“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია„ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – “თბილისი 2015-ის„ მთავარი პარტნიორი გახდა
26 დეკემბერს, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015-ის” მთავარი პარტნიორი გახდა.
დოკუმენტს მძლეოსნობის სასახლეში „თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა და კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს ხელი.
იქ დამსწრე ჟურნალისტებს ბატონმა თემურმა შეახსენა, რომ „კოკა-კოლასა” და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. 1896 წელს, როდესაც ათენში პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, „კოკა-კოლა” ამ სპორტული ღონისძიების მხარდამჭერი იყო, ხოლო ოფიციალური სპონსორი 1928 წელს, ამსტერდამში გახდა. მას შემდეგ „კოკა-კოლა” ოლიმპიური თამაშების მუდმივი პარტნიორია და მოუწოდებს ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
როგორც ჩანს საქართველოში 2015 წლის მთავარი მოვლენა გახდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც საზეიმოდ გაიხსნება თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე 26 ივლისს და დაიხურება 1 აგვისტოს.
საკმაოდ ბევრი უცხოელი სპორტსმენი და სტუმარი გეგმავს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას. მათ დასახვედრად და ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად კი „თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის მთელი გუნდი საკმაოდ მობილიზებულად ემზადება.