რა აუხდენელი ოცნება აქვს ნინო ჩხეიძეს და ვისთან ერთად ჩაწერა მან რამდენიმე ახალი დუეტი
2015 წელი მოდის და წინა საახალწლო სამზადისიც აქტიურ ფაზაშია. ნინო ჩხეიძე, ყოველთვის განსხვავებულად ხვდება ახალ წელს და არა მხოლოდ ნაძვის ხეს, არამედ მთელ სახლს რთავს სხვადასხვა დეკორაციით. თოვლის ბაბუის არსებობის, მართალია, უკვე აღარ სჯერა, მაგრამ საკუთარ სანტას მან სურვილი უკვე გადასცა. როგორი იყო მისთვის 2014 წელი და რას გეგმავს მომავალ, 2015 წელს, ამას თავად გვიამბობს.
– ბევრი სიახლე მაქვს. ახალი ალბომი 25 დეკემბრიდან გაყიდვაშია. სულ ცხრა ალბომი მაქვს, ეს მათგან განსხვავებულია. მასში შედის ახალი სიმღერები და ის ჰიტები, რომლებიც დღემდე მოთხოვნადი და პოპულარულია. ჩავწერე დუეტი: ლელა წურწუმიასთან, მომღერალ შალვა მორელთან, რომელიც ისრაელიდანაა და ვახო ბიჭიკაშვილთან. ლელასთან ერთად ვმღერი სიმღერას, რომელიც ახალი წლის ეთერში გავა.
– ახალ წელს სად შეხვდებით?
– ახალ წელს, როგორც ბევრი მომღერალი, მათ შორის მეც, ვერ მოვხვდი საახალწლო გალა კონცერტზე თბილისში. შესაბამისად, შევხვდები ოჯახში. იყო შემოთავაზება, რომ მემღერა რუსთავში. თბილისში ბევრი კორპორატიული კონცერტი მაქვს და ფიზიკურად ვერ შევძლებდი წასვლას. სხვადასხვა რესტორანში ვიმღერებ.
– როგორ ფიქრობ, თბილისის საახალწლო გალა კონცერტზე, რატომ ვერ მოხვდი?
– ნამდვილად არ ვიცი. რა კრიტერიუმებით აარჩიეს მომღერლები, ამაზე პასუხი არც თავად აქვთ. ძალიან სასაცილო იყო, როდესაც თქვეს, ვისაც ცოცხლად სიმღერა შეუძლია, სწორედ ის გამოვა კონცერტზეო. სასაცილოდაც არ მყოფნის ეს კომენტარი. წინა საახალწლო პერიოდში სულ ვმუშაობ, შესაბამისად, ახალი სიმღერები მაქვს, მათ შორის საახალწლო. ამიტომ, ვერ ვხვდები, რატომ ვერ მოვხვდი იმ მომღერალთა სიაში.
– ახალი წლისთვის სამზადისი როდის იწყება თქვენს ოჯახში?
– ჩემს ოჯახში 15 დეკემბირდან იწყება წინა საახალწლო სამზადისი. ახალი წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები, მთელ სახლს ვრთავ, უამრავ დეკორაციას ვაკეთებ. ნაძვის ხეც უკვე მოვრთე. ყოველდღიურად ვცდილობ, თითოეული კუთხის გალამაზებას. ძალიან მომწონს წინა საახალწლო სამზადისი და ჩემი მორთული სახლიც. ახალ წელს ოჯახში ვხვდებით და მერე გავდივართ კონცერტებზე. როგორც ვატყობ, წელსაც ასე იქნება.
– რა გინდათ წელს, რომ სანტამ გაჩუქოთ?
– რაც მინდა, ჩემი სანტა წელს ვერ მომიტანს (იცინის).
– ასეთი რა სურვილი გაქვთ?
– მინდა, რომ სანტამ მანქანა მომიყვანოს. პატრა მანქანა მყავს და „ჯიპი” მინდა, მაგრამ ეს აუხდენელი ოცნებაა (იცინის). ამიტომ, მირჩევნია, რაიმე რეალური საჩუქარი მივიღო. რაღაცას რომ მაჩუქებს, ეს ვიცი, მაგრამ რას, ჯერ არა. როცა მაჩუქებს, აუცილებლად გეტყვით, რაც იქნება (იცინის).
– ისე, სანტამ იცის, რომ მანქანა გინდათ?
– იცის სანტამ, მაგრამ სამწუხაროდ, ახალი წლისთვის ვერ მოხერხდება. მეც შევდივარ ჩემი სანტას მდგომარეობაში (იცინის).
– 2015 წელს რა ცვლილებებს გეგმავთ?
– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, ალბათ, კიდევ ერთ ალბომს გამოვუშვებ. გავაკეთე ტელევიზია „დარდიმანდი“, რომელიც ქართული მუსიკალური არხი იქნება. აქტიურად დავიწყებ მასზე მუშაობას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პოპულარული ტელევიზია გახდება.
