კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაგეგმა ქალმა საკუთარი გატაცების ინსცენირება საყვარელთან ერთად, რომელიც სასჯელს გაუპატიურებისთვის იხდიდა

სისხლის სამართლის საქმე  38 წლის მაკა ც-ძის გატაცების ფაქტზე, პოლიციაში მისი მეუღლის, მერაბ დ-ის განცხადების საფუძველზე აღიძრა. მამაკაცმა სამართალდამცველებს ცოლის დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ მიმართა და განაცხადა, რომ მისი მეუღლე, ორი შვილის დედა, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მანამდე ქმარი საკუთარი ძალებით უშედეგოდ ეძებდა ცოლს ნაცნობ-მეგობრებსა და ნათესავებში, ორი დღის შემდეგ კი მას კართან დახვდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მაკა ც-ძე  გატაცებული იყო და გამოსასყიდი თანხა – 25 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.  „უკვე ათი წელია, პოლიგრაფიული  კერძო ბიზნესი მაქვს,  ოჯახს ამით ვინახავ.   მტრები არ მყავს,  არც  იმდენი შემოსავალი მაქვს, რომ ვინმეს ჩემ წინააღმდეგ ასეთი რამ დაეგეგმა,” – განაცხადა მერაბ დ-მ გამომძიებილთან მიცემულ ჩვენებაში.   

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაიწყეს გატაცებული ქალის ძებნა და გამტაცებლის ვინაობის დადგენა. მათთთვის ცნობილი გახდა, რომ დაკარგული ქალი, მაკა ც-ძე, ბოლო თვეების  განმავლობაში  რამდენჯერმე ნახეს  საკმაოდ უცნაურ ვითარებაში, უცნობ მამაკაცთან, ეს ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდეს დაკარგული ქალის  სტილისტმა და იმ სკოლის მასწავლებელმა, სადაც ქალის უმცროსი შვილი სწავლობდა. პედაგოგის ჩვენების მიხედვით, მაკა ც-ძეს სრულიად შემთხვევით შეხვდა. 

ამონაწერი ნინელი მ-შვილის  ჩვენებიდან: „მაკას დიდი ხანია, ვიცნობ, მისი უფროსი  შვილიც ჩემი მოსწავლე იყო. ერთ დღეს სრულიად შემთხვევით შევხვდი – მისი  მანქანის საჭესთან უცნობი მამაკაცი იჯდა. ჩემს დანახვაზე მაკა დაიბნა, მე კითხვაც კი არ დამისვამს, ისე მითხრა, ჩემმა ქმარმა მძღოლი ამიყვანაო, მერე კი ბავშვისგან გავიგე, რომ ეს სიმართლე არ იყო, თუმცა, ბავშვთან ჩემი და დედამისის შეხვედრის შესახებ არაფერი მითქვამს.” 

ეს ისტორიები  მერაბ დ-სთვის ცნობილი არ იყო, რაც გამოძიებისთვის საეჭვო გარემოებად იქცა. 

მორიგი „შეტყობინება” მერაბ დ-მ  ცოლის გამტაცებლისგან სატელეფონო კავშირით მას შემდეგ მიიღო, როცა საქმეში უკვე ჩართულები იყვნენ საგამოძიებო სამსახურები. დაინიშნა შეხვედრის ადგილი და დრო, მაგრამ, სანამ დათქმულ ადგილას შეხვედრა მოხდებოდა, მერაბ დ-მ  გამოძიების გვერდის ავლით გადაწყვიტა გამტაცებელთან შეხვედრა.  მოგვიანებით მან ეს ფაქტი იმ ეჭვებით ახსნა, რაც მას ცოლის საქციელის გამო ჰქონდა გაჩენილი. 

ამონაწერი მერაბ დ-ს ჩვენებიდან: „როცა მივხვდი, გამოძიება ისე მიდიოდა, რომ ამ საქმეში ჩემი ცოლი თავად უნდა ყოფილყო გარეული,  გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა. იქ, სადაც გამტაცებელმა წერილი დამიტოვა, შესახვედრად დავუთქვი სხვა ადგილი, მაგრამ, ამის შესახებ  გამოძიებასთან არაფერი მითქვამს. შეხვედრაზე მარტო წავედი ჩემი საკუთარი მანქანით. ფული არ წამიღია. დაახლოებით ნახევარი საათი ველოდე დათქმულ ადგილზე ჩემთვის უცნობ ადამიანს. როგორც ჩანს, ის შორიდან მითვალთვალებდა. როცა მანქანის კარი გამოაღო, ჩაჯდა და გამეცნო კიდეც, მაგრამ, გონება ისე მქონდა არეული, არც მახსოვს რა სახელი მითხრა, თუმცა, ის კი გავიგონე, შენი ცოლი კარგად არის და, როგორც კი ფულს გადმომცემ, ერთ საათში გავათავისუფლებთო.  მანქანაში დანა მქონდა,  უკან მივბრუნდი და ისე გავაკეთე, თითქოს უკანა სავარძლიდან ჩანთა უნდა ამეღო. სავარძელზე  მართლაც იდო პატარა ჩანთა, რომელშიც ჩემი შვილის სპორტული ტანსაცმელი ეწყო. დანა ჩანთის ქვეშ მქონდა დამალული. ავიღე და პირდაპირ სახეზე დავუსვი.  წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ფიზიკურად მე უფრო ძლიერი ვიყავი. სახიდან სისხლი წამოუვიდა, უცებ მანქანიდან გადახტა და გაიქცა, მეც გადმოვედი და გამოვეკიდე.  უკაცრიელი ადგილი იყო, თუმცა, მახსოვს,  რამდენიმე  მანქანამ  ჩაგვიარა.  ერთ-ერთი მანქნიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა და ჩემთან ერთად გამოეკიდა გაქცეულს, მერე გავიგე, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც სრულიად შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს.”              

