაციის მეთაურის თანხმობითა და თანდასწრებით, 260 წლიდან 303 წლამდე, ქრისტიანების ახალი დევნის დაწყებამდე.
ამავე დროს, ხუცესს მიუვარდნენ წარმართები, კინაღამ მოკლეს ცემით, გაძარცვეს მისი სახლი და მისი ქონება გაიყვეს. თვითონ კი, გააძევეს სოფლიდან. ხუცესის გაძევება 236 წლიდან მაქსიმინუსის კანონით იქნა დაშვებული, თუ ის „აწუხებდა” წარმართულ თემს (ასეთი რამე გამოირიცხა 313 წელს).
წარმართებმა პატარების წამების დღეც დანიშნეს. მოვიდა იმ მხარის მთავარი და უამრავი ადამიანი. მივიდნენ მდინარესთან, სადაც მოინათლნენ პატარა კოლაელნი. კერპთაყვანისმცემლებმა ამოთხარეს დიდი ორმო, მშობლებმა მოიყვანეს თავისი ქრისტანი შვილები, მათ მიერ განწირულნი სასიკვდილოდ და ორმოში ჩაყარეს. ზოგი მათგანი ცხრა წლის იყო, ზოგი შვიდის, ზოგი შეიძლება უმცროსიც.
პატარები თავისი გულწრფელი ბუნებით ამბობდნენ:
– ჩვენ ქრისტიანები ვართ და მოვკვდებით მისთვის, რომლის სახელითაც მოვინათლეთო.
მაშინ უღმერთო მშობლებმა დაჰკრეს ქვები ქრისტიან შვილებს და „განტვინნეს“, გაუხეთქეს თავები.
როგორც ამბობს, კოლაელ ყრმათა თანამედროვე და მათი მარტვილობის აღმწერი უცნობი ქართველი ავტორი, გველებმა და მხეცებმაც კი იციან შვილების სიყვარული, ხოლო ურჯულო მშობლებმა ჩაქოლეს საკუთარი სისხლი და ხორცი. მშობლებთან ერთად ურწმუნთა მთელი კრებული ესროდა პატარა წამებულებს ქვებს მანამდე, სანამ ქვებით არ ამოივსო ის დიდი ორმო, რომელშიც პატარა ქრისტიანები იყვნენ, აწ უკვე მიცვალებულნი ქრისტესთვის. შემდეგ მიწა მიაყარეს წამებულებს.
პატარა წმიდანების წამების ადგილი მათ საფლავად იქცა.
ეს ამბავი მოხდა რომსა და ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე და დაწერილი ჩანს თანამედროვის მიერ, რადგან ზეპირსიტყვიერებას რომ შემოენახა ეს ისტორია, „ჟამნობის“ მაგიერ იქნებოდა ტექსტში სიტყვა „ლოცვა“. გარდა ამისა, ვერც რომაული კანონები იქნებოდა ასე ზედმიწევნით სწორად გადმოცემული.
ყველაზე ძველი ხელნაწერი ამ თხზულებისა მეათე საუკუნისაა შემორჩენილი. რა თქმა უნდა, დაწერის მომენტიდან შემდგომი დროის გადამწერებმა ტექსტი შეცვალეს, შეამცირეს, ხანმეტი ადგილები გადაასწორეს, სხვა კორექტივებიც შეიტანეს თხზულებაში. ამიტომ, ის ძირითადად გადაწერის პერიოდის ენობრივი ნორმებითაა წარმოდგენილი.
„კოლაელ ყრმათა წამებით“ დასტურდება, რომ „წმიდა ნინოს ცხოვრების“ აღწერამდე და „შუშანიკის წამების“ შექმნამდე, უფრო ადრე გვქონდა ლიტერატურული ნაწარმოები. ნათარგმნი იყო რელიგიური ლიტერატურა, სახარება, ლოცვები და სხვა. საქართველოს ტერიტორიაზე ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ქრისტიანული თემები განაგრძობდნენ არსებობას.
„კოლაელ ყრმათა წამებაში“ პატარა წმიდანების სახელები არ არის მითითებული, მაგრამ ქართული ეკლესია ტრადიციით მათ ასე მოიხსენიებს:
ცხრა ძმა კოლაელნი: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი.
გიორგი მახობეშვილი