– ტრადიციული მეკვლე თუ გყავთ ოჯახში?
– რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლეა ოჯახის ტრადიციული მეკვლე. ოცდათერთმეტში გიორგია მეკვლე, ხოლო პირველში – მამაჩემი. ძალიან კარგი ფეხი აქვს, როგორც აფასებენ ხოლმე მეკვლეს (იცინის).
– ანუ, ძველი ხალხური მითის გჯერათ, მეკვლეს ფეხთან დაკავშირებით.
– კი, როგორ არა. რას ამბობ, სხვა, რომ მოვიდეს, არ ვიცი რას ვიზამ (იცინის).
– რომელ საახალწლო კერძს გამოარჩევდით და თავად თუ ხართ კერძების მომზადების პროცესში ჩართული?
– საერთოდ არ მიყვარს საახალწლოდ ბევრი კერძის მომზადება. ჩემს სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს საცივი, გოზინაყი და „ხალადეცი“. პირადად, რასაც ვამზადებ ეს არის საცივი. საერთოდ გემრიელი ხელი მაქვს, ასე ამბობენ (იცინის). თუ ვერ ვასწრებ საცივის მომზადებას, ბებია მიკეთებს და მიგზავნის (იცინის). ხაჭაპურს არ ვაცხობ და საერთოდ, არც არასდროს გამიკეთებია.
– რომელიმე ბრენდის პატენტი ტანსაცმელი თუ გაქვთ?
– კი, თან ბევრი. ზოგადად, არ მაქვს გართულება იმაზე, რომ აუცილებლად ბრენდი უნდა მეცვას. მაქვს ჩვეულებრივი ტანსაცმელიც და ორიგინალი ბრენდებიც. ჩემს გარდერობში იპოვით ყველანაირ ტანსაცმელს: შეკერილს, ბრენდულს, პატენტს და ასე შემდეგ. მთავარია, მიხდებოდეს, ლამაზად ვიყო, პრაქტიკული იყოს და მიხაროდეს ის, რაც მაცვია. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ბრენდი თუ პატენტი.
– ითვალისწინებთ ვინმეს რჩევას ჩაცმულობასთან დაკავშირებით?
– არა და საერთოდ, ერთადერთი საკითხია, როცა არავის აზრს არ ვითვალისწინებ. ვფიქრობ, ყველა ისე უნდა იცვამდეს, როგორც თავად სურს. ამ საკითხში, უბრალოდ, ვერ გავითვალისწინებ ვინმეს აზრს. მაცვია ის, რაც მომწონს და სხვას რომ არ მოსწონს, ნამდვილად არ გავიხდი.
– ყველაზე უცნაური ახალი წელი თუ გქონიათ?
– მქონდა ასეთი ახალი წელიც. როგორც უკვე გითხარით, გიორგია ოჯახის მეკვლე. თორმეტს ათი რომ დააკლდება, ვუშვებთ სახლიდან, ახალ წელთან ერთად შემოსაბრძანებლად. კარებთან ახლოს ვტოვებ ტკბილეულს და მასაც ეს სიტკბო შემოაქვს სახლში (იცინის). ერთ წელსაც გავუშვი მეკვლედ. მოვიდა თორმეტი საათი, იყო მრავალჟამიერი. ახალი წელი მოგვილოცა პატრიარქმა, პრეზიდენტმა, კონცერტი დაიწყო და გიორგი არ ჩანს. სახლში ვზივარ მარტო. ხაზები გადატვირთული იყო, ვერც ვურეკავდი. ორის ნახევარზე შემოვიდა მეკვლე ოჯახში (იცინის). თურმე გარეთ ხალხი ულოცავდა და ამიტომ დააგვიანდა. მე კიდევ მთელი ახალი წელი მარტომ გავატარე. სახლში რომ შემოვიდა, ძალიან ვეჩხუბე, მერე წავედი და დავიძინე (იცინის).
– ჩხუბით დაწყებული ახალი წელი, წლის ბოლომდე როგორი იყო?
– სხვათა შორის, კარგი წელი იყო. თუმცა, ეს არ იყო სერიოზული ჩხუბი, უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი, მარტო შევხვდი ახალ წელს (იცინის).
– 2014 წელს როგორ შეაჯამებდით?
– ჩემთვის ძალიან კარგი წელი იყო. ბევრი კონცერტი მქონდა, როგორც ადგილობრივი, ასევე გასვლითი. ბევრი ახალი სიმღერა ჩავწერე, გავაკეთე კომედი არხზე გადაცემა – „საქართველოს ფანოღი“, რომელიც ძალიან რეიტინგულია. ყველა თვალსაზრისით, ერთიანობაში, კარგი წელი მქონდა.