დაჭრილი მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამართლადამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს,  44 წლის ლადო წ-ია აღმოჩნდა. ოპერატიულმა სამსახურმა მისი დაკითხვა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ შეძლო და ამის შემდეგ დადგინდა მაკა ც-ძის ადგილსამყოფელიც. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  „გატაცებული” ქალი დაქირავებულ ბინაში იმალებოდა და ნებივრობდა საყვარელთან ერთად.  დაკავებული   ლადო წ-ია წარსულში ორჯერ ნასამართლევი აღმოჩნდა, 34 წლის ასაკში ის   გათხოვილი  ქალის მისსავე ბინაში გაუპატიურებისთვის გაასამართლეს, რომელიც მის მეზობლად დროებით ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ ამ ისტორიის გახმაურება ოჯახის დანგრევად  დაუჯდა,  ღირსებაშელახულმა ქალმა მოძალადეს მაინც უჩივლა. მანამდე კი ლადო წ-ია ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა მამაკაცი ქმრიან ქალებზე „ნადირობდა:” ჯერ მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა, შემდეგ მათთან სასიყვარულო ურთიერთობას აბამდა, ბოლოს კი მათ შანტაჟს უწყობდა – მათი სასიყვარულო ურთიერთობის გახმაურების შიშით, ზოგ მსხვერპლს ფულს სძალავდა, ზოგს კი – ძვირად ღირებულ ნივთებს. თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, გამოძიებამ   ლადო წ-იას მიერ დაზარალებულ ქალთაგან მხოლოდ ორი ისტორიის გამოძიება შეძლო, თუმცა, ლადო წ-იას  ყოფილი ცოლის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ასეთი ქალების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.   

როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი,  ლადო წ-იამ მაკა  ც-ძე სილამაზის სალონში გაიცნო. გამოცდილი დონჟუანი მალევე მიხვდა, რომ ქალს შეძლებული ქმარი ჰყავდა. მსუბუქი ფლირტი მათ შორის  სილამაზის სალონშივე  დაიწყო. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ლადო წ-ია სამი თვე ცდილობდა ქალის ცდუნებას, საბოლოოდ, მან ქალის გულიც მოიგო და სასიყვარულო ურთიერთობებიც გააბა მალულად. მაკა ც-ძე მამაკაცს ჯერ  ფინანსურად უზრუნველყოფდა, შემდეგ კი მასთან ერთად ოჯახიდან  გაქცევა და უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა. როგორც გამოძიებისთვის თავად მაკა ც-ძისგან გახდა ცნობილი, ამ იდეის ავტორი ლადო წ-ია იყო, რომელმაც ქალს საბუთების მოსაგვარებლად ჯერ 5 ათასი ლარი გამოსძალა იმ მოტივით, რომ ნასამართლევი ვარ და ჩემი საბუთების მოწესრიგება მჭირდებაო, შემდეგ კი ქალთან ერთად მისი გატაცების ინსცენირება დაგეგმა. საპირისპიროს ამტკიცებდა საბრალდებო სკამზე აღმოჩენილი მამაკაცი – მისი განცხადებით, სადისტი  ქმრისგან თავის დაღწევას თავად ქალი სთხოვდა, რომელიც უმტკიცებდა, რომ ქმარი მის გათავისუფლებაში ფულს აუცილებლად გადაიხდიდა და ამ თანხით ისინი უცხოეთში წასვლას შეძლებდნენ.      

სასამართლო განხილვის დროს, პროკურატურამ მაკა ც-ძისთვის 10 წლით პატიმრობის აღკვეთა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის მხარის მოთხოვნა და, ქალს, როგორც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედას, 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა; პირობითი მსჯავრი დაეკისრა  მერაბ დ-ს, ლადო წ-იას კი, რომელიც  საყვარელთან ერთად უცხოეთში წასვლის ნაცვლად საპატიმროში აღმოჩნდა, 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. 

скачать dle 11.3